„სრული საგიჟეთი გვაქვს ქვეყანაში!“
BBC-ის სკანდალურ მასალაზე და სუს-ის გამოძიებაზე პოლიტიკის ანალიტიკოს ირაკლი მელაშვილს ვესაუბრებით.
- ვინმე თუ ელოდა სუს-ის განცხადებისგან, რომ რაღაც სარწმუნოს იტყოდა, ძალიან გულუბრყვილო ყოფილა. სუს-ის განცხადებაში ნათქვამია, რომ გამოძიება დაასრულა "კამიტის" გამოყენების გამოგონილ ფაქტზე - ანუ წინასწარ დასკვნა გაკეთებულია, რომ ფაქტი გამოგონილია. მაშ, რას იძიებდნენ? ყველაზე მთავარი ის არის, ჩვეულებრივი ცრემლსადენი გაზი გამოიყენესო, მაგრამ წყალში რა იყო გარეული, სუს-მა ამაზე პასუხი არ გასცა. ეს არის მთავარი კითხვა, რომელიც აინტერესებს საზოგადოებას. ამ გადაწყვეტილებით სუს-ი და მისი უფროსი ბატონი მდინარაძე გახდნენ იმ დანაშაულის თანამონაწილეები. ვფიქრობ, რომელიმე ორგანიზაციამ უნდა შეიტანოს სასამართლოში სარჩელი, რადგან ირღვევა "სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ" კანონის მე-7 მუხლი, რომელშიც პირდაპირ წერია, რომ აკრძალულია ინფორმაციის გასაიდუმლოება, რომელმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს ადამიანის ჯანმრთელობას. რა თქმა უნდა, იმედი არა მაქვს, რომ სასამართლო დააკმაყოფილებს ამ მოთხოვნას, მაგრამ მთლიანად უნდა იქნეს პროცედურა ამოწურული და ვინც იღებს ამ სიბინძურეში მონაწილეობას, პასუხი უნდა აგოს.
- სუს-მა ხომ დაასახელა ეს ნივთიერება?
- სუს-მა თქვა ის, რაც ხელისუფლებას აწყობს. კი, დაასახელეს რაღაც ნივთიერებები, მაგრამ დოზებზე არაფერი უთქვამთ. ისევ არ ვიცით, როგორ მოიწამლა ეს ხალხი... სუს-მა დაასრულა გამოძიებაო. ჯერ ერთი, რა იყო გამოსაძიებელი, უნდა ეთქვათ, რა გამოიყენეს და მორჩა. კარგი, ჯანდაბას, ჩაატარა გამოძიება და რა თქვა? რეალურად არაფერი. თქვა, რომ იყიდეს რაღაც, მაგრამ რამდენად კანონიერი და სწორი იყო მისი გამოყენება, ეს არ ჩანს.
- უკვე ჩანს, რომ საზოგადოების ნაწილს ამის არ სჯერა. როგორ უნდა გადამოწმდეს ეს ინფორმაცია, საზოგადოებას რა ბერკეტები შეიძლება ჰქონდეს?
