დაუნის სინდრომის ასოციაციის კრიზისი - კვირის პალიტრა

დაუნის სინდრომის ასოციაციის კრიზისი

მას შემდეგ, რაც ცნობილი შეიქნა, რომ დაუნის სინდრომის ასოციაციას დაფინანსება შეუწყდა, გადავწყვიტე მათი ხმა საჯაროდ გამომეტანა და ასოციაციის დირექტორ ირაკლი დადიანს ვესაუბრე:

- როდის შეგიწყდათ დაფინანსება?

- სიტუაცია გამწვავდა, როდესაც სახელმწიფომ გადაწყვიტა ე.წ. "რუსული კანონის" მიღება, მიუხედავად იმისა, რომ აღსრულებაში არ იყო მოყვანილი, მაინც იქონია ზეგავლენა. საზოგადოებაში გამწვავდა სტერეოტიპები და ჩვენი სოციალური მიზნებით მოქმედი ორგანიზაციის უსაფუძვლო პოლიტიზება დაიწყო. იმავდროულად, დააფიქრა გერმანული ორგანიზაციები, თუ რამდენად უსაფრთხო და ეფექტიანი იქნებოდა დახმარების გაგრძელება.

დაფინანსების შეწყვეტის პირველი ნიშნები 2025 წლის იანვარ-თებერვალში­ გამოიკვეთა განმარტებით, - გარდამავალი პერიოდია, ველოდებით ამ კანონმდებლობის ძალაში შესვლასო. თითქოს რაღაც რეგულაციები უნდა მოჰყოლოდა აღსასრულებლად. გარდა ფინანსური პრობლემებისა, გამოიკვეთა საგანგაშო ნიშნებიც, თუ რა ბედი ეწეოდა სახელმწიფო პროგრამებს, მაგალითად, სახელმწიფოს უმნიშვნელოვანესი მხარდაჭერის, კერძოდ, პერსონალური ასისტენტის პროგრამას. განხორციელდა საპილოტო პროგრამა, შესაბამისად, გადაგზავნეს სპეციალისტებიც, დაიხარჯა დრო, დაიხარჯა ადამიანური და, რა თქმა უნდა, ფინანსური რესურსი, მაგრამ ის შედეგი, რაც უნდა მიგვეღო, ხელმისაწვდომი ყოფილიყო დახმარების აღმოჩენის სერვისი, დღემდე არა გვაქვს.

ამას, ჩვენდა საუბედუროდ, მოჰყვა უარყოფითი ტენდენცია და ამერიკული­ დაფინანსებაც შეწყდა, რაც ამერიკის მთავრობის გადაწყვეტილებაა. თუმცა, მარტიდან გამოგვიგზავნეს მოთხოვნა, რომ ვინმე უნდა გამოგვეყო სახელმწიფო უწყებებთან კომუნიკაციისთვის, რადგან სახელმწიფო სტრუქტურებისგან განკერძოებულად პროგრამები ვერ განხორციელდებოდა,­ ამ პრობლემებს ერთი კონკრეტული ენჯეოს მასშტაბი ვერ გასწვდებოდა... უკვე პროექტი მიმდინარეობდა, მაგრამ რაღაც აქტივობები შეიზღუდა. თებერვალში, ჯერ ვერბალური და შემდეგ წერილობითი კომუნიკაცია წამოვიდა მთავრობიდან და უკვე მაისში მივიღეთ ნოტიფიკაცია, რომ შეწყვეტილია ყველა აქტივობა და დაფინანსებაც შეწყდა.

- დაფინანსების შეწყვეტამ კონკრეტულად რომელ პროგრამებსა და სერვისებზე იქონია ყველაზე დიდი გავლენა?

