"თუკი რაიმეს არ ვისურვებდი, ეს ოჯახის დანგრევა იყო. მტკივნეული თემაა... ჩემდა საბედნიეროდ, თანაცხოვრების პერიოდში, მეუღლესთან შელაპარაკებაც კი არ მქონ - კვირის პალიტრა

"თუკი რაიმეს არ ვისურვებდი, ეს ოჯახის დანგრევა იყო. მტკივნეული თემაა... ჩემდა საბედნიეროდ, თანაცხოვრების პერიოდში, მეუღლესთან შელაპარაკებაც კი არ მქონია"

"წაშლილია ზღვარი მამაკაცსა და ქალს შორის, რაც გამოიწვია გენდერულმა რევოლუციამ, გაუკუღმართებულმა სექსუალურმა ხედვამ და სოციუმმა, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ - ამ ყველაფერმა ადამიანში კეთილი საწყისი აღარ დატოვა"

როგორ პასუხობს აგრესიულ ადამიანებს თათა ვარდანაშვილი

"თუ ქალს სიყვარულში არ გაუმართლებს და მარტო ყოფნას ვერ უძლებს, უნდა სცადოს და ოჯახი მეორედაც შექმნას"

21-ე საუკუნის საქართველოში აგრესია ჩვეულებრივ მოვლენად იქცა, რომელსაც ყველგან ვაწყდებით: ტრანსპორტში, სამსახურში, სამეზობლოში და საკუთარ ოჯახშიც კი...

ჩვენ დავინტერესდით, როგორ პასუხობს აგრესიას და აგრესიულ ადამიანებს მომხიბვლელი ქალბატონი, დიზაინერი თათა ვარდანაშვილი:

- ჩვენს მძიმე, დაძაბულ დროში რთულია ადამიანმა სიმშვიდე შეინარჩუნოს თუ მისი გონება, სული და გული მართლმადიდებლური რწმენით არ არის გაჯერებული. მორწმუნე ადამიანმა იცის, რომ ნებისმიერ აგრესიას და დამცირებას მოთმინებით უნდა უპასუხოს. მეც ასე ვფიქრობ, რადგან დაპირისპირების შემთხვევაში ჯერ პოლემიკას დაიწყებ, მერე კი, ხელჩართულ ბრძოლაში შედიხარ და სიმშვიდეს კარგავ. ამ დროს დაზარალებული ვინ გამოდის? - ის, ვინც ვერ მოითმინა და მოწინააღმდეგის წესებს აჰყვა.

- განსაკუთრებით მომრავლდნენ აგრესიული მამაკაცები, თქვენი აზრით, ეს რით აიხსნება?

- იმით, რომ ბოლო წლებში ძირძველი ქართული ტრადიციები დაიკარგა. წაშლილია ქალის პატივისცემა, წაშლილია საზღვარი უფროსსა და უმცროსს შორის და ის ღირებულებები, რაზეც თაობები იზრდებოდა, გაქრა. რაც ჩვენს საზოგადოებაში ხდება, დიდწილად, 1990-იანი წლების გამოძახილია, როცა ალკოჰოლის, ნარკოტიკების გამოყენება ნორმად იყო მიჩნეული, ამ ყველაფერმა გამოიღო სამწუხარო შედეგი, რომელსაც დღეს ვიმკით. ადამიანების ფსიქიკა დაანგრია და დააზიანა შიშმა, რომელშიც ვცხოვრობდით.

ომმა და სამოქალაქო დაპირისპირებამ სიძულვილისა და აგრესიისკენ მიდრეკილი თაობები ჩამოაყალიბა.

ჩემი დაკვირვებით, აგრესიული ადამიანების უმრავლესობას წარუმატებელი ადამიანის სინდრომი აწუხებს. ასეთი ადამიანი ებრძვის ყველას, ვინც რეალიზებული და წარმატებულია. ამავდროულად, მე მგონია, რომ აგრესიის პირველწყარო ოჯახია, ყველაფერი სწორედ ოჯახიდან მოდის. თანამედროვე საქართველოში ძალიან ბევრი ოჯახი დანგრეულია, წაშლილია ზღვარი მამაკაცსა და ქალს შორის, რაც გამოიწვია გენდერულმა რევოლუციამ, გაუკუღმართებულმა სექსუალურმა ხედვამ და სოციუმმა, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ - ამ ყველაფერმა ადამიანში კეთილი საწყისი აღარ დატოვა.

- ქალბატონო თათა, თქვენ როგორ ხვდებით აგრესიას?

- ერთადერთი, რაც ამ დროს სწორი და მართებულია, აგრესიას არ უნდა აჰყვე, მართალია, ზოგჯერ მეც მიჭირს მოთმენა, მაგრამ ამ დროს, ყველაზე სწორი გამოსავალი არის იგნორი. წინააღმდეგ შემთხვევაში, აგრესიას აგრესიით უპასუხებ და ეს აუცილებლად გადავა შეიარაღებულ დაპირისპირებაში. მესმის, რომ რთულია უსამართლობა დაითმინო, ყურადღება არ მიაქციო, მაგრამ ათჯერ რომ დააიგნორებ, ბოლოს თავს დაგანებებენ. ესეც ერთგვარი ბრძოლაა სიკეთეს და ბოროტებას შორის. ჩემი აზრით, უმჯობესია, ბოროტებას გავერიდოთ.

