თუ ჯარიმას არ გადაიხდით...
ამჯერად ადმინისტრაციულ, სამოქალაქო საქმეთა და ბავშვთა უფლებებში სპეციალიზებული ადვოკატი ნუგბარა როსტიაშვილი უპასუხებს შეკითხვებს.
სამსახურიდან უკანონოდ გამათავისუფლეს, კონტრაქტს არა აქვს ვადა გასული, მსურს სასამართლოში ვიჩივლო, რამდენ ხანში შემიძლია სარჩელის შეტანა და აქვს თუ არა აზრი გასაჩივრებას?
- უპირველეს ყოვლისა, უნდა დადგინდეს საფუძველი, რის გამოც გაგათავისუფლეს სამსახურიდან, ვინაიდან კანონი მხოლოდ ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველს არ ითვალისწინებს. ის ასევე ითვალისწინებს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის სხვადასხვა საფუძველს, როგორიცაა ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები, რომლებიც აუცილებელს ხდის სამუშაო ძალის შემცირებას; შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულება; დასაქმებულის მიერ თანამდებობის/სამუშაოს საკუთარი ნებით, წერილობითი განცხადების საფუძველზე დატოვება; მხარეთა წერილობითი შეთანხმება; დასაქმებულის კვალიფიკაციის ან პროფესიული უნარ-ჩვევების მის მიერ დაკავებულ თანამდებობასთან/შესასრულებელ სამუშაოსთან შეუსაბამობა; დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევა; დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების დარღვევა, თუ მის მიმართ ბოლო 1 წლის განმავლობაში უკვე გამოყენებული იყო ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის რომელიმე ზომა; თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, ხანგრძლივი შრომისუუნარობა, თუ მისი ვადა აღემატება ზედიზედ 40 კალენდარულ დღეს, ან 6 თვის განმავლობაში საერთო ვადა აღემატება 60 კალენდარულ დღეს, ამასთანავე, დასაქმებულს გამოყენებული აქვს ამ კანონის 31-ე მუხლით გათვალისწინებული შვებულება; სასამართლო განაჩენის ან სხვა გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლა, რომელიც სამუშაოს შესრულების შესაძლებლობას გამორიცხავს; დამსაქმებელი იურიდიული პირის ლიკვიდაციის წარმოების დაწყება; სხვა ობიექტური გარემოება, რომელიც ამართლებს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას.
თუ არსებობს სხვა ობიექტური გარემოება, რომლის საფუძველზეც შეგიწყდათ შრომითი ხელშეკრულება, დამსაქმებელი ვალდებულია, რომ წერილობით შეტყობინებაში დაასაბუთოს ის ობიექტური გარემოება, რომელიც, მისი შეხედულებით, ამართლებს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას. ამ საფუძვლით შეწყვეტისას დამსაქმებელი უფლებამოსილია არანაკლებ 3 კალენდარული დღით ადრე გაგაფრთხილოთ წინასწარი წერილობითი შეტყობინების გაგზავნით. ამ შემთხვევაში დამსაქმებელმა უნდა მოგცეთ კომპენსაცია არანაკლებ 2 თვის შრომის ანაზღაურების ოდენობით, ხოლო თუ წერილობითი ახსნა-განმარტება არ მიგიღიათ დამსაქმებლისგან, თქვენ უფლება გაქვთ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის შეტყობინების მიღებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში გაუგზავნოთ მას წერილობითი შეტყობინება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლის წერილობით დასაბუთების მოთხოვნის თაობაზე, ხოლო თქვენს მიერ მოთხოვნის წარდგენიდან 7 კალენდარული დღის ვადაში წერილობით უნდა დაგისაბუთოთ დამსაქმებელმა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი. სასამართლოში გასაჩივრებას რაც შეეხება, თქვენ უფლება გაქვთ დამსაქმებლის წერილობითი დასაბუთების მიღებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში სასამართლოში გაასაჩივროთ დამსაქმებლის გადაწყვეტილება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ. თუ დამსაქმებელი თქვენს მიერ მოთხოვნის წარდგენიდან 7 კალენდარული დღის ვადაში წერილობით არ დაასაბუთებს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველს, თქვენ მაინც გაქვთ უფლება, 30 კალენდარული დღის ვადაში სასამართლოში გაასაჩივროთ დამსაქმებლის გადაწყვეტილება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ. თუმცა თქვენთვის სასურველი შედეგით რამდენად დასრულდება სასამართლო დავა, ვერ გეტყვით, ვინაიდან ჩემთვის უცნობია შრომითი ხელშეკრულების შინაარსი და დამატებითი დეტალები.
