ბომბი გესროლე, არ აფეთქდა, ახლა უკან დამიბრუნე...
მტერს ტყვია ესროლო, ააცილო და მერე მოსთხოვო, ეგ აცილებული ტყვია მომიძებნე და უკან დამიბრუნე-თქო, გაგიათ ასეთი რამ?
ალბათ არა, მაგრამ დღევანდელ მსოფლიოში თურმე ყველაფერი ყოფილა შესაძლებელი და... ტრამპის პენტაგონი აუფეთქებელი საავიაციო ბომბის უკან დაბრუნებას კატეგორიულად მოითხოვს... ლიბანისგან!
ყველაფერი კი გასულ თვეს დაიწყო, როდესაც 22 ნოემბერს ისრაელის ავიაციამ ლიბანის დედაქალაქ ბეირუთის ცენტრში მართვადი საავიაციო ბომბების ზუსტი დამიზნებით გაანადგურა „ჰეზბოლას“ რამდენიმე მებრძოლი და რაც მთავარია, ამ საერთაშორისო ტერორისტული დაჯგუფების ერთ-ერთი სამხედრო მეთაური ალი ტაბატაბაი, რომელზეც ისრაელის სპეცსამსახურები დიდი ხანია ნადირობდნენ.
აშშ-ის ოფიციალურმა ხელისუფლებამ მოუწონა ნეთანიაჰუს მთავრობას ეს წერტილოვანი საჰაერო დარტყმა „ჰეზბოლას“ მნიშვნელოვანი ფიგურის წარმატებით განადგურებისთვის, მაგრამ მალევე თავი წამოყო მნიშვნელოვანმა პრობლემამ...
აღმოჩნდა, რომ ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალების კუთვნილი მეხუთე თაობის F-35I “Adir” ტიპის საბრძოლო თვითმფრინავიდან ჩამოყრილი ბომბებიდან მიზანს კი ყველამ მიაღწია, მაგრამ თურმე ერთი მათგანი არ აფეთქდა და „ჰეზბოლას“ ერთ-ერთი მეთაურის ლიკვიდაციის ადგილას ეგდო შუა ბეირუთში...
ბომბი ბომბია, ერთჯერადი გამოყენების, არ აფეთქდა და ჩვენი ჭირიც წაუღია-გაიფიქრებს მავანი და მწარედაც შეცდება,რადგან პენტაგონი მერამდენე დღეა დაჟინებით მოითხოვს ამ აუფეთქებელი ბომბის დაბრუნებას ლიბანელებისგან...
საქმე ის არის,რომ აუფეთქებელი საავიაციო ბომბი GBU-39-ის ტიპის ყოფილა,რომელსაც თვითმფრინავიდან ჩამოგდების შემდეგ 110 კმ-მდე პლანირება და მიზანში ერთი მეტრის სიზუსტით მოხვედრა შეუძლია მართვის ინერციული და თანამგზავრული სანავიგაციო სისტემების გამოყენებით.
ეს ამერიკული მართვადი საავიციო ბომბი „სულ რაღაც“ 50 ათას დოლარამდე კი ღირს,მაგრამ აქ საქამე მის ფასში როდია,მითუმეტეს,რომ მიწაზე დაცემისას ძლიერად დაზიანდებოდა,მიუხედავად იმისა,რომ არ აფეთქდა და მის ხელმეორედ გამოყენება,უბრალოდ შეუძლებელია.
პენტაგონელი გენერლები შიშობენ, რომ ისრაელისთვის გადაცემული და მათ მიერ გამოყენებული ეს ბომბი რომ არ აფეთქდა,შესაბამისად არ განადგურდა მისი მართვის მაღალტექნოლოგიური რადიოელექტრონული აპარატურა,რომლებიც ბომბის ფრაგმენტებიდან შეიძლება ამოიღონ რუსეთის,ირანისა თუ ჩინეთის დაზვერვამ და თავიანთი ქვეყნების ინტერესებში გამოიყენონო...
მაგრამ, აქ უკვე ცოტა უცნაურობა იწყება-ამერიკული მართვადი,პლანირებადი საავიაციო ბომბების GBU-39-ის არაერი ფრაგმენტი ისედაც უკვე დიდი ხანია მოეპოვება რუსეთის სამხედრო დაზვერვას...უკრაინის ფრონტიდან!
ორი წლის წინ ამავე ბლოგში ვწერდით, რომ უკრაინამ დაიწყო მანამდე არ არსებული კლასის შეიარაღების - ბომბრაკეტის ექსპერიმენტალური გამოყენება, რომელიც "ჰაიმარსის" 227 მმ კალიბრის რაკეტის, M26-ის სამარშო-სარაკეტო ძრავზე დამაგრებულ პლანირებადი საავიაციო ბომბის GBU-39 სიმბიოზს წარმოადგენდა და ეწოდა ახალი სახელი- GLSDB - ხმელეთიდან გასაშვები მცირე დიამეტრის ბომბი.
მაგრამ, ამ ბომბრაკეტებმა უკრაინის ფრონტზე ვერ გაამართლეს, რადგან რუსეთის საოკუპაციო ძალების მხრიდან ამოქმედებულმა ძლიერი რადიოელექტრონული ჩახშობის სისტემების მუშაობას GLSDB -ის GPS-ის თანაგზავრული ნავიგაცია მწყობრიდან გამოჰყავდა და უკრაინელების მიერ გაშვებული ეს ბომბრაკეტებიც მიზანს ერთ-ორი მეტრის სიზუსტ კი არ ხვდებოდნენ,არამედ რამდენიმე ათეული მეტრით სცდებოდნენ,ზოგი მათგანი არც ფეთქდებოდა და რუსი სპეციალიტების განკარგულებაში ისედაც აღმოჩნდებოდა ამერიკული მართვადი საავიაციო ბომბის GBU-39-ის დეტალები.
ბეირუთში, „ჰეზბოლას“ ,გასაგებია,რომ არ ექნებოდა რადიოელექტრონული ბრძოლის ძლიერი ტექნიკური საშუალებები და ვერ შესძლებდა იმ კონსპირატიული ბინის დაცვას,სადაც ისრაელის „მოსადმა“ მიაგნო „ჰეზბოლას“ ერთ-ერთ სამხედრო მეთაურს ალი ტაბატაბაის და მისთვის „არდაიშურა“ რამდენიმე მართვადი ბომბის გაგზავნა,მაგრამ როგორ დაუბრუნებს ლიბანის ხელისუფლება აუფეთქებელ ბომბს პენტაგონს,თუკი ის უკვე „ჰეზბოლას“ ხელშია?