„გურიის ნავთობიზა მარტო ევროპელებმა კი არა, ამერიკელებმაც მეიარეს გურია!“
არის თუ არა საქართველოში ნავთობის დიდი მარაგი? - კითხვა, რომელიც უპასუხოდ, ალბათ, კიდევ დიდხანს დარჩება. შესაძლოა ასეც იყოს საჭირო, რადგან არც აწმყო გვაქვს მთლად სერიოზული და ეგებ მომავალი მაინც გვქონდეს! ამ ეტაპზე კი სჯობს როტშილდებისა და ნობელების - მილიარდერი მეტრების მიერ გურიაში ნავთობის ძიებასა და გურულების საბაზრო ეკონომიკაზე გიამბოთ. როდესაც გურულებმა წყევლა - ცეცხლი და ნავთი ჭამეო, პირუკუ შეატრიალეს და ცეცხლითა და ნავთით თავად ჭამეს კაი პური. მართალია, დროებით, მაგრამ ესეც ხომ საქმეა!
მოკლედ, როდესაც რუსეთის იმპერატორმა ბაქოს ახალაღმოჩენილი ნავთობით აშენება გადაწყვიტა, დღევანდელი რუსებისგან განსხვავებით, ინვესტიციები ევროპას "ფოდნოსით მიართვა": აგე, შავი ოქრო, იხეირეთ და მახეირეთო, ხოლო ევროპა, როგორც გურულები იტყოდნენ, სიხარულით გადირია და დაფაცურდა. კერძოდ, ბაქოში ნობელები და როტშილდები ჩალაგდნენ. როტშილდებმა მთლად სასწაული ქნეს: ბაქო-თბილისი-ბათუმის რკინიგზის მშენებლობაში მილიონები ჩადეს, რომ ნავთობი ბათუმიდან გაეტანათ.
აი, ამ დროს, ვინცხამ, როგორც გურულები იტყვიან, რაცხა სასწაულად სუფსაში ნავთის სუნი იგრძნო და ნობელებსა და როტშილდებს გურიაშიც დოუძახა, ჩამოით, ჩვენ უკეთესი ნავთი გვაქვსო! სინამდვილეში, ალბათ, საქმე ასე იყო: გურიაში ნავთობი რუსეთის ემისრებმა დაზვერეს, რითაც რუსეთსა და მის იმპერატორს მადა მოუმატეს, რომელთაც ეს საქმე ისევ ნობელებსა და როტშილდებს გადაულოცეს. ფულიც სერიოზულად შემოტრიალდა გურულების სასარგებლოდ და არა მხოლოდ. გურული ნავთობით დაინტერესებულმა და გურიის სოფლებში ეტლით მოსიარულე (იმ დროისათვის პირველი "ბენციც" არ არსებობდა) ინვესტორებმა გურულებთან მოლაპარაკებები წამოიწყეს ნავთობშემცველი მიწების იჯარით აღებაზე, განსაკუთრებით კი სოფლებში: მიქელ-გაბრიელი, ხვარბეთი, გურიანთა და ჯუმათი - აი, აქ ხდებოდა, რაც ხდებოდა! ამ ამბებზე მოვყვებით ჩემს მეგობარ გურულ ნოე გოგიტიძესთან ერთად, რომელიც წარმოშობით სოფელ მიქელ-გაბრიელიდანაა. სახელმა არ შეგაშინოთ: სინამდვილეში ეს მთავარანგელოზების მოსახელე სოფელია, რომელსაც შემდგომში შრომა დაარქვეს და ჩაის საშუალებით გამდიდრდა. ახლაც მდიდრები არიან, ოღონდ მშრომელი ხალხი, მომავალში კი იქნებ მორიგი "სასწოულიც" მოხდეს და აქაურმა ნავთობმა სოფელი მილიარდერად აქციოს.
- ბატონო ნოე, მგონი, საქართველომ კი არა, გურულების უმეტესობამაც არ იცის, რომ ლანჩხუთსა და ოზურგეთში ნავთობს ოდესღაც როტშილდები და ნობელები დაეძებდნენ...
