ქიმიური სკანდალის" მთავარი ვერსია: გაბედავდა თუ არა ვინმე თბილისისთვის "კამიტის" მიყიდვას და რა შეიძლება მომხდარიყო 2024 წლის დეკემბერში რუსთაველის გ - კვირის პალიტრა

"ქიმიური სკანდალის" მთავარი ვერსია: გაბედავდა თუ არა ვინმე თბილისისთვის "კამიტის" მიყიდვას და რა შეიძლება მომხდარიყო 2024 წლის დეკემბერში, რუსთაველის გამზირზე?!

კარგია, თუ „კამიტი“ არ იყო, მაგრამ როდის ითქმება, კონკრეტულად რა ქიმიური შემადგენლობა ერეოდა წყლის ჭავლში?

ბრიტანული „ბი-ბი-სის“ ჟურნალისტური გამოძიების შედეგად გაჟღერებული ბრალდებიდან, რომ თბილისში დემონსტრაციების დაშლისას პოლიცია თითქოს პირველი მსოფლიო ომისდროინდელ საბრძოლო მომწამვლელ ნივთიერებას - „კამიტს“ იყენებდა, რამდენიმე დღე გავიდა, თუმცა ვნებათაღელვა საქართველოში არ ცხრება, რასაც თავისი ობიექტური მიზეზი აქვს. დემონსტრაციებში მონაწილეებს აინტერესებთ, თუ კონკრეტულად რა ქიმიური ნივთიერება ან ნივთიერებები იყო გარეული წყლის იმ ჭავლებში, რომლებსაც მათ დიდი წნევით უხვად „ასხურებდნენ“ წყალმტყორცნი მანქანების ბრანდსპოინტებიდან და რამდენად საშიში გახლდათ ის ადამიანის ჯანმრთელობისთვის...

ეს შეშფოთება აქვთ შსს-ს იმ თანამშრომლებსაც, რომლებიც დღეების განმავლობაში იდგნენ პარლამენტის შენობის გარშემო დაცვაში და მათაც საკმაოდ „იბანავეს“ წყალმტყორცნი მანქანებიდან გაშვებული წყლის ჭავლით, თუმცა გასაგები მიზეზების გამო, ისინი ამის შესახებ ხმამაღლა ვერ საუბრობენ...

ასეთ გაურკვეველ სიტუაციაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება სპეციალისტების მიუკერძოებულ დასკვნას, კერძოდ კი - ქიმიკოსების, რომლებსაც შეუძლიათ ქიმიური ნივთიერებების სპექტრალური ანალიზის ჩატარება და ექიმ-ტოქსიკოლოგებს, ადამიანის სხეულში მომწამვლელი ნივთიერებების ზემოქმედების გამოსავლენად.

ქართველ ექიმ-ტოქსიკოლოგთა ერთმა ჯგუფმა გუშინ საინტერესო განცხადება გააკეთა:

„არ ვიცით კონკრეტულად [რა ნივთიერება იყო]. არანაირი ლაბორატორიული კვლევა არ გვაქვს, რომელიც განსაზღვრავდა რაოდენობრივ მაჩვენებელს. იმ პერიოდში არც გარემო იყო შესწავლილი და არც ადამიანის ორგანიზმი - მასზე მოხვდა თუ არა ნივთიერება. მისი ზემოქმედების საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდი იყო, ეს არ ყოფილა ერთი დღე. უფრო მარტივი გამღიზიანებელი რომ ყოფილიყო, სიმპტომები უფრო მალე უნდა ალაგებულიყო, რატომ გახანგრძლივდა სიმპტომები, ამან გააჩინა ეჭვი. ხანგრძლივი ექსპოზიციის და უფრო მძიმე დაზიანების რისკი აქვს „კამიტს”, თუმცა რაოდენობრივ მაჩვენებელს აქვს მნიშვნელობა. ადამიანის სხეულზე „კამიტის” ზემოქმედება ასე ხანგრძლივად რომ ყოფილიყო, გაცილებით მძიმე შედეგი გვექნებოდა, როგორც მხედველობის, ისე - კანის და სასუნთქი გზების - შეუქცევადი დაზიანება იქნებოდა. სასუნთქი გზების დაზიანება მეორადად გულსისხლძარღვთა სისტემის დაზიანებასაც იწვევს. „კამიტი“ - რასზეც საუბარი იყო - არის რთული ნაერთი, რომელიც რამდენიმე ტოქსინს შეიცავს და მისი ერთ-ერთი პრობლემაა, რომ ხანგრძლივად რჩება ორგანიზმში და პრობლემები უფრო მეტი აქვს - კანის უფრო ღრმა დაზიანება, რაც სერიოზული დამწვრობის სახით ვლინდება და მხედველობის შეუქცევად დაზიანებას იწვევს. გარდა ამისა, სუნთქვის უკმარისობის ის ტიპი იქნებოდა, რომელიც ადამიანების ზოგადი ჯანმრთელობის მდგომარეობას იმ დონეზე გააუარესებდა, აუცილებელი გახდებოდა სტაციონარიზაცია. სერიოზული მკურნალობის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა ადამიანების გამოჯანმრთელება. გულის კუნთის სერიოზული გართულება აუცილებლად გამოვლინდებოდა. როგორი მცირე რაოდენობაც არ უნდა ყოფილიყო გამოყენებული, განსაკუთრებით - რამდენჯერმე თუ იყო გამოყენებული” -განაცხადა ტოქსიკოლოგმა ეკა ქურდაძემ.

