"ბოლოს "კავკასიური ცარცის წრე" ჩავწერე. ბედნიერი ვარ, რომ კორიფეებთან ვურთიერთობდი. წარმოიდგინეთ, გურამ საღარაძეს ჩემთვის ყავაზე უმკითხავია"
თინათინ ასამბაძე ბავშვობიდან უსმენდა ე.წ. ხაზის რადიოს გადაცემებს (იმ დროს ერთადერთ რადიოს) და თეატრშიც ძალიან ხშირად დადიოდა ოჯახთან ერთად. წლების მერე მის ცხოვრებაში თეატრი და რადიო ერთმანეთს გადაეჯაჭვა - ხმის რეჟისორი გახდა და, ძირითადად, თეატრთან დაკავშირებულ გადაცემებზე უწევდა მუშაობა. უზომოდ უყვარს თავისი საქმე. დიდია მისი წვლილი რადიოსთვის სპექტაკლების ჩაწერასა და მომზადებაში, მათი რიცხვი ორასს აღწევს.
მას ეკუთვნის „კავკასიური ცარცის წრის“ პირველი და ბოლო ჩანაწერიც. სექტემბერში 49-ე წელი დაიწყო, რაც ის საქართველოს რადიოში (საზოგადოებრივი მაუწყებელი) მუშაობს.
თინათინ ასამბაძე:
- პირველი კურსის სტუდენტი მივედი რადიოში და მე-9 სტუდიაში დავიწყე მუშაობა. ეს იყო ლიტერატურულ-დრამატული რედაქციის სტუდია, აქ შედიოდა სატირა-იუმორიც. 1977 წლიდან დაწყებული, ყოველთვის ამ რედაქციებთან ვმუშაობდი. ლექციებს ვესწრებოდი სამსახურის შემდეგ. საღამოს დასწრებულზე ვსწავლობდი კავშირგაბმულობის ინსტიტუტის მოსკოვის ფილიალში. ბოლო კურსზე ვიყავი, როცა გეპეის შეუერთეს ინსტიტუტი და პირველი გამოშვება ვართ, ვისაც ამ სპეციალობაში (რადიო, ტელევიზია, ფოსტა, ტელეგრაფი) პოლიტექნიკური ინსტიტუტის ინჟინრის დიპლომი მოგვცეს.

- ბავშვობიდან რადიოსთან სიახლოვე რამ განაპირობა, რომელიმე რადიოგადაცემა განსაკუთრებულად გიყვარდათ?
- ბორჯომში ყოველ წელს ჩავდიოდით დასასვენებლად. იქ დედაჩემს ჰყავდა ბიძა - შალვა კოპალიანი, რომელიც ბორჯომის რადიოს უფროსი იყო. ამ კაცს ისე ვუყვარდი, 24 საათი გვერდიდან არ მიშორებდა, ჩამკიდებდა ხელს და ყველგან დამატარებდა. რადიოში ყოფნისას შემიყვანდა სტუდიაში და ხან ლექსს მაკითხებდა, ხან - ზღაპარს. ეს პროცესი ისე მსიამოვნებდა, აღფრთოვანებული ვიყავი. ჩემი სიყვარული რადიოსადმი იმ დროიდან იწყება, 6-7 წლის ასაკიდან. რადიო არის ჩემი ბავშვობა, ჩემი ახალგაზრდობა, სიჭარმაგე და ახლა - სიბერეც.
- დიდხანს მუშაობდით შოვინა ქაცარავასთან, გაიხსენეთ გაცნობის დღე და მასთან ურთიერთობაზე მიამბეთ.
- ის ჩემი ცხოვრების ნაწილია. ერთი დედა სახლში მყავდა და სამსახურში იყო მეორე - შოვინა. ძალიან სასაცილო წყვილი ვიყავით - მე ვარ დიდი და მაღალი, ის იყო გამხდარი, მოცუცქნული, საყვარელი ქალი ხუჭუჭა თმებით და ხელში სიგარეტით, არ ჰქონდა მნიშვნელობა ეწეოდა იმ მომენტში თუ არა. ყოველთვის ეცვა მაღალი „ტანკეტკიანი“ ფეხსაცმელი. დრამატული რედაქციის რედაქტორი შოვინა ქაცარავა პირველად ვნახე მაშინ, როცა მე-9 სტუდიაში შემოვიდა და უნდა ჩაეწერა გადაცემა „თეატრი და ცხოვრება“. შემოკუსკუსდა ეს პატარა ქალი, მოგვესალმა და ჩემზე ამბობს: ეს დიდი და ლამაზი გოგო ვისიაო? გავიფიქრე, კარგია, თუ ამას ლამაზი ვეჩვენები-მეთქი. ასე გამაცნეს შოვინა და იმ წუთიდან სულ ერთად ვიყავით.

