„როდესაც ვერ მხედავენ და მხოლოდ ხმა ესმით, ყველას ქართველი ვგონივარ, მაგრამ რომ დამინახავენ, შოკში ვარდებიან“ - კვირის პალიტრა

„როდესაც ვერ მხედავენ და მხოლოდ ხმა ესმით, ყველას ქართველი ვგონივარ, მაგრამ რომ დამინახავენ, შოკში ვარდებიან“

"ყვითელი ფოთლები" სასწაული სიმღერაა, როცა ვასრულებ, სითბოს ვგრძნობ" - ამბობს ნიგერიელი ომა ფავორი.­ ინტერნეტსივრცეში მის მიერ შესრულებულ გია ყანჩელის ამ უკვდავ კომპოზიციას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ზოგიერთს ის ხელოვნური ინტელექტის შექმნილი გოგონა ეგონა...

- ნიგერიიდან ვარ, 8 წელია საქართველოში ვცხოვრობ. სანამ ამ ქვეყანაში ჩამოვიდოდი, გაერთიანებულ სამეფოშიც ვცხოვრობდი, სამედიცინოზე ვსწავლობდი. მოვიძიე ინფორმაცია, რომელ ქვეყანაში იყო შესაძლებელი სწავლის გაგრძელება სამედიცინო მიმართულებით და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პირობები მომეწონა, მაგრამ საქართველოს შესახებ არაფერი ვიცოდი. ინტერნეტში ინფორმაციას გავეცანი, მოვუსმინე ქართულ ფოლკლორს, რამაც აღმაფრთოვანა და აქ ჩამოსვლა გადავწყვიტე. ვიფიქრე, კარგ განათლებასთან ერთად, მექნებოდა შესაძლებლობა გავცნობოდი თქვენს მუსიკასაც. 8 წელია ჯგუფ "სინთეზში" ვმღერი.

- ფოლკლორი ახსენეთ, რომელმა სიმღერამ მოგხიბლათ?

- პირველად მეგრული სიმღერა "აშო ჩელა" მოვისმინე და აღვფრთოვანდი, ემოცია ძალიან დიდხანს გამყვა.

ჩემი საყვარელი ჟანრი სოულია. დღეს, როცა ქართულ ლირიკულ სიმღერას ვმღერი, ჩემი მთავარი მიზანია, გადმოვცე ის შეგრძნებები, რომელიც მასშია ჩადებული. ქართული სიტყვები ბევრი არ ვიცი, შეიძლება ტექსტის შინაარსს ყოველთვის კარგად ვერ ვხვდებოდე, მაგრამ ქართული სიმღერა ისეთი მელოდიურია, ზუსტად იმას ვგრძნობ, რასაც მისი შექმნის წუთებში კომპოზიტორი განიცდიდა. შემიძლია გითხრათ, ის მაშინ მოწყენილი იყო, მხიარული თუ... მე, როგორც შემსრულებელს, ქართველი კომპოზიტორების განცდები და ემოცია ჩემს მსმენელამდე მიმაქვს. იმედია, გამომდის.

456-1-1765139047.jpg

- ყველაზე მეტად რომელი სიმღერა მოგწონთ, განსაკუთრებულ ემოციას რომელი გიტოვებთ?

- ეს არის გია ყანჩელის "საით მიდიხარ". როდესაც ეს კომპოზიცია პირველად მოვისმინე, იმ პერიოდში სასიყვარულო ურთიერთობაში პრობლემები მქონდა. ტექსტის შინაარსი პირველი მოსმენისას ვერ გავიგე, მაგრამ მუსიკამ იმდენი რამ "მითხრა", ისეთი მძაფრი ემოცია მომიტანა და ხასიათი ისე მაგრძნობინა, გავგიჟდი, ცრემლები ვერ შევიკავე და ვიტირე. მოგვიანებით, როდესაც ტექსტის შინაარსი გავიგე, მივხვდი, რატომ იმოქმედა ჩემზე ასე ძალიან.

- გია ყანჩელი თქვენი საყვარელი ქართველი კომპოზიტორია?

- დიახ, მისი "ყვითელი ფოთლები" სასწაულია. როცა ვასრულებ, სითბოს ვგრძნობ. როდესაც შინ მარტო ვარ და მინდა მშვიდად ვიყო, გია ყანჩელის მუსიკას ვრთავ და ვუსმენ.

