ქართველი კონსტრუქტორი, რომელმაც თვითმფრინავებს ზებგერითი სიჩქარე „მიანიჭა“... - კვირის პალიტრა

ქართველი კონსტრუქტორი, რომელმაც თვითმფრინავებს ზებგერითი სიჩქარე „მიანიჭა“...

ქართველი საავიაციო კონსტრუქტორების: ალექსანდრე ქართველიშვილის, ალექსანდრე ნადირაძის, მიხეილ გრიგორაშვილის, გიორგი ბერიაშვილისა და სხვათა სახელებს ქართველი საზოგადოება უკვე კარგად იცნობს. ამაში არცთუ მცირე წვლილი მიუძღვის "კვირის პალიტრასაც",­ რომლის ფურცლებზე 1996 წლიდან ვაქვეყნებთ სტატიებს საზღვარგარეთ მცხოვრებ და მოღვაწე ქართველ სამხედრო კონსტრუქტორებზე. ამ კოჰორტაში შედის კიდევ ერთი ქართველი კონსტრუქტორი, რომლის თაობაზეც ძალზე მწირი ინფორმაცია მოიპოვება საქართველოში, მიუხედავად იმისა, რომ სწორედ მისი უშუალო ხელმძღვანელობით იწარმოებოდა ის "რკინის გულები", რომლებმაც თვითმფრინავებს ზებგერითი ანუ 1 200 კმ/სთ მეტი სიჩქარის განვითარების საშუალება მისცა.

ამჯერად სტატია ნიკოლოზ გიორგის ძე მეცხვარიშვილის ძალზე საინტერესო სამეცნიერო საქმიანობას ეხება.

1911 წელს ხარკოვში დაბადებულმა ნიკოლოზ მეცხვარიშვილმა 14 წლის ასაკში ტიფლისში დაიწყო მუშაობა მჭედლის თანაშემწედ, თუმცა მალევე მოსკოვში გადავიდა ხარატად, ხოლო 1936 წელს მოსკოვის საავიაციო ინსტიტუტი დაამთავრა და მეორე მსოფლიო ომის დროს საბჭოთა საბრძოლო თვითმფრინავების შიდაწვის ძრავების გაუმჯობესებაზე მუშაობდა. მან ომის შემდეგ უფრო ისახელა თავი, წარმოებაში კლიმოვის პირველი საბჭოთა­ რეაქტიული ძრავის (რომელიც სინამდვილეში ბრიტანეთში შეძენილი "როლს-როისის" "ნინის" ტიპის ძრავის კლონი გახლდათ) წარმატებით დანერგვის გამო, რისთვისაც სტალინის სახელობის პრემიაც დაიმსახურა, მაგრამ სახელი მაინც პირველი საბჭოთა ფორსაჟკამერიანი ტურბორეაქტიული ძრავის (რომლის საქშენიც რეგულირდებოდა) Р11Ф-300 -ის შექმნითა და დახვეწით გაითქვა. ამ ძრავის შექმნა 1953 წელს კონსტრუქტორმა მიკულინმა წამოიწყო, მაგრამ არასახარბიელო შედეგების გამო ეს საქმე კონსტრუქტორ ტუმანსკის გადააბარეს და მისი სერიული წარმოება დაიწყეს მოსკოვთან, ტუშინოს ქარხანაში, სადაც მე-300 საცდელი საკონსტრუქტორო ბიუროს ხელმძღვანელი ჩვენი თანამემამულე ნიკოლოზ მეცხვარიშვილი გახლდათ.

1-mec-1765143388.jpg
ნიკოლოზ მეცხვარიშვილმა გამანადგურებლებს ზებგერითი სიჩქარით ფრენა "ასწავლა"... ის 54 წლის ასაკში გარდაიცვალა

ნიკოლოზ მეცხვარიშვილმა უდიდესი როლი შეასრულა ტურბორეაქტიული ძრავების შექმნა-დახვეწაში, რომელთა გარეშე ჰაერში ვერ აფრინდებოდა ვერც მიქოიანის МиГ-21, ვერც იაკოვლევის Як-28 და ვერც სუხოის Су-15, ანუ შექმნა სწორედ ის ზებგერითი რეაქტიული საბრძოლო თვითმფრინავები, რომლებითაც "ცივი ომის" დროს კრემლმა სამხედრო პარიტეტი დაამყარა ამერიკულ სამხედრო ავიაციასთან.

