რუსულმა თვითმფრინავმა თავისიანები მოკლა - ბომბდამშენის კატაპულტმა ეკიპაჟი ანგარის ჭერს მიაჭყლიტა
უსაფთხოების ნორმების დაცვას საბრძოლო ტექნიკასთან მუშაობის დროს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ნებისმიერი ქვეყნის არმიაში ,თუმცა საბრძოლო მოქმედებების დროს, როდესაც ყოველი წუთი მნიშვნელოვანია, ხშირად ირღვევა უსაფრთხოების ეს წესები...
ორიოდე დღის წინ რუსეთის საჰაერო-კოსმოსურმა ძალებმა მორიგი ეკიპაჟი დაკარგეს, ოღონდ არა უკრაინული ქალაქისკენ პლანირებადი მართვადი ბომბების გაშვებისას მოხვდათ უკრაინული საზენიტო რაკეტა, არამედ ეკიპაჟი თავად ბომბდამშენმა შეიწირა...
ცნობილი რუსი სამხედრო ბლოგერი Fighterbomber-ი, იგივე ილია ტუმანოვი, რუსული Су-34 საფრონტო ბომბდამშენის ყოფილი მფრინავი, გამოირჩევა განსაკუთრებული სიძულვილით უკრაინელების მიმართ, მაგრამ ამასთან თავის ბლოგში ხშირად აკრიტიკებს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს და თავის წყარობზე დაყრდნობით აქვეყნებს ისეთ ინფორმაციებსაც, რასაც რუსეთის სამხედრო უწყება მალავს.
ამ რუსმა სამხედრო ბლოგერმა მეტი დაკონკრეტების გარეშე შემდეგი დაწერა -„გუშინ,ერთ ბომბდამშენთა საავიაციო პოლკის საფარში მდგარ თვითმფრინავზე ამოქმედდა კატაპულტირების სისტემა. მფრინავმა და შტურმანმა მიიღეს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ტრავმები“
მიუხედავად ასეთი ლაკონურობისა, წარმოსადგენია თუ რა მოხდა- გადახურულ ანგარში, სადაც რუსული საფრონტო ბომბდამშენები Су-34-ები და Су-24М-ები „ემალებიან“ უკრაინული შორსმფრენი კამიკაძე-დრონების საჰაერო შეტევებს, თვითმფრინავში მფრინავისა და შტურმანის(ისინი ორივე ტიპის ზემოხსენებულ ბომბდამშენებში ერთმანეთის გვერდით სხედან) სავარძლების კატაპულტებმა ერთმანეთის მიყოლებით იმოქმედეს და მათზე მსხდომი ეკიპაჟის წევრები რამდენიმე მეტრში ანგარის ჭერს მიაჭყლიტეს...
ანგარი რომ გახსნილი ყოფილიყო, ხოლო ეკიპაჟის წევრები სავარძლებზე ყველა წესის დაცვით მიბმულნი, კიდევ იქნებოდა გარკევული შანსი ,რომ რამდენიმე ათეულ მეტრზე კატაპულტირებულ მფრინავსა და შტურმანს პარაშუტები გახსნოდათ და გადარჩენილიყვნენ, თუნდაც ხერხემლის ტრამვით...
აეროდრომზე მდგარი საბრძოლო თვითმფრიანვებიდან ეკიპაჟის წევრების შემთხვევითი კატაპულტირება დრო და დრო ხდება, რისი ძირითადი ბრალი ისაა, რომ ტექნიკურ პერსონალს ავიწყდება დამცველი მოწყობილობით კატაპულტის სავარძლის ამოქმედების მექანიზმის გათიშვა აფრენამდე ან არანაკლებ უარესი, როდესაც ავიწყდება ამავე დამცველი მოწყობილობის მოხსნა თვითმფრინავის აფრენის წინ - ჰაერში აჭრილი საფრენი აპარატის ეკიპაჟი განწირული ხდება ავარიულ სიტუაციაში, რადგან ვერ შესძლებს კატაპულტების ამოქმედებას.
ასევე დაგაინტერესებთ: ბომბი გესროლე, არ აფეთქდა, ახლა უკან დამიბრუნე...
სუს-ის მიერ ამოღებული ქიმიური ნივთიერება იგივეა, რაც... CS-ი ანუ „იასამნის აირი“!
თბილისში სამი საზენიტო „სპაიდერი“ ისრაელიდან უკრაინულ „რუსლანს“ ჩამოუტანია...
რუსულ ბომბდამშენებს თავისივე ეკიპაჟები ჰაერში მოულოდნელად ადრეც „გაუსვრიათ“...
2021 წლის 23 მარტს 23 მარტს საქართველოდან 1 500 კმ-ში, რუსეთში სერიოზული საავიაციო შემთხვევა მოხდა, რომელსაც ავიაკატასტროფის განმარტება ძნელად თუ მიეცემა, მიუხედავად იმისა, რომ საფრენოსნო ეკიპაჟის ნაწილი დაიღუპა, სამაგიეროდ - თვითმფრინავი უვნებლად გადარჩა.
ეს შემთხვევა რაღაცით წააგავს იმ სურათს, როდესაც გაუხედნავი ცხენი ცხენოსანს უნაგირიდან მოისვრის - იმ დღეს რუსეთის შაიკოვკის აეროდრომზე შორი მოქმედების ბომბდამშენმა Ту-22М3-მა, ყველასთვის მოულოდნელად, კატაპულტებით ჰაერში გაისროლა ეკიპაჟის ოთხივე წევრი, რომლებიც სხდებოდნენ ამ ბომბდამშენის კაბინებში...
