„ნივთიერებას ტოქსიკურობას ანიჭებს დოზა!“
"კამიტის სკანდალმა" საზოგადოებაში დიდი მღელვარება გამოიწვია, თუმცა დემონსტრანტთა წინააღმდეგ აკრძალული ქიმიური იარაღის გამოყენება უსაფრთოების სამსახურში მიმდინარე გამოძიებამ კატეგორიულად გამორიცხა. დასახელდა იმ ნივთიერებათა სახელებიც, რომლებიც, უწყების მტკიცებით, აქციების დაშლისას საპოლიციო ძალებმა გამოიყენეს. ესენია: ,,ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი", რომლის გამხსნელადაც გამოიყენეს ,,პროპილენ გლიკოლის" ხსნარი. სუს-ის ინფორმაციით, აკრძალულ კატეგორიას მათგან არცერთი არ განეკუთვნება. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ასევე განმარტეს, რომ ,,კამიტი" შსს-ს არასდროს შეუძენია.
ჩვენ სპეციალისტებს ვკითხეთ, რას შეიძლებოდა აღეძრა ეჭვი ბი-ბი-სის საგამოძიებო მასალაში დასახელებული აკრძალული ქიმიური საშუალების, "კამიტის" გამოყენებასთან დაკავშირებით და როგორ მოქმედებს სხვა, თუნდაც ლეგალური საშუალებები ადამიანის ჯანმრთელობაზე. "კვირის პალიტრა" ექიმ-ტოქსიკოლოგ ეკა ქურდაძეს ესაუბრა:
- მსგავსი ჩივილები, რაც აღწერილი იყო ბი-ბი-სის საგამოძიებო მასალაში, ჩვეულებრივ გამღიზიანებლებს ანუ ლაკრიმატორებსაც ახასიათებს. ამ შემთხვევაში ძალიან ბევრ დეტალს აქვს მნიშვნელობა, არა მარტო იმას, თუ რა სიხშირითა და დოზირებით, რა მანძილიდან გააფრქვიეს ნივთიერება, იმ მომენტში ქარიანი ამინდი იყო თუ არა, არამედ თავად ადამიანის ინდივიდუალურ მდგომარეობას: ასაკს, ჯანმრთელობას - აწუხებს თუ არა ქრონიკული დაავადებები, გენეტიკურ მიდრეკილებას, მავნე ჩვევებს, სქესს და იმასაც კი, იმ დღეს რა საკვები აქვს მიღებული. მნიშვნელოვანია ისიც, რომ გამღიზიანებლები არ გამოუყენებიათ მხოლოდ ერთი დღის განმავლობაში. ის ჩივილები და სიმპტომები, რომლებიც კვლევაშია აღწერილი, თავისუფლად შეიძლება მიეწეროს ჩშ-ის ტიპის ქიმიური გამღიზიანებლის ხანგრძლივ გამოყენებას და არა "კამიტს". წესით, ლაკრიმატორების ჯგუფში შემავალი ნივთიერებისგან გამოწვეული ჩივილები მალე უნდა ალაგდეს, მაგრამ ესეც ინდივიდუალურია და დამოკიდებულია, როგორც მოგახსენეთ, ზემოქმედების პერიოდის ხანგრძლივობაზე, ნივთიერების რაოდენობაზე და ა.შ. წყალთან შერევა "კამიტს" უფრო მეტად ტოქსიკურს გახდიდა და სხეულთან შეხებისას უფრო ღრმა, წყლულოვანი გაღიზიანება განვითარდებოდა. უფრო მძიმედ გამოვლინდებოდა ზედა სასუნთქი გზების პრობლემებიც. "კამიტის" ზემოქმედებამ შესაძლოა ადამიანის სუნთქვის ჯაჭვი ისე დათრგუნოს, რომ გულის უეცარი გაჩერების მიზეზიც გახდეს. "კამიტი" გაცილებით ტოქსიკური, რთული და კომბინირებული ნაერთია, რომელსაც აქვს ციანიდის წარმოქმნის უნარი, ხოლო ციანიდი სპეციალისტის დახმარების გარეშე ორგანიზმიდან არ გადის. მისგან გამოწვეული პრობლემა პრაქტიკულად არ ალაგდება. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მსგავსი მძიმე ჩივილებით არც ერთ პირს სტაციონარისთვის არ მიუმართავს და სპეციფიკური დახმარება არ უთხოვია.
