დავით ბაქრაძე ბიძინა ივანიშვილისა და მიხეილ სააკაშვილის შეხვედრას არ გამორიცხავს - კვირის პალიტრა

დავით ბაქრაძე ბიძინა ივანიშვილისა და მიხეილ სააკაშვილის შეხვედრას არ გამორიცხავს

დღევანდელ შეხვედრაზე არ ყოფილა საუბარი მიხეილ სააკაშვილისა და ბიძინა ივანიშვილის შეხვედრის შესახებ, - ამის შესახებ ტელეკომპანია "იმედს" "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ "ქართული ოცნებისა" და მოქმედი ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

ამასთან, დავით ბაქრაძე არ გამორიცხავს, რომ ასეთი შეხვედრა შედგეს.

"ასეთ შეხვედრას მე არ გამოვრიცხავ, რადგან ერთ-ერთი ძირითადი შეთანხმება რაც დღევანდელ შეხვედრაზე იყო ის, რომ პროცესები უნდა წავიდეს კონსტიტუციის ფარგლებში და ჩვენ არ უნდა დავუშვათ კონსტიტუციის ფარგლებიდან გასვლა. კონსტიტუციის ფარგლებში მიმდინარე პროცესი კი გულისხმობს გარკვეული სახის თანამშრომლობას პრემიერ-მინისტრსა და პრეზიდენტს შორის. ამიტომ, მე რა თქმა, უნდა არ გამოვრიცხავ, რომ ასეთი ტიპის შეხვედრა შედგეს", - განაცხადა ბაქრაძემ.

დავით ბაქრაძის თქმით, მისი პირადი აზრია, რომ ივანიშვილსა და სააკაშვილს შორის შეხვედრა ძალიან სასარგებლო იქნება მთლიანად ქართული საზოგადოებისთვის და ქართული სახელმწიფოსთვის.