ამერიკული "ავიამზიადების მკვლელად" მონათლულ ამ, საბჭოთადროინდელ ასტონიან ბომბდამშენში ხომალდის მეთაური და მისი თანაშემწე (იგივე - მეორე მფრინავი) წინა კაბინაში გვერდიგვერდ სხედან, ხოლო მათ უკან, მეორე კაბინაში კი, ასევე, გვერდიგვერდაა განთავსებული შტურმან-ნავიგატორისა და შტურმან-ოპერატორის კატაპულტირებადი სავარძლები.
როგორც შემდგომ გაირკვა, ბომბდამშენის კაბინებში ჩასხდომისას ეკიპაჟის მხოლოდ ერთ წევრს მოუსწრია სავარძელზე ჩამოსაკიდი ღვედების შებმა, როდესაც ერთმანეთის მიყოლებით ოთხივე კატაპულტირებადი სავარძლის გატყორცნა მოხდა მაღლა, 150 მ სიმაღლემდე და შემდეგ მიწას დაენარცხნენ, რადგან ამ ტიპის სავარძლით კატაპულტირება დასაშვებია თვითმფრინავის აეროდრომზე არანაკლებ 130 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობის დროს, რათა პარაშუტებმა მოასწრონ გაშლა. ამ შემთხვევაში კი ბომბდამშენი აეროდრომზე გაუნძრევლად იდგა.
ზოგი რუსი სამხედრო ექსპერტი დივერსიის ვერსიამდეც კი მივიდა, თუმცა ამ საავიაციო შემთხვევის მთავარი მიზეზი მაინც, ეტყობა, ჩვეულებრივი დაუდევრობა იყო - წესით, კატაპულტირებულ სავარძლებს დამცველ ფალიებს ტექნიკოსი ბოლო მომენტში, თვითმფრინავის კაბინის დახურვამდე ხსნის, ამ შემთხვევაში კი ეს დამცველი ფალიები, რატომღაც, მფრინავების ჩასხდომამდე იყო გამოღებული. ამასთან, ეკიპაჟის ოთხივე წევრის იძულებითი კატაპულტირება, ერთმანეთის მიყოლებით, მხოლოდ ხომალდის მეთაურს შეუძლია, სპეციალური ღილაკის დაჭერით.
რატომ გავამახვილეთ ასეთი ყურადღება ამ საბჭოთა/რუსული ბომბდამშენიდან კატაპულტირების დეტალებზე?
იმიტომ, რომ სწორედ შაიკოვკის 52-ე მძიმე ბომბდამშენების ამ საავიაციო პოლკიდან იყო ის Ту-22М3-ი, რომელიც 2008 წლის 10 აგვისტოს ქუთაისთან, კოპიტნარის აეროდრომის დაბომბვის შემდეგ ქართველმა მეზენიტეებმა ჩამოაგდეს "ბუკის" ორი რაკეტით (რუსული ასტონიანი ბომბდამშენი პირველივე ქართულმა "ბუკმა" ჩამოაგდო, მეორე საზენიტო რაკეტა კი დაზღვევის მიზნით იქნა გაშვებული), ხოლო 2021 წლის 23 მარტს თავისი ეკიპაჟის ჰაერში "ამგდები" Ту-22М3-იც მის გვერდით მიფრინავდა მაშინ ქართულ ცაში...
უფრო მეტიც - შაიკოვკაში იძულებით კატაპულტირებული ოთხაკაციანი ეკიპაჟის დაღუპული სამი წევრიდან ერთი თავად ამ საავიაციო პოლკის მეთაური გახლდათ, რომელიც, სავარაუდოდ, ასევე მონაწილეობდა აგვისტოს ომში.
აგვისტოს ომში რუსული Ту-22М3-ის ჩამოგდება რუსი გენერლებისა და პოლიტიკოსებისთვის დიდ შოკად იქცა და მათ მაშინ სცადეს ქართული მხარისთვის დაებრალებინათ ამ ბომბდამშენიდან კატაპულტირებული ეკიპაჟის მეთაურის შემდგომი მკვლელობა.
სინამდვილეში კი, ქართველი მეზენიტეების მიერ გაშვებული "ბუკის" საზენიტო რაკეტის რუსულ ბომბდამშენთან ახლოს აფეთქების მერე ეკიპაჟის ორივე შტურმანმა ვერ მოახერხა კატაპულტირება და შემდეგ ისინი მიწაზე დაცემული თვითმფრინავის ფრაგმენტებში იპოვეს. მარჯვენა მფრინავი - მაიორი მალკოვი კატაპულტირების შემდეგ ქართველმა სამხედროებმა დაატყვევეს, ჰოსპიტალში უმკურნალეს და ქართველ ტყვეებზე გაცვალეს. ბომბდამშენის მეთაური კი უგზო-უკვლოდ გაქრა...
Су-24М ტიპის საფრონტო ბომბდამშენის კაბინიდან ეკიპაჟის სავარძლის გაუთვალისწინებელი კატაპულტირების ერთი შემთხვევა ქუთაისის კოპიტნარის სამხედრო აეროდრომზეც მოხდა,სადაც საბჭოთა პერიოდში ამ საბრძოლო თვითმფრინავების საავიაციო პოლკი ბაზირებდა. ქართველმა ოფიცერმა-ტექნიკოსმა,რომელიც ამ ბომბდამშენის ტექნიკურ მომსახურებას ატარებდა, სახის დამწვრობა მიიღო კატაპულტის მოულოდნელი ამუშავებისა და კაბინიდან სავარძლის ამოგდების მომენტში, თუმცა საბედნიეროდ გადარჩა...