"კამიტით" მოწამლული რომ ყოფილიყვნენ, შეუძლებელია არ მიემართათ კლინიკისთვის, სხვანაირად ვერ გადარჩებოდნენ. ამ შემთხვევაში ადამიანს თვითმკურნალობით, ექიმ-ტოქსიკოლოგის დახმარების გარეშე, გამოჯანმრთელება და გადარჩენა არ შეუძლია. დიდი რაოდენობით "კამიტის" შესუნთქვის შემთხვევაში სპეციფიკური ანტიდოტის გარეშე ეს პრობლემა ვერ გაივლიდა, ლეტალობით დასრულდებოდა.
კვლევაში აღწერილი ჩივილები: დიარეა, კანის ზედაპირული გაღიზიანება და სხვები - არც ერთი არ შეესაბამება რაიმე მძიმე ნაერთის ზემოქმედებას. რაც უფრო ხანგრძლივად ეცვა ქიმიური საშუალებით დასველებული ტანსაცმელი ადამიანს, მით უფრო ხანგრძლივი იქნებოდა ამ ნივთიერების ზემოქმედება მასზე.
- დღესაც თუ შეიძლება ტოქსიკური იყოს ის ნივთები, რომლებიც ადამიანებს აქციაზე თან ჰქონდათ, მაგალითად, დროშა?
- ასეთი ნივთები აუცილებლად უნდა გავრეცხოთ. ის ტანსაცმელი, რომელიც ამ დროს გვეცვა, არ უნდა შეერიოს სხვა ტანსაცმელს და ორჯერ მაინც უნდა გაირეცხოს. სახეზე ქიმიური საშუალების ზემოქმედების დროს უმნიშვნელოვანესია თვალების კარგად ამობანა ფიზიოლოგიური ხსნარით. არამც და არამც არ გამოვიყენოთ სოდა ან გაზიანი სასმელები, რადგან ამან შესაძლოა დაამძიმოს მდგომარეობა და გაართულოს დაზიანების ხარისხი. ასევე კარგია ამ დროს თვალების ხშირი ხამხამიც. ვინც კონტაქტურ ლინზებს ატარებს, მას თვალის დაზიანების მეტი რისკი აქვს, ამიტომ სასწრაფოდ უნდა ამოვიღოთ ლინზები და კარგად გავისუფთაოთ თვალი ჩვეულებრივი წყლით ან ფიზიოლოგიური ხსნარით. სხეულის ჩამობანა სასურველია ოთახის ტემპერატურის ან გრილი წყლით, რადგან ცხელი წყალი ზრდის დამწვრობის ხარისხს, ქიმიური საშუალება ამ დროს კანში უფრო ღრმად შედის. კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ საუბარია გამღიზიანებლების ეფექტზე და არა სერიოზულ ქიმიურ ნაერთზე.
მდგომარეობას ართულებს და ერთ-ერთი პრობლემაა ისიც, რომ ადამიანები სათანადოდ არ იკვებებიან და საჭირო ოდენობით სითხეს არ იღებენ. წყალი აუცილებელია იმისთვის, რომ როცა ადამიანის ორგანიზმში გარკვეული ნივთიერება მოხვდება, ის გამოიყოს ანუ ამ გზით ადამიანი ტოქსინს გაუმკლავდეს. განსაკუთრებით ეს ითქმის წყალში ხსნად ნაერთებზე. კვება აუცილებელია იმისთვის, რომ ანტიოქსიდანტები გვეხმარება დეტოქსიკაციაში. თავდაცვის ერთადერთ მნიშვნელოვან საშუალებად ისევ ნიღაბია, თუმცა არა ჩვეულებრივი სამედიცინო ნიღაბი, ის ძალიან სუსტია და არ გვიცავს.
- ახალი საკანონმდებლო ცვლილებებით აქციებზე ნიღბის ტარება დასჯადი გახდა. ამას როგორ შეაფასებთ?
