სახელმწიფო გადატრიალება საბჭოთა კავშირში და ლეგენდარული მე-5 სამმართველოს დაბადება, რომელსაც წითელი იმპერია უნდა გადაერჩინა
ყველა ავტორიტარულ/დიქტატორული რეჟიმი სპეცსამსახურებს ეყრდნობა. ამ პირობებში სახელმწიფოს ეროვნული ინტერესების დაცვა მხოლოდ ფორმალურად რჩება სპეცსამსახურების მთავარ მოვალეობად, ფაქტობრივად კი ისინი პოლიტიკურ პოლიციად არიან ქცეულნი. გარესაფრთხეები პრიორიტეტულობას კარგავენ და სპეციალური სამსახურები სამხედრო/პოლიტიკური ხელმძღვანელობისაგან მხოლოდ არსებული რეჟიმის სიცოცხლისუნარიანობის გახანგრძლივებისთვის საჭირო დავალებებს იღებენ. თანდათანობით „მთავარი მოწინააღმდეგე“ და საზრუნავი, არა უცხო ქვეყნის აგენტურა და მათი ოპერატიულ-ტექნიკური ოპერაციები, არამედ -საზოგადოების ის ოპოზიციური ნაწილი ხდება, რომელიც რეჟიმთან პოლიტიკური გზებით ბრძოლას ცდილობს. სწორედ მათ წინააღმდეგ დაგეგმილ აგენტურულ-ოპერატიულ ღონისძიებებზე იხარჯება სპეცსამსახურების ადამიანური, ფინანსური და ტექნიკური რესურსების უდიდესი ნაწილი. ასე იქცევა სახელმწიფოს ეროვნული უსაფრთხოების დაცვის უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტი – პოლიტიკურ პოლიციად, შიდაპოლიტიკური ბრძოლების ინსტრუმენტად და „პარტიულ ცერბერად“.
საბჭოთა იმპერიის არსებობის სამოცდაათწლიანი ისტორია სწორედ რომ თვალსაჩინო მაგალითია პოლიტიკური პოლიციის დაბადების, ზრდა-განვითარების, სისასტიკის და სიკვდილის. დასახელება ეცვლებოდა, თუმცა „კომუნისტური ცერბერი“ მუდამ მზად იყო, პარტიის დავალება შეესრულებინა. საბჭოთა რეჟიმის არსებობის ისტორიაში 1964 წლის 13 ოქტომბერს მომხდარ მშვიდობიან და უმსხვერპლო სახელმწიფო გადატრიალებას, როდესაც სამოცდაათი წლის ნიკიტა ხრუშჩოვი იძულებით გაუშვეს პენსიაზე და ის შედარებით ახალგაზრდა ლეონიდ ბრეჟნევმა შეცვალა, განსაკუთრებული ადგილი უჭირავს.

საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე ლეონიდ ბრეჟნევის მორიგ ორდენს აბნევს სკკპ ცკ-ის პირველ მდივანს და მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარეს - ნიკიტა ხრუშჩოვს. იქვე დგას საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივანი მიხეილ გიორგაძე. 1964 წლის აპრილი, სულ ექვსი თვე რჩება ნიკიტას გაპენსიონერებამდე.
სწორედ მაშინ, სტალინური სასტიკი დიქტატურისა და ხრუშჩოვის სულელური მმართველობის შემდეგ, დაიწყო ბრეჟნევის უფრო „მოდერნიზებული“ და „დემოკრატიული“ ავტორიტარული მმართველობის თვრამეტწლიანი პერიოდი. ვინც მხოლოდ უკვე დაუძლურებული ლეონიდ ბრეჟნევით განსაზღვრავს მისი „ზეობის“ წლებს, ძალზე ცდება: ის გახლდათ საკმაოდ ეშმაკი პოლიტიკოსი და მანიპულირების ოსტატი, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე აკონტროლებდა საბჭოთა სამხედრო-პოლიტიკურ სისტემას.