- მაგრამ თუ აგრესიული ადამიანი მეუღლე, ან ოჯახის წევრია? ამ დროს თავის არიდება წარმოუდგენელია.

- როდესაც მეუღლე აგრესიული და უხეშია, მასთან ცხოვრების გაგრძელებას აზრი არა აქვს. არსებობს ერთი ძველი, კარგი გამონათქვამი - სადაც არა სჯობს, გაცლა სჯობსო. ასეთ ადამიანს აუცილებლად უნდა გაეცალო და წახვიდე, რადგან აგრესიული ურთიერთობით ზარალდება ყველა, ვინც ასეთ ოჯახში ცხოვრობს, პირველ ყოვლისა, შვილი. ასეთ ოჯახში ბავშვის ფსიქიკა ზიანდება, ის ხედავს, როგორ ძალადობს ერთი ადამიანი მეორეზე ფიზიკურად თუ არა, მორალურად და ფსიქოლოგიურად, როგორ ემუქრება, როგორ აყენებს შეურაცხყოფას და თავადაც ასეთ ურთიერთობას სწავლობს. მისთვის ეს მოდელი მისაღები ხდება და ნელ-ნელა თვითონაც ემსგავსება მოძალადეს, ან მსხვერპლს. დადგენილია, რომ ასეთ ოჯახში გაზრდილი ვაჟი მამას ჰბაძავს, ხოლო გოგონა დედას ემსგავსება - მისი ფსიქიკა შეიძლება ისე გადაგვარდეს, რომ თავის მეწყვილედ მოძალადე მამის მსგავსი პიროვნება აირჩიოს.

განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა, როდესაც აგრესია მშობელი დედისგან, ან შვილისგან მოდის. ამ დროს, ჯერ უნდა დავფიქრდეთ, ეს აგრესია საიდან იღებს სათავეს - მშობელმა შვილის აგრესიის მიზეზი უნდა გაიგოს და ამ მიზეზს უმკურნალოს. სიდუხჭირემ და ლუკმა-პურის ძიებამ, იმაზე ფიქრმა თუ როგორ გაართვან თავი ეკონომიკურ პრობლემებს, ის მოიტანა, რომ მშობლებს შვილებისთვის აღარ სცალიათ, მათ შორის ურთიერთობაც გაციებულია. თუ შვილს ყურადღებას ვერ აქცევ, მას მიტოვებული ადამიანის სინდრომი უყალიბდება, რაც არანაკლებ წყენას და აგრესიას იწვევს. რა ასაკშიც უნდა იყოს შვილი, მასთან სიახლოვე და სწორი დიალოგი მაინც მნიშვნელოვანია. არავის შეუძლია შვილის აგრესიას ისე უმკურნალოს, როგორც მშობელს - ვერც მეუღლე და ვერც გულითადი მეგობარი ამას დედ-მამაზე უკეთ ვერ შეძლებს. ყველაზე ახლობელმა ადამიანებმა არ უნდა იფიქრონ, რომ ჩვენ ისინი მივატოვეთ და მათ გვერდით აღარ ვართ.

- ქალბატონო თათა, თქვენი ოჯახის დანგრევის მიზეზიც ემოციური ხასიათისა იყო?

- თუ დედამიწაზე რაიმეს არ ვისურვებდი, ეს ოჯახის დანგრევა იყო. ეს ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული ნაწილია, მაგრამ ჩემდა საბედნიეროდ, ჩვენი თანაცხოვრების პერიოდში, ჩემს მეუღლესთან შელაპარაკებაც კი არ მქონია. ერთმანეთისთვის გადაბრუნებული სიტყვაც არ გვითქვამს, რადგან ვფიქრობდით, მეორე ადამიანს შეურაცხყოფას რომ მიაყენებ, მერე მასთან ცხოვრება აღარ ღირს. ვაღიარებ, რომ ზოგჯერ მოთმინებას მეც ვკარგავ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ შემიძლია ადამიანს დაუმსახურებელი საყვედური ვუთხრა და ცუდად მოვექცე.

ჩემი აზრით, თუ ქალს სიყვარულში არ გაუმართლებს და მარტო ყოფნას ვერ უძლებს, უნდა სცადოს და ოჯახი მეორედ უნდა შექმნას. უფრო მეტიც, მესამედაც რომ გათხოვდეს, ამაში დასაძრახი არაფერია. სჯულის კანონის თანახმად, როდესაც ადამიანს მარტო ცხოვრება არ შეუძლია, მესამე და მეოთხე ქორწინებაც კი დაშვებულია.

- დაბოლოს, რა არის მთავარი, რაც ოჯახს ამთლიანებს და მის სიმშვიდეს უზრუნველყოფს?

- მთავარია, რომ ოჯახის წევრებს ერთმანეთის მიმართ პატივისცემის გრძნობა ჰქონდეთ. როცა დედ-მამა ერთმანეთს პატივს სცემს და შვილებიც სიყვარულით არიან გარემოცულნი, ისინი უფრო მშვიდები, ლაღები და ბედნიერები იზრდებიან.

ხათუნა ჩიგოგიძე

(სპეციალურად საიტისთვის)