„სპეცრაზმელს ვუღრიალე, რას აკეთებ-მეთქი და...“ - კვირის პალიტრა

„სპეცრაზმელს ვუღრიალე, რას აკეთებ-მეთქი და...“

რას ჰყვებიან მოქალაქეები, რომლებმაც 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში რუსთაველზე მძიმე დღეები გამოიარეს.

"საკუთარ მოქალაქეებს როგორ უნდა მოექცე ასე"

დათა აქუბარდია, 36 წლის, სამართა­ლმცოდნე: - გასული წლის ნოემბერში ირაკლი კობახიძის განცხადების შემდეგ მაშინვე გავედი აქციაზე. როდესაც პირველად დაგვარბიეს, წყლის ჭავლისა და გაზის გაშვება დაიწყეს. პარლამენტის შენობასთან იმდენი ხალხი იყო, ვერც გაიქცეოდი, ნელ-ნელა მივდიოდით რუსთაველის მეტროსკენ. ძალიან დიდი დაკვამლიანება იყო, მეგობრები დავკარგე, სრული ქაოსი შეიქნა. სუნთქვა მიჭირდა, მახველებდა, ვიხრჩობოდი, კარგად ვეღარც ვხედავდი და რაღაც მომენტში გონება დავკარგე. როცა გონს მოვედი, უცხო ადამიანებს გავყავდი შედარებით უსაფრთხო ადგილას. იმდენად ცუდად ვიყავი, "სასწრაფო" გამოიძახეს, რომელიც 30 წუთის დაგვიანებით მოვიდა. კლინიკაში გადამიყვანეს, რადგან სუნთქვა და საუბარი მიჭირდა. მეორე დღეს ისევ გავედი აქციაზე, უკვე ეკიპირებით, მაგრამ ცუდად ვიყავი - კუჭი მეწვოდა, სახე თითქოს დამწვარივით მქონდა, ღებინების შეგრძნება და თავის ტკივილი მქონდა, მაგრამ არ ვაქცევდი ყურადღებას - ჩემს თავზე როგორ უნდა მეფიქრა, იქ ისეთ რაღაცებს უკეთებდნენ ხალხს. 10 დღე სახის წვა, გულისრევის შეგრძნება და სისუსტე მქონდა, თავი მტკიოდა, ვერაფერი მიყუჩებდა, ყველაზე მეტად კი კუჭ-ნაწლავის სისტემა დამიზიანდა.

დარბევების შემდეგ რამდენიმე დღეში სამსახურიდან საზღვარგარეთ მომიწია წასვლამ. იქ ისე ცუდად გავხდი, ვიზიტი შევწყვიტე და დავბრუნდი. გავიკეთე­ კუჭ-ნაწლავის გამოკვლევა და ორგანიზმი, პირდაპირი მნიშვნელობით, განადგურებული მქონდა დიდი ოდენობით ნასუნთქი გაზის გამო. რამდენიმე თვე ვმკურნალობდი, ახლაც ვსვამ წამლებს. აქციების შემდეგ დამეწყო თვალის პრობლემებიც, სათვალის გარეშე ძალიან მიჭირს. ცხვირიდან სისხლდენა ერთი წელი გავიდა და ახლაც მაქვს.

საკუთარ მოქალაქეებს როგორ უნდა მოექცე ასე, რუსთაველზე მათი ოჯახის წევრებიც იდგნენ. პირველ დღეებში პოლიციაც არ იყო ეკიპირებული, პირბადეც კი არ ეკეთათ, მხოლოდ სპეცრაზმი იყო აღჭურვილი. გამოდის, ისინიც გაიმეტეს. თავისუფლებას მაინც არ დავთმობთ. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ და ვიცხოვრებთ ევროპულ საქართველოში.