შევიძინე ქონება, რომელშიც არანაირი ცვლილება არ შემიტანია. მერიის ზედამხედველობის სამსახურმა დამაჯარიმა 8.000 ლარით და დამაკისრა ნაგებობის დემონტაჟიც. ვუმტკიცებდი, რომ არ ჩამიდენია არანაირი კანონდარღვევა და ასეთი ვიყიდე. ადვოკატთან გავიარე კონსულტაცია და მეუბნება, რომ აზრი აქვს საჩივრის სასამართლოში შეტანას, რადგან მე არ ჩამიდენია არანაირი უკანონობა და ეს ჯარიმა შეიძლება გააუქმებინოს სასამართლოს. აქვს თუ არა აზრი გასაჩივრებას და როგორ უნდა ვამტკიცო, რომ ეს ასე დამხვდა? მაგალითად, მეზობლების მოწმეებად წაყვანა იქნება საკმარისი? ან ყოფილმა მეპატრონემ რომ თქვას, მან გააკეთა, ეს შედეგს მოგვცემს თუ არა.
- როგორც თავად აღნიშნეთ, ადვოკატთან გაქვთ გავლილი კონსულტაცია, რაც მაძლევს საფუძველს, ვიფიქრო, რომ მან დეტალურად განიხილა საქმე და აგიხსნათ ყველა თავისებურება. დიახ, გასაჩივრებას აქვს აზრი, თუ დგინდება, რომ სამართალდამრღვევი პირი სხვა არის, როგორც მოწმეებით, ასევე სხვა მტკიცებულებებითაც. არც ერთ ადვოკატს არ აქვს უფლება, მისცეს კლიენტს გარანტია და წინასწარ უთხრას, თუ რა შედეგით დასრულდება საქმე, რამდენად პერსპექტიულიც არ უნდა იყოს ის, ხოლო როგორც თქვენი კითხვიდან ჩანს, სამართლებრივი შეფასება უკვე გაგიკეთათ ადვოკატმა, გიღირთ თუ არა დავა, ეს თქვენი გადასაწყვეტია.
მინდა შევიძინო ქონება, რომელიც სახელმწიფოს ბალანსზეა. როგორ შეიძლება ამ ქონების შეძენა? ვის უნდა მივმართო და რა უნდა გავითვალისწინო?
- უნდა მიმართოთ ქონების მართვის სააგენტოს და მოითხოვოთ აღნიშნული ქონების აუქციონზე გატანა. გასათვალისწინებელია, რომ თქვენ გარდა, შეიძლება სხვა დაინტერესებული პირიც იყოს და მან დაგასწროთ ქონების შეძენა აუქციონზე,
მაქვს მიწის ნაკვეთი, მყიდველს აქვს თანხის ნაწილი, უნდა ეს ქონება ჩადოს ბანკში და დანარჩენი თანხა იქიდან გამოიტანოს. რამდენად სარისკოა ჩემთვის ასეთი გარიგება და რომ არ დავზარალდე, რა უნდა გავითვალისწინო?
- როგორც წესი, როდესაც მყიდველი იღებს იპოთეკურ სესხს უძრავი ქონების შესაძენად, ხდება ამ ქონების შეფასება და ასევე აღნიშნული ქონებით სესხის უზრუნველყოფა. რაიმე სახით რისკის შემცველი რომ არ აღმოჩნდეს თქვენთვის გარიგება, უმჯობესია, მყიდველის მიერ აღებული სესხის თანხა პირდაპირ თქვენს, გამყიდველის ანგარიშზე აისახოს, ანუ იპოთეკით ქონების დატვირთვის პარალელურად თქვენს ანგარიშზე ჩაირიცხოს სესხის თანხაც და ასევე თანხის ის ნაწილიც, რაც დამატებით უნდა გადაგიხადონ.
ვარ ქმართან გაშორებული და ყოფილი ქმრის თანხმობით ავიღე ბავშვის პასპორტი, რომელსაც ვადა ახლახან გაუვიდა. ყოფილი ქმარი წასულია საქართველოდან, განახლება რომ გავაკეთო, მამის თანხმობა ისევ საჭიროა?
- დიახ, თუ არასრულწლოვანი ბავშვი არის 16 წლამდე, ამ შემთხვევაში ორივე მშობლის თანხმობაა საჭირო ბავშვის პასპორტის ასაღებად, 16 წელს მიღწეულის შემთხვევაში კი ერთი მშობლის თანხმობაც საკმარისია ბავშვისთვის პასპორტის ასაღებად. თუ მამა თანახმაა, შეგიძლიათ მინდობილობა გააკეთებინოთ ნოტარიუსთან მამას ონლაინჩართვის მეშვეობით.