ნიკიტა ხრუშჩოვის ჩამოცილების შემდეგ ბრეჟნევმა იმ „შეთქმულების“ მოცილებაც გადაწყვიტა, ვისთან ერთადაც განახორციელა 1964 წლის 13 ოქტომბრის სახელმწიფო გადატრიალება. ეს არ იყო მარტივი საქმე, რადგანაც მის მთავარ კონკურენტებს: ა. შელეპინსა ( სკკპ ცკ-ის მდივანი) და ვ. სემიჩასტნის (კა-გე-ბეს თავმჯდომარე) საკმაოდ დიდი გავლენა ჰქონდათ. ლ. ბრეჟნევს კარგად ესმოდა საბჭოთა „პოლიტიკური პოლიციის“ მნიშვნელობა შიდაპოლიტიკურ ბრძოლებში, ამიტომ 1967 წლის 18 მაისს, მისი ინიციატივით, სემიჩასტნი გაათავისუფლეს და მის მაგივრად კა-გე-ბეს თავმჯდომარედ სკკპ ცკ-ის ერთ-ერთი მდივანი - იური ანდროპოვი დანიშნეს. ბრეჟნევის რეკომენდაციით, ანდროპოვის პირველ მოადგილედ გენერალი სემიონ ცვიგუნი დაინიშნა, რომელიც 50-იანი წლების დასაწყისში ბრეჟნევთან ერთად მუშაობდა მოლდავეთში. საბჭოთა რეჟიმის ხელმძღვანელმა კა-გე-ბეს ახალ თავმჯდომარეს თავისი პროტეჟეები დაუნიშნა სხვა სტრატეგიულ პოსტებზეც: ვიქტორ ჩებრიკოვი კადრების სამმართველოს უფროსი გახდა, ხოლო გენერალი გიორგი ცინევი - ჯერ მეორე მთავარი სამმართველოს (კონტრდაზვერვა) უფროსად, ხოლო სამი წლის შემდეგ - ანდროპოვის მოადგილედ დაინიშნა.

უყვარდა ლონიას კარგი ცხოვრება...
დანიშვნიდან ორი თვის შემდეგ, 1967 წლის 3 ივლისს, იური ანდროპოვმა სკკპ ცენტრალურ კომიტეტს გაუგზავნა საიდუმლო მოხსენებითი ბარათი, რომელიც იდეოლოგიური დივერსიების წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერების მიზნით, კა-გე-ბეში დამოუკიდებელი სამმართველოს შექმნის მიზანშეწონილობას ეხებოდა. 1967 წლის 17 ივლისს, სკკპ ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიურომ განიხილა
ი. ანდროპოვის მოხსენებითი ბარათი და მიიღო დადგენილება №P 47/97
„სსრკ-ის სუკ-ს მე-5 სამმართველოს შექმნის შესახებ“.
1967 წლის 25 ივლისს გამოიცა სსრკ-ის კა-გე-ბეს თავმჯდომარის №0096 ბრძანება, რომლის მიხედვითაც, მე-2 მთავარ სამმართველოს (კონტრდაზვერვა) გამოეყო და ცალკე შეიქმნა მე-5 (“იდეოლოგიურ დივერსიებთან ბრძოლის”) სამმართველო. მისი მთავარი ამოცანა თავისუფალი აზრის მქონეთა (რომელთაც ხშირად „დისიდენტებს“, “სხვაგვარად მოაზროვნეებსა” და “უფლებადამცველებსაც” უწოდებენ) წინააღმდეგ ბრძოლა იყო. ახალი სამმართველოს სტრუქტურა ამგვარი გახლდათ:
1 განყოფილება (მიმართულებები: მეცნიერება, კულტურა და ხელოვნება, ტელევიზია და რადიო, სამედიცინო დაწესებულებები და სპორტი);
მე-2 განყოფილება (მიმართულებები: ემიგრაცია, ნაციონალიზმი, იდეოლოგიური დივერსიების უცხოური ცენტრები);
მე-3 განყოფილება (მიმართულება: უმაღლესი სასწავლებლების ლექტორები და სტუდენტები);
მე-4 განყოფილება (მიმართულება: რელიგიური ორგანიზაციები);
მე-5 განყოფილება (მიმართულებები: ანტისაბჭოთა ლიტერატურის გავრცელება, ტერორიზმთან ბრძოლა, ანტისახელისუფლებო გამოსვლების აღკვეთა);
მე-6 განყოფილება (საინფორმაციო- ანალიტიკური).