- არ ვეთანხმები! გარდა ინფექციებისგან დაცვის აუცილებლობისა, თუ რაიმე ქიმიური საშუალების გაფრქვევის საშიშროება იქმნება, ადამიანს უფლება უნდა ჰქონდეს, გამოიყენოს ნიღაბი.
- თუ შეიძლება თუნდაც ლეგალური საპოლიციო საშუალებების არასწორმა გამოყენებამ ადამიანის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს?
- მთლად უსაფრთხო საშუალება არ არსებობს და ამიტომ შეიძლება ყველაფერი მოხდეს. ნივთიერებას ტოქსიკურობას ანიჭებს დოზა! რაც უფრო დიდია, მით მეტია პრობლემა. გარდა ამისა, არ შეიძლება მისი გამოყენება დახურულ სივრცეში და ახლო მანძილიდან, იქ, სადაც ბავშვები, ორსულები და მოხუცები არიან. განსაკუთრებით მძიმე იქნება მათთვის, ვისაც ქრონიკული ასთმა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებები აქვს.
- თუ შეიძლება ამ ნივთიერებებმა გამოიწვიოს სიმსივნური დაავადებები?
- სიმსივნის განვითარება ძალიან ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. კანცეროგენს სჭირდება 15-20 წელი მაინც. ამ გამღიზიანებლებში ასეთი ხანგრძლივი ზემოქმედება აღწერილი არ არის. ამიტომაც გამოიყენება ასეთ შემთხვევებში ე.წ. ჩშ და ჩN გაზები, რადგან ხანგრძლივი ექსპოზიციის რისკი არა აქვთ. მათი გამოყენების შემდეგ ყველაზე დიდი რისკი არსებობს გაფრქვევიდან უახლოეს პერიოდში. ადამიანს დროებით აღენიშნება სუნთქვის გაძნელება, მხედველობის დაბინდვა და ქმედუუნარო ხდება.
- რამდენად დიდხანს რჩება მათი კვალი ნიადაგში, მცენარეებსა და ზედაპირებზე?
- შესაძლოა დიდი რაოდენობით დაგროვილი ეს ნივთიერებები მარტივად არ გაიფანტოს, გააჩნია იმ პერიოდში როგორი მეტეოროლოგიური პირობებია და როგორ ნიავდება ის ტერიტორია. ამიტომ მათი ზემოქმედება გარკვეულწილად შეიძლება გახდეს ჯანმრთელობის გართულების მიზეზი მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობისთვისაც.
აქვე კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ რუსთაველზე "კამიტი" რომ გამოეყენებინათ, ისე დააზიანებდა იქ არსებულ ნარგავებსა და მცენარეებს, რომ მათი შემდგომი განვითარება შეუძლებელი გახდებოდა.
- დღეს შესაძლებელია თუ არა რაიმე ტიპის კვლევით დადგინდეს, რა ნივთიერება მოხვდა აქციის მონაწილეების ორგანიზმში?
- მომხდარიდან ერთი წლის შემდეგ "კამიტიც" კი აღარ რჩება ადამიანის ორგანიზმში (თუ საერთოდ გადარჩა ადამიანი). არსებობს პირდაპირი და არაპირდაპირი კვლევები. პირდაპირია კვლევა, რომელიც ორგანიზმში კონკრეტულ შხამს განსაზღვრავს, ხოლო არაპირდაპირი განსაზღვრავს, მის მიერ გამოწვეული ზიანის შეფასება შეგვიძლია თუ არა. არსებობს სპეციფიკური კვლევაც, რომლისთვისაც უნდა გვქონდეს შესაბამისი რეაქტივები. ეს, რაც შეეხება თავად ნივთიერების დადგენას, თუმცა, რისი გამოწვევაც ამ ნივთიერებას შეუძლია, მისი არაპირდაპირი მარკერის ნახვა შესაძლებელია. არის ნაერთები, რომლებიც ძალიან სწრაფად იშლება, და არის ნივთიერებები, რომლებიც ხანგრძლივად რჩება, მათ შორის ნიადაგშიც. ამ ექსპერტიზას აზრი ექნება იმ გაგებით, რომ შესაძლებელია ზოგიერთი ნივთიერების კვალი დღესაც აღმოჩნდეს.
შორენა ბიწაძე