"ასმათი ლამაზი გოგო იყო და ლექტორებიც კი ეარშიყებოდნენო... თენგიზ აბულაძემ მას თეატრის დატოვება მოსთხოვა და ამბობდა, სანანებელი შეცდომა დავუშვი - უარი ვუთხარი კინორეჟისორებს და თეატრიც მივატოვეო. გიგა ლორთქიფანიძე ისე გაბრაზდა, აღარ მესალმებოდაო" - კვირის პალიტრა

"ასმათი ლამაზი გოგო იყო და ლექტორებიც კი ეარშიყებოდნენო... თენგიზ აბულაძემ მას თეატრის დატოვება მოსთხოვა და ამბობდა, სანანებელი შეცდომა დავუშვი - უარი ვუთხარი კინორეჟისორებს და თეატრიც მივატოვეო. გიგა ლორთქიფანიძე ისე გაბრაზდა, აღარ მესალმებოდაო"

ამ ქალბატონთან ჩემი პირველი ინტერვიუ 1990-იან წლებში გავიდა საქართველოს რადიოს პირველი არხის ეთერში, მას მერე კიდევ ორჯერ ჩავწერე მასთან ინტერვიუ, რომლებიც ჟურნალ „გზაში“ დაიბეჭდა. ჩვენ შორის ისეთი თბილი ურთიერთობა ჩამოყალიბდა (ის იყო საოცრად კეთილი, უშურველი და სიყვარულით სავსე ადამიანი), რომ მასთან სახლში არაერთხელ ვყოფილვარ და სხვადასხვა ღონისძიებაზე დასასწრებად ხშირად ერთადაც მივდიოდით. თავის უმცროს მეგობარს მეძახდა, რაც ნამდვილად მეამაყება.

ასმათ ქანდაურიშვილი გახლდათ მსახიობი, ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, გალერისტი.

ამ წერილით მინდა გავიხსენო ეს არაჩვეულებრივი ქალბატონი, რომელიც სამი წლის წინ, 89 წლის ასაკში გარდაიცვალა.

pilmidan1-1764953007.jpg

1950 წლის ზაფხულია, რუსთაველის თეატრი გასტროლებზე ჩადის ყვარელში. ერთ დღეს, თეატრის წარმომადგენლებს სახლში უმასპინძლა რაიკომის თანამშრომელმა - გრიგოლ ქანდაურიშვილმა. მისი 17 წლის ქალიშვილი ასმათი (სკოლა იმ წელს დაამთავრა), როიალს მიუჯდა - დაუკრა და იმღერა. გოგონამ დამსწრეთა ტაში დაიმსახურა და მაშინ უთქვამს დოდო ალექსიძეს: ეს ბავშვი ჩვენთან, თეატრალურში უნდა წავიყვანოო... ასეც მოხდა და ასმათ ქანდაურიშვილი ინსტიტუტში ჩაირიცხა. მარტო დოდო ალექსიძე არ ყოფილია მისით მოხიბლული. როგორც ქალბატონი ასმათის ჯგუფელი, ლეო ანთაძე ამბობს, ლამაზი გოგო იყო და ლექტორებიც ეარშიყებოდნენო.

ბატონი ლეო იხსენებს:

- მე და ასმათი დიდი მეგობრები ვიყავით. მსახიობის ოსტატობასა და მეტყველებაში წარმატებები მქონდა, მაგრამ არ მაინტერესებდა და არც ვსწავლობდი პოლიტეკონომიას, მარქსიზმის თეორიას და მეცნიერულ კომუნიზმს. ასმათი ამ საგნებს როცა აბარებდა, ყოველი გამოცდის მერე ლექტორს სთხოვდა ხოლმე: ბარემ, ლეო ანთაძესაც დაუწერეთ ნიშანიო. მას ყველა ლექტორი კარგ ნიშნებს უწერდა, საერთოდ, კარგად სწავლობდა. ასე რომ, ასმათმა დამამთავრებინა ინსტიტუტი.

ძალიან ხშირად ვეხუმრებოდი, ერთ ეპიზოდს გავიხსენებ. თეატრალური ინსტიტუტის გვერდით იყო კინოთეატრი „სპარტაკი“. ერთხელაც შევუთანხმდი: ლექციები რომ დამთავრდება, ახალი ფილმი გადის კინოთეატრში და წავიდეთ-მეთქი. ვიყიდე მხოლოდ ერთი ბილეთი. მივედით და კონტროლიორმა გადახია ბილეთი, ასმათს კი არ უშვებს. ის ჩემზე ეუბნება - ამასთან ერთად ვარო. მე კიდევ ვპასუხობ: ვინ არის, არ ვიცნობ-მეთქი. გარეთ დავტოვე, შეხუმრებულები ვიყავით.