- ასეა, მარა, არა მხოლოდ ნობელები და როტშილდები, არამედ სხვებიც. გურიის ნავთობიზა მარტო ევროპელებმა კი არა, ამერიკელებმაც მეიარეს გურია! მაგენს მიწაში ჭინჭველსაც ვერ გამოაპარებ და გურიაში ნავთს ვინ დოუმალავდა! მარა ამ ხალხს, მათ შორის როტშილდებსაც, ნობელები ჯობნიდენ მოხერხებით. ყველაზე მეტი ჭაბურღილი მაგენს ჰქონდათ გურიაში. ორი ძმა ნობელი, რობერტი და ლუდვიგი, ნავთობიზა კრიჭაში ედგენ ყველას და მათ შორის როტშილდებსაც. რობერტი კავკასიაში ადრიდანვე ხეს ყიდულობდა და ბაქოს ნავთი რომ ნახა, მაშინვე მისწერა ძმას, ჩქარა ჩამოი, თვარა ბაქოს მთელ ნავთს როტშილდები დაეპატრონებიანო. ყველა აგენი გურიაში ჩამოლაგდა. მარა რათ გინდა, როგორც ჩამევიდენ, ისე წევიდენ, დახურეს ჭაბურღილები და გაქრენ.
- არ ჩაგეძიებით, რატომ. არ არის სავალდებულო, გურიაში ნავთობის არსებობა ვამტკიცოთ, ამბავს მომიყევი, რა როგორ იყო.
- არ ჩამეძიები, მარა, მე ხომ უნდა გითხრა, რას ფიქრობდენ გურულები ამ ამბავზე, რატომ წავიდენ გურიიდან ნობელები. გურულები ფიქრობენ, რომ გურიის მთელი ნავთის ბიზნესი ვინცხა დიდმა მდიდარმა რუსმა ან რუსმა ებრაელმა დაბლოკა, რადგან გურიის ნავთით თავად უნდოდა გამდიდრება. ფაქტებიც არის ამაზე.
- კარგი, ბატონო, მოვყვეთ.
- მოკლედ, თავიდან მეც არ ვიცი, მაგი ამბები რაფერ დეიწყო, მარა ვიცი, რომ…ბაქოში ნავთზე სამუშაოდ გურულებიც იყვნენ წასული. ალბათ, რომელცხა სახლში დაბრუნდა, ეზოში ნავთის სუნი ამოიცნო და ატეხა განგაში. აგი პატარა ამბავი ხო არ არის, ბაქოს ნავთით უკვე დიდ ფულს აკეთებდა ხალხი. რუსი მეცნიერი მენდელეევი თუ გაგიგონიათ, იგიც ჩაერთო საქმეში.

- როგორ არ გამიგონია. დიდი მეცნიერი იყო. მაგან დაალაგა პირველმა ქიმიური ელემენტები სისტემაში.
- ჰოდა, მაგი მენდელეევი ამბობდა, ბაქოდან ნავთობის გატანა მილიონჯერ ძვირი გვიჯდება, ვიდრე გურიიდან, ბაქოს შევეშვათ და გურიას მივხედოთ. მაქანე ნავთობი არის და იქნება, თანაც ერთ ფუთ ნავთობზე 20 კაპიკით მეტ სარგებელს ვნახავთ, ვიდრე ბაქოში. პირდაპირ შავიზღვისპირეთიდან ნავთობი უსწრაფესად გავა მარსელში და ხმელთაშუაზღვისპირეთშიო!
- აბა რა, გურიიდან ბათუმამდე 800 კილომეტრზე ბევრად ნაკლები მანძილია, ვიდრე ბაქოდან ბათუმამდე. სად ბაქოდან ბათუმში ნავთობის ჩატანა და სად გურიიდან!
