ბოტოქსის იმპერიის ვარდნა იწყება?! - კვირის პალიტრა

ბოტოქსის იმპერიის ვარდნა იწყება?!

ახალგაზრდობისა და სილამაზისაკენ ლტოლვა იმდენად აზარტულია, რომ ბოტოქს-ფილერმა ესთეტიკური მედიცინა სრულიად დაიპყრო! ალბათ, დედამიწის ზურგზე არ მოიძებნება ქალი, ვისაც თავისი ნაოჭები უყვარს. თუმცა, არა მხოლოდ ქალებმა, ბოტოქსსა თუ ფილერს მამაკაცებმაც გაუსინჯეს გემო. ასე რომ, ბოტოქსის იმპერიის წინსვლა შემოსავლების წინსვლის პროპორციულია. მაგალითად, 2024 წელს ბოტულინის ტოქსინის მსოფლიო გაყიდვებმა 6.73 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია, ბოტოქსის ინიექციების რაოდენობა კი 459%-ით გაიზარდა, განსაკუთრებით აზიის ხარჯზე. ბოლო დროს ბოტოქსი­ ქარიშხალივით შეიჭრა ინდოეთშიც, სადაც მილიონობით ადამიანი ცდილობს ამ პროცედურებით ახალგაზრდობის დაბრუნებას. თუმცა, ოდესღაც ყველა იმპერია სრულდება და შესაძლოა ბოტოქსის იმპერიაც მოულოდნელად დასრულდეს. ამის წინა პირობა კი უკვე გაჩნდა: ყოველ შემთხვევაში, მსოფლიო ბიზნესის მთავარმა­ სააგენტო BლოომბერგNეწს-მა რამდენიმე სტატია მიუძღვნა იმ მოვლენას, რომ წელს პირველად ბოტოქსისა და ფილერის გაყიდვების ვარდნა­ დაიწყო. უფრო ზუსტად, ამ პროცედურებისთვის საჭირო პრეპარატების გაყიდვა 12-15 პროცენტით შემცირდა, რაც ბოტოქსის იმპერიისთვის მძიმე დარტყმაა. ცხადია, არც კონკურენტებს სძინავთ­ და ჯერ კიდევ ზენიტში მყოფი ბოტოქსოთერაპიის ჩანაცვლებისთვის გამეტებით იბრძვიან. საუბარია კანის გაახალგაზრდავების ბუნებრივ საშუალებებზე, რომლებიც უკვე შექმნილია და როგორც ეს კომპანიები გვპირდებიან, მისი უნიკალურობით გაგვაოცებენ. თუმცა ეს ჯერ კიდევ რეკლამაა და ვნახოთ, რა იქნება. მათი თქმით, მომავალში სილამაზისთვის არ დაგვჭირდება 3-4 თვეში ერთხელ მსხვერპლად შევწიროთ სახის ნემსებით დაჩხვლეტა, კუნთების გაშეშება და ხანდახან დამახინჯებაც. ამ ყველაფრის შესახებ ექიმ მაია დონაძეს­ ვესაუბრებით.

- ქალბატონო მაია, ბოტოქს-ფილერს ძალიან ბევრი მომხმარებელი ჰყავს. ამიტომ გამაკვირვა მსოფლიო ბიზნესის პოპულარული სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულმა სტატისტიკამ, რომ ბოტოქს-ფილერის გაყიდვები ეცემა. რატომ? რით შეიძლება ჩანაცვლდეს ისინი?

- მე არ მიკვირს. ყველაფერი იცვლება და კიდევაც უნდა შეიცვალოს, უკეთესობისკენ, რა თქმა უნდა. გაჩნდა ბუნებრიობასთან მიახლოების ტენდენცია. ძირითადი მიზეზი ამ მოვლენის, ალბათ, ეს არის. მსოფლიო ისტორია სავსეა სილამაზისაკენ დაუოკებელი ლტოლვის მაგალითებით, მაგრამ ყველაფერი, რაც სილამაზეს ემსახურებოდა, ყოველთვის ბუნებრივი იყო.

- ანუ კლეოპატრაც ვირის რძეში ბანაობდა - ეს ხუმრობით. მიიჩნევთ, რომ ბოტოქს­-ფილერი ბუნებრიობას არღვევს?

- შესაძლოა ასეც იყო... რძე ხომ კანის საუკეთესონ დამატენიანებელია. მიუხედავად იმისა, რომ მაღალი დონის სპეციალისტის ჩატარებული ბოტოქს-ფილერის პროცედურების შედეგი თვალში საცემად ეფექტურია, ფაქტია, ეს პრეპარატები ბუნებრივი არ არის. კერძოდ, ბოტოქსის აქტიური ნივთიერება ბოტულინის ტოქსინია, რომელიც თავდაპირველი სახით შხამია, მაგრამ დამუშავებული უვნებელი ხდება; ფილერი კი ნაოჭების ან დაზიანებული კანის ჰიალურონის მჟავით ან კალციუმით შევსებას ნიშნავს. სწორად გაკეთებული ეს პროცედურები მართლაც ეფექტურია, მაგრამ იმავდროულად, ბლოკავენ ბუნებრივი ნერვული იმპულსების გადაცემას, მიმიკებს სახეზე, რაც ადამიანს ხელოვნურ გამომეტყველებას სძენს. მაგალითად, შესაძლოა ვინმე ჩვენ გვერდით ძალიან სასაცილოდ იქცეოდეს, ჩვენც გაგვეცინოს, მაგრამ ჩვენი თვალის გარშემო ხაზები არც "გატოკდეს", რადგანაც თვალის ქვედა ფოსოებში ფილერი გვაქვს. ეს ხომ ბუნებრივი არ იქნება?

