"ვერიკო" კვლავ "გაცოცხლდა": "ძალიან მენატრება დედა! სულ ვფიქრობ, როგორ მოვიქცე ისე, რომ მშობლების სახელი არ შევარცხვინო. ჩემთვის მატერიალური არ არის მ - კვირის პალიტრა

"ვერიკო" კვლავ "გაცოცხლდა": "ძალიან მენატრება დედა! სულ ვფიქრობ, როგორ მოვიქცე ისე, რომ მშობლების სახელი არ შევარცხვინო. ჩემთვის მატერიალური არ არის მთავარი, მთავარი სულიერება, ნიჭიერება, ადამიანების სიყვარულია"

"დედაჩემის სუნი სულ თან დამყვება, ხმა და სუნი სოფიკოსი..."

"სადაც არ უნდა ვყოფილიყავით, საკერავი მანქანა სულ თან დაჰქონდა. სად იყო მაშინ ბრენდული მაღაზიები, თვითონ გვიკერავდა ყველაფერს. სასცენო კოსტიუმების უდიდეს ნაწილსაც თავად ქმნიდა"

...მისი სახე, ღიმილი და ცრემლიც კი ქართულ კულტურაში სამუდამოდ დარჩა. ის მელოდიად იქცა, რომელიც ვერის უბნის ქუჩებიდან მთელ საქართველოს გასდევს­ და აგრძელებს ჟღერას ეკრანზე, მეხსიერებაში, გულში... სოფიკო ჭიაურელმა არა მხოლოდ ეპოქა შექმნა,­ ის ეპოქების შემკვრელი ხიდია. ჩვენ მის შვილს ნიკუშა­ შენგელაიას აკაკი ხორავას სახელობის ერთი მსახიობის თეატრში ვესტუმრეთ, სადაც წლების შემდეგ თეატრი "ვერიკო" ისევ იწყებს ახალ სიცოცხლეს...

- მას შემდეგ, რაც სოფიკო და კოტე წავიდნენ, დაიხურა თეატრი "ვერიკო", რომელიც მაყურებელმა­ ძალიან შეიყვარა. მაშინ ეს თეატრი მერიის დაქვემდებარებაში იყო, შემდეგ კანონები შეიცვალა... ძალიან რთული იყო სოფიკოს და კოტეს გარეშე ამ თეატრის შენახვა... ამასობაში, თეატრალურმა საზოგადოებამ ბატონი გიორგი გეგეჭკორის თაოსნობით განაახლა აკაკი ხორავას სახელობის ერთი მსახიობის თეატრი.­ მე და გიორგის დაგვებადა იდეა, ამ დარბაზში ხომ არ დაგვეფუძნებინა თეატრი "ვერიკო". კულტურის სამინისტრო გვერდით დაგვიდგა და პირველი სპექტაკლიც შედგა - "საიათნოვა".

fe5cc5da-84f7-4030-b39a-a53e5bc5be3e-1765139730.jpg

- ის პერიოდი გაიხსენეთ, თავად სოფიკო ჭიაურელი და კოტე მახარაძე რომ ხსნიდნენ­ "ვერიკოს"...

- სხვათა შორის, კოტეს ჰქონდა დარეჯანის სასახლეში მსგავსი თეატრი. შემდეგ იქ ეკლესია აღადგინეს და წამოსვლამ მოუწიათ. ფაქტობრივად, ჰაერში დარჩნენ და სოფიკომ გადაწყვიტა, თავისი სახლის ერთი სართული თეატრისთვის დაეთმო. ასე დაიბადა "ვერიკო" - ვერიკო ანჯაფარიძის­ სახელობის ერთი მსახიობის თეატრი, რომელსაც სოფიკო "გამქრალი ცივილიზაციის მსახიობთა თეატრს" უწოდებდა. იქ უამრავი სპექტაკლი იდგმებოდა, იმართებოდა თეატრალური შეხვედრები დიდ მსახიობებთან. ეს სახლი გახდა დიდი შემოქმედებითი სახელოსნო... მე და გიორგი გეგეჭკორს გვინდა აუცილებლად აღვადგინოთ მსგავსი შემოქმედებითი საღამოები, პოეტებსა და მწერლებთან შეხვედრები. მინდა ძალიან დიდი ადგილი დავუთმო ქართულ ფოლკლორს და ჩვენი ახალგაზრდები ვაზიარო ქართულ კულტურას.­ იქნება დღეები, როცა სტუდენტებს უფასოდ დავპატიჟებთ, მათ აუცილებლად უნდა იცოდნენ თავიანთი ქვეყნის კულტურა.

- დედა გავიხსენოთ...

