ირაკლი ალასანია - ახალი პრემიერ-მინისტრი ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარებისთვის მოემზადება - კვირის პალიტრა

ირაკლი ალასანია - ახალი პრემიერ-მინისტრი ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარებისთვის მოემზადება

ახალი პრემიერ-მინისტრი ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარებისთვის მოემზადება, - ამის შესახებ მოქმედი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი ალასანიამ განუცხადა.

მისი თქმით, დღევანდელი პირველი სამუშაო შეხვედრით დაიწყო კონსულტაციები სამთავრობო ტრანზიციის შესახებ და ის მომავალშიც გაგრძელდება.

"ვისაუბრებთ ყველაფერზე იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ სტაბილურობა და ყველაფერი გაგრძელდეს კანონის ჩარჩოებში, ახალი პრემიერი კი მოემზადება იმისთვის, რომ ხელისუფლება მშვიდობიანად გადაიბაროს და პროცესები იყოს უმტკივნეულო", - აღნიშნა ირაკლი ალასანიამ.

რაც შეეხება კონკრეტულ უწყებებს და თანამდებობის პირებს, ალასანიას განმარტებით, ამ საკითხზე კონსულტაციები ორშაბათიდან დაიწყება.

მთავრობის კანცელარიაში მოქმედი ხელისუფლების "ქართულ ოცნებასთან" დიალოგის წარმოების ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართა.

დღევანდელ შეხვედრას კოალიციის მხრიდან ესწრებოდნენ ირაკლი ალასანია, დავით უსუფაშვილი, სოზარ სუბარი და ირაკლი ღარიბაშვილი, ხელისუფლების მხრიდან - დავით ბაქრაძე, გიგი უგულავა, გიგა ბოკერია და პავლე კუბლაშვილი.

მომავალი შეხვედრა 8 ოქტომბერს გაიმართება.