ტოქსიკოლოგი თეიმურაზ კობიძე კი დაურთავს, რომ „ჩატარდა რაღაც გამოკვლევა გაურკვეველ ხალხში, იმიტომ, რომ ზოგან ნაჩვენებია, რომ 69 ადამიანი იყო, მერე აღმოჩნდა, რომ ეს იყო 300 ადამიანი. ჩატარდა კვლევა, სადაც სუბიექტური ხალხის ჩივილი არის აღწერილი და აქედან გამომდინარეობს სტატია. „საქართველოში გამოიყენეს ქიმიური იარაღი“ – სად ჩანს, რომელ კვლევაში?! BBC-ის გამოუკითხავს ექიმები, ბოდიში, მაგრამ ტოქსიკოლოგებისთვის არავის არაფერი უკითხავს. მოწამლული ადამიანი მირბის საავადმყოფოში და მიდის ექიმებთან, როგორც ცნობილია. ცრემლმდენი, გამაღიზიანებელი აირის მოწამვლის გამო საქართველოში არც ერთი ადამიანი სტაციონარში არ არის მოსული“, – განაცხადა ტოქსიკოლოგმა თეიმურაზ კობიძემ.

ორი ტოქსიკოლოგი სპეციალისტის ამ განცხადებების შემდეგ შეიძლება ასეთი დასკვნის გაკეთება:

პირველი - დემონსტრაციების დაშლის დროს გამოყენებულმა ქიმურმა ნივთიერებამ ან ნივთიერებებმა უფრო ძლიერი და ხანგრძლივი ეფექტი გამოიწვიეს ადამიანებში, რამაც გააჩინა ეჭვი, რომ ჩვეულებრივი ცრემლსადენი და გამაღიაზიანებელი არალეტალური აირების(რომელთა გამოყენება დაშვებული პრაქტიკაა მსოფლიოს თითქმის ყველა საპოლიციო დანაყოფის მიერ) გარდა/ნაცვლად,წყლის ჭავლში შერეული იქნა ბევრად უფრო ძლიერმოქმედი „კამიტი“, მაგრამ ეს რომ მართლაც „კამიტი“ ყოფილიყო,მ აშინ მისი ზემოქმედება ბევრად უფრო მძიმედ უნდა ასახული დემონსტანტების შემდგომ ჯანმრთელობაზე, რაც არ მომხდარა.

მეორე - „ბი-ბი-სის“ გამოძიება არასრულყოფილია,რ ადგან მათ არ მიუმართავთ ტოქსიკოლოგებისთვის და დემონსტრანთა გამოკითხვაც არასრულად ჩატარდა.

ამის შემდეგ დგება სცენაზე ქიმიკოსი სპეციალისტების გამოსვლის დრო, როდესაც მათ დემონსტრაციების დაშლისას გამოყენებული ქიმიური ნივთიერების ან ნივთიერებათა ნარევის სპექტრალური ანალიზის შედეგი უნდა დადონ, მაგრამ საიდან აიღონ ანალიზისთვის საჭირო ნიმუშები?

