„ქიმიური სკანდალი“ ჩაიფუშა?! - კვირის პალიტრა

„ქიმიური სკანდალი“ ჩაიფუშა?!

BBC-ის მასალა, რომლის მიხედვით, 2024 წელს აქციების დაშლისას საქართველოს ხელისუფლებამ პირველი მსოფლიო ომისდროინდელი საბრძოლო ნივთიერება "კამიტი" გამოიყენა.

ეს ძალზე სერიოზული ბრალდება გახლდათ, რომლის დასამტკიცებლად BBC-ის საგამოძიებო ჟურნალისტებმა სამი ძირითადი არგუმენტი მოიყვანეს:

პირველი - გამოკითხეს მომიტინგეები, რომლებიც აცხადებდნენ, რომ სხვადასხვა სიმპტომს უჩიოდნენ, მათ შორის თვალების წვას, ქოშინს, ხველასა და ღებინებას, რომელიც კვირების განმავლობაში გაგრძელდა;

მეორე - ესაუბრნენ შსს-ს ყოფილ თანამშრომელს ლაშა შერგელაშვილს, რომელიც აცხადებს, რომ ჯერ კიდევ 2009 წელს მას დაავალეს შეემოწმებინა წყალმტყორცნი მანქანების ავზებში კონკრეტული ქიმიური ნივთიერების შერევის შემდეგ წარმოქმნილი ეფექტი, რის შემდეგაც მან და მისმა ორ ათეულამდე კოლეგამ თავი ცუდად იგრძნო და მისი რეკომენდაცია იყო, აღარ გამოეყენებინათ ეს ნივთიერება, თუმცა მას 2022 წლამდე (ვიდრე შერგელაშვილი ჯერ კიდევ მუშაობდა შსს-ს სტრუქტურაში) მაინც ამატებდნენ იმ წყალმტყორცნი მანქანების ავზებში, რომლებიც დემონსტრანტების წყლის ჭავლით დაშლისას გამოიყენებოდა;

მესამე - გამოცემის ცნობით, მათ მოახერხეს საქართველოს შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ქიმიასთან დაკავშირებული ინვენტარის ნუსხის ასლის მოპოვება, რომელიც 2019 წლის დეკემბრით თარიღდება: "აღმოვაჩინეთ, რომ ის შეიცავდა ორ უსახელო ქიმიურ ნივთიერებას. ისინი უბრალოდ სიაში ეწერა, როგორც "ქიმიური სითხე UN1710" და "ქიმიური ფხვნილი UN3439", შერევის ინსტრუქციებთან ერთად. გვინდოდა გადაგვემოწმებინა, იყო თუ არა ეს სია ავთენტური, ამიტომ ის ვაჩვენეთ სპეცრაზმის ყოფილ მაღალჩინოსანს, რომელმაც დაადასტურა, რომ ნამდვილი ჩანდა. მისი თქმით, ორი ქიმიური ნივთიერება, რომელიც დასახელებული არ არის, სავარაუდოდ, ის ქიმიური ნივთიერებები იყო, რომლებიც წყლის ჭავლში ჩაამატეს", - წერდა BBC.

kim-1765123506.png
შსს-დან ამოღებულ კასრში არა "კამიტი", არამედ "ისამნის აირის" ფხვნილი აღმოჩნდა...

გამოცემის ცნობით, შემდეგი ნაბიჯი იყო იმის გარკვევა, თუ რა იყო ეს ქიმიკატები. როგორც BBC წერდა, UN1710-ის იდენტიფიცირება ადვილი იყო, რადგან ეს არის ტრიქლორეთილენის (TCE) კოდი, გამხსნელი, რომელიც სხვა ქიმიკატებს წყალში გახსნის საშუალებას აძლევს.

UN3439-ის იდენტიფიცირება გაცილებით რთული იყო, რადგან ეს არის ქოლგა-კოდი სამრეწველო ქიმიკატების მთელი სპექტრისთვის, რომელთაგან ყველა საშიშია. "აღმოვაჩინეთ, რომ მათგან ერთადერთი, რომელიც ოდესმე გამოიყენებოდა არეულობების კონტროლის აგენტად, არის ბრომბენზილციანიდი, ასევე, ცნობილი როგორც "კამიტი", რომელიც მოკავშირეებმა შექმნეს პირველ მსოფლიო ომში გამოსაყენებლად".

