"ზვიად გამსახურდია მოგონებებში იხსენებს: "მაშინ ხელისუფლებამ ჩემი დაკავება მაინც ვერ გაბედა, მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვშიც იგივე სულისკვეთებით გავაგრძელე საქმიანობა"... კა-გე-ბეს მიზნად ჰქონდა ქართველი დისიდენტები "იმპერიალიზმის აგენტებად", "ფაშისტების მეხოტბეებადაც" წარმოეჩინა"
„დომინოს პრინციპი“ (ან „დომინოს ეფექტი“) – პოლიტიკური თეორიაა, რომლის მიხედვითაც ნებისმიერი ცვლილება იწვევს სხვა ცვლილებების სერიას, ისევე როგორც სათანადო განლაგებისას დომინოს ქვები ეცემა მიყოლებით. ამ თეორიის ავტორად მიიჩნევა დუაიტ ეიზენჰაუერი, აშშ-ის 34-ე პრეზიდენტი. 1954 წლის 7 აპრილს ეიზენჰაუერმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ერთი ქვეყნის კომუნიზმის გავლენის ქვეშ გადასვლა შესაძლოა „დომინოს პრინციპით“ თანმიმდევრულად გადაეცეს მეზობელ ქვეყნებსაცო.
„დომინოს პრინციპი“ ნიშნავს, რომ ჯაჭვის პირველ ელემენტში მცირე ცვლილება იწვევს მსგავს ცვლილებებს მეზობელ ელემენტებში, რომლებიც შემდეგ მსგავს ცვლილებებს იწვევს შემდეგ ელემენტებში და ა.შ. თანმიმდევრობით. ტერმინი შეიძლება გამოყენებულ იქნას მეტაფორად უფრო რთული სისტემებისთვისაც, კერძოდ კი სპეცსამსახურების ოპერაციებისთვის, უპირველესად კი – ე.წ. „ოპერატიული თამაშებისთვის“, როდესაც ერთი ოპერაციის შედეგი – მეორე, მესამე, მეოთხე და ა.შ. სპეცოპერაციების დაწყების საფუძველი ხდება. თუმცა აქ მნიშვნელოვანი თავისებურებაა: თუ დომინოს ქვების ერთმანეთზე ზემოქმედებას ნათლად ვხედავთ, სპეცსამსახურების „ოპერატიულ ოპერაცია/თამაშებს“ შორის კავშირი შეგნებულადაა დაფარული და მხოლოდ დამდგარი შედეგების ღრმა ანალიზი იძლევა სათანადო დასკვნების გამოტანის საშუალებას.
აქ ერთ სახალისო ინფორმაციასაც გაგაცნობთ: ბოლო მსოფლიო რეკორდი 2009 წელს დამყარდა, როდესაც თანმიმდევრობით 4,491,863 დომინოს ქვა დაეცა. კახელისა არ იყოს: „არ ეზარებოდათ ჯო“.

რატომ გავიხსენე „დომინოს პრინციპი“ ? გასული საუკუნის 70–იანი წლების დასაწყისში კა–გე–ბეს მიერ ქართველი დისიდენტების (უპირველესად ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას ) წინააღმდეგ დაგეგმილი და განხორციელებული სპეცოპერაცია, სწორედ რომ „დომინოს პრინციპით“, ათწლეულების მანძილზე რუსეთის სპეცსამსახურების მიერ გაგრძელდა, ახალ–ახალი ოპერატიული კომბინაციების ფორმა მიიღო, უდიდესი დარტყმა მიაყენა საქართველოს ეროვნულ ინტერესებს და თუ გავითვალისწინებთ რამდენად ღრმად ჰქონდა გადგმული მეტასტაზები, არაა გამორიცხული გარკვეული კონფიგურაციით, შესაძლოა დღესაც მოქმედებდეს.
ქართველი დისიდენტების წინააღმდეგ დაგეგმილი ოპერატიული კომბინაციები საკავშირო კა–გე–ბეს მე–5 სამმართველოს მიერ შემუშავებული ერთიანი სპეცოპერაციის შემადგენელი ნაწილი იყო, რომლის მიზანიც საბჭოთა იმპერიაში სხვაგვარად მოაზროვნეების გამოვლენა, მათგან დამყოლების –გადაბირება, ხოლო ურჩების – სამაგალითოდ დასჯა გახლდათ. მოკავშირე რესპუბლიკებში ამ ოპერაციებს მე–5 განყოფილებების შესაბამისი ქვეგანყოფილებები ახორციელებდნენ. ცენტრალიზაცია და ვერტიკალური მართვის პრინციპი ყველა ქვეყნის სპეცსამსახურისთვისაა დამახასიათებელი, თუმცა კა–გე–ბეში ეს პროცესი განსაკუთრებით მკაცრად მიმდინარეობდა.
