"13 წელია, რაც საქართველოდან წამოვედი. მეუღლეს დავშორდი, მისი ღალატი ყველაზე დიდი იმედგაცრუება იყო. 4 ბავშვით ჰაერში დავრჩი. ახლა პარიზის ყველაზე ელიტურ სტომატოლოგიურ კლინიკაში ვმუშაობ, სადაც ვარსკვლავები, ელჩები, მაღალი თანამდებობის პირები დადიან"
"საქართველოს გარეშე ბოლომდე ბედნიერი ვერ იქნები" - ქართველი ემიგრანტის მიერ დაძლეული სირთულეები და მიღწეული წარმატების ამბავი
ემიგრაცია ადამიანისთვის ერთ-ერთი რთული, მაგრამ გარდამტეხი გზა შეიძლება იყოს. ჩემი რესპონდენტი ემიგრანტი შორენა ხარაზიშვილი გახლავთ, ადამიანი, რომელმაც საკუთარი ცხოვრება საზღვარგარეთ ბევრი სირთულის ფონზე, 4 შვილთან ერთად თავიდან დაიწყო.
- შორენა, ემიგრაციაში წასვლის მთავარი მიზეზი რა იყო?
- 13 წელია, რაც საქართველოდან წამოვედი. ისე მოხდა, რომ მეუღლეს დავშორდი, მისი ღალატი ყველაზე დიდი იმედგაცრუება იყო. 4 ბავშვით, ფაქტობრივად, ჰაერში დავრჩი. ოჯახის დანგრევის შემდეგ, ბავშვებთან ერთად საცხოვრებლად ცალკე გადავედი, 1 წელი როგორღაც ვიწვალე და თავი გავიტანე, მაგრამ ძალიან გამიჭირდა, ნაქირავებში ვცხოვრობდი. ბავშვებმა ცეკვას, სიმღერას ყველაფერს თავი დაანებეს, ჩემი შემოსავლით მათ გამოკვებას ძლივს ვახერხებდი, დანარჩენზე ლაპარაკი ზედმეტი იყო.
თავიდან ვფიქრობდი, საზღვარგარეთ ბავშვების გარეშე წამოვსულიყავი, იმდენი მომეგროვებინა, რომ სამშობლოში ბინის შეძენის საშუალება მქონოდა. მაშინ უვიზო რეჟიმი არ იყო და ეს ჩანაფიქრი არ გამომივიდა. გადავწყვიტე, ბავშვებთან ერთად წამოვსულიყავი, საქართველოდან მინსკში ჩავფრინდი, შემდეგ პოლონეთში გადავედი და პოლონეთიდან საფრანგეთში. ეს იყო ურთულესი გზა. წარმოიდგინეთ, 4 ბავშვით უცხო ქვეყანაში ჩადიხარ, სადაც არავინ გხვდება. მხოლოდ ერთი შორეული ნათესავის ტელეფონის ნომერი მქონდა, რომელიც პარიზშიც კი არ იმყოფებოდა.
- როგორი იყო პირველი დღე?
- მახსოვს, დიდი ბარგი გვქონდა, იმ ასოციაციამდე, სადაც უნდა ჩავბარებულიყავი, ტაქსით მივედით, 3-კილომეტრში 26 ევრო გამომართვა. დევნილის სტატუსის მიღებამდე დიდი გზა მქონდა გასავლელი. რომ არა მამაჩემი, რომელიც პორტუგალიაში იმყოფებოდა, მე აქ ვერ გავძლებდი. 1 წლის განმავლობაში არანაირი შემოსავალი არ მქონდა და მამა გარკვეულ თანხას ხელფასივით მიგზავნიდა. საფრანგეთი დახმარებაზე უარს იმ მიზეზით მეუბნებოდა, რომ პოლონეთიდან ვიყავი შესული და იქ უნდა დავბრუნებულიყავი. ბიუროკრატიული სირთულეები შემეხო, მაგრამ იყო ასოციაციები, რომლებიც საკვებით გვეხმარებოდნენ, ამ მხრივ არაფერი გვაკლდა.