- ინფორმაციის გადამოწმების მექანიზმები არსებობს - ექიმების მიერ დადგენილი სიმპტომები, ლაბორატორიული კვლევები და სხვა მონაცემები. გარდა ამისა, მთავრობამ უნდა გამოაქვეყნოს არა მხოლოდ ნივთიერების დასახელება, არამედ შესყიდვის დოკუმენტებიც, ბრძანების მიმღები პირები, გამოყენების პროცესი და სრული დეტალები. როგორც ჩანს, ამიტომაც ჭიმავდნენ დროს, რომ ეძებდნენ ისეთ ვერსიას, რომელიც მათთვის ნაკლებად საზიანო იქნებოდა, ცდილობდნენ შეეკერათ დოკუმენტები ისე, თითქოს ყველაფერი კანონიერად მოხდა, მაგრამ არ არის ეს ხელისუფლება ის ხელისუფლება, რომელიც საზოგადოების ნდობას იწვევს და რაც მთავარია, თუ ასე იყო, ამდენ ხანს რას არკვევდნენ? ამ ყველაფერს გადამოწმება სჭირდება. ნამდვილად ვერავინ ვერაფერს იტყვის, ვერაფერს დაადგენს თუ არ მიუშვეს იმ ადამიანებთან, ვინც მოიწამლა? უნდა ჩატარდეს გამოკვლევები, ანალიზები. ამისათვის არსებობს ლაბორატორიები. ამ შემთხვევაში დადასტურდება დანაშაულებრივი ან არადანაშაულებრივი ქმედება. თუ ხელისუფლებამ ეს არ დაუშვა, თუ კვლევები არ ჩატარდა და ხელისუფლებამ განაცხადა, მე გავამართლე ყველაფერი და არაფერი გამომიყენებიაო, ბუნებრივია, დარჩება ეჭვები.
კიდევ ერთი საკითხი - ის "არგუმენტი", აქამდე სად იყავითო, არ მუშაობს, იმიტომ, რომ პირველივე დღეებში იყო არა მხოლოდ მომიტინგეების, არამედ ექიმების მოთხოვნა, რომ ხელისუფლებას გაეხსნა ეს ინფორმაცია. სხვათა შორის, ძალიან აქტიურად ითხოვდნენ სწორედ ექიმები, მათ შორის ის ხალხი, რომელიც კარგად არის ჩახედული ამ პროცესებში. მაგალითად, ამირან გამყრელიძე. ეს მოთხოვნა ბი-ბი-სის სიუჟეტის გასვლის შემდეგ კი არა, მანამდე გაჩნდა. ხელისუფლება გამუდმებით არღვევს კანონს. აგერ ნიკა მელიას ერთი ჭიქა წყლის შესხმისათვის წელიწადი მიუსაჯეს, აქციის მონაწილეებს ისეთი ქიმიური ხსნარი შეასხეს, რამაც ძალიან დაუზიანა ბევრ მათგანს ჯანმრთელობა. რა დონეზე არაადეკვატურია ხელისუფლება, როდესაც ამბობს, მხოლოდ რამდენიმე ათეულმა ადამიანმა მიმართა სამედიცინო პუნქტებსო. რამდენიმე ათეული ადამიანის ჯანმრთელობა ასე ხელწამოსაკრავი ამბავია კობახიძისთვის? ერთიმეორეზე უარეს განცხადებებს აკეთებენ. თურმე გომელაურს საიდან უნდა სცოდნოდა, ქიმიკოსი კი არ არისო. ამაზე თუ მიდგა საქმე, არც უტიაშვილი გვყავს ლავუაზიე და არც მერაბიშვილი. საერთოდ, ძალიან უცნაურია ამის წინა ხელისუფლებისთვის გადაბრალება. ირაკლი მენაღარიშვილმა 9 აპრილის შემდეგ ძალიან თამამი განცხადება გააკეთა ქიმიური ნივთიერებების გამოყენების შესახებ. რომ ეთქვა, ეს ხელისუფლება რა შუაშია, ბერიასა და აბაკუმოვს უნდა მოვთხოვოთ პასუხიო, ადეკვატური იქნებოდა? აი, ასეთი ადეკვატურები არიან ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები. თურმე მერაბიშვილი და უტიაშვილი ყოფილან დამნაშავეები, რომ გამოიყენეს ეს ნივთიერებები. იცით, ყველაზე საინტერესო ჩემთვის რა არის? თუ ეს ვანო მერაბიშვილის დანაშაულია, დღეს საქართველოს განათლების ახლანდელი მინისტრი არის კაცი, რომელიც გენპროკურორის მოადგილე იყო იმხანად. პროკურატურა ვალდებულია, თუ მაშინდელი შსს-ს კანონდარღვევაა, გამოიძიოს ეს ამბავი და მაშინ მიქანაძის პასუხისმგებლობის საკითხიც უნდა დადგეს. როგორ არის - "ნაცები" მარტო ის "ნაცები" არიან, რომლებიც "ოცნებასთან" არ არიან, თუ "ოცნებაში" გადასული "ნაცები" მაშინ არ ყოფილან მაღალი თანამდებობის პირები? საიდან მოდის ეს ლოგიკა? 