შემდეგ წლებში მე-5 სამმართველოს სტრუქტურამ ამგვარი ცვლილებები განიცადა: 1969 წლის აგვისტოში შეიქმნა მე-7 განყოფილება (ევალებოდა იმ პირების იდენტიფიცირება და შემოწმება, რომლებსაც ანტისაბჭოთა მიზნებისთვის ასაფეთქებელი ნივთიერებებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობების გამოყენების განზრახვა ჰქონდათ);
1973 წლის ივლისში შეიქმნა მე-8 განყოფილება (ევალებოდა სიონისტური ცენტრების იდეოლოგიური დივერსიების აქტების გამოვლენა და აღკვეთა).
1974 წლის მაისში შეიქმნა მე-9 განყოფილება (ევალებოდა ორგანიზებულ ანტისაბჭოთა საქმიანობაში ეჭვმიტანილი პირების, ასევე, ანტისაბჭოთა მასალების დამამზადებელი და გამავრცელებელი პირების მიმართ აგენტურულ-ოპერატიული ოპერაციების ჩატარება);
იმავე წელს მე-2 განყოფილება ორ ნაწილად დაიყო: მე-2 (მიმართულება: ნაციონალიზმი, უკრაინული და ბალტიისპირეთის ემიგრანტული ორგანიზაციები) და მე-10 განყოფილებად (მიმართულება: დანარჩენი ემიგრანტული ორგანიზაციები).
1977 წლის ივნისში შეიქმნა მე-11 განყოფილება (ოლიმპიური თამაშების უსაფრთხოების უზრუნველყოფა, რომელსაც, 1980 წლის შემდეგ ევალებოდა სპორტული, პროფკავშირული, სამედიცინო ორგანიზაციების „მომსახურება“ ); იმავე წელს შეიქმნა მე-12 ჯგუფი (განყოფილების უფლებებით), რომელსაც ევალებოდა მე-5 სამმართველოს ხაზით სოციალისტური ქვეყნების უშიშროების სტრუქტურებთან მუშაობის კოორდინაცია.
1982 წლის თებერვალში შეიქმნა მე-13 განყოფილება (მიმართულება: არაფორმალური ახალგაზრდული მოძრაობები) და მე-14 განყოფილება (მედია და ტელევიზია).
1983 წლის ნოემბერში შეიქმნა მე-15 განყოფილება (მიმართულება: სპორტული საზოგადოება "დინამოს" ობიექტები).
სწორედ კა-გე-ბეს მე-5 სამმართველო იყო ის „პოლიტიკური ცერბერი“, რომელიც საბჭოთა ადამიანების ცხოვრებისა და მოღვაწეობის ყველა სფეროში შეაღწია და მათი ტვინების გაკონტროლებას და დემოკრატიული უფლებების შეზღუდვას ცდილობდა.

იური ანდროპოვი: საბჭოთა რეჟიმის „მთავარი ცერბერი“ 1967-1982 წლებში
მოკავშირე რესპუბლიკებში, ანალოგიური მიზნებით, შეიქმნა მე-5 განყოფილებები (უკრაინის, ბელორუსის, ყაზახეთისა და უზბეკეთის სსრ-ის გარდა, იქ მე-5 სამმართველოები მოქმედებდა), სადაც უკვე ქვეგანყოფილებები ახორციელებდნენ ოპერატიულ-აგენტურულ მუშაობას ზემოთ ჩამოთვლილი მიმართულებებით.
ასე რომ, გასული საუკუნის 60-იანი წლების ბოლოს “სხვაგვარადმოაზროვნეთა” და “უფლებადამცველთა” დასჯისთვის იურიდიული ბაზა საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსის 71-ე მუხლის სახით, მზად იყო, ასევე, შექმნილი იყო მთავარი სადამსჯელო სტრუქტურაც, კა-გე-ბეს “იდეოლოგიური სამმართველო/განყოფილებების” სახით. ამის შემდეგ საბჭოთა პოლიტიკური პოლიცია ცდილობდა ქართველი (რუსი, უკრაინელი, სომეხი და ა.შ.) დისიდენტები ისეთ "ოპერატიულ კომბინაციებში" გაება, საიდანაც იოლი იქნებოდა მათთვის "სამშობლოს ღალატისა" და "უცხო ქვეყნების სასარგებლოდ ჯაშუშობის" უმძიმესი ბრალდებების წარდგენა.
(მესამე ნაწილის დასასრული)