"პოლიტიკოსებმა სამაგალითოდ დამსაჯეს"
"ზოგი კონცერტზეც კი არ გვპატიჟებდა, რათა ჩვენი იქ ყოფნით დამკვეთებისთვის ნერვები არ მოეშალათ"
"როგორ შეიძლება, ვინმემ იფიქროს, რომ მე მხოლოდ საკუთარი კეთილდღეობა მაღელვებდა?! ნუთუ ამდენი ხნის განმავლობაში ჩემი პროტესტი, დარდი, ხშირად ცრემლიც - ჩემი პირადი ნაწყენობის შედეგი იყო?!" - ამბობს მომღერალი ნატო მეტონიძე და იხსენებს იმ ტკივილს, რომელმაც საყვარელ საქმიანობას მოსწყვიტა.
- ჩემი სურვილით სცენას ნამდვილად არ ჩამოვცილებივარ, ეს ჩემი საყვარელი საქმე და ჩემი ცხოვრებაა. განსხვავებული პოლიტიკური მოსაზრებების გამო ქართველი ხელოვანები პოლიტიკის ნაწილად ვიქეცით. როდესაც აზრის ხმამაღლა გამოთქმა დავიწყე, უნებურად ჩავერთე პოლიტიკაში, თორემ რომელ ხელოვანს მოუნდება ამ პროცესებში გარევა? დღეს ყველა მოვლენა, ყველა ის მანკიერება, რაც ქვეყანაში ხდება, გასცდა პოლიტიკას. არადა, ეს პოლიტიკა კი არა, უზნეობაა, რომელიც ჩვენმა პოლიტიკოსებმა შექმნეს.
ასე დაგვერქვა მხარე... მე მაინც არასოდეს დამიყვია ჩემი კოლეგები შეხედულების მიხედვით, ეს თავისთავად დაგვემართა. ისინი მაკრიტიკებდნენ ჩემი ოპოზიციური განწყობის გამო, მეუბნებოდნენ, პოლიტიზებული ხარო, არადა, სწორედ ისინი იქცნენ პოლიტიკის ნაწილად...
- ოდესმე თქვენი გვარი შემსრულებელთა სიიდან ამოუღიათ?
- ამის ჩამოთვლა რომ დავიწყო, შორს წავალ... სიიდან ამოღება კი არა, ძველი კონცერტებიდან ჩემს სიმღერებს ჭრიდნენ და ისე უშვებდნენ ტელევიზიით... მრცხვენია ამაზე ლაპარაკი... თავად ხედავდით, რაც ხდებოდა... ყველასთვის ცხადი იყო, რატომ არ ვმღეროდი... სამაგალითოდ დამსაჯეს პოლიტიკოსებმა, გამინაწყენდნენ!.. მეც სულ ვგრძნობდი, რომ მსჯიდნენ. არ მიკვირს, რადგან ამგვარი საქციელი ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი იყო მათი პოლიტიკისა.
ძალიან მინდა, ეს ყველაფერი შეიცვალოს - ძალადობა სიკეთემ შეცვალოს და ხალხმა ცოტა ამოისუნთქოს... სანამ ბიძინა ივანიშვილი გამოჩნდებოდა პოლიტიკაში, ხშირად ვამბობდი, არ შეიძლება ამათ დიდხანს გაძლონ-მეთქი. მსგავს სიძულვილს, ძალადობას, ბოროტებას, რაც ბოლო დღეებში კარგად ვნახეთ, კაცობრიობის ისტორიაში დიდხანს არ უარსებია... ეს იყო მათი აბსოლუტურად ლოგიკური, მაგრამ ცოტა დაგვიანებული დასასრული.