ასეთი მძიმე ბრალდების (რომლის ობიექტური გამოძიებით დამტკიცების შემთხვევაში საქართველოს მოქმედი ხელისუფლების კონკრეტულ მაღალჩინოსნებს შეიძლება საერთაშორისო სანქციები და სისხლისსამართლებრივი დევნაც კი დამუქრებოდათ, აკრძალული საბრძოლო ­მომწამვლელი ნივთიერებების დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოყენების გამო) საპასუხოდ "ქართულმა ოცნებამ" BBC-ის წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოებში სამართლებრივი დავის დაწყება გადაწყვიტა. პარტიის განცხადებით, BBC-იმ საქართველოს ხელისუფლებაზე მძიმე ბრალდებები გაავრცელა, რომელიც დაინტერესებული პირების მონათხრობზეა აგებული და რეალობასთან კავშირი არა აქვს. რამდენად ახლოსაა სიმართლესთან მსოფლიოში ცნობილი ბრიტანული მაუწყებლის ეს უმძიმესი ბრალდება?

მიუხედავად იმისა, რომ ასწლიან BBC-ში 21 ათასი თანამშრომელი მუშაობს და მას უზარმაზარი ფინანსური შესაძლებლობები აქვს ჟურნალისტური გამოძიების ჩასატარებლად, ამ სტატიის ავტორის უკან კი "მხოლოდ" "ომამდე ქიმიკოსობა" და სამხედრო და ექსტრემალურ ჟურნალისტიკაში მუშაობის 33 წელია, გავბედავთ და კრიტი­კულად შევხედავთ ბრიტანელი ჟურნალისტების კონკრეტულ ბრალდებას, თბილისში დემონსტრაციების დასაშლელად სწორედ პირველი მსოფლიო ომის დროინდელი საბრძოლო მომწამვლელი ნივთიერების "კამიტის" გამოყენებასთან დაკავშირებით:

პირველი - "კამიტის" ანუ ბრომბენზილციანიდის "საბრძოლო ნათლობა" მართლაც პირველი მსოფლიო ომის დროს შედგა, როდესაც ანტანტამ (რუსეთის იმპერიის, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის სამხედრო-პოლიტიკური კავშირი), კერძოდ კი ფრანგულმა ჯარმა ის ჩამიტე-ის სახელწოდებით პირველად გამოიყენა გერმანელების პოზიციების მიმართულებით, მაგრამ ტექნიკურად როგორ?

ეს მოხდა "კამიტის" კოჭების დაწვით, იმის იმედით, რომ ქარი ბრომბენზილციანიდის დაწვისას გამოყოფილ მომწამვლელ ბოლს გერმანელების სანგრებისკენ წაიღებდა ანუ გამოიყენეს ფიზიკური მეთოდი, რისი გაკეთებაც თბილისში, პარლამენტის შენობასთან, წარმოუდგენელია.

მეორე - რაც შეეხება BBC-ის მტკიცებას, რომ დემონსტრანტების დასაშლელად წყალმტყორცნი მანქანების ავზებში წყალში გარეული იყო "ქიმიური სითხე UN1710" - ტრიქლორეთილენი და "ქიმიური ფხვნილი UN3439"- ბრომბენზილციანიდი.…

BBC-ის ჟურნალისტები სტატიაში წერენ, რომ ტრიქლორეთილენი არის "გამხსნელი, რომელიც სხვა ქიმიკატებს წყალში გახსნის საშუალებას აძლევს".

ტრიქლორეთილენი მართლაც არის კარგი­ გამხსნელი, ოღონდ მის ქიმიურ თვის­ებ­ებში გარკვევითაა მითითებული, რომ ის კარგად იხსნება ორგანულ გამხსნელ­ებში, მაგრამ პრაქტიკულად არ იხსნება... წყალში!­ "კამიტად" მოხსენიებული ბრომბენზილ­ცია­ნიდი კარგად იხსნება ბენზოლში, ეთანოლში, მაგრამ ასევე, მცირედ იხსნება წყალში.

მესამე - საქართველოს შსს, გინდ "ნაცმოძრაობის" და გინდაც "ქართული ოცნების" ხელისუფლების პერიოდში, დემონსტრაციების დასაშლელად განკუთვნილ არალეტალურ სპეციალურ საშუალებებს მხოლოდ საზღვარგარეთ ყიდულობდა და ყიდულობს და როგორ ფიქრობთ, რომელი უცხოური ფირმა გაბედავდა, დაემზადებინა და საქართველოსთვის მოეყიდა "კამიტის" საბრძოლო მომწამვლელი ნივთიერება, თუკი ის საუკუნეა ცნობილია, როგორც პირველ მსოფლიო ომში გამოყენებული და საერთაშორისო კონვენციებით აკრძალული ქიმიური იარაღი?

მეოთხე - ქართველი ტოქსიკოლოგების ჯგუფი აცხადებს: "კამიტი" არის რთული ნაერთი, რომელიც რამდენიმე ტოქსინს შეიცავს და მისი ერთ-ერთი პრობლემაა, რომ ხანგრძლივად რჩება ორგანიზმში­ და უფრო მეტ პრობლემას იწვევს - კანის უფრო ღრმა დაზიანებას, რაც მძიმე დამწვრობის სახით ვლინდება, და მხედველობის შეუქცევად დაზიანებას. გარდა ამისა, სუნთქვის უკმარისობის ის ტიპი იქნებოდა, რომელიც ადამიანების ზოგადი ჯანმრთელობის მდგომარეობას იმ დონეზე გააუარესებდა, აუცილებელი გახდებოდა სტაციონარიზაცია. სერიოზული მკურნალობის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა ადამიანების გამოჯანმრთელება. გულის კუნთის სერიოზული გართულება აუცილებლად გამოვლინდებოდა, როგორი მცირე რაოდენობაც არ უნდა ყოფილიყო გამოყენებული, განსაკუთრებით, რამდენჯერმე;

მეხუთე - ყველა ქიმიურ ნივთიერებას აქვს გამოყენების ინსტრუქცია და ვადები, ისევე როგორც აუცილებელი შენახვის წესების დაცვაც - ჯერ კიდევ "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების დროს, 17 წლის წინ შეძენილ "ქიმიურ ფხვნილებს" ვადის გასვლისა და შენახვის წესების დარღვევის შემთხვევაში შეიძლება შესცვლოდათ თვისებები.

დღევანდელი ხელისუფლება არ უარყოფს, რომ "ქიმიური სითხე UN1710" და "ქიმიური ფხვნილი UN3439" დასახელების ნივთიერებები მართლაც შეიძინეს სააკაშვილის ხელისუფლების დროს და გამოიყენებოდა დემონსტრაციების დასაშლელად მერაბიშვილის შსს-სა და ახალი ხელისუფლების პერიოდშიც, თუმცა კატეგორიულად გამორიცხავს, რომ ამ ნივთიერებებს რაიმე კავშირი შეიძლება ჰქონდეთ "კამიტთან", როგორც პირველი მსოფლიო ომის დროინდელ საბრძოლო მომწამვლელ ნივთიერებასთან... სტატიის ავტორის მოსაზრებით, რომელსაც ამ ვერსიის უტყუარობაზე პრეტენზია არა აქვს, მოხდა შემდეგი: ცრემლსადენი და გამაღიზიანებელი აირების შერევის ტაქტიკა წყალმტყორცნი მანქანების წყლის ჭავლში მასობრივად გამოიყენება მთელ მსოფლიოში, რაზეც მიუთითებს თუნდაც ის კონკრეტული ტექნიკური ნიუანსი, რომ გინდ გერმანული და გინდ ავსტრიული წარმოების (ცნობილი ღოსენბაუერ-ის ფირმის) წყალმტყორცნ მანქანებში (ისევე როგორც, საქართველოს შსს-ს მიერ ნაყიდ თურქულ "ტომაში") წინასწარ არის გათვალისწინებული დამატებითი ავზების დამონტაჟება ქიმიური ნივთიერებების, საღებავებისა და ქაფის შესარევად, მაგრამ... მთავარია, რა კონცენტრაციით შეურევენ ცრელმსადენ და გამღიზიანებელ აირს დემონსტრანტებისკენ გატყორცნილ წყლის ჭავლში და რამდენად ხშირი იქნება ასეთი ზემოქმედება - როდესაც ერთი ღამის განმავლობაში დემონსტრანტებს ათჯერ მაინც "აბანავებდნენ" წყალში შერეული არალეტარული აირების ნაზავით, რასაც ემატებოდა წიწაკის სპრეის შესხმა ახლო მანძილიდან და ცრელმლსადენი ყუმბარების აფეთქებაც, სავსებით შესაძლებელია ადამიანზე ამ ყველაფერს უფრო მეტი ზემოქმედება მოეხდინა, ვიდრე ცრემლსადენი ჩშ ან გამღიზიანებელი ჩN არალეტალური აირების ერთჯერად ზემოქმედებას, რის გამოც BBC-მ ამ აირებზე უფრო ძლიერი "კამიტის" საბრძოლო მომწამვლელი ნივთიერების შესაძლო გამოყენებაზე მიიტანა ეჭვი…და სერიოზულადაც შეცდა...

ეს სტატია უკვე დასაბეჭდად იყო მზად, როდესაც საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ოფიციალური ინფორმაცია გაავრცელა შსს-დან ამოღებული ქიმიური ნივთიერებების ექსპერტიზის შედეგების თაობაზე.

რამდენიმედღიანი მოლოდინის შემდეგ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის პირველი და მეორე სამმართველოების ბაზებიდან გამოძიებამ ამოიღო კვლევის 25 ნიმუში, რომლებზეც ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ჩატარდა ქიმიური ექსპერტიზა, რის შედეგადაც დადგინდა, რომ ქიმიური ნივთიერება, რომელსაც მინიჭებული აქვს საერთაშორისო ტრანსპორტირების კოდი UN3439, სინამდვილეში აღმოჩნდა არა ბრომბენზილციანიდი, რომელიც პირველი მსოფლიო ომის დროს გამოიყენებოდა "კამიტის" საბრძოლო მომწამვლელი ნივთიერების სახელით, არამედ ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი.

"ნიმუშის სახით ამოღებულია 17.5-კილოგრამიანი კასრი, რომელშიც ხსენებული­ ფხვნილი ინახებოდა. მასზე დაკრულია ნივთიერების მომწოდებელი ორგანიზაციის საინფორმაციო სტიკერი, სადაც სხვა უამრავ მონაცემთან ერთად აღნიშნულია როგორც ხსენებული ნივთიერების დასახელება "ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი", ასევე მინიჭებული საერთაშორისო ტრანსპორტირების კოდი UN3439, - აცხადებენ სუს-ში. ლურჯ კასრს, რომელშიც ეს ნივთიერება იყო განთავსებული, აწერია Oცჰლორობენზყლიდენე მალონონიტრილე, რაც ნიშნავს, რომ მასში მოთავსებულია ჩშ ანუ "სირენის აირი", ოღონდ ფხვნილის სახით, რომლის გასახსნელადაც გამოიყენებოდა პროპილენგლიკოლის ხსნარი, რომელიც სხვა არაფერია, თუ არა... ჩვეულებრივი ანტიფრიზი...

რა გამოდის? ბრიტანულმა BBC-იმ საქართველოდან ინფორმატორებზე დაყრდნობით გაარკვია, რომ შსს-ს საწყობებში ინახებოდა "ქიმიური ფხვნილი UN3439" და ჩათვალა, რომ ეს მაინცდამაინც ბრომბენზილციანიდი ანუ "კამიტი" უნდა ყოფილიყო და ამაზე ააგო თავისი მძიმე ბრალდების მთავარი ხაზი. არადა, კოდი UN3439 ენიჭება იმ ქიმიურ ნივთიერებებს, რომელთა საერთაშორისო ტრანსპორტირება ხდება და ეს ტვირთი საშიშად ითვლება გადაზიდვის პროცესში.

სუს-ის განცხადებით, ჩატარებული ქიმიური ექსპერტიზის მიხედვით, გამოძიების მიერ შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტიდან ამოღებული ნივთიერებებია: 1. ქიმიური ნივთიერება "ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი"; 2. ქიმიური ნივთიერება "ტრიქლორეთილენი" (ამ შემთხვევაში საუბარია ჩამოწერილ ნაშთზე 880 ლიტრის ოდენობით); 3. ქიმიური ნივთიერება პროპილენგლიკოლი.

2 დეკემბრის სტატიაში "რას წარმოადგენს Bromobenzyl Cyanide, რომელიც BBC-ის მტკიცებით თბილისში გამოიყენეს?!", ვწერდით, რომ "1930-იან წლებამდე ბრომბენზილციანიდს პერიოდულად იყენებდა აშშ-ის პოლიცია დემონსტრაციების დასაშლელად, თუმცა შემდგომში ის ჩაანაცვლეს უფრო მსუბუქი შედეგების მქონე ქლორბენზალმალონოდინიტრილით, რომელიც უფრო CS-ის სახელითაა ცნობილი და "იასამნის აირსაც" უწოდებენ. ის გამოიყენება აეროზოლის სახით, როგორც არალეტალური იარაღი დემონსტრანტების დასაშლელად მსოფლიოს თითქმის ყველა საპოლიციო სტრუქტურის მიერ".