"პუტინი შიდსით ინფიცირებულებით დანაყოფებს ქმნის და ყველაზე სახიფათო მონაკვეთებზე მიერეკება"
"ამერიკელებისთვის "ჭიქა ნახევრად სავსეა", რუსებისთვის "ჭიქა ნახევრად ცარიელია", - ამგვარად აფასებს საერთაშორისო საკითხების ექსპერტი, რუსეთის სპეციალისტი გიორგი გობრონიძე ბოლო პერიოდში რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებს. რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს და რა შინაარსი აქვს ამ პროცესს რუსეთისა და დასავლეთისთვის? - ამ კითხვით გიორგი გობრონიძეს მივმართეთ.
- ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიმდინარე მოლაპარაკებებს დადებითად აფასებს, მაგრამ ეს სურვილი გაცილებით მეტად ეყრდნობა რუსული პირობებით დასრულებას, ვიდრე სამართლიანი და თანაბარი შეთანხმების იდეას. სიმართლე ორივე მხარეს აქვს - რუსეთიც გარკვეულწილად კმაყოფილია, რადგან ბევრი მოთხოვნა მის ინტერესებს ემთხვევა და ამერიკაც ცდილობს ომი დაასრულოს, მაგრამ რჩება საკითხები, რომლებიც დაზუსტებას საჭიროებს. თუ დავაკვირდებით ბელგიის პრემიერ-მინისტრისა და სხვა ევროპელი ლიდერების ბოლო განცხადებებს, ვნახავთ, რომ დასავლეთში უკვე იწყებენ გაცნობიერებას: თავდაპირველი ჩანაფიქრი - რუსეთის სტრატეგიული დამარცხება ვერ შესრულდა და ვერც შესრულდება. საბოლოოდ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის ზომას, წარმოების მასშტაბს, ინდუსტრიის ხარისხს, ადამიანურ რესურსს და სხვა სტრუქტურულ ფაქტორებს. ამ ყველაფერმა თავისი საქმე გააკეთა და დღეს უკრაინისთვის სულ უფრო ძნელია არათუ შეტევითი ოპერაციები, არამედ ზოგ შემთხვევაში ფრონტზე არსებული სტატუს-კვოს შენარჩუნებაც. დასავლურ მედიასივრცეში ხშირად ვხედავთ ინფორმაციას მხოლოდ რუსეთის დანაკარგზე, თითქოს უკრაინას არანაირი პრობლემა არა აქვს, მაგრამ არავინ ლაპარაკობს იმაზე, რომ ძალიან ბევრი და სერიოზული პრობლემა აქვს უკრაინულ მხარესაც. არის შემთხვევები, როდესაც მთლიანი უკრაინული დანაყოფები იხსნება ფრონტის ხაზიდან, რადგან კონკრეტული მონაკვეთი მათთვის ვერ უზრუნველყოფს სათანადო დაცვას.
- დიახ, მაგრამ ჩვენ ასევე ვიღებთ დაზუსტებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ უკრაინა აქტიურად აყენებს დარტყმებს რუსეთის სიღრმეში და აზიანებს ლოჯისტიკას, სამხედრო ინფრასტრუქტურას, საკომუნიკაციო ხაზებს. ალბათ, ანგარიშგასაწევია სოციალურ ქსელში ცოტა ხნის წინ, თავად რუსი სამხედროების მიერ გავრცელებულია ვიდეომასალებიც, სადაც ნათლად ჩანს, რომ ფრონტზე მიჰყავთ ადამიანები, რომელთა შორის ზოგს ხელი ან ფეხი, ზოგს ცალი თვალი არა აქვს...
- რუსეთზე საუბრისას უნდა გავიხსენოთ ისტორიული გამოცდილება: საბჭოთა კავშირის დროიდან დღემდე ვერც ერთ დიდ ომს ვერ გავიხსენებთ, სადაც რუსეთი სხვა ტაქტიკით იბრძოდა, გარდა იმისა, რომ ხშირად საკუთარი გვამების გადავლით მიიწევდა წინ. მე იმის შესახებაც მაქვს ინფორმაცია, რომ მძიმე დაავადებებით - შიდსი, სხვადასხვა ტიპის ჰეპატიტი, ტუბერკულოზი და სხვა - ინფიცირებული სამხედროებითაც იქმნება დანაყოფები, რომლებსაც ყველაზე სახიფათო მონაკვეთებზე ერეკება პუტინი. ომის დასრულების შემდეგ, დიდი ალბათობით, უფრო მძიმე და შემზარავ ისტორიებს გავიგებთ. დღეს მხოლოდ აისბერგის ზედა, ხილულ ნაწილს ვხედავთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ უკრაინას უპირატესობა აქვს ფრონტის ხაზზე.
- ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ ასეთი რამ განაცხადა: "პუტინს სჯერა, რომ ჩვენზე დიდხანს გაუძლებს, მაგრამ ჩვენ არსად მივდივართ, უკრაინის მხარდაჭერას ვაგრძელებთ და ზეწოლას ვზრდით".
- ნატოს გენერალური მდივნისგან სხვა ტიპის განცხადება არც არის მოსალოდნელი. ნატო, როგორც ორგანიზაცია, მის წევრ სახელმწიფოებს ემსახურება და მისი ხელმძღვანელი ვალდებულია პოლიტიკურად მკაფიო, ერთგვაროვან მხარდაჭერაზე მიანიშნებდეს, მაგრამ ერთია, რას ამბობს გენმდივანი ტრიბუნიდან, და სრულიად სხვა, რას ფიქრობენ და აკეთებენ ცალკეული წევრი ქვეყნები კულისებში. კონსენსუსი ნატოში ძალიან რთული მისაღწევია. მაგალითად, უნგრეთი, სლოვაკეთი, გარკვეულწილად ჩეხეთიც ბევრ საკითხში განსხვავებულ პოზიციაზე არიან, ვიდრე პოლონეთი ან ბალტიისპირეთის ქვეყნები. ამას თუ დავუმატებთ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას, რომელმაც პირდაპირ თქვა, რომ თუ მის სამხედროებს უკრაინის ტერიტორიაზე გაგზავნიან, დამატებითი უსაფრთხოების გარანტიები სჭირდება, მივხვდებით, რომ სურათი გაცილებით რთულია.
- ფიქრობთ, პუტინის განცხადებამ "ევროპულ ქვეყნებს არ დავიპყრობთ, უბრალოდ, ნუ შეგვიშლით ხელს უკრაინის დაპყრობაში" მიზანს მიაღწია?
- პუტინის ეს განცხადება აშკარად მაქსიმალისტური და პოპულისტური ფორმულირებაა. ასეთ რიტორიკას აქვს კონკრეტული მიზანი - ევროპაში საფრთხის განცდის გამძაფრება და მოლაპარაკებებში უკეთესი პოზიციების მოპოვება. ეს არის ერთგვარი ვაჭრობა მაქსიმუმის ენით, იმისთვის, რომ საბოლოოდ მისთვის სასურველ მინიმუმზე შედგეს შეთანხმება.
- როგორ შეიძლება გადაწყდეს რუსული აქტივების თემა, რომელზეც ამერიკელებსა და ევროპელებს განსხვავებული პოზიციები აქვთ?
- ბელგიის პრემიერ-მინისტრის განცხადება ძალიან ნაცნობ სურათს აჩვენებს. მან თქვა, რომ გერმანიისთვისაც კი არ გაუყინავთ სრულად აქტივები მეორე მსოფლიო ომის შემდეგ და შესაბამისად, რუსეთს ეს თანხები ომის დასრულების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს. ეს მიდგომა ეწინააღმდეგება იმ კონცეფციას, რომ ამ აქტივებით უნდა დაფინანსდეს უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა ან ომის შემდგომი აღდგენა. სხვათა შორის, ომის შემდგომი აღდგენა უკრაინისთვის არანაკლები გამოწვევაა, ვიდრე თვითონ ომი. ქალაქების, ინფრასტრუქტურის, ეკონომიკის, სოციალური ქსოვილის აღდგენა უდიდეს რესურსს მოითხოვს. რუსეთი, დიდი ალბათობით, ვერ მიაღწევს ყველა მიზანს, რასაც ომის დასაწყისში ისახავდა, მაგრამ ეს უკრაინისთვის მაინც არ არის სანუგეშო. საუბარია არა დაკარგული ტერიტორიების სრულ დაბრუნებაზე, არამედ იმაზე, რომ საერთაშორისო შეთანხმებით დამკვიდრდეს სტატუს-კვო, სადაც უკრაინა შეინარჩუნებს იმ ნაწილს, რომელსაც რუსეთი ამჟამად ვერ აკონტროლებს. ყირიმის ფაქტობრივი დაკარგვა, დონბასის დიდი ნაწილისა და ასევე სხვა რეგიონების საკითხიც დღეს კითხვის ნიშნის ქვეშ არის.
- უკრაინაში კორუფციის პრობლემაზე ომამდეც ბევრს საუბრობდნენ. ბოლო პერიოდში ვიხილეთ სკანდალები, ჩხრეკები, მაღალი რანგის პირებზე ბრალდებები. როგორ შეიძლება ეს აისახოს დასავლეთის დახმარებასა და უკრაინელი სამხედროებისა და საზოგადოების განწყობაზე?