- დედა უშუალო იყო ყველასთან,­ ძალიან თავმდაბალი, ამიტომაც უყვარდათ. არასდროს უვლია ცხვირაწეულს, თანაბრად ურთიერთობდა ქვეყნის პრეზიდენტებთან თუ მძღოლებთან, ყვავილების­ გამყიდველებთან, დამლაგებლებთან... ჩვენს ოჯახში ყველა ასეთი­ იყო - ვერიკო, მიშა ჭიაურელი. სოფიკო მკაცრი არასოდეს ყოფილა, თუ რამეს დავაშავებდით, ყველაზე დიდი სასჯელი ის იყო, რომ გაგვებუტებოდა და მთელი დღე ხმას არ გვცემდა. არ იცოდა ყვირილი და გაბრაზება, ჩვენთან უფრო მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა. არ ჰქონია ამბიცია, რომ მისი შვილები აუცილებლად ხუთოსნები უნდა ყოფილიყვნენ. უბრალოდ, სურდა გვესწავლა... სკოლაში იშვიათად გვაკითხავდა, სახლის გვერდით გვქონდა და პირველი კლასიდან მარტო დავდიოდით... მაშინ თბილისში ცოტა ხალხი ცხოვრობდა და ყველა ყველას იცნობდა. სხვა დრო იყო და მშობლებიც მშვიდად იყვნენ. სოფიკო შვილებით, ოჯახით ცხოვრობდა. პროფესიულად ძალიან დატვირთული იყო, მაგრამ სახლი და ოჯახი იყო მისთვის მთავარი... სადაც არ უნდა ვყოფილიყავით, საკერავი მანქანა სულ თან დაჰქონდა. სად იყო მაშინ ბრენდული მაღაზიები, თვითონ გვიკერავდა ყველაფერს. სასცენო კოსტიუმების უდიდეს ნაწილსაც თავად ქმნიდა, განსაკუთრებით აქსესუარებზე მუშაობა უყვარდა - მძივებს აწყობდა, ქუდებსაც კერავდა, ძალიან ხელმარჯვე იყო. ძვირადღირებული ბრენდების მოყვარული არასდროს ყოფილა, მაშინ არც იყო ამის საშუალება და ზოგჯერ გასტროლიდან თუ ჩამოიტანდა... უშრეტი ენერგიის იყო. არ მახსოვს უსაქმოდ დამჯდარი. მე რომ სახელოსნოში ვიჯექი და ვფიქრობდი, დამადგებოდა თავზე, რას ფიქრობ ამდენს, დახატე დროზეო!.. დედაზე უსასრულოდ შემიძლია ლაპარაკი, ის ყოველთვის ჩემს გულშია. თუ რამეს ვაკეთებ, სულ ვფიქრობ, როგორ მოვიქცე ისე, რომ მშობლების სახელი არ შევარცხვინო. უბრალოდ, ძალიან მენატრება! ბედნიერი ვარ, ასეთ ოჯახში რომ დავიბა­დე, ასეთი მშობლები მარგუნა ღმერთმა,­ ასეთი ბებიები და ბაბუები... ჩემთვის მატერიალური არ არის მთავარი, მთავარი სულიერება, ნიჭიერება, ადამიანების სიყვარულია. მადლობა უფალს იმისთვის, რაც გამაჩნია!.. როცა დედა გარდაიცვალა, ჩემთან უამრავი უცნობი ადამიანი მოვიდა. მეუბნებოდნენ, ხომ არ გგონია, მარტო შენ დაკარგე­ დედაო! სოფიკო ყველას დედა იყო, ეს იყო მისი ბუნება, თუ სიკეთის კეთება შეეძლო, უკან არ დაიხევდა... ოჯახის წევრებმა ძალიან ბევრი რამ მისი არყოფნის შემდეგ გავიგეთ.

9e84eb22-762b-46d7-976f-1db98678853b-1765139731.jpg

- როგორი იყო სახლი ფიქრის გორაზე?

- დღესასწაულებით სავსე და განსაკუთრებით მაშინ, როცა მიშა, პაპაჩემი­ იყო ცოცხალი. მიხეილ ჭიაურელი მრავალმხრივ ნიჭიერი კაცი იყო... სასწაულად მღეროდა, განსაკუთრებით რომანსებს. პოეზიაზე აღარაფერს ვამბობ. ჩემი დილა ასე იწყებოდა: ბოლო ხმაზე ჩართული მარიო დელ მონაკო ან კარუზო და ესენი ამ დროს სამზარეულოში "გრეჩიხას" ხარშავდნენ... საოცარი ადამიანები იყვნენ. უამრავი ხალხი მოდიოდა ფიქრის გორაზე. მახსოვს, ბატონი გია ყანჩელი და ნანი ბრეგვაძე მოდიოდნენ პაპასთან რჩევებისთვის, მაგალითად, "ხანუმა" რომ იდგმებოდა. პაპა მღეროდა­ და თან რჩევებს აძლევდა, რა როგორ უნდა გაეკეთებინათ. ჩვენთან ხომ ოთხი ხელოვანი­ ცხოვრობდა და ამ ოთხეულს ემატებოდა გია დანელია, ელდარ შენგელაია,­ რეზო გაბრიაძე... სულ ხალხმრავლობა იყო - ხელოვანები, უცხოელი სტუმრები­, შემოქმედებითი­ დუღილი... კარი არასოდეს იკეტებოდა.