80d6d8d2-15e8-4913-b647-26a3073902f7-1765134787.jpg

"ეს არ იყო ჩვეულებრივი CS-აირი"

სალომე კვარაცხელია, 34 წლის, ექიმი: - 2024 წლის 28 ნოემბრის შემდეგ რუსთაველზე ვიდექი და დღემდე იქ ვდგავარ. პირველ დღეებში ყოველდღე დავდიოდი, ჩემი პროფესიიდან გამომდინარე ვეხმარებოდი ხალხს და ამიტომაც წინ მიწევდა დგომა. დავდიოდი აღჭურვილი, კარგი აირწინაღიც მაქვს. 29 ნოემბრის ღამეს ჭიჭინაძის ქუჩაზე ვიდექი მეგობართან ერთად, როდესაც ჭავლი გამოიყენეს და უკან დავიწიეთ. ერთი ქალი დავინახე, რომელიც ვერ გამოდიოდა, ჭავლში შევცვივდით, რომ გამოგვეყანა, და მთლიანად დავსველდი. როგორ გამოვედით იქიდან, არ მახსოვს. გონება დაბინდული მქონდა, ვერ ვსუნთქავდი, ვახველებდი, თვალებში ვერ ვიყურებოდი. ფიზიოლოგიური ხსნარი ხელში მეჭირა, რომლითაც სხვებს ვეხმარებოდი, მაგრამ იმდენი ვერ მოვახერხე, რომ საკუთარ თვალებში ჩამესხა და პირი გამომერეცხა, რადგან აბსოლუტურად დისფუნქციური გავხდი. მერე ვიღაცამ გამომგლიჯა და ჩამასხა თვალებში. ცოტა ხანში სპეცრაზმელი დავინახე ჩვენკენ მორბოდა ხელში წიწაკის სპრეით. არ ვიცი საიდან ვიპოვე ძალა, მაგრამ ვუღრიალე, რას აკეთებ! ვერ ხედავ, რა მდგომარეობაში ვართ-მეთქი,­ და გაჩერდა, მიტრიალდა და წავიდა... სახლში დაბრუნებულს კანი საშინლად მეწვოდა, რა თქმა უნდა, ყველა ის გაიდლაინი შევასრულე, რაც მიღებულია - ტანსაცმლის გარეცხვა, დაბანა თბილი და არა ცხელი წყლით, მაგრამ არაფერმა მიშველა, კანი ძალიან მეწვოდა. შემდეგ გაიცა რეკომენდაცია "ბეპანთენის" მოხმარებაზე, რადგან ამ დაზიანებას ისე უნდა მოვპყრობოდით, როგორც დამწვრობას. ეს არ იყო ჩვეულებრივი CS-აირი, რასაც მიტინგების დაშლის დროს უშვებენ ხოლმე, რომელსაც ძალიან ხანმოკლე ეფექტი აქვს. ამას ჰქონდა ხანგრძლივი დამწვრობის ეფექტი.

ამის შემდეგ იყო 2-3 დეკემბრის ღამე, წარმოუდგენლად ბევრი კაფსულა ისროლეს, სხვადასხვა ზომისა და ფერის. 10-15 კაფსულის სროლის შემდეგ, რაც სურდათ, ის ეფექტი მიღწეული იყო - ხალხი იქ აღარ იდგა და ზემოთ, რუსთაველისკენ იყო ასული, მაგრამ ისინი მაინც ისროდნენ. იმის მიუხედავად, რომ ჩემს აირწინაღს მაღალი ფილტრაცია ჰქონდა, მაინც ვერ მიშველა. მქონდა პირღებინების შეგრძნება, თავბრუსხვევა, სუნთქვის გაძნელება, ხველა და კოგნიტური დისფუნქციაც გამოიწვია, რადგან ვერ ვხვდებოდი, სად ვიყავი, ნაბიჯს ვერ ვდგამდი. ეს სიმპტომები რამდენიმე დღეს გაგრძელდა, შემდეგ მქონდა საშინელი ტკივილი მუცლის არეში, სისუსტე, გონების დაკარგვამდე მივდიოდი, გულისრევის შეგრძნება, დამეწყო ინტენსიური ხველა, რომელიც რამდენიმე თვეს გაგრძელდა. მეორე დღესვე გავიკეთე გადასხმა.