ოპერატიული კომბინაციების გეგმის პროექტს მე–5 განყოფილების ოპერატიული თანამშრომელი (ოპერრწმუნებული) ამუშავებდა, შემდეგ კი “გეგმა“ აღმავალი ვერტიკალური ტრაექტორიით „შორ გზას“ გაუდგებოდა: ქვეგანყოფილების უფროსი-განყოფილების უფროსის მოადგილე-განყოფილების უფროსი -სამმართველოს უფროსის მოადგილე - სამმართველოს უფროსი - კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე. საჭიროების შემთხვევაში შეჰქონდათ შესწორებები და ბოლოს ამტკიცებდნენ. მინდა მკითხველმა ერთი ნიუანსიც იცოდეს: ერთი ქვეგანყოფილების ოპერატიული თანამშრომლები ერთ ოთახში, გვერდი–გვერდ რომ ჰქონდათ სამუშაო მაგიდები, ერთმანეთის ოპერაციების საქმის კურსში არ იყვნენ, მათ ცალ–ცალკე სეიფები ჰქონდათ, სადაც დღის ბოლოს დოკუმენტებს ინახავდნენ და სპეციალური ბეჭდით ლუქავდნენ. განსაკუთრებული მნიშვნელობის ოპერატიული ოპერაციები რესპუბლიკის სუკ-ის თავმჯდომარესთან განიხილებოდა და ის ამტკიცებდა. თითქმის ხუთი ათეული წელი გავიდა ამ მოვლენების შემდეგ და დღეს უკვე ნათელია, თუ რა გეგმა და მოქმედების მეთოდები ჰქონდა კა–გე–ბეს. არავის ეგონოს, რომ ეს მხოლოდ ისტორიული წარსულია: დღეს იგივე მეთოდებს უკვე რუსეთის სპეცსამსახურები იყენებენ.
ქართველი დისიდენტები არა მარტო აკრძალულ რუსულენოვან ლიტერატურას ბეჭდავდნენ და ავრცელებდნენ, არამედ 1975 წლის გაზაფხულზე მათ ქართულენოვანი ჟურნალების: „ოქროს საწმისისა“ და შემდგომ “საქართველოს მოამბის” არალეგალურად ბეჭდვა და მათი ასლების გავრცელებაც დაიწყეს. ორივე ჟურნალს ზ. გამსახურდია რედაქტორობდა. მკითხველს უნდა შევახსენო, რომ საბჭოთა რეჟიმის დროს მკაცრად ისჯებოდა ცენზურაგაუვლელი პუბლიკაციების დაბეჭდვა და გავრცელება. ამგვარი ლიტერატურა, სულაც „უცოდველი“ და არაპოლიტიკური შინაარსის ლექსებიც რომ ყოფილიყო, მაინც იკრძალებოდა, ხოლო ავტორი, როგორც “ცილისმწამებლური მონაჭორის“ გამავრცელებელი, მკაცრად ისჯებოდა.
მით უფრო გასაკვირია, რომ კა–გე–ბე თითქმის ორი წელი თვალს ხუჭავდა ჟურნალების: „ოქროს საწმისისა“ და “საქართველოს მოამბის” დაბეჭდვა–გავრცელებაზე. დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს სსრ სუკ-ს სრული ინფორმაცია, ჰქონდა ამ პროცესზე და მასში მონაწილე პირებზე, თუმცა მათ დაპატიმრებას და არალეგალური ჟურნალების ბეჭდვის შეწყვეტას არ ჩქარობდა.
უფრო მეტიც: ზ. გამსახურდია იხსენებს 1975 წლის 31 ივლისსა და 1976 წლის 22 მაისს მოსკოვის დომოდედოვოს აეროპორტში დაკავების შემთხვევებს, როდესაც მისი ბარგიდან დიდი რაოდენობით აკრძალული ლიტერატურა ამოიღეს. თუმცა ამას სერიოზული გართულებები არ მოჰყოლია.
თავად ზ. გამსახურდია ამ ფაქტს შემდეგ ახსნას უძებნიდა: იმ პერიოდში კონსტანტინე გამსახურდია მძიმედ იყო ავად და მათ სახლში ჩხრეკის ჩატარებას და ზვიადის დაპატიმრებას ვერ გადაიტანდა, მისი სიკვდილი კი მთელი საქართველოსა და მსოფლიო საზოგადოების ყურადღებას მიიპყრობდა და დიდ აღშფოთებას გამოიწვევდა. ამიტომ სანამ მწერალ-აკადემიკოსი კონსტანტინე გამსახურდია ცოცხალი იყო კა–გე–ბეს არ უნდოდა მდგომარეობის გართულებაო. ეს არგუმენტი რა თქმა უნდა გასათვალისწინებელია, თუმცა დიდი ქართველი მწერლის გარდაცვალების (1975 წლის 17 ივლისი) შემდეგაც კა–გე–ბე ქართველი დისიდენტების მიმართ განსაკუთრებით „ჰუმანური“ იყო: კანონდარღვევის ფაქტზე მათ აკავებდნენ და რამდენიმე საათში კი ათავისუფლებდნენ. ეს ზემოთ, თავად ზ. გამსახურდიას სიტყვებითაც დადასტურდა.