უფროსი გოგონა 13 წლის იყო, პატარა - 3 წლის. დევნილის სტატუსის მიღების პროცესი 3 წელი გაგრძელდა, მაგრამ საბოლოოდ, უარი მეთქვა. მითხრეს, რომ საქართველოში უნდა დავბრუნებულიყავი. ბავშვები სკოლაში ძალიან კარგად სწავლობდნენ, მონდომება რომ შეატყვეს, მასწავლებლები გვეხმარებოდნენ, მოდიოდნენ და აბსოლუტურად უფასოდ ამეცადინებდნენ. მათ მითხრეს, ჩვენ დაგეხმარებით, პრეფექტურაში განაცხადს შევიტანთ, აქ ცხოვრების და მუშაობის უფლება რაც შეიძლება ჩქარა რომ მოგცენო. ეს საბუთი როგორც კი ავიღე, ერთი დღე არ გავჩერებულვარ.
ჩასვლისთანავე დავიწყე ენის შემსწავლელ სკოლაში სიარული, ეს ბარიერი დავძლიე, ბავშვებმაც მარტივად აითვისეს ფრანგული ენა. პარიზში რომ ჩავედი, მხოლოდ 2 ფრანგული სიტყვა ვიცოდი, "გამარჯობა" და "დიდი მადლობა". ენის ცოდნის გარეშე, ამ ქვეყანაში შორს ვერ წავიდოდი, მთელი ცხოვრება ძიძად და დამლაგებლად მუშაობა კი არ მინდოდა. მქონდა პრეტენზია სრულფასოვანი ფრანგი მოქალაქესავით მეცხოვრა.
- პირველი სამსახური რა იყო?
- პიცერიაში შეფის დამხმარე ვიყავი. შეფმა რომ მითხრა, დანა მომაწოდეო, ვერ მივხვდი, რას მეუბნებოდა. თითოეულ სამსახურში 5-6 თვე ვჩერდებოდი, როცა ვხვდებოდი, განვითარება აღარ ხდებოდა, სხვაგან გადავდიოდი. ამ მიდგომამ შემძინა ძალიან ბევრი ნაცნობი, უფრო განმავითარა.
- ვიცი, რომ დღეს კარგი სამსახური გაქვს.
- დიახ, დღევანდელი სამსახური ჩემი კეთილსინდისიერი შრომის შედეგად მივიღე. ექიმების ოჯახში ვმუშაობდი, საქმეს პირნათლად ვასრულებდი, მათაც ძალიან შემიყვარეს, როგორც ოჯახის წევრი, ისე მიმიღეს. იმ პერიოდში სწავლა დავიწყე, რომ სტომატოლოგის დამხმარედ მუშაობა შემძლებოდა, დიპლომიც ავიღე და ჩემი ექიმების რეკომენდაციით, დღეს პარიზის ყველაზე ელიტურ სტომატოლოგიურ კლინიკაში ვმუშაობ, სადაც ვარსკვლავები, ელჩები, მაღალი თანამდებობის პირები დადიან. მათთან ყოველდღიური ურთიერთობა მაქვს.
ასე მოვედი დღევანდელ დღემდე, რაც არ გვკლავს, თურმე ყველაფერი მართლა გვაძლიერებს. რომ არა ის ტკივილი, იმედგაცრუება, რომელიც წარსულში მქონდა, ალბათ "დღევანდელი შორენა" ვერასდროს გავხდებოდი.

- ამ ემოციებმა ხატვაც დაგაწყებინა, სულ ცოტა ხნის წინ, გამოფენა გქონდა, ამის შესახებ მიამბე.