ეს იყო ხალხის დასაშინებელი აქ­ტი, თუმცა არავის შეგვშინებია, ისევ პროტესტში­ ვართ ჩართული. ვერც წყლის ჭავლი, გაზი და ჯარიმები ვერ გაგვაჩერებს. რაც არ უნდა რეპრესიული კანონები გამოიყენონ, მე მაინც არ ვაპირებ გაჩერებას.

"დილით გასისხლიანებულ ლოგინში ვიღვიძებდი"

ხომერიკი, 19 წლის, იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი: - 2 დეკემბერი თენდებოდა, როცა დაიწყეს დარბევა, ჭიჭინაძის ჩასახვევიდან ჩამოგვწიეს რუსთაველის ქუჩაზე. მშვიდად ვემორჩილებოდით მათ მოთხოვნას და უკან მივდიოდით. იმ დროს ისროლეს გაზის კაფსულები. ერთი ჩემს ფეხთან დავარდა. ძალიან ბევრი ხალხი იყო, ჭყლეტა, გაქცევა კი არა, სწრაფადაც ვერ გაივლიდი. რუსთაველის თეატრის თაღთან ვიდექი. კარგი ხარისხის აირწინაღი მეკეთა, თუმცა მაინც შედის სუნი. ძალიან შემეშინდა, გონება არ დამეკარგა, ნელ-ნელა გავაგრძელე გზა რუსთაველის მეტროსკენ. საპოლიციო გაზის კაფსულის ან წიწაკის სპრეის გამოყენება ნახევრად დახურულ სივრცეში აკრძალულია, მათ კი კაფსულები რუსთაველის თეატრის თაღში, დახურულ სივრცეში შემოაგდეს.

იმ ღამეს ძალიან ცუდად ვიყავი, თავბრუ მეხვეოდა, პირღებინების შეგრძნება მქონდა, თუმცა მეორე დღესაც გავედი აქციაზე. პირველ სკოლასთან ვიდექი, როცა დარბევა დაიწყო, სპეცრაზმი ხალხში ვარდებოდა და მონაწილეებს იტაცებდა. ამ სირბილში ისევ რუსთაველის თეატრის თაღის ქვეშ აღმოვჩნდი, ისევ ისროლეს გაზის კაფსულა და მერე აღარაფერი მახსოვს. თურმე ვყვიროდი, გაიქეცით, დამტოვეთ-მეთქი. შემდეგ გულიც წამივიდა. როცა გონს მოვედი, უკვე სამშვიდობოს ვიყავი. სახლში წავედი, თუმცა მეორე დღეს დილიდანვე წავედი აქცია-მსვლელობაზე. იქ გავხდი ცუდად, თავი ამტკივდა. ვიფიქრე, უძილობის ბრალია-მეთქი. შემდეგ ამას დაემატა ყურში წუილის და პირღებინების შეგრძნებები, რაც 2-3 თვეს გაგრძელდა, არ მშველოდა არანაირი გამაყუჩებელი, დამეწყო წნევები - ჯერ მაღალი მქონდა, მერე უცბად ქვემოთ მივარდებოდა. ცხვირიდან დამეწყო ჩირქიანი გამონადენი, რასაც უკანასკნელი რამდენიმე თვეა სისხლდენა დაემატა. დილით გასისხლიანებულ ლოგინში ვიღვიძებდი. ანალიზები გავიკეთე, ყველაფერი ნორმაში მაქვს. ექიმები ეძებენ მიზეზს, რისი ბრალია ეს წნევები და ცხვირიდან სისხლდენა. დარწმუნებული ვარ, ეს იმ დღის შედეგია, როცა გაზი ვისუნთქე და წყლის ჭავლით დავსველდი. მას შემდეგ მძაფრ სუნებზე საშინელი რეაქცია მაქვს...

სოფო კაჭარავა