- პოპულარული გადაცემა იყო „თეატრი მიკროფონთან“. სპექტაკლების ჩაწერაზე თავიდანვე თქვენ მუშაობდით?
- ჩვენი ლაო (ხმის რეჟისორი ლავრენტი ჭელიძე) წერდა ყოველთვის სპექტაკლებს, ძალიან უყვარდა თეატრი. სიყვარულის გარდა, სპექტაკლის ჩაწერას დიდი შრომაც უნდოდა. პირველად ლავრენტიმ წამიყვანა, ამიხსნა და მაჩვენა, როგორ იწერება სპექტაკლი. მივედით რუსთაველის თეატრში, რომელსაც ზედა ბალკონზე ჰქონდა ცალკე ადგილი დათმობილი ჩვენი სტუდიისთვის. ვმუშაობდით ასე: სპექტაკლს ვნახულობდით და ვაკვირდებოდით - მოქმედება მარტო სცენაზე მიდის თუ დარბაზშიც ჩადის მსახიობი, შეიძლება კულისებიდან ისმის რაღაც ხმები... ამის მიხედვით ვსაზღვრავდით, სად უნდა განგველაგებინა მიკროფონები, რომ კარგი ჩანაწერი გამოსულიყო. მეორე მისვლაზე ვაყენებდით მიკროფონებს და ვწერდით სპექტაკლს. ისეთი სუფთა ჩანაწერები გვქონდა, რომ იმ ხმებს ტელევიზიაც იყენებდა.
მესამე ეტაპზე ჩვენთან, სტუდიაში ვუსმენდით ჩაწერილ სპექტაკლს თავიდან ბოლომდე. ამის შემდეგ იწყებოდა მონტაჟი - ზედმეტი ხმაურის, პაუზების შემცირება ან ამოჭრა და ა.შ. გადაცემის ქრონომეტრაჟი იყო სამი საათი, ამიტომ გვიწევდა ზოგიერთი სპექტაკლის შემცირება. მახსოვს, სპექტაკლის ჩანაწერს უსმენდნენ ხოლმე მარინა კახიანი, გოგი გეგჭკორი, ეროსი მანჯგალაძე... მსახიობებს აინტერესებდათ თავიანთი როლი და ისიც, რამდენად რადიოგენური გამოვიდა სპექტაკლი.

- თბილისის გარდა, რეგიონების თეატრების სპექტაკლებსაც იწერდით, არა?
- კი, აქ გასტროლებზეც ჩამოდიოდნენ და ჩაწერილი გვაქვს ოზურგეთის, ზუგდიდის, ჭიათურის და სხვა თეატრების არაერთი სპექტაკლი. ეს ხდებოდა შოვინას სიცოცხლეში, ის გარდაიცვალა 2000 წელს. მერე ეს საქმე გადაიბარა გულიკო კაკაბაძემ, რომელიც მანამდეც მუშაობდა ჩვენს რედაქციაში, სიუჟეტებს აკეთებდა. სამი წლის წინ, გულიკო გარდაიცვალა და აღარც სპექტაკლები იწერება. გულიკოს დროს, გარდა გადაცემისა „თეატრი მიკროფონთან“, გადიოდა „თეატრალური ნოსტალგია“, „თეატრალური ანტრაქტი“, „თეატრალური შეხვედრები“... ამჟამად, დრამატული ხაზით ცალკე გადაცემები აღარ არის.
- რომელი იყო თქვენი ჩაწერილი პირველი და ბოლო სპექტაკლი?
- პირველი არ მახსოვს, ბოლოს კი ჩავწერე „კავკასიური ცარცის წრე“, რომელიც წლების წინაც მქონდა ჩაწერილი. სხვათა შორის, იმ დღეს ბოლოჯერ ითამაშეს სცენაზე ეს სპექტაკლი, ამის შემდეგ თეატრი რემონტზე გავიდა და მერე რამაზ ჩხიკვაძეც გარდაიცვალა. სპექტაკლზე ჩემი პატარა ძმისშვილი ნინო წავიყვანე (დღეს 4 შვილის დედაა), რომელიც ელდარ შენგელაიას და რამაზ ჩხიკვაძის მეუღლეებს შორის იჯდა და თვალებგაფართოებული შესციცინებდა ყველას. სპექტაკლის შემდეგ, რამაზისთან შევიყვანე...