2007 თუ 2009 წელს ვანო მერაბიშვილმა, ალბათ, იმ მიზნით შემოიტანა, 2024 წელს "ოცნებას" რომ გამოეყენებინა და ამის გამო ვანო მერაბიშვილია დამნაშავეო, არ ვიცი, ამ ლოგიკას ვინ გაჰყვება. სოცქსელებშიც გინახავთ, ალბათ, როგორ იწყევლებიან, ლანძღავენ ყველას, ვინც ითხოვდა ამ ნივთიერებების დასახელებას. თქვენ შვილებს რატომ არ მიესხა ეს ყველაფერიო. სრული საგიჟეთია! როგორც ჩანს, ჩვენი საზოგადოების ნაწილი უბრალოდ ის საზოგადოებაა, რომელიც 37 წელსაც, მანამდეც და მას შემდეგაც ტაშს უკრავდა რეპრესიებს, ამ ქვეყნის პატრიოტების დახვრეტას, ციხეებში გაშვებას. საზოგადოების ნაწილი მზად არის ხელისუფლების ყველა განცხადება თვალდახუჭულად მიიღოს და მთავრობას ყველაფერში დაეთანხმოს - მათთვის ეს პატრიოტიზმის გამოვლინებაა. ასეთ ხალხს დააჯერებენ ნებისმიერ ნარატივს, მაგრამ რთული იქნება მოსახლეობის უმრავლესობის დაჯერება. ხელისუფლება ცდილობს შექმნას შთაბეჭდილება, რომ ყველაფერში მართალია და "დიფ სთეითს" ებრძვის, მაგრამ რეალურად მათი ქცევები აჩვენებს, რომ პრობლემების გადაწყვეტა არა აქვთ მიზნად.
ხელისუფლება ძალიან მობილიზებულად ცდილობს გამოიყენოს ეს რესურსი იმისათვის, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს. "ოცნება" პირველი ხელისუფლებაა, რომელიც ძალაუფლების შენარჩუნებისთვის ბრძოლაში ეყრდნობა ანტიდასავლური, საბჭოთა ნოსტალგიის და პრორუსული განწყობების მქონე პირებს, რომლებიც მეინსტრიმში არასდროს იყვნენ.
- ამას რა საერთაშორისო პასუხი შეიძლება მოჰყვეს და რაც მთავარია, ამ ხელისუფლებაზე რა გავლენა ექნება ამ პასუხს?
- საერთაშორისო რეაგირება დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ ვიმოქმედებთ. გულგახეთქილი ვუყურებ, რომ გამოდის საინფორმაციო საშუალებებით სხვადასხვა ჯგუფი და ყველა ცალ-ცალკე საკუთარ "გამოძიებას" იწყებს, რაც ახლა ძალიან არასასურველია. ახლა საჭიროა კონსოლიდირებული, პროფესიონალებით დაკომპლექტებული ჯგუფი, სადაც იქნებიან ექიმებიც, იურისტებიც, ექსპერტებიც და ყოველმხრივ შეისწავლიან საკითხს, განსაზღვრავენ, რა საერთაშორისო ნაბიჯებია შესაძლებელი ამ პირობებში, როცა ხელისუფლება გამოძიებით არ იქნება დაინტერესებული. პოლიტიკურმა სპექტრმა უნდა დათმოს ერთმანეთში კონკურენციის რეჟიმი და ერთიანი ფრონტი შექმნას. ამჯერად მაინც უნდა გამოავლინონ, რომ შეუძლიათ ნორმალურად ქმედება, და არა ერთმანეთის ჯიბრით ცალკე ჯგუფების შექმნა. აუცილებელია შეთანხმებული მოქმედება და ვისი ქოლგის ქვეშ მოხდება, მნიშვნელობა არა აქვს. მთავარია, მოიძებნონ კვალიფიციური პირები, რომლებიც სწორ გეგმას შეადგენენ და დაიწყებენ შედეგზე ორიენტირებულ, საერთაშორისო დონეზე ეფექტიან მოქმედებას.