ნორმალურ ქვეყანაში სცენასა და პოლიტიკას შორის არ შეიძლება კავშირი იყოს. არ შეიძლება, ხელოვანი დამოკიდებული იყოს პოლიტიკოსის ნებაზე... კონცერტების დაგეგმვასა თუ სხვა კულტურულ ღონისძიებებს კულტურის სამინისტრო ან ის ადამიანები უნდა წყვეტდნენ, რომლებიც შოუბიზნესში ამინდს ქმნიან. ჩემი მეგობრები თუ კოლეგები, ვისაც სურდა ჩემთან ერთად ემღერა, თავს იკავებდნენ, რადგან მათ კონცერტებს მთავრობა აფინანსებდა და მას ვერ შეეწინააღმდეგებოდნენ. ზოგი კონცერტზეც კი არ გვპატიჟებდა, რათა ჩვენი იქ ყოფნით დამკვეთებისთვის ნერვები არ მოეშალათ. შავ დღეში ჩაყარეს ჩემი კოლეგები. ისინი თავისთავად აღმოჩნდნენ ამ უხერხულ მდგომარეობაში. აუცილებელი იყო, კონცერტის ორგანიზატორს პოლიტიკური ძალისთვის ეკითხა, შეიძლებოდა თუ არა მონაწილეობა მიმეღო ამა თუ იმ კონცერტში... ბოლოს, აღარც ეკითხებოდნენ, ისედაც იცოდნენ, რა უნდა ექნათ. ერთხელ ერთი რესტორნის მფლობელმა თქვა: ახალ წელს ნატოს ვერ მოვიწვევ, რადგან ხვალ პრობლემები შემექმნებაო... მჯერა, მომავალში მსგავსი რამ აღარ განმეორდება...
ძალიან გამაღიზიანა ერთმა ფაქტმა: როცა უკვე ნათელი გახდა ამ პოლიტიკური ბრძოლის შედეგი, რომ დიდი უპირატესობით "ქართული ოცნება" იმარჯვებდა, ბევრი ნაცნობ-უცნობი თავისი ჭკუით მანუგეშებდა:“ნატო, სულ ცოტაც და შენი დროც დადგებაო... ყველაზე მეტად მაღიზიანებს ის, რომ ხალხს ჰგონია, ვინმესთვის კონკრეტულის დრო უნდა დადგეს. არადა, სწორედ ამას ვაპროტესტებ, რომ ვიღაც ვიღაცის პატიმარია, ვიღაც ვიღაცის მომღერალი, ვიღაც ვიღაცას არ ცნობს... ეს უნდა დამთავრდეს, არ შეიძლება ადამიანები რაიმე ნიშნით იზღუდებოდნენ, განსაკუთრებით ხელოვნებაში. ყველაზე სამწუხარო კი ის არის, რომ ამას ხელოვანები ეგუებოდნენ, იმიტომ კი არა, რომ ეს მოსწონდათ, სხვა არჩევანი არ დაუტოვა აწ უკვე ყოფილმა ჩვენმა მთავრობამ. საშინელ მდგომარეობაში ჩაყარეს, ხელისუფლებაზე დამოკიდებული გახადეს. ყველას გასაგონად ვამბობ: ვისაც ჰგონია, რომ ახლა ვინმეს დრო დადგება, ამაზე სამარცხვინო არაფერია! ჯვარი გვწერია! როგორ შეიძლება, ვინმემ იფიქროს, რომ მე მხოლოდ საკუთარი კეთილდღეობის გამო ვღელავდი?! ამდენი ხნის განმავლობაში ჩემი პროტესტი, დარდი, ხშირად ცრემლიც - ჩემი პირადი ნაწყენობის შედეგი იყო?! კარგად გაიხსენეთ, ჩემი პირველი პროტესტი გირგვლიანს უკავშირდება, თორემ ჩემი უსიმღერობით ქვეყანა არ დაიქცეოდა...
- დაბოლოს, როდის მოვისმენთ ნატო მეტონიძის არაჩვეულებრივ ხმას?
- მთავარია, ეს ქვეყანა დალაგდეს და ხალხს სამართლიანობისა და ღირსების განცდა დაუბრუნდეს. მეც ერთი მათგანი ვარ, ვისაც ღირსება წაართვეს და უსამართლოდ მოექცნენ.
ქეთი საგინაშვილი