ჯგუფელები ხშირად ვიკრიბებოდით. ერთ დღეს ყველა დავპატიჟე, ჩემი დაბადების დღეა-მეთქი, მოვიტყუე. ასმათს დავავალე - შენ ეს მოიტანე, შენ - ის... ნუნუ ხეთერელს ვუთხარი და ასე სათითაოდ დავაბარე თითო რამ. მოვიდნენ და გავშალეთ სუფრა. მერე გამოვტყდი, ეს დაბადების დღის რეპეტიციაა, სინამდვილეში 12 ნოემბერს არის-მეთქი.

ჩვენი კურსის სადიპლომო სპექტაკლი, კარლო გოლდონის კომედია „ორი ბატონის მსახური“ დადგა დიმიტრი (დოდო) ალექსიძემ და ინსტიტუტის ერთ-ერთ საუკეთესო სპექტაკლად აღიარეს. მე ვასრულებდი მსახურის - ტრუფალდინოს როლს. ბატონები იყვნენ ასმათი და თაზო ქვარიანი. ამ დადგმაში პიესის მიხედვით ხან ერთი მცემდა და ხან მეორე.

pilmidan2-1764954049.jpg

ფილმ „სხვისი შვილების“ საპრემიერო ჩვენებას, სადაც ასმათმა შესანიშნავად ითამაშა, არ დავსწრებივარ იმიტომ, რომ მაშინ არ ვიყავი კინემატოგრაფისტთა კავშირის წევრი (მერე გავხდი) და მოსაწვევებს მხოლოდ წევრებს აძლევდნენ. ასმათი თელავის თეატრიდან გადმოიყვანეს მარჯანიშვილის თეატრში, მაგრამ როლი არ უთამაშია...

ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ ასმათ ქანდაურიშვილი მშობლიურ ქალაქში ბრუნდება, არსად მუშაობს, თითქოს თავის ბედს ელის... ძალიან მალე, მას შესთავაზეს თელავის თეატრში მაია წყნეთელის როლი (რეჟისორმა სახლში მიაკითხა ამ წინადადებით), რასაც დასთანხმდა და ერთი წლის განმავლობაში ყველა იმ როლზე შეიყვანეს, რომელსაც თეატრის წამყვანი მსახიობი თინა ბურბუთაშვილი ასრულებდა.

სეზონის ბოლოს, კულტურის მინისტრმა გამოიძახა და ჰკითხა, რომელ თეატრში გინდა მუშაობა - მარჯანიშვილის თუ რუსთაველისო? მარჯანიშვილის თეატრი არჩია, ვასო ყუშიტაშვილის გამო...

shvilishviltan-ertad-1764954083.png
შვილიშვილთან ერთად

თუ როგორ გაგრძელდა მისი სამსახიობო გზა, ამაზე თავად მიამბობდა:

- გიგა ლორთქიფანიძე მარჯანიშვილის თეატრში დგამდა ლევან გოთუას ლირიკულ კომედიას „თუთის პატარძალი“, სადაც მთავარი როლი მომცა. რეპეტიციებზე დაძაბული ვიყავი იმიტომ, რომ კორიფეების გვერდით აღმოვჩნდი - გიორგი შავგულიძე, სესილია თაყაიშვილი, კოტე დაუშვილი, ალექსანდრე ომიაძე. მაგრამ ისინი ძალიან თბილად მექცეოდნენ და მამხნევებდნენ. ჯერ კიდევ მაგიდასთან ვმუშაობდით, როცა ერთ დღეს, კინოსტუდიიდან მოვიდნენ ჩემთან და მთხოვეს გავყოლოდი მათ, თენგიზ აბულაძეს ჩემი გაცნობა უნდოდა. ისინი უარით გავისტუმრე. ჩემთვის თეატრი და ის პარტნიორები, რომელთა გვერდით მუშაობის ბედნიერება მერგო, ძალიან ძვირფასი იყო.

კინოსტუდიიდან კიდევ ორჯერ მომაკითხეს და ბოლოს, წამიყვანეს. შუა გაზაფხული იდგა, სტუდიის ეზო და კორპუსიც ხალხით იყო სავსე. გზად ხანში შესულმა მამაკაცმა გამაჩერა... მიხეილ ჭიაურელმა გამომკითხა, ვინ ვიყავი და უცბად შემომთავაზა თავის კინო-ჯგუფში მისვლა („ოთარაანთ ქვრივს“ იღებდა), მეორე დღისთვის დროც დამინიშნა. რაღაც მანძილის შემდეგ ისევ შემაჩერეს, ნიკოლოზ სანიშვილმა ფილმში „ქალის ტვირთი“ სინჯების გარეშე მიმიწვია. მივედით იმ ოთახთან, სადაც აბულაძის ჯგუფი მუშაობდა, კარზე ეწერა „დედინაცვალი“ (შემდეგ დაერქვა „სხვისი შვილები“).

