Sand Art-ის მხატვარი - კვირის პალიტრა

Sand Art-ის მხატვარი

ქვიშით მხატვრობა შედარებით ახალი მიმართულებაა ხელოვნებაში, მაგრამ მისი ფესვები უხსოვარი დროიდან მოდის. თანამედროვე სანდ არტ, ანუ ქვიშის ანიმაციური მხატვრობა XX საუკუნის მეორე ნახევარში განვითარდა და დღეს მსოფლიოში ძალიან პოპულარულია. საქართველოში, სანდ არტ-ის მიმდევარია მხატვარი ნონა გიუნაშვილი. მისი თქმით, ქვიშაზე ხატვა ადამიანში განუმეორებელ ემოციებს აღვიძებს:

- როდის დაინტერესდით ხელოვნების ამ მიმდინარეობით?

- ეს ის შეკითხვაა, რომელიც ჩემს შემოქმედებით გზაზე ყველაზე ხშირად მსმენია. ალბათ, ამის მიზეზი ის არის, რომ საქართველოში ბევრმა არაფერი იცოდა ქვიშით მხატვრობაზე. მეც წლების წინ შემთხვევით წავაწყდი ვიდეოს, რომელმაც ჩემზე საოცარი შთაბეჭდილება მოახდინა და გადავწყვიტე მეცადა. რაც თავი მახსოვს, სულ ვხატავ, მაგრამ მოგვიანებით მივხვდი, რომ ჩემს ემოციურ, მოუსვენარ ბუნებას ყველაზე მეტად ეს მიმართულება შეეფერება.

- საქართველომ 2012 წელს პროექტ­ "ნიჭიერით" გაგიცნოთ.

- დიახ, ამ პროექტმა­ დიდი სიხარული მომიტანა. უცნაურია, რომ ქვიშაზე ხატვით "ნიჭიერის" დაწყებამდე ორი-სამი თვით ადრე დავინტერესდი. არავის ვიცნობდი, ვინც რჩევას მომცემდა, ამიტომ სახატავი დაფა თავად გავაკეთე და სხვადასხვა­ ქვიშის გამოცდის შემდეგ, ყვითელი სამშენებლო ქვიშა ავირჩიე. ქვიშაც გავცერი და ხატვა დავიწყე. მოგვიანებით გავარკვიე, რომ სპეციალური სახატავი ქვიშაც არსებობს, თუმცა მე დღესაც იმავე სამშენებლო­ ქვიშას ვიყენებ. თავიდან იყო სირთულეც და იმედგაცრუებაც, რადგან ქვიშით ხატვას სწორი ტექნიკა და სისწრაფე სჭირდება, მაგრამ დღეს უკვე ვიცი - თუ რაღაც ძალიან გინდა, აუცილებლად გამოგივა. ჩემს ცხოვრებაში ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იყო, რომ ამ პროექტში მონაწილეობა­ მივიღე და ჩემდა გასაკვირად, კიდეც გავიმარჯვე.

rustaveli-1765142081.jpg

- ვინ იყო თქვენი შთაგონების წყარო, როცა ქვიშაზე ხატვას იწყებდით?

- ჩემი შთაგონების წყარო უკრაინელი ქსენია სიმონოვა გახდა, რომელმაც ჩემამდე ანალოგიურ პროექტში გაიმარჯვა. ყველამ არ იცის, რომ ქვიშაზე ხატვა ხელოვნების ცალკე მიმართულებად მეოცე საუკუნეში ჩამოყალიბდა. მას ერთგვარი თერაპიული დატვირთვაც აქვს. ვფიქრობ, ქვიშით მხატვრობის მთავარი სილამაზე დროებითობაა: ნამუშევარი წამებში შეიძლება შეიცვალოს. შემიძლია სევდიანი ამბავი იმედიანად დავასრულო, რაც ძალიან მიყვარს. ხშირად მეკითხებიან, როგორ არ მენანება ნახატები, რომელთაც ვშლი. მე ვპასუხობ: ცხოვრებაც ხომ ასეთია? - ყველაფერი წარმავალია და ადამიანს ბოლოს მხოლოდ მოგონებები რჩება.

- როგორ ინახავთ თქვენს ნახატებს და ყოველთვის შთაგონებით ხატავთ?

- ვიდეოს ან ფოტოს სახით ვინახავ. რატომღაც ციფრული მეხსიერებით შემონახული უფრო მეძვირფასება, ვიდრე ჩარჩოში გამომწყვდეული სტატიკური ნახატები. შთაგონება ჩემთვის ყველაზე ძვირფასი თანამგზავრია, მაგრამ მხოლოდ მასზე არა ვარ დამოკიდებული. ქვიშით მუშაობა საშუალებას მაძლევს ჩემი ნახატები ნებისმიერ დროს შევქმნა. ახლა ქვიშის არტი ჩემთვის პროფესია და შემოსავლის წყაროც არის. არაერთ პროექტზე ვიმუშავე. მათ შორის იყო სატელევიზიო გადაცემები, სადაც ბევრი შემეცნებითი მიკროფილმი შევქმენი. წლების წინ შექმნილ ჩემს ნამუშევრებს ახლანდელს რომ ვადარებ, ვხვდები, რომ შემოქმედებითად გავიზარდე.

gogo-da-biwi-1765142081.jpg

- ოჯახში თუ გიწყობენ ხელს?