- საუბარია არა საქმიანობის შეჩერებაზე, არამედ იმ პრეცედენტის შექმნაზე, რომ დაფინანსების წყაროები კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. არა მარტო კონკრეტული პროექტები შეჩერდა, თითქმის სრულიად გაწყდა გრანტების მიღების შესაძლებლობაც. ეს პირდაპირ უკავშირდება ახალი კანონმდებლობის ეტაპობრივ მიღებას, რაც დიდ ნეგატიურ გავლენას ახდენს ენჯეოებზე. ჩვენს შემთხვევაში განსაკუთრებით, რადგან დაუნის სინდრომის ასოციაცია 100%-ით საავტორო დახმარებაზე ვიყავით დამოკიდებული. სხა ტიპის დახმარება არასდროს მიგვიღია. სახელმწიფოსგან არ მიგვიღია არც ერთი თეთრი ჩვენი საქმიანობის დასახმარებლად. ნოემბრის ბოლოს ყველა პროექტი დასრულდა, გადავედით პატარა ანგარიშების ფაზაზე და რეალურად დაუნის სინდრომის ასოციაციას ამჟამად აღარ აქვს არც ერთი დაფინანსების წყარო.

- ახლა რას აპირებს ასოციაცია?

- ჩვენ მაშინვე დავიწყეთ დაფინანსების ალტერნატიული გზების მოძიება. კომპანია "ჯეპრასთან" ერთად დავიწყეთ კამპანია, რომელიც მიზნად ისახავს ძველი დონორი ორგანიზაციების ჩანაცვლებას. დღემდე ვაგრძელებთ თანამშრომლობას ყველა საერთაშორისო ორგანიზაციასთან, არც ერთი წუთით არ შეგვიწყვეტია მუშაობა.

- თქვენი აზრით, რატომ გადაწყდა დაფინანსების შეჩერება?

- დაინახეს გარკვეული საფრთხეები, რადგან გვეხმარებოდნენ საერთაშორისო ორგანიზაციები, რაც მიუღებელი იყო და დაიწყეს სხვადასხვა გზით შეზღუდვა. ეს არის ერთი მიზეზი. მეორე მიზეზია ის, რომ შშმ თემის მხარდაჭერა ძალიან დიდ ძალისხმევას მოითხოვს, საჭიროებს სათანადო ცოდნას, კომპეტენციას, პრაქტიკას და დიდ ფინანსურ რესურსს, რისი დათმობაც ხელისუფლებას არ სურს.

- რა სირთულეები შეუქმნა ამ გადაწყვეტილებამ სინდრომიან ბავშვებს?

- როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ფინანსების შემცირებასა ან გაუქმებაზე, არ უნდა ვიფიქროთ, რომ ეს მხოლოდ ჩვენი პრობლემაა - რომ შევძლოთ სხვების მხარდაჭერა, გვჭირდება სტაბილური საოპერაციო რესურსი, თუმცა ყველაზე დიდი პრობლემა იმ პროგრამების შეფერხებაა, რომლებიც უშუალოდ დაუნისსინდრომიანებს ძალიან სჭირდებათ, კლებულობს ან საერთოდ ქრება მათ საჭიროებებზე ორიენტირებული პროგრამები. მეორე მხრივ, ჩნდება პრობლემა სახელმწიფოს მიერ მისაწოდებელ სერვისებშიც. ასე რომ, პრობლემა მრავალწახნაგოვანია. რაც ხდება სახელმწიფოში, ყველაფერი აისახება მათზე და მათ ცხოვრებაზე. საზოგადოებაში არის მცდარი წარმოდგენა, რომ ის, რაც არ ეხება ბევრს, არ არის აქტუალური. სწორედ ასეთი დამოკიდებულების გამო რეაგირება ძალიან შენელებულია. არავინ არის უსაქმური, ვინც აქციებზე გამოდის და მონაწილეობს საპროტესტო პერფორმანსებში, ყველას გვაქვს ჩვენი საზრუნავი. მაგალითად, ისეთ ასოციაციას, რომელიც დაუნისსინდრომიანთა მხარდაჭერაზე ზრუნავს. ჩვენ გვსურს მუშაობა, ასეთი ადამიანების დაცვა და მათთვის სათანადო სერვისების მიწოდება. ისინიც ხომ ჩვენი საზოგადოების წევრები არიან!

კესო ხოსიტაშვილი