სწორედ მეცხვარიშვილის უშუალო ხელმძღვანელობით მოხერხდა, რომ მოდიფიცირებულმა Р11Ф-300 ტიპის რეაქტიულმა ძრავამ ფორსაჟის რეჟიმში თითქმის 6 ათასი კგ გაწევის ძალა აჩვენა. ასეთი მძლავრი რეაქტიული ძრავის შედარებით მსუბუქ, მიქოიანის МиГ-21 ტიპის გამანადგურებელზე დაყენების შემდეგ ამ საბჭოთა გამანადგურებელმა ვიეტნამის ომში ამერიკულ "ფანტომებს" თანასწორი წინააღმდეგობა გაუწია.

მეცხვარიშვილის მოდერნიზებულ ფორსაჟკამერიან რეაქტიულ ძრავებს, მიქოიანის გარდა, კონსტრუქტორი იაკოვლევიც ამონტაჟებდა თავის საფრონტო ბომბდამშენ Як-28-ზე, არანაკლებ ცნობილი კონსტრუქტორი სუხოი კი - ზებგერით გამანადგურებელ გზაგადამჭრელ Су-15-ზე.

3-mec-1765143388.jpg
მეცხვარიშვილის პირველი საბჭოთა ფორსაჟკამერიანი ტურბორეაქტიული ძრავის - Р11Ф-300-ის სიგრძე 4,6 მ იყო, დიამეტრი 90 სმ, იწონიდა 1 146 კგ-ს და ავითარებდა 6 ათასამდე კგ გაწევის ძალას, მაგრამ რესურსი პირველ რემონტამდე მხოლოდ 100 სთ ჰქონდა, აქედან ფორსაჟულ რეჟიმში არა უმეტეს 30 სთ მუშაობისა, თუმცა იმ დროისთვის ეს დიდ მიღწევად ითვლებოდა...

მეცხვარიშვილის მოდერნიზებული რეაქტიული ძრავის ასლების მასობრივი წარმოება ჩინეთმაც დაიწყო და მათ J-7 ტიპის გამანადგურებელ თვითმფრინავზე ამონტაჟებდა. სულ დამზადებულია 20 ათასზე მეტი ერთეული სხვადასხვა მოდიფიკაციის Р11Ф-300 ტიპის ტურბორეაქტიული ძრავა, რომელთა საშუალებით არანაკლებ 18 ათასმა საბრძოლო თვითმფრინავმა (ზოგიერთს ორი ძრავა ჰქონდა) იფრინა და ნაწილი დღესაც დაფრინავს ჩინეთისა თუ ჩრდილოეთ კორეის ცაში.

მართალია, კონსტრუქტორი მეცხვარიშვილი უცნობი იყო საქართველოს მოსახლეობისთვის, მაგრამ 1960-იანი წლებიდან 1992 წლის ჩათვლით მის "სახელს" ირიბად, ალბათ, ყოველდილა იხსენებდა ათასობით მოქალაქე არცთუ სასიამოვნო კონტექსტში, როდესაც მარნეულის აეროდრომიდან აფრენისას გამანადგურებელ-გზაგადამჭრელი Су-15-ები მეცხვარიშვილის ორი რეაქტიული ძრავის საშინელ გამაყრუებელ ხმას გამოსცემდნენ... ანალოგიურ "ბედნიერებას" განიცდიდნენ ვაზიანისა და ცხაკაიის ბინადრებიც, თუმცა მცირე "შეღავათით", რადგან ბაზირებულ МиГ-21-ებს მეცხვარიშვილის მხოლოდ ერთი რეაქტიული ძრავა ჰქონდათ. სამაგიეროდ, 1970-იან წლებში კურორტ გუდაუთას იაკოვლევის Як-28-ზე დაყენებული მეცხვარიშვილის ორი ფორსაჟჩართული ძრავა დილაუთენია "წამოყრიდა" ხოლმე ადამიანებს.

ზემოხსენებული საბჭოთა საბრძოლო თვითმფრინავები დიდი ხანია აღარ დაფრინავენ, ისინი დაჭრეს და ჯართში ჩააბარეს, თუმცა მათგან ამოღებული "რკინის გულების" - მეცხვარიშვილის პირველი საბჭოთა ფორსაჟკამერიანი ტურბორეაქტიული ძრავების - Р11Ф-300-ების მცირე ნაწილი დღესაც აგრძელებს "გუგუნს"...

