რა ხდება ზუგდიდში? - კვირის პალიტრა

რა ხდება ზუგდიდში?

"ხალხს ეუბნებიან, ვინც ნაციონალებში იყო, ყველა უნდა დაიჭირონო"

"არ ელოდნენ, რომ ამდენი ადამიანი მათ წინააღმდეგ წასვლას გაბედავდა. ეგონათ, ყველაფერს აკონტროლებდნენ, რადგან ხალხი ტერორში ჰყავდათ... ახლა კი, როცა დამარცხდნენ, ყველაფერზე მიდიან, რომ ხალხის გულუბრყვილობით ისარგებლონ და "ოცნების" წინააღმდეგ განაწყონ. იმათ, ვინც "ნაციონალების" კოორდინატორებმა დაიქირავეს და 300 ლარამდე უხდიდნენ, ურეკავენ და ეუბნებიან, აღრიცხული ჰყავხართ და დაჭერას გიპირებენო.

ამბობენ, რომ ყველა ის ადამიანი უნდა დაიჭირონ, ვინც "ნაციონალებში" იყო გაწევრებული. ზოგს სჯერა და შეშფოთებულია, - ჯერ არ მოსულა ეს ოცნება და რა დღეში არიანო. ხომ იცით, პანიკა ხალხში როგორ ვრცელდება. გუშინ ახლობელმა დამირეკა, მითხრეს, შენი მანქანის ნომერი დაფიქსირებულია და მანქანა გადამალე, წართმევას გიპირებენო" - ამბობს ჩემთან საუბარში ზუგდიდის მკვიდრი, ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ელგუჯა ჩიქოვანი, რომლის თქმითაც, ადგილობრივი ხელმძღვანელობა ცდილობს, მოსახლეობაში ნიჰილიზმი დათესოს და არეულობაზე აპელირებენ. "ხალხს ეუბნებიან, რომ "მხედრიონი" მონაგონი იქნება. პატრულს უთხრეს, მოვალეობის შესრულებას წაუყრუონ. იცით ალბათ, ჩვენი ხალხი საკმაოდ არაკონონმორჩილია და უკვე არის დანაშაულის შემთხვევები. ვიცი, ეს მთელ საქართველოში იქნება. ამიტომ ვთხოვ ყველას, ვისაც ამის აღკვეთა ხელეწიფება, რაღაც ზომებს მიმართონ" - ამბობს ჩვენი ელგუჯა ჩიქოვანი.

როგორ ემზადებოდნენ ზუგდიდში საპარლამენტო არჩევნებისთვის, რა ხდებოდა 1-ლი ოქტომბრის ღამეს და როგორ განვითარდა შემდგომში პროცესები, ამის შესახებ ჩვენი რესპონდენტები ყვებიან.

ინა, 23 წლის, სოხუმელი დევნილი:

როცა აქციიდან ამერიკის ელჩი მოგვესალმა, მივხვდი, რომ მარტო არ ვართ. ხალხი მართლა ძალიან დაშინებული იყო. უკვე ყველაფრისთვის მზად ვიყავით. ახლა ცოტა დავწყნარდით, იმედია, ყველაფერი მოგვარდება და ამ კაციჭამიების ხელში არ დავრჩებით.

თემურ ახალაია, 26 წლის:

- ჩემი მოგვარეები არიან და მრცხვენია მათ გამო. არჩევნების წინა დღეებში ნამდვილი ტერორი დაიწყეს. მეზობელს შვილი ჰყავს ციხეში და პატიმრის დედას პირდაპირ უთხრეს, ჩვენს სამსახურში თუ ჩადგები, ეს შენი შვილისთვის იქნება კარგიო. ისიც "ნაციონალებში" გაწევრდა, - ამ გზით მის პატიმარ შვილს საფრთხე არ დაემუქრებოდა. ძალიან აქტიური ქალია და იციან, რომ კარგად იმუშავებს. წინასაარჩევნოდ, მთელი ოჯახის, ნათესავებისა და ახლობლების "ნაციონალებში" გაწევრება მოსთხოვეს, ამისთვის ყველას პირადობის მოწმობა უნდა მიეტანა. ზოგმა არ მისცა თავისი პასპორტი, იქნებ ამათ ღორობას საშველი დაადგესო. სოფლებში, სადაც ხალხი "რუსთავი-2-დან" და "იმედიდან" იგებენ ინფორმაციას, 5-იანი მათთვის მიშას ნიშნავს და ახალაიებზე არც კი სმენიათ. ასეთი ნათესავები დასთანხმდნენ და ალბათ 1-ელ ოქტომბერს მორჩილად მისცეს ხმა...

იმ დღეებში პატიმრების ოჯახები, აგრეთვე ისინი, ვისაც პირობითი აქვს მისჯილი, ძალიან აქტიურობდნენ. ეს ხალხი ახალაიების პირადი მძევლები არიან, არ შეასრულებდნენ რასაც ეტყოდნენ და იცოდნენ, რაც მოუვიდოდათ. ზოგს "ოცნების" წევრებზე ინფორმაციის მოგროვებაც დაავალეს. ყველა, ვისაც რაღაც ბიზნესი აქვს, განსაკუთრებული დავალებები ჰქონდათ, - ხალხის მობილიზება, აგიტაცია, ფულით მოსყიდვა. კოორდინატორებს 250-ლარს ჰპირდებოდნენ... ყველას არა, მაგრამ ციხის კადრების გავრცელების შემდეგ, "ნაციონალობის" ბევრს შერცხვა და უარის თქმა დააპირა.