პარლამენტის შენობის გარშემო ქუჩები უკვე მრავალჯერაა მორეცხილი და იქ ნიმუშს ვეღარ აიღებ, რჩება თავად წყალმტყორცნი მანქანების ის ავზები ,რომელშიც თავსდება ქიმიური ნივთიერება წყლის ჭავლთან შესარევად -ამ ბლოგში უკვე ვწერდით,რომ:

...ერთი წლის წინ დაწყებული დემონსტრაციების დროს, 2024 წლის დეკემბერში, შსს-მ პირველად გამოიყენა თურქეთში ნაყიდი Nurol Makina-ს EJDER TOMA® 4x4-ის ტიპის სპეციალური დანიშნულების წყალმტყორცნი, რომელიც განკუთვნილია ადამიანების ჯგუფების დასაშლელად, წყლის ჭავლის (და არა მარტო) გამოყენებით.

და არა მარტოში, იგულისხმება ის, რომ ამ სპეცმანქანას ოთხი ავზი უყენია. პირველი, ყველაზე დიდი ავზი 10 ათასი ლიტრი წყლის სატარებლადაა განკუთვნილი, მეორე და მესამე - 60-60-ლიტრიან ავზებში, შესაბამისად, ცრემლსადენი აირი და საღებავია მოთავსებული, ხოლო მეოთხე, 80-ლიტრიანი ავზი კი ქაფითაა გავსებული.

მანქანის ეკიპაჟს შეუძლია, წყლის მასას შეურიოს სხვა ავზების შემადგენლობაც და მძლავრი, დისტანციურად მართვადი ბრანდსპოინტებიდან მაღალი წნევით გარშემო, 50-60 მეტრზე ისე გატყორცნოს წყლის ჭავლი, რომ ადამიანები წააქციოს...

ანუ წყალმტყორცნი მანქანის კონსტრუქციაში თავიდანვე ტექნიკურად გათვალისწინებულია დამატებითი ავზები, რომელშიც მოთავსებული ქიმიური ნივთიერებები ერევა წყალს და ისე გაიტყორცნება ბრანდსპოინტებიდან.

და ეს უკვე მათ სინდისზეა, თუ რა სახის ქიმიურ ნივთიერებებს და რა კონცენტრაციით ჩაასხამენ წყალმტყორცნი მანქანის დამატებით ავზებში..."

წყალმტყორნი მანქანების სწორედ იმ 60 ლიტრიანი ავზიდან, რომელშიც თავსდება ცრემლსადენი აირი შემდგომში წყლის ჭავლთან შესარევად, შეიძლება ნიმუშების აღება სპექტრალური ანალიზის ჩასატარებლად, თუმცა ამანაც შეიძლება სასურველი შედეგი არც მოგვცეს, რადგან ეს ავზებიც რამდენჯერმე გამორეცხილი იყოს...

და რჩება, ბოლო, ყველაზე უტყუარი გზა-შსს-ს სპეციალურ დავალებათა დეპარტამენტის არსენალში არსებული არალეტალური შეიარაღების საწყობში, ორი კონკრეტული(ან უფრო მეტი) დასახელების „ქიმიური სითხე UN1710“ და „ქიმიური ფხვნილი UN3439“-ს სპექტრალური ანალიზის ჩატარება...

დღევანდელი ხელისუფლება არ უარყოფს, რომ ამ დასახელების ნივთიერებები მართლაც იქნა შეძენილი სააკაშვილის ხელისუფლების დროს და გამოიყენებოდა დემონსტრაციების დასაშლელად მერაბიშვილის შსს-სა და ახალი ხელისუფლების პერიოდშიც, თუმცა კატეგორიულად გამორიცხავს იმას, რომ ამ ნივთიერებებს, რაიმე კავშირი შეიძლება ჰქონდეთ „კამიტესთან“, როგორც პირველი მსოფლიო ომისდროინდელ საბრძოლო მომწამვლელ ნივთიერებასთან...

გამოძიება უკვე დაწყებული აქვს სუს-ს და შესაბამისას მათ უნდა განახორციელონ შსს-ს საგანგებო დავალებათა დეპარტამნტის საწყობიდან ამოღებული „ქიმიური სითხე UN1710“ და „ქიმიური ფხვნილი UN3439“-ს სპექტრალური ანალიზი და რაც შეიძლება მალე ,რადგან სწორედ დღევანდელი ხელისუფლების ინტერესებში უნდა შედიოდეს, რაც შეიძლება სწრაფად დადოს ოფიციალური ქიმიური დასკვნა იმის შესახებ, რომ შსს-ს საწყობში არ ინახებოდა და არც არასდროს გამოყენებულა დემონსტრანტების დასაშლელად „კამიტად“ წოდებული საბრძოლო მომწამვლელი ნივთიერება...

