"ჩემი თავდაცვის მინისტრობის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია, საფუძველს მოკლებულია" - კვირის პალიტრა

"ჩემი თავდაცვის მინისტრობის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია, საფუძველს მოკლებულია"

კოალიცია "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელთა შორის პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელზეც კოალიციას წარმოადგენდნენ: ირაკლი ალასანია, დავით უსუფაშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი და სოზარ სუბარი, "ნაციონალურ მოძრაობას" კი – დავით ბაქრაძე, გიგა ბოკერია, გიგი უგულავა და პავლე კუბლაშვილი. რაზე ილაპარაკეს და რაზე შეთანხმდნენ, ამის თაობაზე გვესაუბრება სოზარ სუბარი.

– შევთანხმდით, რომ რაც შეიძლება სწრაფად, თანმიმდევრულად და ყოველგვარი გართულების გარეშე მოხდეს ხელისუფლების გადაბარება. კონკრეტულად შევთანხმდით, რომ უკვე ორშაბათს, 8 ოქტომბერს კოალიცია დაასახელებს მინისტრთა კაბინეტის სავარაუდო შემადგენლობას და ამასთანვე, ჩვენი წარმომადგენლები სხვადასხვა უწყებაში არსებულ ვითარების გაცნობას დაიწყებენ, რათა შემდგომ გადაბარების პროცესი უმტკივნეულოდ წარიმართოს. ეს ეხება, როგორც სამინისტროებს, ასევე საერთაშორისო ურთიერთობებს. ასევე ითქვა, რომ ჩავერთვებით ჟენევის მოლაპარაკებებში და წარმომადგენელს მივავლენთ ყველა სტრუქტურაში, მათ შორის ძალოვან უწყებებშიც. გარდა ამისა, შევთანხმდით იმაზეც, რომ ამ საარჩევნო პროცესში დაკავებული ადამიანების საქმეები გადაიხედება და ისინი გათავისუფლდებიან.

– ანუ მიღწეული შეთანხმება, რომ "ქართული ოცნება" მინისტრთა კაბინეტს სრულად, ძალოვანი სამინისტროების ჩათვლით დააკომპლექტებს?

– ამის თაობაზე ძალიან მკაფიო განცხადება გააკეთა პრეზიდენტმა სააკაშვილმა. ასევე და ამ შეხვედრაზე დაზუსტებით ითქვა, რომ "ქართული ოცნება" სრულად დააკომპლექტებს მინისტრთა კაბინეტს. კონსტიტუციითაც სწორედ ასეა განსაზღვრული და ამას ხელს არც "ნაციონალური მოძრაობა" შეუშლის.

– ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბიძინა ივანიშვილი მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრას გეგმავს.

– ბევრი რამაა კიდევ გასარკვევი, არაერთი დეტალია დასაზუსტებელი. მოგეხსენებათ, პრეზიდენტმა უნდა წარადგინოს პრემიერ-მინისტრის კანდიდატურა, აუცილებელია შედგეს მათ შორის გარკვეული თანამშრომლობა, ამიტომაც მათი შეხვედრა ალბათ გარდაუვალი იქნება.

– არაერთი ინფორმაცია ვრცელდება მომავალი მინისტრთა კაბინეტის სავარაუდო შემადგენლობის შესახებ. ერთ-ერთი ვერსიით, თქვენ შეიძლება თავდაცვის მინისტრი გახდეთ...

– ერთადერთი რაც შემიძლია გითხრათ ისაა, რომ ჩემი თავდაცვის მინისტრობის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია, საფუძველს აბსოლუტურად მოკლებულია.

– რომ მიიღოთ ამგვარი შემოთავაზება დათანხმდებით?

– არიან ადამიანები, რომელთაც აქვთ თავდაცის სფეროში გაცილებით უკეთესი ცოდნაც და იქ მოღვაწეობის უფრო დიდი გამოცდილებაც. ვფიქრობ, ჩემი ცოდნა და გამოცდილება სხვა სფეროში შეიძლება უფრო წარმატებული იყოს. მართალია საბოლოდ ადამიანი ყველაფერს სწავლობს, მაგრამ სჯობს, თავიდანვე იმან მიხედოს საქმეს, ვინც იცის.

– მინისტრთა კაბინეტის თაობაზე კოალიციის შიგნით დაიწყეთ უკვე კონსულტაციები?

– ამის თაობაზე ჯერჯერობით ვიცით ის, რაც განაცხადა ბატონმა ბიძინამ, რომ მინისტრთა კაბინეტთან დაკავშირებით მას აქვს გარკვეული ხედვა. დიდი დრო აღარ დარჩა ორშაბათამდე, მანამდე გაიმართება კონსულტაციები, შევჯერდებით და მალე ყველა ყველაფერს გაიგებს.

ნათია დოლიძე (სპეციალურად საიტისთვის)