"ხელისუფლებამ "ჭკვიანურ პრეტენზიებს" უნდა მოუსმინოს. ჭკვიანი მომრიგებელია საჭირო, ორივე მხარემ დასათმობი უნდა დათმოს!.."
ამ ინტერვიუში ფილოლოგ ბაბუა ალუდაურის (დუშეთის მუნიციპალიტეტის კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და ტურიზმის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი) თვალით შევხედავთ იმ რეალობას, რომლის ნაწილიც თითოეული ჩვენგანია. რატომ იხლიჩება საზოგადოება, სად გაქრა ადამიანებს შორის კეთილგანწყობა, რატომ აღარ ვესაუბრებით ერთმანეთს და რატომ იქცა სიზარმაცე ჩვენი ცხოვრების წესად?!
- ბატონო ბაბუა, გოდერძი ჩოხელი ერთ-ერთ ლექსში ამბობს: "აქედან კარგად სჩანს საქართველო". თქვენიდან როგორ სჩანს საქართველო, როგორია ჩვენი რეალობა?
- ეს არ არის ის საქართველო, როგორიც მინდა, რომ იყოს, ჩვენი რეალობა მძიმეა. საერთო დაძაბულობა, დაუნდობლობა... როდემდე შეიძლება ასე გაგრძელდეს?
- რატომ დამკვიდრდა ეს მანკიერებები ჩვენს საზოგადოებაში?
- ძნელი სათქმელია. მაგალითად, მე და ჩემს თანამშრომლებს ერთმანეთისადმი კეთილგანწყობა გვაქვს, სამეზობლოშიც ასეა, მაგრამ კეთილგანწყობა ნაკლებად იგრძნობა ქუჩაში...
- გრძნობთ თავს ამ რეალობის ნაწილად?
- რა თქმა უნდა, ვგრძნობ. რაც ქვეყანაში ხდება, ჩვენ ვართ ამის შემოქმედნი, შესაბამისად - ნაწილები. მიზეზი თითოეულმა ჩვენგანმა საკუთარ თავში უნდა ვეძიოთ, ისე საზოგადოება ვერ შეიცვლება. ალბათ, ქალაქში მცხოვრებლებს ყელში ამოუვიდათ 24-საათიანი დაძაბულობა. ალბათ, იმ ადამიანებსაც მობეზრდათ ეს დაპირისპირება, ვინც ქუჩაში დგას. დალაპარაკებაა საჭირო. ერთმანეთში მტრის დანახვა არც ხელისუფლებას და არც ოპოზიციას შედეგს არ მისცემს.
არც ერთ დროს არ მივტირი, მაგრამ როდესაც "დინამოს" სტადიონისთვის ლენინის სახელი უნდა დაერქმიათ, ედუარდ შევარდნაძე ჩავიდა და ხალხს პასუხი გასცა, ვითარება გაანეიტრალა. გამოსავალი მხოლოდ დიალოგით შეიძლება გამოინახოს. თუ ერთმანეთს არ დაველაპარაკებით, არაფერი მოგვარდება, უფრო ცუდ შედეგამდეც შეიძლება მივიდეთ...
ადრე მთაში 2 კაცი რომ იჩხუბებდა, მათ შორის შუამავალი გამოჩნდებოდა. შეიძლება ერთ გაბრაზებულ მხარეს მეორესთან ცუდი სიტყვა დაებარებინა, მაგრამ ის მომლაპარაკებელი ცუდს არ ეტყოდა. ასეთი ჭკვიანი მომრიგებელია ახლა საჭირო, ორივე მხარემ დასათმობი უნდა დათმოს.
- ადამიანები, რომლებიც ქუჩაში პროტესტს გამოხატავენ, ამბობენ, რომ სამშობლოს იცავენ და აქ კომპრომისი ვერ წარმოუდგენიათ.
- ხელისუფლებაც ამბობს, რომ სამშობლოს მსახურებაშია. რა ვქნათ?! დიალოგით უნდა მოხდეს შეჯერება, ერთმა ქუჩიდან და მეორემ ტრიბუნიდან კი არ უნდა იყვიროს! ხელისუფლებამ "ჭკვიანურ პრეტენზიებს" უნდა მოუსმინოს.
