„ქიმიური სკანდალის“ ქართული თავისებურებანი ანუ როდის გავგიჟდებით ყველანი ერთად
30 ნოემბერს თქვენი მონა-მორჩილი სოციალურ ქსელში გადააწყდა ამბებს პირველ მსოფლიო ომზე. სტატია კარგად იყო დაწერილი. განსაკუთრებით მხატვრულად იყო აღწერილი, როგორ გამოიყენეს გერმანელებმა ქიმიური იარაღი ("ქლორი") აღმოსავლეთის ფრონტზე და რა დაემართა რუსეთის ჯარს. 1-ლ დეკემბერს სამსახურში მოსული (არ ვიგონებ და არ ვხუმრობ) შევედი ბი-ბი-სის საიტზე, რადგან მაინტერესებდა, რამე სიახლე ხომ არ იყო ტრამპის სამშვიდობო გეგმასთან დაკავშირებით. რა ტრამპი, რა პუტინი, რის ომი... ბი-ბი-სის მთავარ თემად ჰქონდა გამოჭიმული სტატია სათაურით: "საქართველოში მომიტინგეების წინააღმდეგ, სავარაუდოდ, პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენეს". თვალებს არ დავუჯერე, მით უმეტეს, წინადღეს წაკითხული საშინელებების ფონზე. ვიფიქრე, რომ რაღაც ფეიკსაიტს გადავეყარე ან ჰალუცინაციები დამეწყო... მაგრამ არა... ბი-ბი-სია, რა.
დასახელებული იყო ნივთიერება "კამიტი". 1992 წელს გაეროს კონვენციით ქიმიური ნივთიერებების გამოყენება აიკრძალა, მათ შორის "კამიტის". ჰოდა, პირველ რიგში, გაჩნდა კითხვა - თუ ბი-ბი-სის მასალა მართალია, ე.ი. რამდენიმესაფეხურიან დანაშაულთან გვაქვს საქმე. გამოდის, გაეროს კონვენციით აკრძალულ ნივთიერებას ვიღაც ყიდდა (ეს ერთი დანაშაული), ქართულმა მხარემ იყიდა (მეორე დანაშაული), გამოიყენა (მესამე დანაშაული) და დამალა (მეოთხე დანაშაული).
დავიჯერე თუ არა? გულწრფელად გეტყვით, არა! მიუხედავად პოლარიზაციისა, სიძულვილის ენის ზენიტში აყვანისა, ბანაკებად დაყოფილი საზოგადოებისა, ვინ მოაწერს ხელს იმაზე, რომ რუსთაველის გამზირზე დემონსტრანტების წინააღმდეგ, რომელთა შორის უმეტესად ახალგაზრდები იყვნენ, გამოიყენა ქიმიური იარაღი?! იცით, ეს როგორი აბსურდია? - ვინმეს რომ ებრძანებინა, მიდით, ახლა ავტომატებით დახვრიტეთო. მოდი, წარმოვიდგინოთ ყველაზე ცუდი ხელისუფლება საქართველოს ისტორიაში - ცოტა ვიფანტაზიოროთ და წარმოვიდგინოთ, რომ რაც ცუდი ჰქონდა/აქვს გამსახურდიას, შევარდნაძის, სააკაშვილისა და ივანიშვილის ხელისუფლებებს, ყველაფერი გავაერთიანოთ და აი, ასეთი მთავრობა გვყავს. მაშინაც კი ვერ დავიჯერებ, რომ ვინმე ხელს მოაწერს იმ საშინელებას, რომელზეც ბი-ბი-სის სტატიაშია საუბარი. ამაში 100%-ით დარწმუნებული ვარ.
