„თუ აშშ საქართველოს რუსეთს დაუთმობს, მაშინ მთელ შუა აზიას ჩინეთი წაიღებს...ტრამპი კავკასიას არ დათმობს" - მირიან მირიანაშვილის ანალიზი: დიდი გეოპოლიტიკური გადანაწილება და საქართველო - კვირის პალიტრა

„თუ აშშ საქართველოს რუსეთს დაუთმობს, მაშინ მთელ შუა აზიას ჩინეთი წაიღებს...ტრამპი კავკასიას არ დათმობს" - მირიან მირიანაშვილის ანალიზი: დიდი გეოპოლიტიკური გადანაწილება და საქართველო

"მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მსოფლიო ყველაზე რადიკალური გეოპოლიტიკური გარდაქმნების წინაშე დგას", - ამბობს საერთაშორისო ურთიერთობების ანალიტიკოსი მირიან მირიანაშვილი. სად ან რა ვითარებაში აღმოჩნდება საქართველო, ვერსიებს ამის შესახებ ინტერვიუში განვიხილავთ.

- რუსეთ-უკრაინის ომი კვლავ მსოფლიოს მთავარი გამოწვევაა, თუმცა ეს მხოლოდ იმ გლობალური კონფლიქტის გაგრძელებაა, რომელიც მანამდე არსებობდა. ამ ომმა დაგვანახა, რომ რუსეთს დღეს აღარ აქვს ის უნარი, რომლის საშუალებითაც საუკუნეების განმავლობაში ამყარებდა წესრიგს­ მის მიერ კოლონიად ქცეულ სივრცეში... შესაბამისად, რუსეთის დღევანდელი ლიდერი იმპერიული სივრცის შენარჩუნებას გარიგების ფასად ცდილობს. დღევანდელი რუსულ-ამერიკული დისკუსიაც სწორედ ამას ეყრდნობა.

- რას გულისხმობთ?

- პუტინი ცდილობს პოსტსაბჭოთა სივრცეზე პოლიტიკური კონტროლი "შეიძინოს" ტრამპის ოჯახისგან. ამისთვის ყველაფერს იხდის, რაც ხელში შემორჩა: ბელგიაში დაპატიმრებული აქტივებით, ამერიკისა და ბრიტანეთის ფინანსურ სისტემებში დაბლოკილი ქონებით და ყველა იმ შესაძლებლობით, რაც ჯერ კიდევ რუსეთის­ ტერიტორიაზეა და ჩინეთის პოლიტიკური კონტროლქვეშ არ არის გადასული. ერთი სიტყვით, მოსკოვი მზად არის ყველაფერი ჩადოს ერთ გარიგებაში, ოღონდ შეინარჩუნოს გავლენა იმ სივრცეზე, რომელსაც ისტორიულად საკუთრებად მიიჩნევდა...

რუსეთს პრაქტიკულად აღარ გააჩნია დამოუკიდებელი ფინანსური რესურსები. ის თანხა, რომლითაც დღეს ომს აფინანსებს, მხოლოდ ნავთობისა და ენერგორესურსების ექსპორტიდან მიღებული შემოსავლებია. რაც შეეხება გარე აქტივებს, უკვე დაბლოკილია და უცხოურ ფინანსურ სისტემებში დაპატიმრებულია. ყველაზე მსხვილი სეგმენტი 309 მილიარდი დოლარი ბელგიაშია გაყინული, დაახლოებით 144 მილიარდამდე ევროპის სხვადასხვა ფინანსურ ინსტიტუტში. არსებული აქტივების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი, როგორც სახელმწიფო, ისე რუსი ოლიგარქების საკუთრება, ბრიტანეთის ფინანსურ ზედამხედველობაშია დაყადაღებული, 50 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების აქტივები კი აშშ-სა და არაბეთის გაერთიანებულ საამიროებშია. ე.ი. ჯამურად საუბარია ნახევარ ტრილიონ დოლარზე მეტი ღირებულების ნაერთ აქტივზე. ევროპისთვის ეს თანხა უკვე აღიქმება როგორც უკრაინის სამხედრო მხარდაჭერისა და შემდგომი აღდგენის ფინანსური საფუძველი.

- არაერთი ამერიკელი პოლიტიკოსიც ამბობს, რომ გაყინული რუსული აქტივები ომის გაგრძელებას არ უნდა მოხმარდეს.

