"საოცარ აკლდამებს შორის აღმოვჩნდი... შიგნით უკუნეთი სიბნელე იყო და ასობით ღამურა დაფრინავდა. გამოქვაბულში წყალიც უხვად ჩამოედინებოდა" - ვინ არის ქალი, - კვირის პალიტრა

"საოცარ აკლდამებს შორის აღმოვჩნდი... შიგნით უკუნეთი სიბნელე იყო და ასობით ღამურა დაფრინავდა. გამოქვაბულში წყალიც უხვად ჩამოედინებოდა" - ვინ არის ქალი, რომელიც საქართველოს უცნობ აკლდამებში "მოგზაურობს"

"ვფიქრობდი, რომ ასეთი გრძნობა უნდა ჰქონოდა ჰირამ ბინგამს, როცა მაჩუ-პიქჩუ აღმოაჩინა"

"იქ რომ ჩავედი, საოცარ აკლდამებს შორის აღმოვჩნდი. უზარმაზარი თლილი ქვის ლოდებისგან იყო აკლდამების კედლები, იდეალური ზედაპირით. თავი ჰირამ ბინგამი მეგონა. ვფიქრობდი, რომ ასეთი გრძნობა უნდა ჰქონოდა მას, როცა მაჩუ-პიქჩუ აღმოაჩინა" - ამბობს ირინა კირვალიძე...

იგი საქართველოს სხვადასხვა კუთხეს ეწვია და ფართო საზოგადოებისთვის უცნობი აკლდამები მოინახულა, რომელთა შესახებაც ადგილობრივმა მოსახლეობამაც კი არ იცოდა.

- ჩვენი ყველაზე დიდი სიმდიდრე ისტორიაა და ძალიან ცოტა ყურადღებას ვაქცევთ, ვერ ვხვდები, რატომ. ბევრს დავდივარ და ხშირად ვაწყდები ფართო საზოგადოებისთვის უცნობ ადგილებს. შემდეგ ვიწყებ მეგობარ ისტორიკოსებთან სურათების გაგზავნას, ინტერნეტში ინფორმაციის მოძიებას. როცა რამდენიმე წყაროში იდენტური ინფორმაციაა, მივიჩნევ, რომ სწორია. არ ვემხრობი “ადგილობრივების ჭორებსა და თქმულებებს”.

- როდის დაიწყეთ ეს ყველაფერი?

- დაახლოებით 10 წლის წინ შევიძინე მაღალი გამავლობის მანქანა და დავიწყე საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მოგზაურობა... ამ დროს ბევრჯერ წავაწყდი ადგილებს, რომელთა შესახებ მანამდე არაფერი გამეგო, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს გეოგრაფიას და ისტორიას კარგად ვსწავლობდი. ჩემთვის ვიღებდი ფოტოებს და პირად გვერდზე ვტვირთავდი. ხუთი წლის წინ, მეგობარმა მითხრა, შენი აღმოჩენილი ადგილების კადრები ქვეყანამ უნდა იცოდესო. ასე გაჩნდა იდეა, სოციალურ ქსელში შემექმნა გვერდი - "უცნობი სამშობლო".

- როდის იყო პირველი და მნიშვნელოვანი აღმოჩენა?

- სტუდენტობის დროს, თბილისიდან მცხეთაში ფეხით წავედით მე და ჩემი მეგობარი. გზის პირას მაშინ არ იყო ამხელა ხეები და ბუჩქები. რაღაც ქვების ლოდები შევნიშნეთ და ბორცვზე ავძვერით. მაშინ არ ვიცოდი, რა იყო ეს და მალევე დავივიწყე. ცოტა ხნის წინ, გამახსენდა მაშინდელი ნანახი და გადავწყვიტე, მომეძებნა ის "ქვის ლოდები". მართლაც, ვიპოვე და გაოგნებული დავრჩი. ახლა სულ სხვანაირად შევხედე ამ ადგილს, უკვე ვიცოდი, რომ ეს აკლდამები იყო. სავარაუდოდ, არმაზის აკლდამების დიდი ნაწილია, რომელიც თვალს მოფარებული და ხეებში ჩაფლულია. ზოგ მათგანში კი ხეებია ამოსული. ისტორიკოსის - ალექსანდრე გიორგიძის ვარაუდია, რომ აკლდამები 1-ლი და მე-2 საუკუნის უნდა იყოს. ნამდვილად წინაქრისტიანულია...