- ისე, ყველას გვინახავს ქალები, რომლებიც ბოტოქს-ფილერის არასწორად გამოყენების გამო ასიმეტრიამ, უჩვეულო მიმიკებმა ძალიან დააზიანა, თავის თავს აღარ ჰგვანან.

- სამწუხაროდ, ასეა. ამიტომაც უნდა გაკეთდეს ეს პროცედურები სპეციალის­ტთან. თუმცა მუდმივი, ალბათ, საუკეთესო პროცედურებიც ვერ იქნება. ჩვენ ხომ ყველანი თვალს ვადევნებთ სოციალურ მედიას, სადაც ბუნებრივი სახე და ჯანმრთელი კანი თავის ადგილზე დაბრუნებისათვის იბრძვის. კიდევ რატომ ხდება პრეპარატების გაყიდვების ვარდნა? გამორიცხული არ არის, ბოტოქს-ფილერის მედიკამენტების მაგნატებს კონკურენტებიც გამოუჩნდნენ. ცხოვრება ხომ ბრძოლაა. ხომ ხედავთ, როგორ გამოკვეთილად აჩვენებენ ბოტოქს-ფილერით დაზიანებული სახეებს?! ჩემი აზრით, მომავალში სოცმედიაში მართლაც უნდა ველოდოთ ბოტოქს-ფილერის გვერდით მოვლენებზე ინფორმაციის გააქტიურებას. მათ შორის, ალბათ, არაობიექტურიც იქნება.

- მაგალითად, გამოჩნდება უფრო მეტი ყალბი მედიკამენტების ისტორიებიც. ამ მედიკამენტების მწარმოებელ კომპანიებს მილიარდობით შემოსავალი აქვთ. ცნობილია, რომ ბოტოქსის ყველაზე დიდი მაგნატი Botox Cosmetic-ი წლიურად 2.7 მილიარდი დოლარის ღირებულების პრეპარატს ყიდის, რაც წელს პირველად, სავარაუდოდ, შეუმცირდება. ამაზე მსოფლიო მედიაში სტატიაც კი ვრცელდება სათაურით: "2,7 მილიარდის გადასარჩენად". რა ეშველება მათ, ვინც ბოტოქს-ფილერის მომხმარებელია?

- უშველებელი არაფერია. ახალგაზრდობის შენარჩუნებისთვის ბრძოლა ადამიანის გენეტიკაა და ამას ვერაფერი შეაჩერებს. პროგრესი იქნება, სავარაუდოდ, აქცენტი გადავა კანის მოვლის ბუნებრივ საშუალებებზე, რომელსაც ნემსებით ჩხვლეტა ნაკლებად დასჭირდება.

- ჩვენთან თუ შემცირდა ბოტოქს-ფილერის გამოყენების ტენდენცია?

- ჩვენი ქვეყანა ყოველთვის მიჰყვებოდა კაცობრიობის განვითარების რიტმს, კერძოდ, ევროპას. მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური სტატისტიკა არ არსებობს, ბოლო წლებში ჩვენშიც შემცირდა ბოტოქს-ფილერის გამოყენება, დაახლოებით 15%-ით. ამ პროცედურების გამოყენება 18 წლიდან არის ნებადართული. მე ხშირად შევხვედრივარ ამ ასაკის გოგონებს, რომელთაც ტუჩები ხელოვნურად აქვთ დაბერილი. თუმცა ახლა ასე აღარ არის. ბევრმა ახალგაზრდა ქალმა ერთხელ ისარგებლა ფილერით და მერე აღარ მოუხმარია.

- ამასთან დაკავშირებით ჩვენი ფასებია საინტერესო. თუკი მედიკამენტების გაყიდვები შემცირდა მოხმარების შემცირების გამო, ე.ი. პროცედურებიც გაიაფდებოდა.

- დიახ, ხშირად ცხადდება პროცედურებზე ფასდაკლებები. ამ შემთხვევებში გააჩნია მედიკამენტის მწარმოებელს. ბოტოქსის ფასი მიმიკური ნაოჭების პროცედურებიდან შუბლის ნაოჭების გასწორების ჩათვლით 300 ლარიდან იწყება და 400 ლარსა და კიდევ მეტზეც ადის. ტუჩის ფილერიც დაახლოებით ამ ფასებშIი მერყეობს. თუმცა წინა წლებში 2.500 ლარამდეც ადიოდა.

- ერთი შეკითხვაც: სად მიდის კანში შეშვებული ბოტოქსი ან ჰიალურინის მჟავა?

- რა თქმა უნდა, ორგანიზმში. თუმცა შედეგებზე ჯერჯერობით კვლევები არ არის.

- კვლევები რომც იყოს, ალბათ, ბევრი არ გაითვალისწინებს. საყოველთაოდ ცნობილია, რომ სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს.

- კი ბატონო, თუმცა მსხვერპლი სულაც არ გვჭირდება.