ეს "ზემდგომ ორგანოებს" არ გამოპარვიათ, მათ პირდაპირ ემუქრებოდნენ, ალასანია თბილისიდან ვერ გიშველით, აქ ჩვენ ვართო... ხალხსაც ეშინია, იციან, რა სისასტიკის ჩადენა შეუძლიათ, მაგრამ ამის მიუხედავად, ზუგდიდში ცესკოსთან უამრავი ხალხი შეგროვდა. როცა ირაკლი ალასანიას ხმათა რაოდენობამ 58% -ს მიაღწია, "ნაციონალები" აგრესიულები გახდნენ და შევარდნა დააპირეს. წრე გავაკეთეთ და კარებთან დავდექით. როცა ვითარება ძალიან დაიძაბა, "ოცნების" ორგანიზატორებმა გვითხრეს, პროვოკაციას აპირებენ და დავიშალოთო. დავინახე, როგორ შეიტანეს ყუთები და ცოტა ხანში "იმედმა" გვამცნო, - წინასწარი მონაცემებით როლანდ ახალაიას 60-% აქვსო!!!

ჩვენს მოთმინებასაც აქვს საზღვარი. დავიღალეთ უკვე. არ მინდა ჩემს კუთხეში მანიაკები ბატონობდნენ. თავისუფალი ცხოვრება მინდა, არავინ რომ არ მისმენდეს და ის ვაკეთო, რაც მინდა. თუ კანონს დავარღვევ, დამსაჯონ, ოღონდ, ნუ მაყურებინებენ, როგორ გრიალებს ვიღაც "ნაციონალი" ჩემს ხარჯზე.

ოთარი, 38 წლის, ზუგდიდის მკვიდრი:

- ჩემი მეუღლე იყო დამკვირვებელი, "ქართული ოცნების" წევრია. ის ოპოზიციის ერთადერთი წარმომადგენელი იყო. ვუთხარი, კარგად არ დამთავრდება ეს ყველაფერი შენთვის-მეთქი. დაახლოებით 5 საათისთვის 30-მდე ყალბი ბიულეტენი აღმოუჩენია და გაუპროტესტებია. ამიტომ ადგნენ და გამოაგდეს... მერე ითქვა, რომ ერთი და იგივე ადამიანმა ორჯერ კი არა, ხუთჯერ მისცა ხმა. ანუ გამკონტროლებელი არავინ ჰყავდათ და ვისი უნდა მორიდებოდათ?

არ ვიცი, ზუგდიდის ყველა სოფელში რა ხდება, მაგრამ ვიცი, რა ხდება ანაკლიაში, სადაც ვითომ ყველაფერი კარგად არის, მთელი სოფელი ოპოზიციაში ჩაუდგა, რადგან ხალხი უფასოდ ამუშავეს. ვერ ნახავთ იქაურს, 2 ათასი ლარი მაინც რომ არ ჰქონდეს ასაღები. ამიტომ ვართ გაგიჟებულები, როცა ახალაიას 60%-ს გვანახებენ. ჩვენი კუთხის ხალხს ზნეობა და კულტურა არ აკლია და ამათ თავი მოგვჭრეს. დათა ჭაკუას მამას თავში უსვრია ასეთი ნაძირალას გაზრდისთვის, მაგრამ ამ მანიაკების გამზრდელ ახალაიას ვინ მისცა მაგის კაცობა...

ანა, 34 წლის, ზუგდიდის მკვიდრი:

- როლანდ ახალაიას ბოროტებაზე ჩვენს ქალაქში და საერთოდ რეგიონში ლეგენდები დადის. თუ ადრე "მხედრიონი" და შემდეგ კრიმინალური სამყაროს წევრები აკონტროლებდნენ სიტუაციას, ვარდების რევოლუციის შემდეგ, ახალაიების კლანმა დაიპყრო სამეგრელო. ყველაფერი, რაც მათთვის საინტერესო იყო, მიითვისეს და გადაიფორმეს. მისმა ახლობელმა, ვინმე გელაშვილმა, ჩვენს მეზობელს პროფილაქტიკა წაართვა.

გაურკვეველი მიზეზით, ჯარიმად იმხელა თანხა დააწერეს, რა თქმა უნდა, ვერ გადაიხადა და დაუხურეს. შემდეგ კი, გელაშვილმა დაიკანონა. თუ რამის გაკეთება გინდა, ჯერ "ნაციონალი" უნდა გახდე და მწვანე შუქი ანთებული გაქვს.

ზუგდიდის ბაზარი დღემდე აუღებელ ციხე-სიმაგრედ რჩება. ბაზარში, სადაც, სურსათი იყიდება, მისი დავალებით მაღაზიებს აშენებენ. ეს ყველაფერი ერთი შეხედვით კარგია, მაგრამ იმ ადამიანებს, ვინც მუშაობდა, ყოველთვიურად 1000 ლარის გადახდა უწევდათ. არადა, იქ გამყიდველებს, კარგ შემთხვევაში, (დღესასწაულებს ვგულისხმობ), დღეში 15-20 ლარი აქვთ შემოსავალი. ხშირ შემთხვევაში, ოჯახში შემომტანი მხოლოდ ერთი ადამიანია და ეს არაფერს ნიშნავს. მისი ახლობლები ყველანაირი პრივილიგიებით სარგებლობდნენ. ისინი ზუგდიდს თავინათ საკუთრებად მიიჩნევდნენ.... ვინც ბაჩოსა და დათას იცნობდა, ყველა ამბობდა, რომ "ბულკები" იყვნენ, სკოლაში ორივე კარგად სწავლობდა და უკვირთ, როგორ გახდნენ ასეთი კაცთმოძულეები.

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)