„დიახ, პოკროვსკი დაკარგულია, მაგრამ...“ - კვირის პალიტრა

„დიახ, პოკროვსკი დაკარგულია, მაგრამ...“

ამერიკის პრეზიდენტის წარმომადგენლები რუსეთის პრეზიდენტთან კრემლში გამართული მოლაპარაკების შემდეგ, 4 დეკემბერს ფლორიდის შტატის ქალაქ მაიამიში უკრაინის დელეგაციას შეხვდნენ. დასავლეთის რამდენიმე მედიასაშუალებამ ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით დაწერა, რომ უკრაინის დელეგაციას ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი რუსტემ უმეროვი ხელმძღვანელობდა, ხოლო პრეზიდენტ ტრამპის წარმომადგენლები სტივენ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი იყვნენ, რომლებმაც მანამდე, 2 დეკემბერს, მოსკოვში პუტინთან გამართეს მოლაპარაკება და სამშვიდობო გეგმა განიხილეს. ტრამპმა 3 დეკემბერს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ უიტკოფს და კუშნერს პუტინთან კარგი შეხვედრა ჰქონდათ და შთაბეჭდილება დარჩათ, რომ მას ომის დასრულება სურს. თუმცა, ტრამპის თქმით, ვერ იტყვის, რა გამოვა ამ შეხვედრიდან, რადგან "ტანგოს ორი სჭირდება".

რუსეთ-უკრაინის თემის ირგვლივ გენერალ-მაიორს, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენშტაბის ყოფილ უფროსს

ვახტანგ კაპანაძეს ვესაუბრეთ.

- პოკროვსკის მიმართულებაზე ურთიერთგამომრიცხავი ცნობები ვრცელდება - უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი სირსკი აცხადებს, რომ უკრაინელი მეომრები ამ ქალაქებში­ გარკვეულ რაიონებს ინარჩუნებენ, რუსეთმა კი პოკროვსკი "გათავისუფლებულად" გამოაცხადა. სინამდვილეში რა ხდება?

- მიმოხილვას სამხრეთიდან დავიწყებ: ზაპოროჟიეს რაიონში რუსული ძალები ცდილობენ ამ მიმართულებით წავიდნენ წინ - შემოუარონ დასახლებულ პუნქტ გულიაი-პოლეს, სადაც კახოვკის დამშრალი წყალსაცავია, თუმცა გულიაი-პოლეს ალყაში მოქცევა ვერ შეძლეს, უკრაინელები ჯერ ახერხებენ მათ შეჩერებას. რაც შეეხება პოკროვსკის მიმართულებას, მართლაც ურთიერთგამომრიცხავი მონაცემებია­, მაგრამ ომის კვლევის ინსტიტუტს თუ დავეყრდნობით, რომელიც სატელიტური­ რუკების ანალიზს იყენებს, პოკროვსკი, ფაქტობრივად, მთლიანად რუსებს აქვთ დაკავე­ბული. არის რამდენიმე პატარა რაიონი, ჩრდილო გარეუბნები, სადაც უკრაინელები­ ცდილობენ პოკროვსკიდან მომავალ ძალებს არ მისცენ საშუალება შეუერთდნენ მირნოჰრადის ჩრდილო-დასავლეთიდან მომდინარე ძალებს, რათა მირნოჰრადის დაჯგუფება ალყაში არ მოექცეს. რუსების მხრიდან მონაწილეობს ორი არმია - 51-ე და მე-2. წარმოიდგინეთ, ეს ორი დასახლებული პუნქტი ერთად აღებული, დაახლოებით ქუთაისისხელაა და მას რუსები წელიწადი და 2 თვეა, რაც იღებენ. რუსებს ეს ძალიან დიდი სისხლის ფასად უჯდებათ. შედარებით წარმატებულია მე-2 არმია, რომელმაც მოახერხა პოკროვსკის სამხრეთიდან შესვლა და მისი დაკავება, მაგრამ ნაკლებად წარმატებულია 51-ე არმია, რომელიც ჩრდილოეთიდან ცდილობს პოკროვსკის და მირნოჰრადის ალყაში მოქცევას. აქ დგება ე.წ. უკან არმობრუნების წერტილის სიახლოვე. უკრაინელებმა ახლა სწრაფად­ უნდა გადაწყვიტონ - ან ორგანიზებულად გაიყვანონ ჯარები მირნოჰრადიდან, ან გააგრძელონ ალყაში ბრძოლა და შეეცადონ იქიდან გამოს­ვლას. ისინი მედგრად იბრძვიან, მაგრამ დგება მომენტი, როცა ჯობია, ჯარები­ გამოვიდნენ და შემდეგი თავდაცვის ზღუდე დაიკავონ, რომელიც იმედია, მომზადებული აქვთ.

