"ვსაუბრობთ „ეკონომიკურ თუხთუხზე“, ქუჩაში "პრიუსზე“ მეტი „პორშე“ დადის, მაგრამ თბილისიდან 30-40 კილომეტში სრულიად სხვა რეალობაა" - ნიკოლოზ ალავიძე - კვირის პალიტრა

"ვსაუბრობთ „ეკონომიკურ თუხთუხზე“, ქუჩაში "პრიუსზე“ მეტი „პორშე“ დადის, მაგრამ თბილისიდან 30-40 კილომეტში სრულიად სხვა რეალობაა" - ნიკოლოზ ალავიძე

„ბიუჯეტს გაუჭირდა და სხვადასხვა მანიპულაციებით ხდება ამ თანხის ამოღება“, - ასე აფასებს „ჯეოქეისის“ მრჩეველთა საბჭოს წევრი ნიკოლოზ ალავიძე სოციალურად დაუცველთა დასაქმების პროგრამის გაუქმებას.

როგორც მან „პალიტრანიუსისა“ და რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა, გადაწყვეტილება კარგია, რადგან ეს „პოლიტიკური მოსყიდვის ინსტრუმენტი“ იყო და არა ეკონომიკური დოვლათის შემქმნელი.

მისივე თქმით, ის თანხა, რომელიც „ფორმალურ დასაქმებაში“ იხარჯებოდა, ამ ადამიანების გადამზადებასა და რეალურ დასაქმებას უნდა ხმარდებოდეს.

„გადაწყვეტილება, რომ უქმდება ეს „პოლიტიკური მოსყიდვის ინსტრუმენტი“, არის კარგი. იმიტომ, რომ ინდივიდუალურად ამ 29 000 ადამიანისთვის, ეს ვითომ დანამატი, წახალისება, არანაირად ბენეფიტური არ იყო. ეს იყო პოლიტიკური მოსყიდვის ელემენტი, რომელსაც „რჩეული“ 29 000 [ადამიანი] იღებდა.

სამწუხაროდ, 700 000-ზე მეტია სოციალურად დაუცველთა ბაზაში დარეგისტრირებული და 1.2 მილიონზე მეტია მომლოდინე, ანუ დაახლოებით, 2 მილიონამდე ადამიანი ამ სახით აცხადებს, რომ სოციალურად დაუცველები არიან. ობიექტურად, შეიძლება რომ ეს რეალობა იყოს.

როდესაც ვსაუბრობთ „ეკონომიკურ თუხთუხზე“, ქუჩაში გავდივართ და „ტოიოტა პრიუსზე“ მეტი „პორშე“ რომ დადის, გგონია, ყველაფერი მართლა იდეალურად არის, მაგრამ თბილისიდან 30-40 კილომეტრის გარეთ, სრულიად სხვა რეალობაა.

ეკონომიკური დოვლათის 60%-მდე იქმნება დედაქალაქში და დანარჩენი უკვე გადანაწილებულია სხვა ქალაქებზე. თუმცა, რეგიონებში, სადაც მოსახლეობის 1/3-ია მობილიზებული, ძალიან დიდია სხვაობა ეკონომიკურ აქტივობასა და დოვლათის შექმნას შორის. ამიტომ, სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონეების, ან მაძიებლების უმეტესობა ობიექტურად ვერ ფლობს იმ უნარებს, რომელიც კონკურენტულია დასაქმების ბაზრისთვის, ან ფიზიკურად (საპენსიო ასაკის, ჯანმრთელობის და ა.შ) ვერ პოულობენ კომპეტენტურ დასაქმებას.

განაგრძე კითხვა