- ჩემი ყველაზე დიდი მეგობრები და გულშემატკივრები ჩემი შვილები არიან. საკმაოდ რთული ცხოვრების გზა გავიარე: 16 წლის ასაკში მომიტაცეს და ძალაუნებურად ბევრ რამეზე უარის თქმა მომიხდა, მათ შორის, სწავლა-განვითარებაზეც. წლების განმავლობაში ინერციით ვიცხოვრე, თითქოს საკუთარი თავი დავკარგე, თუმცა იმ ცხოვრებიდან სამი უძვირფასესი ადამიანი დამრჩა - ჩემი შვილები. ახლა ბევრ რამეს მათგან ვსწავლობ. ქუჩაში რომ გამოვდივართ, უცხო ადამიანები გაკვირვებით გვიყურებენ, ხშირად დედ-მამიშვილები ვგონივართ და ეს ძალიან მახარებს. ალბათ, შემოქმედი ადამიანისთვის ყველაზე მთავარი თავისუფლების და უსაფრთხოების განცდაა, რისი მოპოვებაც ჩემთვის ადვილი არ იყო.

- როგორ აისახება თქვენს შემოქმედებაზე დღევანდელი საქართველოს მდგომარეობა?

- მხატვრის შემოქმედება მთლიანად მის ემოციებზეა დაფუძნებული: რა სტკივა, რა უხარია, რას განიცდის. გულწრფელად რომ გითხრათ, პოლიტიკაზე საუბარი არ მიზიდავს, მე უფრო ადამიანურ ემოციებზე ვარ გადართული - მინდა ჩემი ნამუშევრებით ისეთი გარემო შევქმნა, სადაც ყველა სითბოს, სიმშვიდეს და დადებით ემოციებს იგრძნობს. რასაკვირველია, ხშირად ვფიქრობ საქართველოზე, მის მომავალზე და ჩემი პოზიცია არასდროს დამიმალავს. ბევრჯერ გამომიხატავს პროტესტი იმ პროცესებზე, რომლებიც ტკივილს მაყენებს. მე ხელოვანი ვარ და მხოლოდ ერთი ნატვრა მაქვს: ჩემს ქვეყანაში ვიცხოვრო და საყვარელი საქმე ვაკეთო. დღევანდელ საქართველოში ბევრი რამ მაწუხებს. ვფიქრობ, ჩვენი ქვეყნისთვის ევროპული კურსის შენარჩუნება უმნიშვნელოვანესი მიზანია. დიახ, მე ხელოვანი ვარ და პოლიტიკურ პროცესებს ვემიჯნები, მაგრამ თუ ვხედავ, რომ ჩემი ქვეყნის მომავალს საფრთხე ემუქრება, ადამიანებს უსამართლოდ ექცევიან, ვერ გავჩუმდები. 2008 წელს ბომბები თავზე მეცემოდა, ამიტომ ჩემთვის რუსეთი მტერია და არ მინდა ჩემს ქვეყანაში, ჩემს ქალაქში, ყოველ ნაბიჯზე რუსული ლაპარაკი მესმოდეს, არ მინდა არაბულ ქალაქებს აშენებდნენ, არ მინდა მეშინოდეს პროფესიის დაკარგვის, თუ ჩემს აზრს ხმამაღლა გამოვთქვამ.

გული მწყდება, რომ არასოდეს მიწვევენ ისეთ ღონისძიებებზე, როგორიცაა "თბილისობა", ახალი წლის ღონისძიებები ან დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ზეიმი. თითქოს დაბლოკილი ვარ, რადგან აქციებზე ძალადობა გავაპროტესტე და ჩემი სათქმელი დაუფარავად ვთქვი. მას შემდეგ არაერთი ღონისძიებაზე უარი მივიღე. ძალიან საწყენია იმის გაცნობიერება, რომ შეიძლება შენი საყვარელი საქმე ვეღარ აკეთო და სამუშაო აღარ გქონდეს, თუ ჩუმად არ იქნები! მომავალს მაინც იმედით ვუყურებ. მჯერა, რომ ბოლოს და ბოლოს, ყველაფერი ცუდი კარგით შეიცვლება და ჩვენს ნანატრ ევროპულ საქართველოში ვიცხოვრებთ.

ხათუნა ჩიგოგიძე