შემდეგ ვესტუმრე ადგილს, სადაც „არმაზის ბილინგვა” იყო ნაპოვნი. იქაც ანალოგიური სამაროვნებია.

- ამ აკლდამების ნახვის შემდეგ, რისი ხილვა იყო თქვენთვის შთამბეჭდავი?

- თეთრიწყაროს რაიონი ძალიან მიყვარს, განსაკუთრებით, სამშვილდე. მის მიდამოებში აღმოჩენილი სამაროვნები, ნამოსახლარები, გამოქვაბულები ძვ.წ. IV ათასწლეულის მეორე ნახევარს მიეკუთვნება. ასევე, შესასვლელში დგას მენჰირი, რაც საქართველოში ხშირად არ გვხვდება...

ერთ-ერთი სტუმრობისას, სამშვილდეში, ხრამის ხეობას ვუყურებდი და გამოქვაბულები შევამჩნიე. დრონიც გავუშვი „დაზვერვაზე", მაგრამ ვერაფერი ვნახე. მერე რუკას ჩავხედე და მასზე დავიწყე გამოქვაბულების ძიება. უცებ, საინტერესო ადგილს წავაწყდი, რომელიც, როგორც „დაღეთის დამალული ეკლესია" იყო აღნიშნული. რასაკვირველია, მყისვე მის საძებნელად გავეშურე. საკმაოდ დიდი დრო დამჭირდა, სანამ მივაგენი. რუკაზე დატანილი კოორდინატები რამდენიმე მეტრით არის აცდენილი. თუ ზუსტად არ იცი, პოვნა გაგიჭირდება. ჩემსავით უნდა გაგიმართლოს. საკმაოდ ვიწრო ჩასაძრომი იყო. სანათი და რეზინის მაღალყელიანი ფეხსაცმელი ყოველთვის თან მაქვს...

შიგნით უკუნეთი სიბნელე იყო და ასობით ღამურა დაფრინავდა. გამოქვაბულში წყალიც უხვად ჩამოედინებოდა. იქაურობა რამდენიმე დარბაზისგან შედგებოდა. მეორე დარბაზში მიუხედავად კარსტული წამონაზარდებისა, მკვეთრად გამოირჩეოდა სალოცავი. როგორ მოვიძიე ინფორმაცია, მაშინ, როცა ქრისტიანობა იკრძალებოდა, ხალხი ჩუმად იკრიბებოდა და მსგავს ადგილებს იყენებდნენ სალოცავად.

ანალოგიური ადგილი მცხეთაშიც გვაქვს, ბევრად პატარა მასშტაბით გამოქვაბული, ბაგინეთის გვერდით... მესამე დარბაზში ვეღარ შევედი, ძალიან იმატებდა ღამურების ფეკალიების მასა და თითქმის მუხლამდე მწვდებოდა. ამიტომ, გადავწყვიტე სხვა დროს დავბრუნებულიყავი, რესპირატორული ნიღბით და უფრო მაღალი ჩექმებით.

- კიდევ სად ნახეთ აკლდამები, რომელთა შესახებაც მოსახლეობამ ნაკლებად იცის.