4-mec-1765143388.jpg
იცოდით, რომ თბილისის თავზე ყოველ 26 მაისს გადამფრენ ამ ქართულ "მიმინოებს" ჩვენი თანამემამულე მეცხვარიშვილის რეაქტიული ძრავები სწევდნენ ჰაერში?

ჩამოწერილი საბრძოლო თვითმფრინავებიდან მოხსნილი მეცხვარიშვილის ძრავები დაყენებულია... სახანძრო მანქანების ძარებზე და გამოიყენება ნავთობ- და აირსაქაჩ ჭაბურღილებზე განსაკუთრებულად საშიში ხანძრების ჩასაქრობად.

სახანძრო მანქანა მასზე დაყენებული მეცხვარიშვილის ძრავით უკუსვლით უახლოვდება ძლიერი ხანძრის კერას და მთელ სიმძლავრეზე ამუშავებული რეაქტიული ძრავის საქშენიდან დიდი სიჩქარით გამოტყორცნილ ჰაერის ნაკადს მიმართავს ხანძრის კერისკენ, რა დროსაც ამ ჰაერის ნაკადს ერევა წყლის ჭავლიც­ და აირწყლიანი შერეული ნარევი უფრო ეფექტიანად აქრობს ძლიერი ცეცხლის კერას.

გარდა ამისა, მეცხვარიშვილის ტურბორეაქტიული ძრავა მონტაჟდება იმ სპეციალურ ავტომობილებზეც, რომლებსაც აეროდრომების ბეტონირებული ასაფრენ-დასაფრენი ზოლების გაწმენდა ევალებათ თოვლისგან და ყინულისგან - რეაქტიული ძრავის საქშენიდან გამოტყორცნილი მაღალი სიმხურვალის აირების ნაკადი პირდაპირ ადნობს ყინულს და აეროდრომს უხიფათოს ხდის თვითმფრინავების აფრენა-დაფრენისთვის.

ჩინელები კი რუსებზე უფრო ჭკვიანად მოიქცნენ და მას შემდეგ, რაც საბრძოლო შემადგენლობიდან გამოიყვანეს მეცხვარიშვილის ტურბორეაქტიული ძრავებით აღჭურვილი თავიანთი J-7 ტიპის გამანადგურებელი თვითმფრინავები, ისინი კი არ დაჭრეს და ჯართში ჩააბარეს, არამედ შეინახეს - მეცხვარიშვილის ძრავებს და მის ჩინურ ასლებს (ჩინური ასლის WP-7 რეაქტიული ძრავის რესურსი თავდაპირველად 100 საათზე ნაკლები გახლდათ) დარჩენილი აქვთ მუშაობის რამდენიმესაათიანი რესურსი, რაც ჩინეთის გენშტაბს საშუალებას აძლევს ბომბებით დატვირთული ეს თვითმფრინავები უპილოტო რეჟიმში ერთგვარ ფრთოსან რაკეტებად გამოიყენონ, რომლებსაც მხოლოდ ერთი გზის გაფრენა მოუწევთ მიზნამდე მისაღწევად.

და კიდევ ერთი - მეცხვარიშვილის "რკინის გულის" გუგუნი დროდადრო ისევ ისმის ქართულ ცაში, განსაკუთრებით ყოველი წლის 26 მაისს, როდესაც საქართველოს დამოუკიდებლობის დღის საზეიმოდ აღნიშვნისას ქართველი სამხედრო მფრინავები Су-25 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებით დაბალ სიმაღლეზე გადაუფრენენ დედაქალაქ თბილისს და ცაში საქართველოს დროშის თეთრ-წითელ სერპანტინს ტოვებენ... შეიძლება თავად ამ ახალგაზრდა მფრინავებმაც არ იციან, რომ მათ მოიერიშე "მიმინოებზე" დაყენებული ორი Р-95Ш ან Р-195 ტიპის ტურბორეაქტიული ძრავა სინამდვილეში სწორედ ჩვენი თანამემამულის, ნიკოლოზ მეცხვარიშვილის ხელმძღვანელობით ჯერ კიდევ 70 წლის წინ წარმოებული პირველი საბჭოთა ფორსაჟკამერიანი ტურბორეაქტიული ძრავა Р11Ф-300-ის გამარტივებული მოდიფიკაციაა, რომელსაც... მოხსნილი აქვს საფორსაჟო კამერა და ძრავის საქშენიც არ რეგულირდება.