ორი სხვადასხვა ბანკიდან აღებული მქონდა სესხი, რომელსაც 4 წლის განმავლობაში ვიხდიდი. მერე შემექმნა სერიოზული პრობლემები და ვეღარ გადავიხადე, ბოლო გადახდიდან გასულია 9 წელი და ერთი ლარიც არ ჩაგვირიცხავს. პერიოდულად რეკავდნენ ბანკიდან და გვეუბნებოდნენ, რომ სასამართლოს გადაეცემოდა. ჩვენს სახელზე არანაირი ქონება არ არის, გვაქვს სოციალურად დაუცველის სტატუსი. რა შეიძლება გავაკეთოთ? როგორც ვიცი, სესხის ხანდაზმულობის დასადასტურებლად სასამართლოს უნდა მივმართო და ადვოკატის გარეშე შევძლებ თუ არა ამას? ან სოციალურად დაუცველებს ასეთ საკითხებში თუ ეხმარება ვინმე?
- თუ სესხის ბოლო გადახდიდან გასულია 3 წელზე მეტი, თქვენს შემთხვევაში 9 წელი, და კრედიტორს ანუ ბანკს არ მიუმართავს სასამართლოსთვის და ამ საკითხზე არ არის თქვენ მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილება, თქვენ შეგიძლიათ სასამართლოს თავად მიმართოთ და მოითხოვოთ სესხის ხანდაზმულად ცნობა, სოციალური სტატუსის შემთხვევაში შესაძლოა გათავისუფლდეთ სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან, თუმცა ამ საკითხთან დაკავშირებით საზოგადოებრივი ადვოკატის უფასო მომსახურება არ გეკუთვნით კანონით. სარჩელის ფორმა არის შესავსები და დამოუკიდებლად რამდენად შეძლებთ ამას, ვერ გეტყვით.
ბინა მქონდა დაგირავებული ნაძალადევის რაიონში სესხის ხელშეკრულებით. ნოტარიულად გავაფორმეთ, მაგრამ არ აბრუნებს თანხას. იმ ბინიდანაც მოგვიწია გამოსვლამ, რადგან ავარიული იყო. მეუბნება, რომ ელოდება ინვესტორს, გაყიდის და შემდეგ ამინაზღაურებს. ბინის მეპატრონე ასაკოვანია, თან ამ ხელშეკრულებას უკვე გაუვიდა ვადა. რა შეიძლება გავაკეთო?
- თუ თქვენ გქონდათ სესხის ხელშეკრულება დადებული და მოთხოვნის წარმოშობიდან გასული არ არის სამი წელი, უმჯობესია მიმართოთ სასამართლოს და მოითხოვოთ სარჩელის უზრუნველყოფა, რათა გქონდეთ თანხის მისაღებად გარანტიები და გადაწყვეტილება არ დაგრჩეთ აღუსრულებელი.
აქციაზე ყოფნის გამო დამაჯარიმეს 5.000 ლარით, პრინციპულად არ მინდა გადახდა. ჩემს სახელზე არ არის არანაირი ქონება. არა მაქვს სახელფასო ბარათიც. ხომ არ მიადგებიან ჩემი მშობლების ქონებას? რა დრო უნდა გავიდეს, რომ ჯარიმა სასამართლოს წესით ჩამომეწეროს?
- კანონმდებლობით გათვალისწინებულია, რომ ვალდებულება ეკისრება მხოლოდ იმ პირს, ვისაც ჯარიმა დაეკისრა. ადმინისტრაციული ჯარიმის აღსრულების ვადა არის 3 წელი, თუმცა შესაძლოა სასამართლო გადაწყვეტილება მიმართულ იქნეს აღსასრულებლად, ხოლო სააღსრულებო ფურცლის მოქმედების ვადა არის 10-წლიანი. ამ დროის განმავლობაში დაგეკისრებათ საურავებიც და თუ თქვენს სახელზე აღმოჩნდება რაიმე ქონება, ან თუნდაც ანგარიშებზე რაიმე თანხა, აღსრულება იქიდან მოხდება. სააღსრულებო ფურცლის გაცემიდან 10 წლის გასვლის მერე თქვენ მიმართ არსებული მოთხოვნა იქნება ხანდაზმული.
გაზეთ „კვირის პალიტრაში“ გრძელდება მკითხველებისთვის საინტერესო კითხვებზე პასუხების გაცემა. თუ გაქვთ შეკითხვა იურისტთან და გჭირდებათ კომპეტენტური პასუხის მიღება, შეგახსენებთ ჩვენი ფოსტის მისამართს.Tea.khurtsilava@gmail.com ამ ფოსტასა და ასევე ჩვენი საიტის ვებგვერდზე, სტატიის ქვეშ, შეგიძლიათ მოგვწეროთ შეკითხვები და შევეცდებით უმოკლეს დროში მიიღოთ პასუხები