- რადგან მწირი ინფორმაცია გვაქვს ნაკლებად ცნობილ ადგილებზე, შესაბამისად, მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა არც კი იცის ამ ადგილების შესახებ. მაგალითად, წილკნის აკლდამები. ძალიან საინტერესო აღმოჩნდა ჩემთვის, წილკნის აკლდამაზე ადგილობრივებმაც კი არ იცოდნენ. მხოლოდ უშუალოდ იმ ადგილზე რომ მივედი, სადაც რუკაზე იყო მონიშნული, ერთ-ერთი სახლის ეზოში მამაკაცი შევნიშნე და მას ვკითხე. მითხრა, არის კი აკლდამა, ბავშვობაში მანდ ვთამაშობდითო...

აკლდამა საკმაოდ დიდ შემოღობილ ტერიტორიაზე აღმოჩნდა, სრულიად მოუვლელი. ღობეში გაძრომა მოგვიწია. მაღალ ბალახში რამდენიმე ათეული მეტრის გავლის შემდეგ მივადექით ნახევრად დანგრეულ შენობას (ეს იყო აკლდამის გარშემო აშენებული შენობა, რომელიც მის დაცვას, კონსერვაციას ემსახურებოდა). აკლდამაში ჩასასვლელ კიბეს გავუყევი, სანათის შუქი მხოლოდ გვირაბის კედლებს ანათებდა და წინ გამოუკვლევი სიბნელე იყო მხოლოდ. რომ ჩავედი, საოცარ აკლდამებს შორის აღმოვჩნდი. უზარმაზარი თლილი ქვის ლოდებისგან იყო აგებული აკლდამების კედლები, იდეალური ზედაპირით. თავი ჰირამ ბინგამი მეგონა. ვფიქრობდი, რომ ასეთი გრძნობა უნდა ჰქონოდა მას, როცა მაჩუ-პიქჩუ აღმოაჩინა.

- რამდენად დიდია?

- საკმაოდ მაღალი იყო, ხელი რომ ავწიე, ჭერს ვერ ვწვდებოდი. დაახლოებით 12 კვადრატული მეტრის ოთახი იყო. როგორც შემდეგ გავარკვიე, ეს აკლდამა 1979 წელს გაითხარა, მისი ხელმძღვანელი ა. აფაქიძე იყო. მისი სიტყვებით, აქ ესვენა რვა მამაკაცი, ყველა სუდარაში იყო გახვეული. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ქრისტიანული წესით იყო დაკრძალული. თავით, სახით დასავლეთისკენ. ასევე, გათხრისას აკლდამა გაიძარცვა (ესეც ამოვიკითხე სხვადასხვა წყაროში).

ამ აკლდამაში საკმაოდ დიდ ხანს დავყავი, უბრალოდ ვათვალიერებდი თითოეულ ქვას და ვცდილობდი წარმომედგინა, ვინ იყვნენ ისინი, ვინც აქ დაკრძალეს, რას წარმოადგენდნენ... გარეთ რომ გამოვედი, ტერიტორიის დათვალიერება დავიწყე. სამწუხაროდ, ბალახს და ბუჩქებს აქვს ყველანაირი კვალი წაშლილი. როგორც აღწერაში იყო ნახსენები, ნაპოვნი იყო გვიანდელი ანტიკური ხანის ორმოსამარხი და ქვაყუთი, რომელშიც თიხის სარეცელზე კიდევ ერთი მიცვალებული იყო დასვენებული. ეს ადგილი ვერ ვნახე...

ერთი ღამურა დამხვდა, რომელიც მაშინვე გაფრინდა. ასევე იყო ამოყირავებული კუ, რომელიც, როგორც ჩანს, კიბეზე ჩამოგორდა და თავის სიკვდილს ელოდა, სანამ ვინმე არ მიაგნებდა. მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის, კუ რომ გადავარჩინე.

- თბილისთან ახლოს კიდევ სად ნახეთ აკლდამები?

- თბილისთან ახლოს, თუ ვინმეს აინტერესებს ძალიან საინტერესო და ნაკლებად ცნობილი ადგილების ნახვა, ძალისის არქეოლოგიურ მუზეუმ-ნაკრძალს შეუძლია ესტუმროს. სოფელშიც არის აკლდამა, რომელიც შემთხვევით იპოვეს, საფლავისთვის მიწის გათხრის დროს.