- ანუ პოკროვსკი დაკარგულია?

- ალბათ, დაკარგულია, უკრაინელებმა მაქსიმუმ, ერთ კვირას გაძლონ. პოკროვსკი რუსეთს დიდს ვერაფერს აძლევს, ეს უფრო პოლიტიზებული საკითხია, ვიდრე სამხედრო დაპირისპირება, ვინაიდან ეს ხდებოდა მოლაპარაკებების ფონზე. რუსებს უნდოდათ ეჩვენებინათ, რომ ქალაქი დაიკავეს, უკრაინელებს კი, რომ არაფერს თმობენ. თუ არ ვცდები, ტელეკამერების წინ გერასიმოვმა პუტინს მესამედ განუცხადა, რომ კუპიანსკი აღებულია. რუსები მის ცენტრში არიან შესული. ეს არის ქალაქი, რომელიც მდინარით შუაზეა გაყოფილი, მარჯვენა ნაპირი რუსებს აქვთ დაკავებული, მარცხენა - აბსოლუტურად უკრაინელების კონტროლქვეშაა. ასეთ ვარდისფერ ბურუსში ყოფნა პუტინს რამდენად სიამოვნებს, არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, ცდილობენ მას რაც ესიამოვნება, ის მოახსენონ.

- პუტინმა ინტერვიუში თქვა, რუსები დონბასს ნებისმიერ შემთხვევაში "გაათავისუფლებენ" ან სამხედრო გზით, ან უკრაინის ჯარები ამ ტერიტორიებს დატოვებენ და იქ ომს შეწყვეტენო. ეს როგორ წარმოგიდგენიათ?

- თუ არაფერი შეიცვალა, თუ ამ ტემპით და ინტენსივობით გააგრძელა, პუტინი­ ამ ოპერატიული გათვლებითა და რეალობით, დონბასის დაკავებას 5 წლის მერე შეძლებს. ვინაიდან დონბასი ინდუსტრიალიზებული რაიონია, იქ ბევრი საწარმო­ ან ყოფილი საწარმო, საინჟინრო ნაგებობა,­ დასახლებული პუნქტია და უკრაინელები მათი წყალობით კარგად ახერხებენ თავდაცვას. ასე რომ, ამ მიმართულებაზე უფრო უჭირთ რუსებს წინსვლა, ვიდრე ზაპოროჟიეს მიმართულებით, სადაც ტრიალი მინდორია, იქით სტეპია და ძალიან ძნელია, თავდაცვისთვის ბუნებრივი საყრდენის მოძიება. ამიტომ ოდესღაც რომ რაღაც მოხდება, ეს პუტინის სიზმრებია. ის იმასაც ტრაბახობდა, ევროპას რომ დავარტყამთ, იქ მომლაპარაკებელი აღარ დარჩებაო.

- 2 დეკემბერს კუშნერი და უიტკოფი­ მოსკოვში პუტინს შეხვდნენ, რის შემდეგაც ტრამპმა თქვა, შთაბეჭდილება დამრჩა, პუტინს ომის დასრულება სურს, თუმცა "ტანგოს ორი სჭირდებაო"... სურს პუტინს ომის დასრულება?