- ამერიკას არ სურს, უკრაინასა და რუსეთს შორის ომი მიმდინარეობდეს ამერიკული ფულით. ტრამპი ტყუილად არ იმეორებს, რომ "უკრაინის დახმარება უკვე 370 მილიარდი დაუჯდათ". ის ევროპისგან ითხოვს ამ თანხის დაბრუნებას და სთავაზობს ახალ მოდელს: ევროპამ თავად დააფინანსოს ომი რუსეთთან. ამერიკა წინააღმდეგი არ იქნება, მაგრამ დაყადაღებული რუსული აქტივების გამოყენება ამ მიზნისთვის არც ტრამპს და არც ამერიკულ ფინანსურ ჯგუფებს არ სურთ. პუტინი დღემდე იურიდიული მესაკუთრეა იმ დაყადაღებული აქტივებისა, რომლებიც ევროპაშია დაბლოკილი და მზად არის, ეს თანხები ამერიკელებს გადასცეს, თუ ისინი მხარს დაუჭერენ უკრაინასთან ომის დასრულებას რუსული სცენარით.

ტრამპის პოლიტიკურ-ფინანსური გარემოცვაც მზად არის შესთავაზოს სერიოზული პოლიტიკური და ეკონომიკური სარგებელი იმ შემთხვევაში, თუ მოსკოვი გაწყვეტს დამოკიდებულებას ჩინეთზე და დასავლეთის სტრატეგიულ პარტნიორად ჩამოყალიბდება. ეს პარტნიორობა ნიშნავს არა კლასიკურ სატელიტობას, არამედ პრივილეგირებულ პოზიციას აშშ-ის გავლენის სფეროში. ჩამოყალიბებულია შეთავაზებები, რომლებიც რუსეთს ეძლევა ჩინეთისგან ჩანაცვლების სანაცვლოდ: უკრაინაში ომის "ღირსეულად" დასრულება, სანქციების მოხსნა, საერთაშორისო პოლიტიკურ სისტემაში დაბრუნება და ენერგეტიკულ ბაზრებზე სრული რეინტეგრაცია.

- რუსეთს აქვს იმის შესაძლებლობა, რომ ჩინეთის გავლენას თავი დააღწიოს?

- ერთი შეხედვით, რთული დასაჯერებელია, როგორ შეიძლება რუსეთი ჩინეთს ჩამოშორდეს, როდესაც მათი ურთიერთდამოკიდებულება უკვე ეკონომიკური, ენერგეტიკული და ტექნოლოგიური თვალსაზრისით ფუნდამენტურ დონეზეა, მაგრამ ტრამპის ასეთი დაჟინებული მცდელობა ნიშნავს - ის პუტინისგან იღებს მინიშნებას, რომ ჩინეთისგან ეტაპობრივ ჩამოშორებას განიხილავს. თუ ეს სცენარი რეალურად ამოქმედდება, მსოფლიო ახალი, დრამატული ტრანსფორმაციის ზღვარზე დადგება.

- ასეთი სცენარის შემთხვევაში­, რა სვლებია­ მოსალოდნელი სი ძინპინისგან?

- ექსპერტთა წრეებშიც მიიჩნევენ, რომ რუსეთი ჩინეთზე უკვე იმდენად არის მიბმული, რომ ჩამოშორების რესურსი მინიმალურია. სწორედ ეს არის დღევანდელი გეოპოლიტიკური კვანძის მთავარი ინტრიგა: შეძლებს თუ არა ტრამპი რუსეთის ჩამოშორებას ჩინეთის ორბიტიდან? პროცესი უკვე ფინალურ ფაზაშია შესული და 2-3 თვეში საბოლოოდ გამოიკვეთება. რაც შეეხება პეკინის პოზიციას, ტრამპის მიერ ამ პოლიტიკური ვაჭრობის გააქტიურებამ რუსეთს ჩინეთთან სათამაშო სივრცე შეუქმნა: ჩინელების თვალში რუსეთის "ფასი" გაიზარდა. ყოველ ორ კვირაში პეკინი ხაზს უსვამს რუსეთთან "სტრატეგიული პარტნიორობის" სიღრმეს. აქ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია - თუ ომი არ შეწყდება­, რუსეთი არათუ ჩამოეხსნება, უფრო და უფრო დამოკიდებული გახდება ჩინეთზე ენერგეტიკით, ეკონომიკით, ტექნოლოგიურად და ტრამპიც ამას ძალიან კარგად ხვდება. ამიტომ ის ყველანაირად შეეცდება ომის შეჩერებას. თუმცა არსებობს სხვაგვარი სცენარიც: პუტინი შეიძლება ტრამპს დაჰპირდეს, რომ ჩინეთს გადააგდებს, სასურველ შეთანხმებას მიიღებს და შემდეგ კვლავ ჩინეთს დაუბრუნდება. თუ ასე მოხდება, ისეთი ფუნდამენტური ტრანსფორმაციების მომსწრენი გავხდებით, როგორიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ ყოფილა... უკრაინა დასავლეთის, უფრო კონკრეტულად, ანგლოსაქსების ხელში პოლიტიკური ვაჭრობის ინსტრუმენტი და სატყუარაა რუსეთისთვის. ახლა მიმდინარეობს პოლიტიკური ვაჭრობა უკრაინის თემით, თუ ვისი კონტროლისა და დომინაციის ქვეშ იქნება რუსეთი მომავალში... მე ხშირად ვესაუბრები სენატორ რუბიოს გარემოცვას, რომელსაც უკრაინაში ღრმა კავშირები აქვს. მათგან მაქვს ინფორმაცია, რომ ტრამპს რუსეთისთვის უკვე მიცემული აქვს საბოლოო ვადა: თებერვლის დამდეგს მოსკოვმა უნდა მისცეს პასუხი, შეუძლია თუ არა ჩინეთისგან ჩამოშორება. თუ რუსეთი გადაწყვეტს ჩინეთის გადაგდებას, ამერიკა მზად არის უკრაინის საკითხში სერიოზული დათმობებისთვის, მათ შორის, პოსტსაბჭოთა სივრცის მნიშვნელოვანი ნაწილის რუსეთთან დატოვებისთვის.

- მათ შორის არის საქართველოც?

- საქართველო სრულიად სხვა ქეისში ჯდება. არასოდეს ვიზიარებდი ვერსიას, რომ საქართველოს გეოპოლიტიკა პირდაპირ უკრაინაზეა მიბმული. ჩვენთვის უკრაინის ომის შედეგი მნიშვნელოვანია, რადგან ეს არის რუსეთის დასუსტების წინა პირობა, მაგრამ წინააზიის გეოპოლიტიკა სხვა თამაშის ნაწილია. თუ აშშ რუსეთს საქართველოს დაუთმობს, მაშინ მთელი შუა აზია ავტომატურად გადადის ჩინეთის გავლენაში, რეგიონში კი თურქეთის როლი მკვეთრად იზრდება, რაც დიდი თურანის იდეის გაძლიერებას ნიშნავს. ძნელად დასაჯერებელია, რომ ანგლოსაქსებმა, რომლებმაც XVIII საუკუნეში ოსმალეთის იმპერია დაშალეს, ახლა თავადვე შეუწყონ ხელი მთავარი გეოპოლიტიკური კონკურენტის რეანიმაციას. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, საქართველო რჩება ცალკე სტრატეგიულ ქეისად, რომელსაც საკუთარი როლი აქვს გლობალურ ძალთა ბალანსში.

არ გეგონოთ, ბი-ბი-სის რეპორტაჟი რიგითი ჟურნალისტური გამოძიება იყოს. ეს ნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლებაზე იერიში მიიტანეს. თუ ანგლოსაქსები მზად არიან რუსეთს გადაგვცენ, მაშინ რატომ უნდა ჰქონდეთ ჩვენი საფინანსო და პოლიტიკური სისტემის ხელყოფის სურვილი? სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლება ვერ აცნობიერებს, რა მოდელში მოგვაყოლეს ანგლოსაქსებმა. ისინი რუსეთთან ურთიერთობის დალაგების შემდეგ აპირებენ საქართველოს საკითხის მოგვარებას და არა მანამდე.

ტრამპის რუსეთთან გარიგების ქეისში საქართველოს სახელმწიფო ინტერესების ხელყოფა არ იგეგმება. ნუ დაგვავიწყდება, 35 წლის წინ ჩვენ დამოუკიდებლობა იმიტომ მოვიპოვეთ, რომ ამერიკელებს სურდათ ასე. ეროვნული მოძრაობის წევრი ვიყავი, დამოუკიდებლობის აქტზეც მაქვს ხელი მოწერილი და რეფერენდუმის ჩატარების ორგანიზატორიც ვიყავი, მაგრამ სიმართლე ეს არის. თვალთახედვა ისე არ უნდა აგვერიოს, რომ ვერ დავინახოთ, როგორ მივიღეთ დამოუკიდებლობა, რა ძალებმა დაასუსტეს რუსეთი და რამ აიძულა დასუსტებული რუსეთი ამიერკავკასიაში პოლიტიკურ ჰეგემონობაზე უარი ეთქვა. ძალიან ცდება ყველა, ვისაც ტელეკომპანია BBC-ის სიუჟეტი ჩვეულებრივი საგამოძიებო გადაცემა ჰგონია. ამის უკან ძალიან სერიოზული ზრახვები დგას.

ხათუნა ბახტურიძე