- თქვენთვის რა არის "ჭკვიანური პრეტენზიები"?
- არაბული ინვესტიციის თემა მაფიქრებს. რა თქმა უნდა, ინვესტიცია ქვეყნისთვის აუცილებელი და საჭიროა, მაგრამ ამ ხელშეკრულების დეტალები რატომ არ საჯაროვდება? ხალხი მოითხოვს და ვფიქრობ, ეს მოთხოვნა ჭკვიანურია. ნეტავ კიდევ ბევრი ინვესტიცია შემოვიდეს, მაგრამ რიგითმა ადამიანებმა ვიცოდეთ, იმათ რა სარგებელი აქვთ და ჩვენ რა გვრჩება. იმ დემოგრაფიული პრობლემის ფონზე, რომელიც ჩვენს ქვეყანაშია, საფრთხეს ვხედავ. იქნებ სანერვიულო არც არაფერია, გაგვაცნონ დეტალები და მერე მეორე მხარე აუცილებლად გაჩერდება. თუ არ გაჩერდებიან, მათი პრეტენზიებიც უაზრო გახდება.
მძიმე სიტუაციაა მედიაში - დაპირისპირებულ პარტიებს ჰყავთ თავიანთი მედიები. უფროს თაობას სჯეროდა, რომ ტელევიზიაში შემთხვევით არავინ ხვდებოდა, ავტორიტეტი იყო. დღესაც ზოგს ჰგონია, ადამიანი ტელევიზიით რომ გამოდის, სიმართლეს ამბობს. ამიტომ დაპირისპირებული მედიების მოსმენის შემდეგ ურთიერთობა საზოგადოებაშიც იძაბება.
"კვირის პალიტრის" აქტიური მკითხველი ვარ, ყოველ ორშაბათს ველოდები, რადგან ეს გამოცემა რომელიმე პოლიტიკური პარტიის მხარდაჭერაში არასდროს შემინიშნავს. ჩემთვის, როგორც მკითხველისთვის, ამით ხართ საინტერესო. არ დავასახელებ, მაგრამ ზოგიერთი გამოცემა რომელიღაც პოლიტიკურ ჯგუფს აშკარა მხარდაჭერას უცხადებს. საზოგადოებაც დაბნეულია, ვის დაუჯეროს, ვერ გაურკვევია. მედიის რადიკალური განწყობა მკითხველში არასაიმედო განწყობას იწვევს.
ყველამ თავის საკეთებელ საქმეს უნდა მიაგნოს და კეთილსინდისიერად, პასუხისმგებლობით ემსახუროს. ვისაც ლექსი არ ეწერება, არ უნდა დაწეროს, კარგი გამოთქმა გვაქვს: "პური მეპურემ უნდა გამოაცხოს".
- ხშირია ბულინგი, განსაკუთრებით სოციალურ ქსელებში. როგორ უნდა დაიცვან თავი ადამიანებმა ასეთი ზეწოლისგან?
- დღეს ერთი პოლიტიკოსი მეორეს ძალიან მარტივად უწოდებს "სამშობლოს გამყიდველს", "მოღალატეს". ამის მთქმელს პასუხი უნდა მოეთხოვოს, უნდა დაამტკიცოს, რომ მისი სიტყვების ადრესტი მართლაც მოღალატეა, თუ ვერ დაამტკიცებს, პასუხი თავად აგოს. ცილისწამება აუცილებლად დასჯადი უნდა იყოს.
- პოლიტიკურ ნიადაგზე დაპირისპირება მეგობრებს შორისაც არის ბზარის გამჩენი...