- ერთი მოცეკვავე რომ მეორეს მუდმივად ფეხს აბიჯებს, ეს ფაქტია. ის ერთი არ ცეკვავს ისე, როგორც უნდა ცეკვავდეს, თუმცა მოლაპარაკებების დაუსრულებლობა პოლიტიკურ და დიპლომატიურ ტაქტიკაში რუსეთის ჰიბრიდული დაპირისპირების ერთ-ერთი ტაქტიკური მეთოდია. პუტინი ჟონგლიორობს თანხმობით და უარით, აჩვენებს, რომ მზად არის შეხვედრებისთვის, მშვიდობისთვის და ამ დროს საჭირო მომენტში ამბობს უარს, შლის შეხვედრებსა და მიღებულ გადაწყვეტილებებს. 3 საათი ალოდინა ამერიკის წარმომადგენლებს, ეს მას ახასიათებს, უყვარს ასეთი ტრიუკები. მისი რეკორდია, მერკელს რომ ალოდინა 4 საათი. ერთადერთი, ვისთანაც ეს არ გაუვიდა, იყო ერდოღანი. თუ გახსოვთ, პუტინმა 2 წუთი ალოდინა კამერების წინ და შემდეგ ერდოღანმა გაცილებით მეტხანს დააყენა პუტინი კამერების წინ. ერდოღანი ისეთი "ბიჭია", პუტინს მასთან ეს ტრიუკები არ გამოსდის. არ მჯერა, რომ მას ომის დასრულება უნდა, შესაძლოა მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტის სურვილი ჰქონდეს. მას არ უნდა შეიარაღებული მასის უკან, რუსეთში დაბრუნება. ამავე დროს, სურს სულის მოთქმა, რაც შესაძლებელია ერთ შემთხვევაში - თუკი ცეცხლი შეწყდება. ასეთ შემთხვევაში ჯარები რჩებიან ადგილებზე, მხოლოდ სროლა წყდება. ასე რომ, ცეცხლის შეწყვეტა აწყობს, მაგრამ ამის მიღწევა უნდა რაც შეიძლება მეტი ბენეფიტით, მეტი მოგებით. თუ პუტინმა ამ კატათაგვობანათი მიაღწია მიზანს და უბრძოლველად მიიღო დონბასი, მაშინ რატომაც არა, ბედნიერი იქნება. უკრაინა შეიძლება წავიდეს ამაზე, ოღონდ ძალიან ძლიერი უსაფრთხოების გარანტიებით. ზელენსკი ახლა რთულ პოზიციაშია მისი უახლოესი გარემოცვის კორუფციულ სკანდალში გახვევის გამო. ძალიან ნიშანდობლივად მეჩვენა ის გარემოება, რომ ზალუჟნი გამოჩნდა კიევში, რომელმაც განაცხადა, რომ უკრაინისთვის გარანტია შეიძლება იყოს სამი რამ: ნატოში გაწევრება, ნატოს კონტინგენტის შესვლა უკრაინაში (სხვათა შორის, საფრანგეთისა და ბრიტანეთის შემდეგ თურქეთმაც განაცხადა თანხმობა, რომ მისი ჯარები მზად არიან შევიდნენ უკრაინაში სამშვიდობო მისიით) და მესამე, რაც საინტერესოა–- ბირთვული იარაღის განთავსება უკრაინის ტერიტორიაზე, რაც გამორიცხულია. ეს პოლიტიკურ განცხადებებს ჰგავს, მისი ფიგურაც პოლიტიზებულია და არ არის გამორიცხული, ის შემდგომი გადაადგილებებისთვის იქნეს გამოყენებული.

- როგორ ფიქრობთ, წაიყვანს აშშ ამ ომს დასასრულისკენ? შეძლებს ზელენსკის დაყოლიებას, ხელი მოაწეროს ხელშეკრულებას და რა ბერკეტებით? რა განწყობაა თვითონ უკრაინელ საზოგადოებაში?

- ამერიკას ბევრი ბერკეტი აქვს, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ ზელენსკის ევროპა ძალიან მყარად უდგას გვერდში. ამავე დროს, ზელენსკის ძალიან მტკივნეული გადაწყვეტილება აქვს მისაღები, რაღაც დათმობებზე რომ უნდა წავიდეს, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. მაქვს ინფორმაცია, რომ ის სამხედრო დანაყოფები, რომლებიც დონბასში იმყოფებიან, აცხადებენ, მთავრობა რომც დათანხმდეს ჯარების გაყვანას, ჩვენ არ გავალთ, ბრძოლას გავაგრძელებთო. თუმცა უკრაინელ საზოგადოებაში არ არის ერთი განწყობა, გაყოფილია აზრი, გააჩნია, რა ფორმით იქნება ეს ყველაფერი მიწოდებული. თუკი, ვთქვათ, იქნა ის ვარიანტი, რასაც ევროპა­ სთავაზობს - ცეცხლი შეწყდეს არსებულ ნულოვან ხაზზე ანუ შეხების წერტილზე, ამერიკამ დე ფაქტო აღიაროს რუსების დაკავებული ტერიტორიები (და არა დე იურე), ამ შემთხვევაში, ალბათ, უკრაინა დათანხმდება.

- ომის გაყინვა რა გამოწვევებს უჩენს უკრაინას? ამასთან, რას მოიმოქმედებს ევროპა, ზელენსკი ამ ომში მარტო რომ არ დარჩეს?