- უკრაინა ომამდე ერთ-ერთ ყველაზე კორუმპირებულ სახელმწიფოდ ითვლებოდა მსოფლიოში. პირადად მახსოვს შემთხვევები, როცა უკრაინაში ჩასვლისას საზღვარზე მესაზღვრეებმა ფული მთხოვეს. ეს ჩვეულებრივი პრაქტიკა იყო. ძნელი წარმოსადგენია, რომ ომის პირობებში ეს ყველაფერი გაქრა. ბოლო პერიოდის სკანდალები ხელისუფლების მაღალ ეშელონებში და ნებისმიერი ასეთი ამბავი მძაფრად მოქმედებს დასავლელი პარტნიორების განწყობაზე, რადგან მათთვის ეს არის სიგნალი: თქვენ მიერ მიტანილი ფინანსური და სამხედრო დახმარების ნაწილი შეიძლება ვიღაცის ჯიბეში ხვდებოდესო. არც ერთ ქვეყანას არ სურს საკუთარი მოსახლეობის გადასახადებიდან მიღებული ფული გაუგებარ საქმეში გაიფანტოს.
რუსეთშიც ზუსტად იგივე სურათი გვაქვს. ჩეჩნეთში საზენიტო-სარაკეტო სისტემებიც კი აღმოჩნდა, რომლებიც სერიული ნომრებით კონკრეტულ რუსულ სამხედრო ნაწილებს ეკუთვნოდა. ეს ცხადყოფს, რომ ომის დროს კორუფციის მასშტაბი ორივე მხარეს იზრდება. ამ პირობებში დასავლური დახმარების ეფექტიანობა ბუნებრივად სათუო ხდება.
- ბოლო პერიოდში დასავლურ მედიაში ხშირად საუბრობენ პუტინის შემცვლელზე. ბრიტანულ გაზეთ "დეილი ტელეგრაფში" დაბეჭდილ სტატიაში, რომლის ავტორი ანალიტიკოსი ჰემიშ ბრეტონ-გორდონია, ნათქვამია|: "რუსეთის ლიდერობის მომავალი პრეტენდენტები შეიძლება დაინტერესებული იყვნენ არა პუტინივით ეგზისტენციალური გეოპოლიტიკური ჯვაროსნული ლაშქრობებით, არამედ დასავლური განცხრომით და ტკბილი ცხოვრებით". რამდენად რეალისტურია ეს მოლოდინები?
- რუსეთის საგარეო პოლიტიკური ინტერესი საუკუნეზე მეტია პრაქტიკულად უცვლელია. მან გამოიარა სამეფო იმპერიის ეტაპი, საბჭოთა კავშირის ფორმაცია, შემდეგ რუსეთის ფედერაციის პერიოდი, მაგრამ ძირითადი გეოპოლიტიკური ხაზი იგივე დარჩა. ამ კონტექსტში კონკრეტული პირის, იქნება ეს პუტინი, მიშუსტინი თუ სხვა ვინმე, შეცვლა საგარეო კურსის შინაარსობრივ ცვლილებას ნაკლებად ნიშნავს. შეიძლება შეიცვალოს რიტორიკის ტონი, დამოკიდებულების ფორმა, მაგრამ ძირითადი მიზნები - გავლენის ზონების შენარჩუნება და გაფართოება უცვლელი დარჩება.
- თქვენი აზრით, ეს ყველაფერი საქართველოსთვის რა გამოწვევებს ქმნის დღეს?
- სამწუხარო რეალობა ის არის, რომ იმ გეოპოლიტიკურ რუკაზე, სადაც ახლა დიდები გავლენის ზონებს ინაწილებენ, საქართველო უკვე აღიქმება როგორც სივრცე, რომელიც რუსეთის ზონაშია მოქცეული. ტრამპმა არაერთხელ თქვა, რომ "რუსეთმა საქართველო წაიღო". მისი გეოპოლიტიკური აზროვნების სისტემაში საქართველო უკვე რუსეთის გავლენის ზონად არის მონიშნული და, დიდი ალბათობით, სწორედ ეს ლოგიკა იდგა იმ გადაწყვეტილებების უკან, როდესაც გარკვეული სტრატეგიული დოკუმენტები აღარ განახლდა ან არ გაგრძელდა. ევროკავშირის რეზოლუციებშიც ხშირად ვხედავთ არაპროფესიონალურ მიდგომებს. მაგალითად, როცა წერენ, რომ რაღაც ბანკებს ან გლობალურ საგადახდო სისტემებს უნდა გაეცეს რეკომენდაცია "გათიშონ" რომელიმე ქვეყნის ფინანსური სივრცე. პრაქტიკულად არა აქვთ გააზრებული, პირველ რიგში ვის დააზიანებს ეს: ხელისუფლებას თუ რიგით მოქალაქეს. ხშირად იქ აღნიშნული ფინანსური ინსტიტუტების წილობრივ მფლობელობაში ისევ დასავლური კაპიტალია და რეალურადაც კარგად იციან, რომ ასეთი მოწოდებები უფრო პოლიტიკურ ჟესტებად რჩება.
ხათუნა ბახტურიძე