- ჰოდა, მაგას ხელათ მიხვდა ბიზნესიც! ნობელებმა მთლად მაშინვე გამართენ ჭაბურღილები გურიაში. მაგალითად, სოფელ ომფარეთში 1870 წელს უკვე მშვენიერი ჭაბურღილი აშენდა.
- ჭაბურღილის მშვენიერებაზე რა მოგახსენო. ისე, ეგ რომელი სოფელია?
- რაფერ აგიხსნა. ლანჩხუთში სოფელ გრიგოლეთთან, კურორტთან ახლო სოფელია. მაგ სოფლებიდან დაიწყო საბაზრო ეკონომიკა გურიაში. მიწის არენდა ცეცხლის ფასი გახდა, ოუწიენ და ოუწიენ ფასებს. ზოგი დღეში ათჯერ მაინც ცვლიდა ფარას.
- მგონი, ეგ სიხარბე უფროა!
- არ იცი შენ საბაზრო ეკონომიკა. გურიას იმხელა ბიზნესი მოაწყდა, თავად ბიზნესმა გაზარდა ფასები. მაშინდელი გაზეთები ამბობენ: 1911 წელს გულიანში, ჯუმათსა და ომფარეთში მესაკუთრეები დესეტინა მიწაში 10-15 მანეთ იჯარას ითხოვდენ, ერთ წელიწადში თავად არენდატორები იძლეოდენ დესეტინაში 30-40 მანეთს, ოღონ მიწა ეშოვათ. იმფერი შემთხვევებიც იყო, მერე თავად აგი არენდატორები გასცემდენ მიწას 50 მანეთადო!
- ეგ, ალბათ, მაშინ დიდი ფული იყო.
- აბა, რა! მაგ დროს ერთი დედალი ერთი შაური ღირდა, ანუ ახლანდელი 5 თეთრი!
- კარგი დრო ყოფილა. მერე რა მოხდა?
- მერე მოხდა მაგი უცნაური ამბები, რაც გითხარი: ვინც ჭაბურღილები დადგა, ყველა ჯერ ბაქოში გამოიძახეს, მერე იქიდან დაბრუნებულებმა დაკეტეს ჭაბურღილები და გაქრენ. მაშინდელ გაზეთებში რაც წერია, ნობელების გარდა, ამერიკელმა ბიზნესმენმა მაკარტმა მიწა 40 საჟენამდე გაბურღა და გეიქცა. მასე გეიქცენ ნობელები და სხვა ბიზნესმენებიცო. კერძოდ, ბელგიელებმა სუფსაში მიწა-მიწა მთლად საჟენამდე გაბურღენ და მაგენიც გეიქცენ. 1886-87 წლებში სხვა უცნაურობებიც მოხდა. ზოგ ადგილას ნავთობს რომ მიაგნენ, კვალს მიჰყვენ და ნახეს, რომ მიწაში სუფთა ნავთი იყო სპეციალურად ჩასხმული. სინამდვილეში იმ ადგილში არანაირი ნავთობი არ იყო.
- საჟენი დაახლოებით 175 სანტიმეტრამდე საზომი ერთეული იყო. ძალიან კი უშრომიათ და მართლა უცნაურია ასე წასვლა. მიზეზზე რა იწერებოდა, რატომ არ აღმოჩნდა გურიაში ნავთობის დიდი მარაგიო?
- ვითომ გურიის ნიადაგები არ არის კარგად შესწავლილი და მაგიტომ ვერ გავიგეთ ვერაფერიო. მაგ ამბავზე რაღა გაეწყობა, მარა, აგი კი შემიძლია გითხრათ, რომ ახლა რო დიდი მეწყერი მოხდა გურიაში, ხალხმა მაშვინაც იგრძნო ნავთის სუნი გახეთქილი მიწიდან. რა ვიცი... იქნებ ოდესმე, საქართველოს მზე რომ ამოვა მაშვინ, ნავთობი გურიაში მართლა მოვიძიოთ. გურიაც კარგად ამოისუნთქებს და საქართველოც. ასე მინდა პირადად მე ძალიან!