ცუდი კარგის გარეშე არ არსებობს - ანუ რა შეიძლება მოხდეს ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შემთხვევაში
2025 წლის 30 ოქტომბერს "ქართულმა ოცნებამ" საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა და სამი პარტიის აკრძალვა მოითხოვა: "ნაციონალური მოძრაობის", "კოალიცია ცვლილებებისთვის" და "ძლიერი საქართველო-ლელოსი". ჩვენ ამჯერად არ დავიწყებთ იმის განხილვას, არის თუ არა ეს ნაბიჯი დემოკრატიასთან თანხვედრაში - ამაზე ბევრი ითქვა და დაიწერა საქართველოშიც და უცხოეთშიც. არც იმის პროგნოზს გავაკეთებთ, თუ რა გადაწყვეტილება შეიძლება მიიღოს საკონსტიტუციო სასამართლომ. კითხვას ასე დავსვამთ - რა შეიძლება მოხდეს, თუ საკონსტიტუციო სასამართლო დააკმაყოფილებს "ოცნების" სარჩელს და სამ წამყვან ოპოზიციურ პარტიას აკრძალავს?
რა თქმა უნდა, ზემოხსენებული პარტიების ლიდერები პოლიტიკიდან არ წავლენ (თუ პროკურატურამ ისინი არ შეაბრუნა ციხეში. შეგახსენებთ, რომ შვიდ პოლიტიკოსზე აღძრულია საქმე "საბოტაჟისა და ხელისუფლების დამხობის მცდელობის" მუხლებით). სავარაუდოდ, ისინი გადანაწილდებიან პარტნიორ პარტიებში: "დროა", "გირჩი-მეტი თავისუფლებისთვის" და ა.შ., თუმცა გარკვეული პერიოდის განმავლობაში ოპოზიციურ ფლანგზე ერთგვარი ვაკუუმი გაჩნდება.
აი, სწორედ ახლა დგება ის მომენტი, როდესაც ცუდში შეიძლება რაღაც კარგი დავინახოთ. კერძოდ, ზემოხსენებულმა ვაკუუმმა შეიძლება ხელი შეუწყოს იმას, რომ წინა პლანზე წამოვიდნენ ახალი თაობის პოლიტიკოსები და ახალი პარტიები. ვიცით, რომ სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფი ცდილობს შექმნას პოლიტიკური ორგანიზაციები. ისინი საკმაოდ საღად აანალიზებენ ქვეყნის წარსულსაც, დღევანდელობასაც და მომავალსაც. რაც მთავარია, "დაცლილი" არიან ურაპატრიოტული და რადიკალური ლოზუნგებისგან. ზოგიერთ მათგანს პლატფორმებიც აქვთ შექმნილი, სადაც თემატურად განიხილავენ, მაგალითად, როგორი უნდა იყოს ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა, მართლმსაჯულება, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები და ა.შ. ისინი აკრიტიკებენ წინა ხელისუფლებასაც და დღევანდელსაც. თუმცა მათი ხმა ჯერ სუსტად ისმის, რადგან მედიასივრცე დაპყრობილი აქვთ, ერთი მხრივ, მმართველ გუნდს, მეორე მხრივ კი მსხვილ ოპოზიციურ პარტიას. პირველი მეორეს "უსამშობლოებსა" და "აგენტებს" უწოდებს, მეორე პირველს - "რუსებსა" და "მოღალატეებს". და აი, სულ ეს არის დღევანდელი პოლიტიკური დღის წესრიგი.
დღეს აქტიურმა პოლიტიკოსებმა მწარე სიმართლეს თვალი უნდა გაუსწორონ - მსხვილმა ოპოზიციურმა პარტიებმა ბოლო წლების განმავლობაში ისეთი თვითდაზიანება მიიყენეს, რომ საკითხავია, როდის შეძლებენ რეაბილიტაციას და შეძლებენ თუ არა საერთოდ. არის მეორე მომენტიც - იგივე "ნაცმოძრაობასა" და "კოალიცია ცვლილებებს" აქვთ ბმა წინა ხელისუფლებასთან, რაც წითელი ხაზია ამომრჩევლის არცთუ მცირე ნაწილისთვის. "ლელო" ბოლო წლებში დაშვებული შეცდომებისა და არათანმიმდევრული სტრატეგიის გამო, ამ ეტაპზე ვერ გახდა ამომრჩეველთა დიდი ნაწილის მიზიდვის წერტილი. შესაბამისად, თუ ახალი პარტიები გამოჩნდნენ ქართულ პოლიტიკურ ასპარეზზე, მათ ერთდროულად რამდენიმე მნიშვნელოვანი უპირატესობა ექნებათ. არ იქნებიან აფილირებული სააკაშვილის ხელისუფლებასთან და "ოცნება" ამას პროპაგანდისტულად ვეღარ გამოიყენებს; აქედან გამომდინარე, მათი სამიზნე ჯგუფი იქნება ის ამომრჩეველი, რომლებსაც არ მოსწონს დღევანდელი ხელისუფლება, მაგრამ ოპოზიციაში წინა მთავრობის აჩრდილს ხედავს: შესაბამისად, სხედან სახლში და პასიურ მდგომარეობაში არიან. მათი რაოდენობა ძალიან დიდია და სწორედ მათ შეუძლიათ გადამწყვეტი სიტყვის თქმა ამა თუ იმ არჩევნებში; სწორედ ეს ფაქტორი შეიძლება გახდეს გადამწყვეტი იმისთვის, რომ ახალი პარტიები დროთა განმავლობაში მმართველი გუნდის სერიოზულ ალტერნატივად ჩამოყალიბდნენ და არ გაგრძელდეს ისე, როგორც იყო ბოლო 30 წლის განმავლობაში, როდესაც ოპოზიციური პარტიები რეალურად მეორე-მესამე ადგილებისთვის იბრძოდნენ, სანამ ან რევოლუცია არ მოხდებოდა, ან უზარმაზარრესურსებიანი ადამიანი არ მოვიდოდა პოლიტიკაში. გარდა ამისა, ზემოხსენებული საზოგადოებრივი ჯგუფების პოლიტიკაში შემოსვლა იქნებ გახდეს იმის წინა პირობა, რომ კონკრეტულ საკითხებზე თემატურად ვიმსჯელოთ და ერთმანეთს "მტრები" და "მოღალატეები" აღარ ვეძახოთ?!
შესაძლოა ზოგიერთს ეს ყველაფერი თქვენი მონა-მორჩილის მიამიტური სურვილები ეგონოს, მაგრამ... ახალი სისხლი ყველგან და ყოველთვის საჭიროა და თუ მისი გამოჩენა აგვიანებს, ადრე თუ გვიან, იწყება შეუქცევადი დეგრადაცია.
გიორგი კვიტაშვილი