რაც უფრო გაჯანჯლდება ეს პროცესი, მით უფრო არასახარბიელო სიტუაცია შეიქმნება არათუ დღევანდელი ხელისუფლების საშინაო და საგარეო იმიჯისთვის, არამედ მთლიანად საქართველოსთვის...

ასევე დაგაინტერესებთ: რას წარმოადგენს Bromobenzyl Cyanide, რომელიც BBC-ის მტკიცებით, თბილისში გამოიყენეს?! - ქიმიური იარაღი ომებში და მისგან თავის დაცვის ხერხები

მთავარი ვერსია BBC-ის სკანდალურ სტატიაზე - წყალმტყორცნი მანქანების ავზების ქიმიური ექსპერტიზა ბევრ კითხვას გასცემს პასუხს!

რაც შეეხება ამ ბლოგის ავტორის პირად შეხედულებას, რომელიც „ომამდე ქიმიკოსი“ იყო(თსუ-ს ორგანული ქიმიის კათედრაზე მუშაობის ჩათვლით, როდესაც უნივერსიტეტის მეორე კორპუსის ქიმიური ლაბორატორია 1992 წლიდან ცხინვალისა და აფხაზეთის ომების სანგრებით ჩაანაცვლა)- არავითარი „კამიტი“ არ ყოფილა გამოყენებული, თუნდაც იმიტომ, რომ საქართველოს შსს, გინდ სააკაშვილის და გინდაც მის შემდეგომი ხელისუფლების პერიდოში, მხოლოდ საზღვარგარეთ ყიდულობდა დემონსტრაციების დასაშლელად განკუთვნილ არალეტალურ სპეციალურ საშუალებებს (გაიხსენეთ, თუნდაც 2007 წლის 7 ნოემბრის მიტინგების დარბევის შემდეგ,მერაბიშვილის უწყების მიერ აზერბაიჯანიდან ცრემლსადენი აირის მარაგის სასწრაფოდ შევსება)

და როგორ ფიქრობთ, რომელი უცხოური ფირმა გაბედავდა, დაამზადებდა და გაყიდიდა „კამიტის“ საბრძოლო მომწამვლელ ნივთიერებას, თუკი ის საუკუნეა, ცნობილია, როგორც პირველ მსოფლიო ომში გამოყენებული და საერთაშორისო კონვენციებით აკრძალული ქიმიური იარაღი?

ცრემლსადენი და გამაღიაზიანებელი აირების შერევის ტაქტიკა წყალმტყორცნი მანქანების წყლის ჭავლში მასობრივად გამოიყენება მთელ მსოფლიოში, რაზეც მიუთითებს თუნდა ის კონკრეტული ტექნიკური ნიუანსი, რომ გინდ გერმანული და გინდ ავსტრიული წარმოების(ცნობილი Rosenbauer -ის ფირმის) წყალმტყორცნ მანქანებში (ისევე, როგორც, საქართველოს შსს-ს მიერ ნაყიდ თურქულ „ტომაში“) წინასწარ არის გათვალისწინებული დამატებითი ავზების დამონტაჟება ქიმიური ნივთიერებების,ს აღებავებისა და ქაფის შესარევად, მაგრამ...

მთავარია თუ რა კონცეტრაციით შეურევენ იმავე ცრელმსადენ და გამაღიაზიანებელ აირს დემონსტრანტებისკენ გატყორცნილ წყლის ჭავლში და რამდენად ხშირად იქნება ასეთი ზემოქმედება - როდესაც ერთი ღამის განმავლობაში დემონსტრანტებს ათჯერ მაინც „აბანავებდნენ“ წყალში შერეული არალეტარული აირების ნაზავით, რასაც ემატებოდა „წიწაკის სპრეის“ შესხმა ახლო მანძილიდან და ცრელმლსადენი ყუმბარების აფეთქებაც, სრულიად შესაძლებელია ადამიანზე ამ ყველაფერს უფრო მეტი ზემოქმედება მოეხდინა, ვიდრე იმავე ცრემლსადენი CS ან გამაღიაზიანებელ CN არალეტალურ აირების ერთჯერად ზემოქმედებას, რის გამოც „ბი-ბი-სიმ“ ამ აირებზე უფრო ძლიერი „კამიტის“ საბრძოლო მომწამვლელი ნივთიერების შესაძლო გამოყენებაზე მიიტანა ეჭვი..