აი, ასეთია ჩვენი მდიდარი მიწა, რამდენი რამ არის კიდევ დაფარული, არავინ იცის... ძალისის არქეოლოგიური ნაქალაქარიდან სულ 5-6 წუთის სავალზეა სოფელ ძალისის სასაფლაო. სამწუხაროდ, არ ვიცი, როდის გაითხარა და ვინ აწარმოებდა სამუშაოებს. ადგილობრივების თქმით, ნაპოვნი იყო სამი ცხედარი, როგორც ჩანს, ოჯახი იყოო - მამაკაცი, ქალბატონი და 12-13 წლის ბავშვი. თმის სამაგრი და ბეჭედიც უპოვიათ. ამ მთლიანი ტერიტორიის გამოკვლევა უნდა დაეწყოთ, რადგან დიდი ალბათობით, კიდევ უფრო მეტი აკლდამა იქნებოდა აქ, მაგრამ არავის არაფერი გაუკეთებია... ჯერჯერობით.

მხოლოდ ეს არის, რაც აქამდე მოვიძიე თბილისთან ახლოს. ვფიქრობ, სამცხე-ჯავახეთი იქნება ძალიან საინტერესო გამოსაკვლევი. იქ ძალიან უხვადაა გამოქვაბულები, სახიზრები და დარნის ტიპის კომპლექსები. ამიტომ, ვფიქრობ, გვიან გაზაფხულზე იმ რეგიონს ვესტუმრო.

- თქვენ მსოფლიოს ძალიან ბევრ ქვეყანაში ხართ ნამყოფი, გვიამბეთ ამაზეც.

- 40 ქვეყანაში ვიმოგზაურე, ყველაზე დაუვიწყარი იყო პერუ. ინკების ის გზა გავიარე, რაც მათ განვლეს, სანამ ამ საოცრებას ააშენებდნენ. 5 დღე მივდიოდით, ფეხით 80 კილომეტრი დავფარეთ პერუს სოფლებსა და მთებში.

მაჩუ-პიქჩუ რომ დავინახე, ლამის ვიტირე. ბავშვობიდან მაჩუ-პიქჩუს სურათი თვალწინ მედგა და ვოცნებობდი მის ნახვაზე. რამდენიც არ უნდა ვისაუბრო ამ ახალი საოცრებებიდან ერთ-ერთზე, საქართველო არ ჩამოუვარდება არც ისტორიით და არც სანახაობრივი ადგილებით. შეიძლება ძალიან ხმამაღალი განცხადებაა, მაგრამ საქართველო და მისი ყველა კუთხე-კუნჭული უზომოდ მიყვარს. უფრო მას შემდეგ შემიყვარდა, რაც საოცარი ადგილების აღმოჩენა დავიწყე. ამიტომ, ვფიქრობ, ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებას ოდნავ დრო მოვაკლოთ და ეს დრო საქართველოს აღმოჩენას დავუთმოთ.

40 ქვეყანა საფუძვლიანად შევისწავლე. არის ქვეყნები, სადაც ერთი თვეც ვყოფილვარ. ქვეყნის შეცნობა არ იწყება ამა თუ იმ შენობით, ან აეროპორტში წარწერით - "კეთილი იყოს თქვენი მობრძანება". ქვეყნის შეცნობა იწყება ხალხთან შეხებით, მათი ტრადიციების შესწავლით და თუ არის საშუალება, თავად მიიღოთ მონაწილეობა და გახდეთ ამ ტრადიციების „სტუმარი". მაშინ შეგიძლიათ თქვათ, რომ იმ ქვეყანას იცნობთ, იმ ქვეყანაში გიმოგზაურიათ.

(სპეციალურად საიტისთვის)