- როგორი იყო თქვენი დროის თბილისი?­

- თბილისს ქმნიდნენ ადამიანები, თბილისური კულტურა კიდევ სხვა იყო, რომელიც ძალიან მენატრება. მენატრება იმიტომ, რომ ცვლილებას ვხედავ. ეს მარტო თბილისსა და საქართველოს არ ეხება, ყველა მეგაპოლისი იცვლება. დაწყებული პარიზით, სადაც დიდხანს ვცხოვრობდი, ნებისმიერი ევროპული ქალაქით დამთავრებული... სხვანაირი ლაზათი ჰქონდა თბილისს. თბილისური ურთიერთობები, თბილისში დამკვიდრებული წესრიგი თანდათანობით იცვლება. სამწუხაროდ, დრო ბევრ რამეს ცვლის... სოლოლაკში ან ვერაზე რომ გაივლიდი, ფანჯრებიდან პიანინოს­ ხმა ისმოდა, მღეროდნენ, ილხენდნენ და შენც გეპატიჟებოდნენ. იქვე მეწაღე იჯდა და თბილისურ ამბებს მოგიყვებოდა. ახლოს პური ცხვებოდა და ცხელ-ცხელ "დედას პურს" მოგაწვდიდნენ. მერე კიდევ ზრდილობა, უფროსის პატივისცემა - ეს ყველაფერი გაქრა, დაიკარგა თაობებს შორის. ჩემი თაობა მეტ-ნაკლებად ინარჩუნებს ურთიერთობებს, მაგრამ უკვე ისეთ ასაკში ვართ, ნელ-ნელა მივდივართ. ახალ თაობაში რაღაც სულ სხვა ტალღა მოდის და იმ ძველი­ ფასეულობების დაკარგვა ძალიან მტკივნეულია. დღეს ზედაპირულად შეიძლება ყველაფერია, მაგრამ შინაარსს რომ ამოაცლი, არაფერი რჩება. ყველა ქალაქს­ თავისი ისტორია აქვს, თავისი კულტურა - ასე იყო თბილისშიც. ყველა უბანს თავისი ტრადიცია ჰქონდა, ახალგაზრდას ეამაყებოდა, ამა თუ იმ უბნელი რომ იყო.

ურბანიზაციამაც მოიტანა ეს ყველაფერი. დღეს ვიწრო ქუჩები გადაჭედილია მანქანებით, ხალხი ელემენტარულ საშოვარზე დარბის და ამ პროცესში სულიერება კვდება, იცვლება ადამიანი. ვერაზე რომ გამოვდიოდი, სულ ნაცნობები მხვდებოდნენ. ახლა რომ გამოვდივარ სახლიდან, ფიქრის გორიდან რუსთაველამდე ერთ ნაცნობსაც ვერ ვხედავ. შეიცვალა თბილისი და მე ეს ძალიან მტკივა, იმიტომ, რომ ძალიან მიყვარს ჩემი ქალაქი, მაგრამ მე მაინც ვურთიერთობ ჩემს ქალაქთან...

306640877-421131823465240-866390559856708456-n-1-1765139731.jpg

- წარსულში რომ დაბრუნდეთ, რას ინატრებდით ყველაზე მეტად?

- მშობლებს. დედაჩემის სუნი სულ თან დამყვება, ხმა და სუნი სოფიკოსი...

- თქვენთვის სოფიკოს რომელი როლია გამორჩეული?

- ყველაზე ახლოს მის ბუნებასთან მაინც ვარდოა "ვერის უბნის მელოდიებიდან". მამამ ეს პერსონაჟი სოფიკოს ბუნებიდან გამომდინარე შექმნა. როცა ვუყურებ, იმდენად ბუნებრივია, ასე მგონია, ვარდოს კი არა, დედას ვუყურებ.\ მართლა იყო იმის გამკეთებელი, რომ შეშა მოეპარა და ბავშვებისთვის მიეცა.

"საიათნოვაც" განსაკუთრებულია. სხვათა შორის, ჯულიეტა მაზინამ და ფედერიკო ფელინიმ ეს ფილმი რომ ნახეს, სოფიკოზე თქვეს, პირველად ვნახეთ ფრესკებიდან ჩამოხსნილი კინობალერინაო...

რუსუდან შაიშმელაშვილი