- საერთაშორისო გამოძიების მოთხოვნა რამდენად რეალისტურია იმ პირობებში, რომ შეიძლება ხელისუფლებამ უარი თქვას არგუმენტით, ჩვენ უკვე ჩავატარეთ გამოძიებაო?
- დაზარალებულებს შეუძლიათ მიმართონ საერთაშორისო სასამართლოებს, მაგრამ ამისთვის საჭიროა ჭკვიანურად დაგეგმილი მოქმედება. ეს სამართლებრივი გზებია და არც ერთ პარტიას ან ორგანიზაციას არა აქვს საკმარისი რესურსი და კომპეტენცია, რომ ყველაფერი თავად წარმართოს. მხოლოდ ერთიანი გეგმით შეიძლება მივიდეთ საერთაშორისო გამოძიებამდე. ეს მნიშვნელოვანია როგორც დღევანდელი უსაფრთხოებისთვის, ასევე ქვეყნის მომავლისთვის - მსგავსი რამ აღარ უნდა მოხდეს.
- ოპოზიცია ახსენეთ და, ამ ამბავმა ყველაფერი გადაფარა, მაგრამ სულ რამდენიმე დღის წინ დააკავეს ელისაშვილი სასამართლოს გადაწვის მცდელობისთვის. მის ამ ქმედებას როგორ ხსნით და ზოგადად, რა ხდება ოპოზიციაში?
- ვერანაირად ვერ ვხსნი, რა გააკეთა და რატომ. როდესაც ადამიანი რაღაცას აკეთებს, შეიძლება გათვალოს, რა კარგი შედეგი შეიძლება ამან მოიტანოს. მე არ ვიცი არც ერთი კარგი შედეგი, რომელიც ელისაშვილის მოქმედებას, თუნდაც მისი წარმატების შემთხვევაში, ამ ქვეყნისთვის მოეტანოს. არაერთხელ მითქვამს, რომ ამ ხელისუფლებას რეპრესიები ძალაუფლების შესანარჩუნებლად სჭირდება, ამის გასამართლებლად კი სჭირდება ლეგიტიმური მიზეზები. ელისაშვილის ქმედებამ კი, სამწუხაროდ, ხელისუფლებას მისცა ლეგიტიმური მიზეზი რეპრესიების გასამართლებლად. შედეგიც ასეთია - შეტევა არა მხოლოდ ელისაშვილზე, არამედ მთლიან ოპოზიციაზე გადაიტანეს, აბრალებენ ტერორისტობას და იყენებენ ამას პოლიტიკური ოპონენტების დევნისთვის. საერთოდ, რადიკალიზმი და ასეთი ტიპის ქმედებები ყოველთვის ხელისუფლების წისქვილზე ასხამს წყალს. როცა ოპოზიცია დგამს ნაბიჯს, რომელიც ზუსტად შეესაბამება მმართველი ძალის სურვილს, წარმოაჩინოს ისინი როგორც დესტრუქციული ძალა, ამით ოპოზიცია, ნებსით თუ უნებლიეთ, ეხმარება ხელისუფლებას. ძალიან სამწუხაროა, ალეკოსთან დაკავშირებით რომ მიწევს ამისი თქმა, მაგრამ ფაქტია.
რუსა მაჩაიძე