- არაერთ დიდებულ ადამიანთან გიწევდათ მუშაობა, რას გაიხსენებთ?
- ფანტასტიკური ხალხი იყო, ბედნიერი ვარ იმით, რომ კორიფეებთან ვურთიერთობდი. წარმოიდგინეთ, გურამ საღარაძეს ჩემთვის ყავაზე უმკითხავია... მსახიობებს არ უნდოდათ ჩემი შეწუხება შესვენების დროს და მიცდიდნენ ხოლმე. რამდენჯერ შემინიშნავს გოგი გეგეჭკორი დერეფანში რომ იდგა. სხვანაირი პიროვნებები იყვნენ. გამოვიხედავდი სტუდიიდან და მოკრძალებით ვუსაყვედურებდი: ბატონო გოგი მობრძანდით, როგორი დაკავებული ხართ და მე რატომ უნდა მელოდოთ-მეთქი. ჩემთვის პრობლემა არ იყო მემუშავა შესვენების დროსაც.

ჩვენთან თანამშრომლობდნენ არაჩვეულებრივი თეატრმცოდნეები ნათელა ურუშაძე და ნათელა არველაძე, მათ მიჰყავდათ რუბრიკა - პორტრეტები. გოგი გეგეჭკორი და ნათელა ურუშაძე ხშირად ერთად მოდიოდნენ რადიოში, მოსიყვარულე ცოლ-ქმარი სულ ხელკავით დადიოდა. ნათელა როცა წერდა სიუჟეტებს, იშვიათად, რომ გოგი მის გვერდით არ ყოფილიყო.
მსახიობები მოუცლელობის გამო, ზოგჯერ გვიან საღამოს ახერხებდნენ მოსვლას ჩაწერაზე და მეც მიმუშავია ღამის პირველ ან ორ საათამდე. რადიოს დიქტორები სისტემატურად წერდნენ ლიტერატურულ გადაცემას (კითხულობდნენ პროზას, პოეზიას) და ისინიც გვიანობამდე იყვნენ ხოლმე სტუდიაში. მახსოვს, მერი მიქელაძის ქმარი გვაკითხავდა მანქანით და მივყავდით სახლში. ჩემს სადარბაზომდე მიმაცილებდნენ და მერე აგრძელებდნენ გზას.

- საქართველოს რადიო მაისში 100 წლის გახდა, ეს დღე აღნიშნეთ?
- იმ პერიოდში ახალ შენობაში გადავდიოდით და ჩვენი ძველი შენობა ნახევრად დაცარიელებული იყო. რადიოს დღე უბრალოდ აღვნიშნეთ პატარ-პატარა სიუჟეტებით, მეტი არაფერი. ახალ შენობაში 20 სექტემბერს საღამო ჩატარდა, სადაც რადიოს მთელი კოლექტივი დაგვაჯილდოვეს სიგელებით და პატარა ფურშეტი მოაწყეს.

მინდა მივულოცო ჩემი რადიოს ძველ და ახალ თაობას ძვირფასი თარიღი. იმათაც ვულოცავ, ვინც ვერ მოესწრო და ვინც უპირობოდ იყო ღირსი, ჩვენთან ერთად ეზეიმა ეს დღე. მიყვარს 23 მაისი და მიყვარს ყველაფერი, რაც მასთანაა დაკავშირებული. როგორც ძველი „რადიოშნიკი“ გლოცავთ: იხარეთ, იბედნიერეთ და იშრომეთ ჩვენი მსმენელის სასარგებლოდ.
ნანული ზოტიკიშვილი
(სპეციალურად საიტისთვის)