"ჩემი სახლი ვეგასი კი არა, საქართველოა!" - მერაბ დვალიშვილი - კვირის პალიტრა

"ჩემი სახლი ვეგასი კი არა, საქართველოა!" - მერაბ დვალიშვილი

7 დეკემბერს, თბილისის დროით დაახლოებით 08:30 საათიდან, UFC 323-ზე მერაბ დვალიშვილი სუპერმსუბუქი წონის საჩემპიონო ქამარს მეოთხედ დაიცავს. "მანქანა" რუს პიოტრ იანს მეორედ დაუპირისპირდება.

რამდენიმე დღის წინ რუსმა მებრძოლმა განაცხადა, რომ ამ ბრძოლაში მერაბი თავის სახლში ჩხუბობდა და ამ მხრივ დვალიშვილს უპირატესობა ჰქონდა: "მერაბის მეოთხე ბრძოლა წელს? სახლის უკანა ეზოში ჩხუბი მარტივია. აქ და ლოს-ანჯელესში ის თავს გრძნობს ისე, როგორც საკუთარ სახლში. მეც შემიძლია ჩემი სახლის უკანა ეზოში ყოველ შაბათს ჩხუბი. 2018-ში ვიჩხუბე 5-ჯერ, მაგრამ რუსეთში არცერთი არ ყოფილა".

დვალიშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მისი სახლი საქართველოა და არა ლას-ვეგასი.

"იანი უბრალოდ თავს იმართლებს, ჩემი სახლი აქ კი არა, საქართველოშია! ვეგასში კი იმიტომ ვცხოვრობ, რომ ჩემპიონობა მინდა. კიდევ ერთხელ რომ დაგამარცხებ, თავს რით გაიმართლებ? პიოტრსაც შეუძლია ლას-ვეგასში იცხოვროს, მაგრამ ის ტაილანდში ცხოვრობს და იქ გაფრინდება, სადაც ბრძოლა მოუწევს. სხვათა შორის, მე ნიუ-ჯერსიში, რუსეთში, კანადაში და აშშ-ს სხვა შტატებშიც მიბრძოლია, ასე რომ, ეს ჩემთვის პრობლემას არ წარმოადგენს. სადაც ბრძოლა იმართება, შეგიძლია იქ იცხოვრო, ამის სრული უფლება გაქვს", - თქვა დვალიშვილმა.

განაგრძე კითხვა