- მსგავსი ვითარებაა სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეას შორის - გაყინულ ვითარებაში სამხრეთი კორეა აშენდა და როგორი ქვეყანაა, ვხედავთ. გამოფიტვაზე ომში, სტრატეგიულ დონეზე, მნიშვნელოვანია არა ის, რა გაქვს ფრონტის ხაზზე, არამედ ის, რაც ჯერ კიდევ არა გაქვს გამოყენებული. რესურსების ომი წავა და ამ ომში ევროპის შესაძლებლობა გაცილებით დიდია, ვიდრე რუსეთის. რუსეთის მოკავშირეები არიან ირანი და ჩრდილოეთი კორეა (ჩინეთი, ჩათვალეთ, რუსეთს ფართომასშტაბიან დახმარებას არავითარ შემთხვევაში არ გაუწევს). ვინ არიან უკრაინის მოკავშირეები? - მსოფლიოს უძლიერესი ქვეყნები: გერმანია, საფრანგეთი, ბრიტანეთი, პოლონეთი და ა.შ. არა მგონია, ამერიკამ სრულიად შეწყვიტოს უკრაინის დახმარება, შესაძლოა ისიც დაემატოს. წარმოიდგინეთ, ყოველთვიურად ევროპიდან უკრაინაში 18 ათასი ტონა საბრძოლო მასალა შედის. დანიამ ისტორიაში პირველად მაგალითი მისცა სხვა ქვეყნებს და მის ტერიტორიაზე გახსნა სამრეწველო კომპლექსი და ამას აკეთებს FIRE POINT - უკრაინული კომპანია, რომელიც უშვებს "ფლამინგოებს". იქ რაკეტებისა და უპილოტოებისთვის სპეციალური საწვავის წარმოება იქნება (მშრალი საწვავი). ასევე, ბრიტანეთში დაწყებულია დრონსაწინააღმდეგო უპილოტო საფრენი აპარატის "ოქტოპუსის" აწყობა, რომელიც "შაჰიდების" წინააღმდეგ გამოიყენება­ და ამ საშუალებებს (ბრიტანული­ ტექნოლოგიით) უკრაინელი ინჟინრები აწარმოებენ. ამას დაუმატეთ ისიც, რომ უკრაინისთვის იარაღის შესყიდვას გრძელვადიანად ავსტრალია და ახალი ზელანდიაც შეუერთდნენ. ნატოს რაც შეეხება, მოლაპარაკებები მიდის უკრაინისთვის დახმარების გაზრდაზე. ყველაზე დიდი დახმარება გამოყო ნორვეგიამ - უკრაინას 500 მილიონს აძლევს ამერიკაში იარაღის შესასყიდად. ასევე, იგეგმება, რომ ნატოს წევრი ქვეყნები ყოველთვიურად 1 მილიარდ დოლარს გამოყოფენ უკრაინისთვის. ბრიტანეთმა 10 მილიონი გამოყო უკრაინაში დაზიანებული ელექტროსისტემებისა და კომპლექსების აღსადგენად, გერმანიამ - 200 მილიონი იარაღის შესაძენად და ა.შ. ასე რომ, ნატო და ევროპა ძალიან გააქტიურდნენ. ამასთან, ევროპა თვითონაც ძლიერდება, ბალტიის ქვეყნებში კი მანამდე თუ ნატოს 82 ბრიგადის განთავსება იყო გათვალისწინებული, კრემლის განცხადებების შემდეგ 49 ბრიგადა დაემატება. ამით მოიგო რამე რუსეთმა? შვედეთმა დაიწყო თავისი შესაძლებლობების გადახედვა და საუბარია შორი მანძილის რაკეტების შეძენაზე. ყველა იარაღდება და ძლიერდება, უკრაინელები ძლიერდებიან. ფაქტია, ნატო უკრაინას მარტო არ დატოვებს (მნიშვნელოვანი თანხები შედის და გააძლიერებენ უკრაინას). ამასთან, ნატო თვითონ ძლიერდება. საუბარი დაიწყეს ე.წ. შეიარაღებულ სამხედრო შენგენზე - შეიქმნება პირობები, რომლებიც საშუალებას მისცემს ნატოს დანაყოფებს გადაადგილდნენ შენგენის ქვეყნების ტერიტორიაზე დამატებითი ბიუროკრატიის, შეთანხმება-მოლაპარაკებისა და გართულებების გარეშე, რაც გააადვილებს ჯარების გადასროლას ბალტიის ქვეყნების თუ პოლონეთის მიმართულების გასაძლიერებლად. ასე რომ, არც ნატოა გულხელდაკრეფილი. ძალიან სწორად თქვა კუბილიუსმა ევროკავშირზე, პუტინმა უნდა იცოდეს, რომ ევროპა უუნარო არ არის, ხოლო დემოკრატია სუსტი, ეს უნდა დავანახოთ რუსეთსო.