ომი და შოუ-ბიზნესის ვარსკვლავი: რატომ დუმს სოფია როტარუ?! - "მერწმუნეთ, მას ძალიან უნდა ლაპარაკი, მაგრამ არის ერთი გარემოება, რომელიც ხელს უშლის..." - კვირის პალიტრა

ომი და შოუბიზნესის ვარსკვლავი: რატომ დუმს სოფია როტარუ?! - "მერწმუნეთ, მას ძალიან უნდა ლაპარაკი, მაგრამ არის ერთი გარემოება, რომელიც ხელს უშლის..."

„რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ უკრაინელი მომღერალი სოფია როტარუ, პრაქტიკულად, ჩამოშორდა საჯარო გამოსვლებს და მხოლოდ იშვიათად თუ ახსენებს თავს საზოგადოებას მოკლე პუბლიკაციებით“, - ნათქვამია უკრაინულ გამოცემა „ობოზრევატელში“ (Obozrevatel) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით - „მას ლაპარაკი სურს, მაგრამ თავს იკავებს“: რატომ დუმს სოფია როტარუ წლების განმავლობაში?“ (ავტორი - კატერინა გალუშენკო). „მომღერლის ნათესავების თქმით, სოფია როტარუსა და მის თაყვანისმცემლებს შორის გადაულახავი გარემოება არსებობს“, - ნათქვამია პუბლიკაციაში.

გთავაზობთ სტატიას შემოკლებით:

უკრაინელი მომღერალი სოფია როტარუ უკვე 4 წელია, საჯარო სივრცეში დუმილს ინარჩუნებს. ომის დაწყების დროიდან მოყოლებული, ვარსკვლავი სოციალურ ქსელებში არ ჩანს, ხოლო მისი იშვიათი შეტყობინებები მხოლოდ მოკლე სადღესასწაულო მილოცვებს წარმოადგენს ან გრაფიკულ ემოციურ რეაქციებს (ე. წ. სმაილებს) დაბომბვებსა და სროლებზე. თუმცა, როგორც ირკვევა, ხანგრძლივი დუმილის მიზეზი არც გულგრილობა არის და არც უკრაინის ბედზე მისი უდარდელობა.

ჟურნალისტმა ალექსი სუხანოვმა, რომელიც ახლახან აცხადებდა, რომ მას ურთიერთობა უშუალოდ სოფია როტარუსთან არ აქვს, მაგრამ ხშირად ესაუბრება მის ახლონათესავებს, „ობოზრევატელთან“ საუბრისას თქვა, რომ სწორედ მომღერლის ახლობლებმა გაანდეს მას რეალური მიზეზი, თუ რატომ არ იძლევა იგი ინტერვიუებს, თუმცა რეალურად მას ამის გაკეთება ძალიან სურს: „მე თვითონ მინდა სოფია მიხაილოვნასთან ინტერვიუს ჩაწერა, მაგრამ იგი უარს ამბობს... მერწმუნეთ, მას ძალიან უნდა ლაპარაკი, მაგრამ არის ერთი გარემოება, რომელიც მას ხელს უშლის. მისი დუმილი უბრალოდ დუმილი არ არის“.

ჟურნალისტმა ხაზი გაუსვა, რომ არ აქვს უფლება, გაამჟღავნოს მიზეზი, მაგრამ მიანიშნა: „მომღერლის გაჩუმება დაკავშირებულია არა იმასთან, რომ მას თითქოსდა არ სურს უკრაინელ საზოგადოებასთან ურთიერთობა, არამედ - მის მდგომარეობასთან. მე უფლებამოსილი არ ვარ, რაიმე ვთქვა, მაგრამ მენდეთ, რომ ის უბრალოდ არ დუმს. ისე არ იფიქროთ, რომ მისთვის რაც ირგვლივ ხდება, მნიშვნელოვანი არ არის“.

ალექსი სუხანოვს ადრეც უთქვამს, რომ სოფია როტარუს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, ემოციური და ფიზიკური თვალსაზრისით. „მას დრო სჭირდება, რომ ძალები მოიკრიბოს“. ჟურნალისტის ნათქვამს ადასტურებს სოფიას უმცროსი და - აურიკა როტარუც. ამას წინათ მან უარყო ყალბი ინფორმაცია, რომ მომღერალი, თითქოსდა, „იტალიაში წავიდა საცხოვრებლად და ხაზი გაუსვა: სოფია თავის სახლში ცხოვრობს, კიევის გარეუბანში და ოჯახთან ერთად რჩება. „ჩემი და არსადაც არ წასულა. იგი ძალიან დარდობს ჩვენს დამცველ ბიჭებზე, ჩვენს უკრაინაზე. მას აქვს ფონდი, საიდანაც ჩვენს მეომრებს ეხმარება. სოფია არც მოსკოვშია, არც ყირიმში და არც რომში, იგი აქაა, უკრაინაში“.

რა არის ცნობილი სოფია როტარუს პოზიციის შესახებ

2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ მომღერალმა შეწყვიტა ნებისმიერი მოქმედება საჯარო სივრცეში. დიდი ხნის განმავლობაში მისი სოციალური ქსელი არ მუშაობდა, მხოლოდ ორი-სამი ფოტო თუ გამოაქვეყნა. იგი არ აკომენტარებდა საომარ სიტუაციაზე და ხმამაღალ განცხადებებს არ აკეთებდა, მხოლოდ შიგადაშიგ თუ გამოხატავდა თავის უკმაყოფილებას რუსების მიერ უკრაინის ქალაქების დაბომბვაზე, ისიც - მხოლოდ სიმბოლურად, გრაფიკული ემოციებით („სმაილებით“).

მომღერლის უეცარი გაქრობის გამო ვრცელდებოდა ვარაუდები, რომ სოფია როტარუ საზღვარგარეთ გაემგზავრა, მაგრამ აურიკას თქმით, „მას უკრაინა უყვარს და გულწრფელად დარდობს იმაზე, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება“.

როცა ამას წინათ სოფია როტარუ 78 წლის გახდა, მან სოციალურ ქსელში რამდენიმე ფოტოსურათი გამოაქვეყნა - იგი კამერის წინ კიევის რამდენიმე ლამაზ ადგილზე პოზირებდა. როგორც ცნობილი გახდა, უშუალოდ დაბადების დღე მომღერალმა თავის მშობლიურ სოფელში აღნიშნა - ჩერნოვცის ოლქის სოფელ მორშინცში (ბუკოვინაში).

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო