ამირან გამყრელიძე: „ჯერ პანიკა უნდა ჩაცხრეს, ხალხი დამშვიდდეს და...“ - კვირის პალიტრა

ამირან გამყრელიძე: „ჯერ პანიკა უნდა ჩაცხრეს, ხალხი დამშვიდდეს და...“

"ჩვენ, ალბათ, ღმერთმა დაგვიფარა, რადგან ლეტალური შედეგი არ დადგა" - ამბობს­ ქვეყნის ყოფილი პირველი ეპიდემიოლოგი და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე. როგორ უნდა იქცეოდეს პასუხისმგებლიანი სახელმწიფო, ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე "კვირის­ პალიტრა" ამირან­ გამყრელიძეს­ ესაუბრა:

- ჩვენ მიერთებული ვართ საერთაშო­რი­სო კონვენციას­ და აქციების დაშლისას მართლაც არა მგონია აკრძალული ქიმი­ური და ბიოლოგიური ნივთიერებები გამოეყენებინათ, მაგრამ, ვფიქრობ, გამოიყენეს საკმაოდ ტოქსიკური­ ნივთიერება, რომელმაც ჯანმრთელობის­ სერი­ოზული დაზიანება გამოიწვია. ამასთან,­ ვიწრო ადგილას, სადაც ადამიანების დიდი თავშეყრაა­, ამის გამოყენება­ ასეთი ინტენსივო­ბითა და ხანგრძლი­ვობით არ არის გამართლებული, შესაძლოა დაზიანებულიყო როგორც მომიტინგე, ასევე­ იქ მცხოვრები ხალხი. ჩვენ, ალბათ, ღმერთმა დაგვიფარა, რომ ლეტალური შედეგი არ დადგა. ადრეც ვთქვი და ახლაც გავიმეორებ: მიტინგი მშვიდობიანი იყო, ამიტომ არ იყო საჭირო ასეთი არაპროპორციული ძალის გამოყენება. ასევე, არ ვიცი, რამდენად დაცული იყო პროტოკოლი, რომლის მიხედვითაც გამოიყენება სპეციალური საპოლიციო საშუალებები. გასათვალისწინებელია ისიც, რომ დაშლამდე ხალხი უნდა გაეფრთხილებინათ, განსაკუთრებით ეს ეხება მძიმე ქრონიკული დაავადებების მქონე პირებს, რომ სწრაფად დაეტოვებინათ ტერიტორია... ამ დროს სასურველი იყო დაერიგებინათ პირბადეებიც, განსაკუთრებით N95 ტიპის.

- ახალი საკანონმდებლო ცვლილებით, პირბადეები აქციებზე საერთოდ აიკრძალა...

- მიკვირს, როგორ არა აქვთ ამაზე პროფესიონალებსა და საზოგადოებას სერიოზული რეაქცია.­ ზამთარში, როცა რესპირაციული დაავადების სეზონი დგება, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში პირბადის ტარება აუცილებელია!

- გამოყენებული ნაერთის უარყოფითი ზეგავლენა შესაძლებელია თუ არა შემდგომში მძიმე­ დაავადებების მიზეზი გახდეს?

- გააჩნია, რამდენჯერ, რა სიხშირითა­ და ჯერადობით იყო გამოყენებული, რა ექსპოზიციით ანუ რა სიშორით მოხდა­ ამ ტოქსიკური ნაერთის შესუნთქვა. საგულისხმოა ადამიანის ზოგადი ჯანმრთელობის მდგომარეობაც. მნიშვნელოვანია ისიც, სისტემატურად ხდებოდა თუ არა იმ ტერიტორიისა და ქუჩების დამუშავება­ და წყლით მორე­ცხვა (დეკონტიმინაცია), რადგან ეს ნივთიერებები­ ილექება­ ზედაპირებსა და მცენარეებზე, დიდხანს რჩება იქ და ქმნის ტოქსიკურ გარემოს. ასეთი გარემო დამაზიანებელია ადამიანებისთვის, მათ შორის სამართალდამცავებისთვისაც...

9 აპრილის ტრაგედიის დროს რესპუბლიკურ საავადმყოფოში ვმუშაობდი­ და ჩართული ვიყავი მოწამლულთა მკურნა­ლობაში. მაშინ ყველაზე მეტი პაციენტი ჩვენ მივიღეთ. ორი სართული­ დავცალეთ და თითო სართულზე 120 საწოლი გვქონდა, შემდეგ დამატებაც დაგვჭირდა. შვეიცარიელი, გერმანელი და სხვა უცხოელი სპეციალისტებიც გვეხმარებოდნენ. მთავარი პანიკის ჩაცხრობა იყო. ჯანდაცვის სამინისტრო ყოველდღე იძლეოდა რეკომენდაციებს...­

ჯანდაცვის სამინისტროში მუშაობის პერიოდშიც (1994-2004), მათ შორის მინისტრად (2001-2004)­, ხანგრძლივი­ ურთიერთობა მქონდა 9 აპრილს დაზიანებულ პაციენტებთან. მაშინ არსებობდა სახელმწიფო სარეაბილიტაციო პროგრამა ამ პირებისთვის და მთელ რიგ სამკურნალო-სარეაბილიტაციო აღდგენით პროცესებს სახელმწიფო აფინანსებდა.

პირველ რიგში, აუცილებელია, პანიკა ჩაცხრეს და ხალხი დამშვი­დდეს. შემდეგ კლინიცისტებმა­ და ტოქსიკოლოგებმა, ასევე ავტორიტეტულმა ექიმებმა, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტებმა­ უნდა გასცენ საჭირო რეკომენდაციები...

- რატომ დუმს დაავადებათა კონტროლის­ ცენტრი? ჰქონდათ თუ არა დაზარალებულთა­თვის კვლევის ჩატარების ვალდებულება?

- ჩემთვის რთულია იმ ინსტიტუტებზე საუბარი (ჯანდაცვის სამინისტრო, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრი), სადაც ჩემი ცხოვრების დიდი და შეგნებული ნაწილი გავატარე. გეტყვით მხოლოდ ერთს - უნდა გავმიჯნოთ სამი სხვადასხვა ტიპის საფრთხე: ქიმიური, ბიოლოგიური და ბირთვული. დღეს წინა პლანზე უნდა იყოს სამი უწყება - შსს, ჯანდაცვა და ნაწილობრივ გარემოს დაცვის სამინისტრო. ისინი­ არიან პასუხისმგებელი, კოორდინირებულად­ გაატარონ ღონისძიებები და ადგილობრივ ან საერთაშორისო ლაბორატორიებში დაადგინონ, რა ნივთიერება იყო ეს! თუ 9 აპრილის მოვლენების დროს ოპერატიულად მოხერხდა მომწამვლელი საშუალების ლაბორატორიული შესწავლა, დღეს გაცილებით მეტი და მაღალტექნოლოგიური ლაბორატორიები არსებობს, მათ შორის საქართველოშიც ბევრი კარგი ქიმიური ლაბორატორიაა, სადაც შესაძლებელია სწრაფად დადგენა, ოღონდ არა ლუგარის ცენტრში, რადგან ლუგარი ბიოლოგიური ლაბორატორიაა და იქ ეს ანალიზი ვერ ჩატარდება.

- როგორ ფიქრობთ, რა ბედი ეწევა უდიდესი მნიშვნელო­ბის­ ლუგარის ცენტრს?..

- ლუგარის ლაბორატორია, რომელიც ჩვენი ამერიკელი პარტნიორების დახმარებით შეიქმნა, ქვეყნის ეროვნული საგანძურია.­ ის და მთელი ლაბორატორიული­ ზედამხედველობის სისტემა, სადაც 22 ლაბორატორიაა, ქვეყნის ბიოლოგიური უსაფრთხოების შემადგენელი ნაწილია. აქედან 10 ეკუთვნის დაავადებათა კონტროლის ცენტრს, ხოლო 12 გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის­ სამინისტროს. ისინი გაერთიანებული არიან ერთიან ელექტრონულ სისტემაში და მუშაობენ ე.წ. ერთიანი ჯანმრთელობის პრინციპით. ამერიკის მთავრობას­ საქართველოს ჯანდაცვაში, დამოუკიდებლობის პერიოდში, საერთო პარტნიორული დახმარების (მილიარდ დოლარზე მეტი) 70%-ზე მეტი აქვს გაღებული. როდესაც ეს ლაბორატორია ჩვენი ამერიკელი პარტნიორების დახმარებით შევქმენით, დიდი ენთუზიაზმით ვმუშაობდით და გათავისებული გვქონდა, რომ ახალ ქვეყანას ვაშენებდით. ლუგარის ცენტრში პროფესიონალთა გუნდი­ მუშაობს და პერსპექტიული ახალგაზრდები იზრდებიან. პროექტი 2002 წელს დაიწყო და ეს იმ დროისთვის გახლდათ უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი. ბიოუსაფრთხოების მე-3 დონის ლაბორატორია იმ პერიოდში ამიერკავკასიისა და შუა აზიის რეგიონებში ერთადერთი იყო. ლუგარი ყველაზე საშიში მიკრობების კვლევაზე მუშაობს, რათა სწრაფად მოხდეს ამ პათოგენების დადგენა და ლოკალიზაცია, რომ არ მოხდეს ეპიდაფეთქებები. ბოლო 70 წლის განმავლობაში საქართველოში აღმოჩენილი ყველაზე საშიში მიკრობების შტამები სწორედ აქ არის შენახული და დაცული.

ლუგარმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა­ ჩ ჰეპატიტის ელიმინაციის პროექტსა და კოვიდპანდემიის პერიოდში. ჩატარებულია­ მსოფლიო და ეროვნული დონის­ კვლევები და აღმოჩენები... აშშ-ის მიერ სახელმწიფო პროექტების დაფინანსების შეჩერების შემდეგ, სამწუხაროდ, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში სერიოზულად შეიკვეცა ამერიკული დახმარებები, და არა მარტო ამერიკული, არამედ ევროკავშირის დაფინანსებით მიმდინარე პროექტებიც. თუმცა, იმედია, ეს პროექტები მხოლოდ დაპაუზებულია და აღდგება.

ასევე, უდიდესი მნიშვნელობისაა ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა, რომელმაც საქართველო წარმოაჩინა მსოფლიო რუკაზე. NჩDჩ გახდა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის სათანამშრომლო ცენტრი და ამ ყველაფერში ლუგარის წვლილი სერიოზულია. ჰეპატიტის ელიმინაციის პროექტით ჩვენი ქვეყანა ჯანდაცვის დარგში გახდა გლობალური მოთამაშე, სადაც საქართველოს აზრსა და გამოცდილებას სერიოზულ ანგარიშს უწევენ დიდი სახელმწიფოები და ესეც სწორედ აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის დახმარებით გახდა შესაძლებელი. საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გარეშე შეუძლებელია ქართული ჯანდაცვის განვითარება. ეს ასევე აუცილებელია გლობალურ ქსელებში ჩვენი ახალგაზრდა მეცნიერების ჩართვისთვის, რადგან ეს ხალხი ქვეყნის მომავალია. იმედია, საერთაშორისო კვლევები და პროექტები აღდგება.

- თქვენი ხელმძღვანელობის პერიოდში­ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მძლავრ უწყებად ჩამოყალიბდა. თქვენ ასევე ხართ საერთაშორისო დონის სპეციალისტი. ხელისუფლება თუ გისმენდათ და ითვალისწინებდა თქვენს რეკომენდაციებს?

- რა თქმა უნდა. ჩვენ ერთად ვმართეთ კოვიდპანდემია ისე, რაც შესაბამისობაშია ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ და ინტელექტუალურ განვითარებასთან. დასაწყისში, 2020 წლის პირველ 9 თვეში, ჩვენ შევაკავეთ ინფექცია და ვიყავით საუკეთესო ქვეყნების ათეულში 1500-მდე შემთხვევითა­ და 19 გარდაცვალებით, თუმცა შემდეგ, მრავალი მიზეზის გამო, რომლებსაც ახლა აღარ ჩავუღრმავდები, "აგვიფეთქდა". სამწუხაროდ, თანდათან შემცირდა პროფესიონალთა აზრის გაზიარება და როცა ვთქვი, პოლიტიკამ დაჯაბნა ჯანდაცვა-მეთქი, ეწყინათ. ამაზე, ალბათ, სხვა დროს...

ამასთან, ანტივაქსერული მოძრაობა იმდენად ძლიერია, თუ მეცნიერებაზე დამყარებული სისტემატური საუბრებით არ დავუპირისპირდით, დავბრუნდებით იმ ერაში, როცა მსოფლიოში არაერთი ინფექცია მძვინვარებდა. ვაქცინაცია კაცობრიობის უდიდესი მონაპოვარია და მეცნიერების ყველაზე დიდ გარღვევათა­ სამეულში შედის. უკვე კიბოს და შიდსის საწინააღმდეგო ვაქცინების შესახებაც არის საუბრები...

სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, მაღალი იყოს კალენდარული იმუნიზაციით ბავშვთა მოცვის მაჩვენებელი. უმნიშვნელოვანესია ვაქცინაციის უწყვეტი ჯაჭვი. "კოვიდის" დროს ვიბრძოდი, რომ ექიმებისა და მასწავლებლებისთვის სავალდებულო ყოფილიყო აცრა, რათა მაგალითი მიგვეცა მოსახლეობისთვის, თუმცა საკოორდინაციო საბჭო არ დამეთანხმა...

- ყველაზე მეტად რაზე გწყდებათ გული?

- გული მწყდება, რომ "კოვიდის" დროს შეგვეძლო ნაკლები სიკვდილიანობით გამოვსულიყავით პანდემიიდან. საზოგადოებას მეტი სოლიდარობა რომ გვქონოდა, ისეთი, როგორიც 2020 წელს, ანუ აცრის მაჩვენებელი 2021-შიც ყოფილიყო 80% და არა 45%, სულ მცირე, 4-5 ათას სიცოცხლეს დავზოგავდით. \გული მწყდება იმაზეც, რომ ვერ დავამთავრეთ ჰეპატიტის პროგრამა. ასევე, ვერ მივეცი შემდგომი იმპულსი ქვეყანაში გენომიკური კვლევების გაგრძელებას ანუ ადამიანის გენომზე დაფუძნებულ დიდ პროექტს, რაც ყველა წარმატებულ ქვეყანას­ აქვს და რომელსაც ეროვნული გენომის პროექტი ჰქვია. თუმცა ამისთვის სერიოზული საფუძვლები ლუგარის ცენტრში უკვე შევქმენით.

- თუ ხართ ჩართული დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დღევანელ­ მუშაობაში თუნდაც კონსულტანტის სახით?

- ოფიციალურად არ ვთანამშრომლობ, თუმცა ყველა იქ მომუშავე ადამიანი ჩემთვის ძვირფასია. ვფიქრობ, მათთვის კარგის მეტი არაფერი გამიკეთებია. მათგანაც ვგრძნობ დიდ პატივისცემასა და სიყვარულს. არაოფიციალური კონსულტაციე­ბისთვის მიკავშირდებიან, თუმცა ოფიციალურ თავყრილობებზე არც კი მეძახიან, რადგან აკრძალული აქვთ! არ ასახელებენ,­ ვინ აუკრძალა მათ ეს, თუმცა მე მაინც ვიცი, რადგან ბევრ ინფორმაციას ვფლობ, თუმცა­ ამაზე საუბარი არ მინდა...

- პირადი ურთიერთობა თუ გქონიათ ბიძინა ივანიშვილთან ან "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნებთან?

- ბიძინა ივანიშვილთან პირადი კონტაქტი დიდი ხანია არ მქონია, არც "ოცნების" სხვა ხელმძღვანელებთან. ერთხელ იყო ბატონი ბიძინა დაავადებათა კონტროლის ცენტრში, კერძოდ, ლუგარში, პრემიერ-მინისტრის რანგში, როცა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელად დავინიშნე და ლუგარის ცენტრის გადმობარება დაიწყო. ბიძინა ივანიშვილთან ინტენსიური კონტაქტი მაშინ მქონდა, როცა "ოცნების" საინიციატივო ჯგუფმა და პირადად მან 2012 წლის ოქტომბერში ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობაზე წარმადგინეს, მაგრამ უარი ვთქვი პირადი მიზეზის გამო, რასაც არ ჩავუღრმავდები... რაც შეეხება "ქართულ ოცნებასთან" ჩემს ურთიერთობას, რა თქმა უნდა, კონტაქტი ბევრთან მქონია. პანდემიის პერიოდში საკოორდინაციო საბჭოში, ბუნებრივია, ორ პრემიერთან - გიორგი გახარიასა და ირაკლი ღარიბაშვილთან მქონდა ახლო თანამშრომლობა. საკოორდინაციო საბჭოს სხდომა იწყებოდა დაავადებათა კონტროლის ცენტრის მოხსენებით, ყველაზე სანდო ინფორმაციით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ისე, 2013 წლიდან მოყოლებული, რაც მე დაავადებათა კონტროლში ვმუშაობდი, ყველა პრემიერთან მქონდა ურთიერთობა და არცთუ ისე ცუდი.

- ამჟამად სად მოღვაწეობთ?

- დავუბრუნდი პედაგოგიურ და სამეცნიერო მოღვაწეობას. ვარ საქართველოს უნივერსიტეტში გლობალური ჯანმრთელობისა და კვლევების ინსტიტუტის ხელმძღვანელი. ასევე ვკითხულობ ლექციებს სხვა უნივერსიტეტებშიც. ვმუშაობდი კონსულტანტად არაერთ საერთაშორისო ორგანიზაციასა და პროექტში. ამით ვიწყებ ჩემს ყველა ლექციას: მინდა მოვესწრო და ვნახო­ საქართველო ევროკავშირისა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი, რათა ამ პატარა ქვეყანას ფარავდეს ძლიერი ფარი და ვიყოთ დასავლური ცივილიზაციის ნაწილი!

შორენა ბიწაძე