დღეს იწყება - ქართული გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე! - კვირის პალიტრა

დღეს იწყება - ქართული გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე!

"ამაზე ზემოთ არაფერია"

- ჩემპიონთა ლიგა... საკლუბო წყალბურთში ამის ზემოთ აღარაფერია, - გვითხრა "ლიგამუსის" მთავარმა მწვრთნელმა რეზო ჩომახიძემ, რომლის გუნდმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გააღწია, რაც იმას ნიშნავს, რომ უმაღლესი დონის წყალბურთი საქართველოშიც დაბრუნდება. სიტყვა "დაბრუნება" იმიტომ გამოვიყენეთ, რომ 20-30 წლის წინათ არაერთი ქართველი იცავდა საბჭოთა ნაკრების ღირსებას და ტოპ-მატჩები თბილისშიც იმართებოდა.

90-იან წლებში აუზების პრობლემა შეიქმნა და წყალბურთის განვითარებაც საგრძნობლად შეფერხდა. სწორედ ამან აიძულა რეზო ჩომახიძე გამოსულიყო რუსეთის ნაკრების სახელით (ითამაშა 2000 და 2004 წლების ოლიმპიადებზე). იგი ყოველთვის ამბობდა: საქართველოს ნაკრები რომ შეიქმნება, სამშობლოში აუცილებლად დავბრუნდებიო. დაბრუნდა კიდეც, ეროვნულ გუნდშიც ითამაშა და კარიერის დასრულების შემდეგ მწვრთნელობას მიჰყო ხელი. კარგადაც დაიწყო, "ლიგამუსმა" თბილისში გამართულ საკვალიფიკაციო ტურნირზე სამივე მატჩი მოიგო, უკან მოიტოვა ბელარუსის "ვიტბიში", ესპანეთის "საბადელი" და პოლონეთის "არკონია".

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში "ლიგამუსი" უნგრეთის "ეგერთან", ჰოლანდიის "შურმანთან", რუსეთის "სპარტაკთან" (ვოლგოგრადი), გერმანიის "ჰანოვერთან" და საბერძნეთის "ვულიაგმენთან" მოხვდა. პირველი მატჩი 26 სექტემბერს უნდა გამართულიყო...

- 26-ში უნგრეთში "ეგერის" წინააღმდეგ უნდა გვეთამაშა, მაგრამ წყალბურთის საერთაშორისო ორგანიზაციას გადადება ვთხოვეთ, რადგან ვიზების მიღებას ვერ ვასწრებდით. საქმე ისაა, რომ უნგრეთის ვიზებს ლატვიის საელჩო გასცემს და საკვალიფიკაციო ტურნირის დასრულებიდან ჯგუფური ეტაპის დაწყებამდე საბუთების მოწესრიგებას ვერ ვასწრებდით. საერთაშორისო ფედერაცია ჩვენს თხოვნას გაგებით მოეკიდა და თამაში გადაიდო, თუმცა როდისთვის ჯერ უცნობია, - გვითხრა რევაზ ჩომახიძემ.

- მოწინააღმდეგეებისა და ჩვენი შესაძლებლობების გათვალისწინებით, ჩემპიონთა ლიგაზე რისი მიღწევა შეუძლია "ლიგამუსს"?

- ყოველ მეტოქესთან საბრძოლველად გავალთ, ჩვენი ამოცანა მინიმუმ 6 ქულის მოპოვებაა.

- ეს შემდეგ ეტაპზე გასასვლელად საკმარისი იქნება?

- არა. თუმცა ჩვენი მიზანი გამოცდილების მიღებაა, ჩემპიონთა ლიგაზე ქართული კლუბი ხომ პირველად გავიდა. შარშან "ლენ ტროფის" გათამაშებაში ვიასპარეზეთ და გუნდის ხელმძღვანელობას სურდა უფრო მაღალი დონის შეჯიბრებაში მოგვესინჯა შესაძლებლობები. სწორედ ჩემპიონთა ლიგაზე, ტოპ-კლასის გუნდებთან თამაშში გამოჩნდება რეალურად რა ძალას წარმოვადგენთ და სამომავლოდ განვითარებისთვის რაზე უნდა ვიმუშავოთ.

- "ლიგამუსის" შემადგენლობაზე რისი თქმა შეიძლება?

- ნიჭიერი მოთამაშეებითაა დაკომპლექტებული. დავიმატეთ 19 წლის 4 წყალბურთელი. მათ სწორედ ასეთ შეჯიბრებებში უნდა მიიღონ გამოცდილება. ამასთან, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩემპიონთა თასზე თამაში საქართველოში წყალბურთის პოპულარიზაციისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი იქნება. ჩვენი მხრიდან ყველა ღონეს ვიხმართ, რომ მაყურებელთა ყურადღება მივიპყროთ, სიმპათია დავიმსახუროთ, რათა რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა დაინტერესდეს წყალბურთით.

- უახლოესი მატჩი როდის იგეგმება?

- 6 ოქტომბერს ჰოლანდიაში "შურმანს" ვეთამაშებით, შემდეგ ვორგოგრადის "სპარტაკს" დავუპირისპირდებით.

- ჰოლანდიელები ჯგუფის ფავორიტებად არ ითვლებიან...

- ჯგუფში "შურმანზე" გაცილებით ძლიერი კლუბებიცაა, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჰოლანდიელები სუსტები არიან. მათ ჩვენთან შედარებით დამატებითი უპირატესობა ექნებათ - მასპინძლის სტატუსით ისარგებლებენ. "შურმანთან", ისევე, როგორც ყველა შეხვედრაში მოსაგებად გავალთ და ვეცდებით თავისუფლად ვითამაშოთ.

შეგახსენებთ, რომ რეზო ჩომახიძეს ჩემპიონთა ლიგაზე არაერთი სეზონი აქვს გატარებული. ორჯერ ბრინჯაოს მედალიც მოიპოვა - ხორვატიის "მლადოსტთან" და რუსეთის "დინამოსთან" ერთად. ვუსურვოთ, რომ ასეთი წარმატებისთვის, ახლა უკვე მწვრთნელის რანგში, ქართულ გუნდთან ერთადაც მიეღწიოს.

ვაჟა სიმონიშვილი (სპეციალურად საიტისთვის)