- მეგობრების მაგალითზე ვიცი, ერთმა მეორეს ისეთი რამ უთხრა, მრავალწლიანი ურთიერთობა გააფუჭა. ახლობლებს შორის პოლიტიკურ თემაზე დაპირისპირება სისულელეა. ჩემს გარშემო ზოგიერთს ჩემგან განსხვავებული შეხედულება აქვს, მაგრამ რადიკალურად განსხვავებული - არა. არც ტაშს ვუკრავ არავის და არც არავისთვის მიგინებია. ჩემს საქმეს ვაკეთებ, როგორც შემიძლია. ყველა პარტიაში იყვნენ და დღესაც არიან ჩემი მეგობრები. ვაჟა-ფშაველა ამბობს: "სამშობლო, როგორც უფალი, ერთია ქვეყანაზედა", "გიყვარდეთ საქართველო, რადგან მას თქვენთვის არა დაუშავებია-რა". პარტია კი არა, მთავარი სამშობლო უნდა იყოს. ყველა ვალდებული ვართ ჩვენს სამშობლოს მოვუაროთ, ეს რატომ გვავიწყდება?! თითქოს ყველა ერთმანეთს ეჯიბრება, ამ დროს ყველა თავის პრინციპს იცავს და გამოდის, რომ პრინციპს სამშობლოზე წინ აყენებენ... ჩვენი ახალგაზრდების ჯანსაღი ნაწილი ძალიან მეიმედება, მაგრამ არა ის ბიჭები, წამწამმოხატულები რომ დადიან.... გულისტკივილით მინდა ვთქვა, რომ ჩვენი დემოგრაფიული მდგომარეობა საშიIნელ დღეშია. სახელმწიფომ მრავალშვილიანი ოჯახები აუცილებლად უნდა წაახალისოს...
- კიდევ რა არ მოგწონთ ჩვენს რეალობაში?
- სოფლებში საშინელი მდგომარეობაა. ყველა ქალაქში გარბის და იქ რას აკეთებენ, არ ვიცი. დუშეთში არ არსებობს ოჯახი, რომელსაც მიწა არ ჰქონდეს, მაგრამ დამმუშავებელი აღარავინ არის. გაზარმაცების საოცარი სენია ქვეყანაში. ამ დროს ქართულ ბაზარზე უცხოეთიდან შემოტანილი პროდუქტი იყიდება. კარგად შეფუთულია, ლამაზია, მაგრამ ისეთივე კვებითი ღირებულება აქვს, როგორც ჩვენს სოფლებში მოყვანილს?
დუშეთის მუნიციპალიტეტის კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და ტურიზმის განვითარების ცენტრის დირექტორი გახლავართ. ზაფხულობით იმდენი ტურისტი მოდის, ბევრი კვების ობიექტი და სასტუმრო მუშაობს (ჩემი სამსახურის ვალდებულებაა, აღვრიცხო). საკურორტო სოფლებში, სადაც ადრე საქონელი ჰყავდათ, ახლა ყველას საოჯახო სასტუმრო აქვს, ზოგი ცხენებსაც აქირავებს, ყველანაირი პროდუქტი თბილისიდან ამოაქვთ. შემოსავალი იმდენი აქვთ, ურჩევნიათ აღარ იშრომონ და მზა კარტოფილი იყიდონ.
გარკვეული პერიოდი სოციალურ სამსახურში ვმუშაობდი და ვხედავდი, რაზე მიდიოდნენ ადამიანები იმისთვის, რომ 30 ლარი მიეღოთ. ოჯახში რომ მივდიოდი, ადამიანს ვეკითხებოდი, რამდენი სული ცხვარი ჰყავდა. მპასუხობდა, არ მყავსო, არადა, მეზობელმა ხომ იცოდა, რომ 100 სული ცხვარი ჰყავდა საძოვარზე გაშვებული. ხალხი გააზარმაცა დედების, ცოლების გამოგზავნილმა ამანათებმა... ვიცი ოჯახები, მწყემსს რომ ეძებენ. იმდენ ხელფასს და პროდუქტს ჰპირდებიან, მთელ ზამთარს ოჯახს რომ გამოკვებავს, მაგრამ ვერ პოულობენ, განა არ არიან, შრომა აღარავის უნდა.
- და ბოლოს რას გვეტყვით?
- ერთად ვიფიქროთ ჩვენს სამშობლოზე, არაფერი გამოვა, თუ არ დავილაპარაკებთ! სიზარმაცეს შევეშვათ, ნუ შევყურებთ ხელისუფლებას ყველაფრის მოსაცემად!
გვიყვარდეს ერთმანეთი, ამ სიძულვილიდან როგორმე უნდა გამოვიდეთ!
თამუნა კვინიკაძე