- რა რეაქცია აქვთ თქვენს ნიგერიელ მეგობრებს­, როდესაც ქართულ სიმღერას ასმენინებთ?

- ჩემი ქართულად ნამღერი რომ მოისმინეს, ძალიან მოეწონათ, გაუკვირდათ, აღფრთოვანდნენ... თითქმის ყველა მეკითხებოდა, რამდენად რთული იყო ქართული სიმღერის სწავლა, როგორ მოვახერხე და ა.შ. როდესაც ჩემი ნიგერიელი მეგობრები ქართულ ფოლკლორს ისმენენ, აღნიშნავენ, რომ რაღაც საერთო გვაქვს ქართველებთან, რიტმული ნაწილი, მრავალხმიანობა... შესაბამისად, ქართული ფოლკლორი ძალიან ახლოს არის ჩემს სამშობლოსთან. როდესაც პირველად ქართული ფოლკლორი მოვისმინე, ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს შინ ვიყავი­. "სინთეზის" წევრებთან ერთად ყოველთვის ვცდილობ შევასრულო ქართული მრავალხმიანი და ქალაქური სიმღერებიც.

456-2-1765139047.jpg

- ქართველი მსმენელის რეაქცია როგორია?

- როდესაც ვერ მხედავენ და მხოლოდ ხმა ესმით, ყველას ქართველი ვგონივარ, მაგრამ რომ დამინახავენ, შოკში ვარდებიან, ზოგს არც სჯერა, რომ მე ვასრულებ. მეუბნებიან, ქართულ სიტყვებს იმდენად კარგად წარმოთქვამ, დაუჯერებელია, რომ ქართველი არ ხარო. სოციალურ ქსელში ჩემი ნამღერი რომ მოისმინეს, ზოგიერთს ნამდვილი შემსრულებელი არც ვეგონე, წერდნენ, ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი გოგოაო...

- სიმღერის გარდა, საქართველომ კიდევ რით მოახდინა თქვენზე დიდი შთაბეჭდილება?

- კულინარიით, ბუნებით, ხასიათით... ხინკალი, მწვადი, ჩაქაფული, ლობიანი ძალიან მიყვარს. საქართველო ძალიან ლამაზი ქვეყანაა, მრავალფეროვანი. მომწონს ბათუმი, ქუთაისი, ბორჯომი, ბაკურიანი... ჯგუფი "სინთეზი" რეგიონებში ხშირად ჩავდივართ და აღფრთოვანებული ვარ - ყველგან განსხვავებული ბუნებაა, ამ ქვეყანაში გამორჩეული ხალხი ცხოვრობს, სადაც არ უნდა წავიდე, სითბოს და სიყვარულს ვგრძნობ და ეს ძალიან დასაფასებელია.

- თქვენი სამომავლო გეგმები საქართვე­ლოსთან კავშირშია?

- 4 წელია, რაც სასწავლებელი დავასრულე. საქართველოში საქართველოს გამო დავრჩი. ქართული სიმღერა ისე ძალიან შემიყვარდა, მინდა მუსიკალური მიმართულებით ამ ქვეყანაში ვიმუშაო.

- ოჯახის წევრებს საქართველოს შესახებ რას უყვებით?

- ჩემი მეუღლე და შვილი საქართველოში ცხოვრობენ, მეუღლე ნიგერიელია, პროფესიით ისიც ექიმია. საზღვარგარეთ მყოფი პაციენტებისთვის ონლაინკონსულტაციებს ატარებს. ჩემს ნათესავებს, რომლებიც ნიგერიაში ცხოვრობენ, ხშირად ველაპარაკები, როგორი კარგია საქართველო, როგორი ხალხი ცხოვრობს, რაც მომწონს ამ ქვეყანაში და რაც აღმაფრთოვანებს. ემოციებს ხშირად ვუზიარებ. შეუძლებელია თქვენი ლამაზი ბუნების და ქვეყნის დიდი კულტურით არ მოიხიბლო. ჩემს ახლობლებთან იმდენს ვლაპარაკობ საქართველოზე, დიდი სურვილი აქვთ, ამ ქვეყანაში თავადაც იმოგზაურონ.

თამუნა კვინიკაძე