"ურსას" შემდეგ, დუეტი "ჯორჯია"... - ემიგრანტთა მნიშვნელოვანი ნაწილის ბოიკოტი და პროტესტი რიგი ქართველი არტისტების მიმართ: "კონცერტი არ ჩატარდება! აგერ ჩვენ და აგერ თქვენ!“
ბოლო თვეების განმავლობაში ქართულ დიასპორაში უპრეცედენტო მღელვარებაა. პროცესი, რომელიც თავდაპირველად ევროპის ცალკეულ ქალაქებში დაიწყო, ახლა უკვე ფართო მასშტაბებს იძენს. ქართველი ემიგრანტების ნაწილი, რომლებიც წლების განმავლობაში სამშობლოდან ჩასულ მომღერლებსა თუ მსახიობებს სავსე დარბაზებით ხვდებოდა, დღეს რადიკალურად განსხვავებულ პოზიციაზეა.
გერმანია, ამერიკის შეერთებული შტატები და საბერძნეთი - ეს ის გეოგრაფიული არეალია, სადაც ქართული შოუბიზნესის წარმომადგენლების ნაწილისთვის კარი ლამის დაიხუროს. ემიგრანტთა გაერთიანებების და ცალკეული მოქალაქეების განცხადებით, ეს არ არის აგრესია ხელოვნების წინააღმდეგ, ეს არის პასუხი იმ დუმილსა თუ მხარდაჭერაზე, რომელსაც არტისტები საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების, განსაკუთრებით კი ევროინტეგრაციის შეფერხების ფონზე იჩენენ.
პრეცედენტი გერმანიაში: ჯგუფ "ურსას“ სკანდალიმოვლენების ეპიცენტრი თავდაპირველად გერმანია გახდა. 20 ნოემბერს დადასტურდა ინფორმაცია, რომელიც მანამდე სოციალურ ქსელებში ვრცელდებოდა - ქალაქ ნიდერკასელში დაგეგმილი პოპულარული ჯგუფის, "ურსას“ კონცერტი გაუქმდა.
თავდაპირველი გეგმით, ღონისძიების ორგანიზატორი ქართული რესტორანი "პეპელა“ იყო. დაჯავშნილი იყო საკონცერტო დარბაზი, მიმდინარეობდა აქტიური სარეკლამო კამპანია, თუმცა სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც ადგილობრივმა ქართველებმა ჯგუფის წევრების პოლიტიკური პოზიცია გააპროტესტეს.
არასამთავრობო ორგანიზაცია "ერთობის“ და რიგითი ემიგრანტების განცხადებით, მიუღებელია იმ ადამიანების მასპინძლობა, რომლებიც "ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიაში იყვნენ ჩართულნი. ემიგრანტთა პოზიცია ასეთი გახლდათ:
"იმ პარტიის მხარდამჭერ მომღერლებს, ვინც საქართველოს ევროკავშირში გაწევრების პროცესი დაბლოკა და ქვეყანაში რეპრესიებს ატარებს, ევროპაში არაფერი ესაქმებათ“.
საქმეში გერმანული სამართალდამცავი უწყებებიც ჩაერთნენ. მას შემდეგ, რაც ემიგრანტებმა პოლიციის განყოფილებაში ოფიციალური განაცხადი შეიტანეს კონცერტის პარალელურად საპროტესტო აქციის გამართვის თაობაზე, პასუხმაც არ დააყოვნა. გერმანულ პოლიციას გადაწყვეტილების მიღებისთვის დაახლოებით 24 საათი დასჭირდა. უსაფრთხოების ნორმებისა და მოსალოდნელი დაძაბულობის გათვალისწინებით, კონცერტი გაუქმებულად გამოცხადდა. ემიგრანტები აცხადებენ, რომ ეს ფაქტი მნიშვნელოვანი პრეცედენტია და საფუძვლად დაედება დიასპორებში ღირსებისა და უფლებების დაცვას.
"ურსა" კი ამტკიცებდა, რომ თითქოს კონცერტი მაინც ჩაატარეს, თუმცა მათ ჩვენთან ამ საკითხზე კომენტარის გაკეთება არ ისურვეს.
"ტაშ-ფანდურით ფულს ვერ იშოვით“ - პროტესტის ტალღა ამერიკაშიგერმანიის მოვლენები მალევე გადაედო ამერიკის შეერთებულ შტატებსაც, სადაც ქართული დიასპორა არანაკლებ აქტიურია. 6 დეკემბერს გავრცელდა ინფორმაცია "დუეტ ჯორჯიას“ (მაკა ზამბახიძე და რატი დურგლიშვილი) კონცერტის გაუქმების შესახებ.
აშშ-ში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი, ნატატო გიორგაძე სოციალურ ქსელში ვრცელ და ემოციურ მიმართვას ავრცელებს. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება "დიდი პროტესტის“ შედეგია.
ემიგრანტების გულის წყრომას იწვევს არა მხოლოდ არტისტების პოლიტიკური პოზიციონირება, არამედ მათი გულგრილობა იმ პრობლემების მიმართ, რაც საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველებს აწუხებთ - მათ შორის, არჩევნებში მონაწილეობის შეზღუდვა და ხმის უფლების ფაქტობრივი წართმევა.