pilmidan-1764954147.jpg

ყველა თბილად შემხვდა, მათ შორის თენგიზიც. გრიმი გამიკეთეს და სინჯი გადამიღეს. მომცეს სცენარი, რომელიც სახლში მისვლისთანავე წავიკითხე. მეორე დღეს ისევ თეატრიდან წამიყვანეს კინოსტუდიაში. ბატონმა თენგიზმა ამიხსნა: სცენარზე მუშაობის დროს მითხრეს, რომ თელავის თეატრში არის ახალგაზრდა მსახიობი, რომელიც კარგი იქნებოდა თეოს როლში. მაგრამ მე არჩევანს გთავაზობ - თეოს როლი გინდა თუ ნატოსიო? კინოსცენარში თეოს როლი იყო გაცილებით საინტერესო, მას ჰქონდა დრამატიზმით სავსე ბიოგრაფია და ამიტომ ის ავირჩიე. თეატრში მუშაობის პარალელურად, გავაგრძელე გადაღებები. ვიგრძენი, რომ ბატონ თენგიზს არ მოეწონა ჩემი აქტიურობა და ერთ დღესაც გამომიცხადა: უნდა დატოვოთ თეატრში რეპეტიციები და უარი უთხრათ ორივე კინორეჟისორს. თქვენ ჯერ ჩემს ფილმში უნდა გამოჩნდეთ და მერე შეგიძლიათ სხვასთან იმუშაოთო.

თენგიზ აბულაძეს ღმერთკაცად ვთვლიდი, მჯეროდა მისი და დავუშვი დღემდე სანანებელი შეცდომა - უარი ვუთხარი კინორეჟისორებს და თეატრიც მივატოვე. ბატონი გიგა ისე გაბრაზდა, აღარ მესალმებოდა. ჩემი მხრიდან ეს იყო უაზრო მსხვერპლი.

გადაღების პროცესში თენგიზი ხშირად ცვლიდა ჩემი გმირის ბიოგრაფიას, მის ხასიათს, ითხოვდა, რომ ყველა გადაღებაზე ვყოფილიყავი, არ ჰქონდა მნიშვნელობა, იყო თუ არა ჩემი ეპიზოდი... რაღაც უცნაურად მექცეოდა. ჩვენ შორის დაძაბულობა იზრდებოდა და როცა მან ჩემი როლი სხვას გაახმოვანებინა, ეს იყო ბოლო წვეთი... ფილმის გასინჯვას და პრემიერას არ დავსწრებივარ. აღმოჩნდა, რომ პროფესიაზე უზომოდ შეყვარებულმა ადამიანმა არტისტული კარიერა დავასრულე. ჩემზე უარყოფითი აზრი დამკვიდრდა, როგორც არასერიოზული მსახიობისა. სხვა გზა უნდა მომეძებნა, ახალი რამ უნდა მომეფიქრებინა.

ქალბატონმა ასმათმა პროფესია შეიცვალა, ჟურნალისტიკაში გადაინაცვლა, ჯერ მუშაობდა ჟურნალში - „საქართველოს ბუნება“, მერე იყო სხვადასხვა გამოცემები. წლების განმავლობაში, ცნობარ „თეატრალური თბილისის“ მთავარი რედაქტორი გახლდათ. შემდეგ ახალი ეტაპი დადგა მის ცხოვრებაში, გადაიყვანეს ეროვნული გალერეის დირექტორის მოადგილედ სამეცნიერო დარგში. ამ სფეროში დიდი გამოცდილება შეიძინა და საქართველოში პირველად მან დააარსა კერძო გალერეა. ქალბატონი ასმათი ხშირად მიკითხავდა თავისი ჩანაწერებიდან ფრაგმენტებს და საკუთარ ლექსებს.

22-1764954020.jpg

მინდა, წერილი დავასრულო მისი ლექსით:

„სადღაც გამქრალა კაცთსათნოება / ეშმა ხარხარებს - ქვეყანას ხლართავს. / როცა იღვიძებს სამშობლოს ზეცა, / ობოლი ბავშვი თვლემს ბაღის კართან, / მწუხრს მოუცვია ქუჩაც, გარემოც / ფოთოლთა წყება ფარფატებს ნელა. / ვიღაცა ტირის მდინარის პირას, / ღმერთო, მომეცი შვება და რწმენა. / ნუთუ, ჭარმაგი საქართველო ძილს მისცემია? / რა ხდება ნეტავ, რამ დაგაძინა გმირთა ქვეყანავ / სამშობლოვ ჩემო, შენი ღირსება / სად დაკარგულა და რატომ სძინავს, / მიწაში ოხრავს ერეკლეს ძვლები, / შენ კი რას უცდი, ვის ელოდები? / და რატომ გჯერა - მესია მოვა. / არ მოვა, არა, არცა მესია / არცა დავითი და არც ილია, / ჩვენ უნდა ჩვენი ვშვათ მყოობადი / მხოლოდ ეგ არის ჩვენი მისია.“

ნანული ზოტიკიშვილი

(სპეციალურად საიტისთვის)