- ტკივილმა მუზები "მომიფრინა". უცხო ქვეყანაში შენი სამშობლოს, განსაკუთრებით, ბავშვობის ადგილების, მონატრება იმდენად მძაფრია, ამ ემოციას ღამე ბევრჯერ გავუღვიძებივარ, საყვარელი ადგილების სუნიც კი შემიგრძნია, რა დაუჯერებელია, არა? ამ დროს, ყველაზე მეტად მიმძაფრდებოდა სურვილი, საქართველოს რომელიმე კუთხე დამეხატა. სამშობლოს მონატრებას ვერასდროს ვერაფერი შეავსებს. რამდენიც არ უნდა იმოგზაურო, როგორ პირობებშიც არ უნდა იცხოვრო, სამშობლოს სიყვარულს ვერაფერი შეგიცვლის. ქართველი საკუთარი სამშობლოს გარდა, ვერსად ბოლომდე ბედნიერი ვერ იქნება. რომ ვიცოდე, ჩემს შვილებს საქართველოშიც ისეთივე განვითარების და სწავლის შესაძლებლობა ექნებათ, როგორც აქ, საფრანგეთში, ერთი დღეც კი არ გავჩერდებოდი.

ვხატავ, მაგრამ საკუთარ თავს მხატვარს არ ვუწოდებ. ჩემი გამოფენის მოწყობის იდეა უცნაურად დაიბადა. შარშან ახალი ავტომობილი კრედიტით შევიძინე, ისე მოხდა, რომ ეს მანქანა მოპარული აღმოჩნდა და გადახდილი თანხა დამეკარგა. ახლა იმ კრედიტს ტყუილად ვიხდი. შემდეგ 2 ოპერაციის თანხის გადახდა მომიწია. როდესაც არ გქვია სოციალურად დაუცველი, გაქვს შემოსავალი, უფასო აღარაფერი გეკუთვნის. სამომხმარებლო კალათის ზღვარს რომ გადასცდები, ხარჯებიც იზრდება. მეგობრებმა მითხრეს, იქნებ შენი ნახატების გამოფენა-გაყიდვა მოაწყოო. ეს თარიღი 25 ნოემბერს, ჩემს დაბადების დღეს დავამთხვიე.
- პარიზში მცხოვრები ქართველები ხშირად იკრიბებით?
- საფრანგეთში ძალიან ბევრი ქართველია. ჩვენ ყოველ კვირა დღეს ტაძარში ვიკრიბებით, მე და ჩემმა შვილებმა გალობა დავიწყეთ. აქ ჩვენი პატარა საქართველო გვაქვს. ბავშვები ქართულ ფესვებს არ ივიწყებენ, დადიან ქართულ ცეკვაზე, სიმღერაზე... ჩემი უმცროსი შვილი თინეიჯერობის ასაკში რომ გადავიდა, მითხრა, საფრანგეთში ვართ და სულ გაიძახით ქართული, ქართული, ცოტა ხანი გამოგვეთიშა, მაგრამ მალევე, უდიდესი მონდომებით და სიყვარულით დაგვიბრუნდა, ეს ბავშვი სისხლის ყივილმა არ მოასვენა.
აქ ქართველები ერთმანეთს ვაძლიერებთ, მხარში ვუდგავართ. ეს თანადგომა ძალიან საჭიროა.
თითქმის ყველას აქვს საშუალება წელიწადში ერთხელ მაინც ჩამოვიდეს საქართველოში, მაგრამ გამორიცხულია, აქ კვირაში ერთხელ რომ არ შევიკრიბოთ, ერთმანეთი დადებითი ენერგიით არ დავმუხტოთ.
ჩემი მესამე გოგონა შარშან ბათუმში იყო, ქართულ სპექტაკლში ითამაშა და საფრანგეთში აღფრთოვანებული დაბრუნდა.
ახლა იურიდიულზე სწავლობს სორბონაში. უნდა თავისი ცოდნა საქართველოს მოახმაროს, სამშობლოში დაბრუნების და ქართული ოჯახის შექმნის სურვილი აქვს. უფროსი გოგონას მეუღლე ფრანგია, ფრანგი შვილიშვილები მყავს, მართლმადიდებლები არიან.
- ემიგრაციაში ყოფნამ საკუთარ თავში რა აღმოჩენები გაგაკეთებინა?