ჩვენს პოლარიზაციას "ქიმიური სკანდალიღა" აკლდა... იცით, ტრაგედია რაშია? იმაში, რომ ზემოხსენებული ამბავი მოქალაქეების ნაწილმა დაიჯერა. აი, სადამდე მიგვიყვანა ურთიერთდაპირისპირებამ, ლანძღვა-გინებამ და მტრებად გამოცხადებამ - ანუ ზოგიერთს სჯერა, რომ ჩვენ შეგვიძლია ერთმანეთი სადამ ჰუსეინივითა და ბაშარ ასადივით დავწამლოთ. დარწმუნებული ვარ, დასკვნა რომ გამოქვეყნდება, ოპოზიციურად განწყობილთა ნაწილი მაინც ჯიუტად იტყვის, არაო, ქიმიური იარაღით დაგვწამლესო.
სიმართლე უნდა ითქვას - ეჭვები გააღვივა ხელისუფლების ყოფილი თუ მოქმედი მაღალჩინოსნების პირველმა კომენტარებმა. კერძოდ, ყოფილმა შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა თქვა: "ეს ნივთიერებები, რაზეც ისინი ლაპარაკობენ, ნამდვილად ჰქონდა შეძენილი შინაგან საქმეთა სამინისტროს და იყენებდა მას, ოღონდ 2012 წლამდე. თუ არ ვცდები, ბოლო შეძენა 2009 თუ 2010 წელს იყო, მას შემდეგ შსს-ს ის არ შეუძენია და გამოუყენებია".
ამას მოჰყვა მოქმედი შს მინისტრის გეკა გელაძის კომენტარი: "გომელაური გულისხმობდა, რომ 2009 წელს სხვადასხვა ნივთიერებაა შესყიდული, ეს არ არის "კამიტი" - შემიძლია დარწმუნებით გითხრათ, რომ შსს-ს ე.წ. კამიტი არასდროს შეუსყიდია". შემდეგ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ ხაზგასმით თქვა, რომ "კამიტი" ხელისუფლებაში "ნაცმოძრაობის" ყოფნის დროსაც კი არ არის შესყიდული.
გამოჩნდა მეორე პრობლემაც - ყველა ტოქსიკოლოგი და ქიმიკოსი გახდა. "ჩატჯიბიტიზე" დაყრდნობით აცხობდნენ ვერსიებსა და თეორიებს ქიმიურ იარაღებზე. თავი დავანებოთ„რიგით მოქალაქეებს, რომლებიც ამ საგიჟეთის გამო კიდევ კარგად არიან. ვგულისხმობთ ტელეეთერში "მოლაპარაკე თავებს", რომლებსაც ახლოსაც არ ჩაუვლიათ ქიმიასა და ბიოლოგიასთან და აცხობდნენ სხვადასხვა ვერსიას. პირდაპირ რბოლა გაიმართა საკუთარი ხალხის შეშინების საქმეში, გეგონება, პრობლემები გვაკლდეს. შემდეგ, როგორც ხდება ხოლმე ჩვენს რეალობაში, ამ ყველაფერს ტრაგიკომიკური ნოტებიც შეეპარა - აქეთ ერთ-ერთი პროსამთავრობო ტელევიზია Bრომობენზყლ ჩყანიდე-ს BBC-ის აბრევიატურასთან დაკავშირებას ცდილობდა, ანტისამთავრობო აქტივისტი კი ბუმბულდაცვენილ თუთიყუშზე მოთქვამდა... თუთიყუში კარგად იქნება, მაგრამ ჩვენ რა ვქნათ... რამე "წითელი ჯვრის" ზონად ხომ არ გამოვაცხადოთ ქვეყანა, სანამ ყველანი დამშვიდდებით?! სახუმაროდ ნამდვილად არა გვაქვს საქმე. ყველაფერი უნდა გაირკვეს და პასუხი გაეცეს, თორემ ყოველგვარი ქიმიური იარაღის გარეშე ჩვენივე ტოქსიკური პოლიტიკური გარემოთი დავიწამლებით.
კიდევ კარგი, 6 დეკემბერს სუს-ში ითქვა, რომ "კამიტი" გამოყენებული არ იყო და რომ ეს იყო CS-ი. თუმცა ოპოზიციურად განწყობილი საზოგადოების ნაწილს ეს არ სჯერა და გამოძიებაში საერთაშორისო ექსპერტების ჩარევას ითხოვს...
გიორგი კვიტაშვილი