- დამარწმუნა, რომ შეუძლებელი არაფერია, მთავარი მონდომებაა. აქ ხელშეწყობაა, რომ ნებისმიერ ასაკში შეიცვალო პროფესია, განვითარდე, გამოიმუშაო ახალი უნარები. მთავარია, რაღაც გინდოდეს, გიყვარდეს. საფრანგეთში ცხოვრებისას დავრწმუნდი, რომ გვიანი არაფერია და ვნახე, რა ძალა აქვს შრომას. ფრანგები დილის 5 საათზე დგებიან და ფუტკრებივით ფუსფუსს იწყებენ. აქ ნებისმიერი პროფესია დაფასებულია.
ღირსეული ანაზღაურება ცხოვრების ღირსეულ პირობებს განაპირობებს.
- პირველი კულტურული შოკი რა დროს მიიღე?
- რომ ჩამოვედი, ჩემთვის სრულიად უცხო ადამიანები მზად იყვნენ იმისთვის, რომ დახმარება გაეწიათ. ინტერესდებოდნენ, ვინ ვიყავი, რა პრობლემა მქონდა, მოჰქონდათ საკვები, ტანსაცმელი. მათი უმრავლესობა ათეისტები იყვნენ, შინაგანად სიკეთის კეთების სურვილით, უანგარო სიკეთით გამაოცეს.
უვიზო რეჟიმის შემოღების შემდეგ, ბევრი მოდის საქართველოდან, ხანდახან ვფიქრობ ხოლმე, ვინღა რჩება ჩემს ქვეყანაში?
ერთი პერიოდი, სხვა კლინიკაში ვმუშაობდი, იქ სჭირდებოდათ თანამშრომელი, რომელიც შეძლებდა ქართულ, რუსულ და ფრანგულ ენაზე თარგმნას, რადგან იმ კლინიკაში ძალიან ბევრი ქართველი მიდიოდა და ხშირად, კომუნიკაციის პრობლემა ექმნებოდათ. ჩემთვის შოკი იყო, გაოცებული ვიყავი, დღეში 20-25 ქართველი შეიძლება მოსულიყო.
ტაძარში ყოველ კვირას წირვაა, მერე ტრაპეზია, მერე რეპეტიციებია, მშობლების ცალკე, ბავშვების - ცალკე, ჩვენი მგალობელთა გუნდის - ცალკე.
ბელგიაში, იტალიაში, ესპანეთში პატარ-პატარა კონცერტები გვქონდა, მაგრამ ზუგდიდში 2-ჯერ დაგვპატიჟეს ფესტივალზე და დიდი გულის ფანცქალით ვემზადებოდით, ემოცია, რომელიც საქართველოში შესრულებისას მქონდა, არასდროს დამავიწყდება.

ახლა საფრანგეთი კი არის ძლიერი, მაგრამ ჩემი ქვეყანა უფრო ძველია, უფრო დიდი ისტორიისაა ამით ვამაყობ. ჩვენი სიმღერის გუნდის - "თამარიონის" საქმიანობაც ამ იდეას უკავშირდება. გვინდა, ადგილობრივ მოსახლეობას ვაჩვენოთ, ქართველი ევროპაში მარტო მოსაპარად კი არ ჩადის, საქართველო ქურდების და კრიმინალების ქვეყანა არ არის. ფრანგ საზოგადოებასთან მიპატიჟებების დროს, ჩვენი კონცერტებით ყოველთვის ამაზე ვუსვამთ ხაზს. ქართული ღვინის, საკვების პოპულარიზაციას ვეწევით, რის შემდეგაც, საქართველოში ბევრი ფრანგი ჩამოდის.
- უკან დაბრუნებულები რას გეუბნებიან?
- იცით. რა აკვირვებთ? ჩვენი მრავალსართულიანი სუფრები, დახვავებული საკვებით, მოდიან და მეკითხებიან, მერე ეს საკვები სად მიგაქვთო? მეუბნებიან, რომ ჩემი ქვეყანა ძალიან ენდემურია. თუშეთიდან, ხევსურეთიდან, სვანეთიდან დაშოკილები მოდიან, მე ეს ძალიან მახარებს, სიამაყით მავსებს.
თამუნა კვინიკაძე
(სპეციალურად საიტისთვის)