კონსტანტინე და ზვიად გამსახურდიები
ზ. გამსახურდიას, მ. კოსტავას და სხვა ქართველი დისიდენტების ყველა მოქმედებას კა–გე–ბე სრულად ადოკუმენტირებდა. ამაზე მეტყველებს შემდეგ სასამართლოს “განაჩენში” მოტანილი ფაქტები. ასე, რომ კა-გე-ბესთვის კარგად იყო ცნობილი ქართველი დისიდენტების (უპირველესად ზ. გამსახურდიას და მ. კოსტავას ) კავშირი მოსკოვსა და ლენინგრადში მცხოვრებ საბჭოთა დისიდენტებთან. ჯერ კიდევ 1974-1975 წლებში კა-გე-ბეს საკმაოზე ბევრი მტკიცებულება ჰქონდა ხელთ ქართველი დისიდენტების საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსის 71-ე მუხლით გასასამართლებლად, თუმცა ამას არ აკეთებდა.საინტერესოა რა იყო ამის მიზეზი?
ჩემი აზრით, მიზეზი ის იყო, რომ კა–გე–ბეს ქართველი დისიდენტები უფრო მნიშვნელოვანი საქმისთვის სჭირდებოდა: მათი მოქმედებები უცხო ქვეყნების სპეცსამსახურებიდან მართულად უნდა ეჩვენებინათ. ამიტომაც ქართველი დისიდენტების წინააღმდეგ კა–გე–ბეს პირველი „ოპერატიული კომბინაცია“ ჯაშუშობაში ბრალდებას და ამ გზით მათ კომპრომეტირებას გულისხმობდა. შემდეგ კი „დომინოს პრინციპით“ სხვა ოპერატიული კომბინაციები უნდა დაწყებულიყო, რომლებიც ქართველი დისიდენტებს შორის ღრმა დაპირისპირების ინიციირებას ითვალისწინებდა.
რატომ არ აღკვეთა კა–გე–ბემ ადრეულ ეტაპზევე დისიდენტური ჟურნალების (1975 წლის მაისიდან - "ოქროს საწმისი" და "საქართველოს მოამბე" 1976 წელს) ბეჭდვა და გავრცელება მიუხედავად იმისა, რომ ოპერატიულ-ტექნიკური და აგენტურული გზებით სრული ინფორმაცია ჰქონდა მათი გამოცემისა და გავრცელების შესახებ? იმიტომ, რომ საზოგადოების თვალში სრული დისკრედიტირებისთვის ეს "მტკიცებულებები" არასაკმარისად მიაჩნდათ. საჭირო იყო კიდევ ერთი მძიმე ბრალდების "შეკერვა". მკითხველს შევახსენებ, რომ კა-გე-ბეს შეფის, იური ანდროპოვის ინსტრუქციები საბჭოთა მოქალაქეების თვალში დისიდენტების მაქსიმალურ კომპრომეტირებას ითვალისწინებდა .
ზვიად გამსახურდია "ავტობიოგრაფიაში" აღნიშნავს (სტილი უცვლელია – ბ.ა.) : " მათ (იგულისხმება სუკ-ი - ბ. ა.) დაიწყეს ჩემი იზოლირება დანარჩენი სამყაროსგან, მომიგზავნეს აგენტები და პროვოკატორები. მიუხედავად ჩემი დევნისა, სახელმწიფო უშიშროება მაინც არ მიკრძალავდა მოსკოვში გამგზავრებას, სადაც 1976 წლის ივნისში კიდევ ერთი ინციდენტი მქონდა. არც მე და არც ჩემ მეგობრებს დანაშაულად არ მიგვაჩნდა უცხოელებისგან ჩვენთვის საინტერესო პოლიტოლოგიის ლიტერატურის მიღება. ამ მიზნით ჩემს ნაცნობს, მოსკოვში ამერიკის საელჩოს პირველ მდივანს ი. ბელოუსოვიჩს ვთხოვე, დროებით ეთხოვებინა ჩემთვის საინტერესო პოლიტიკური ლიტერატურა ინგლისურ და რუსულ ენებზე. თუმცა, მისი მხრიდან მაინც წინდაუხედაობა იყო ამ ლიტერატურის გადმოცემა ჩემთვის ღია ადგილას, სასტუმრო "უკრაინას" მახლობლად. თუმცა თავად მეც გადამეტებულად ვაფასებდი ახლად დადებული ჰელსინკის შეთანხმების ძალას, ვფიქრობდი, რომ კა-გე-ბე ვერ გაბედავდა ლიტერატურის ჩამორთმევას".
შემდეგ ზ. გამსახურდია იხსენებს, რომ კა-გე-ბეს თანამშრომლები მეტროში დაეწივნენ (?) და განუცხადეს, რომ მან დანაშაული ჩაიდინა და მათ უნდა გაჰყოლოდა. ი. ბელოუსოვიჩი კი, რომელსაც დიპლომატიური იმუნიტეტი ჰქონდა, საბჭოთა ხელისუფლებამ მკაცრად გააფრთხილა.
ზ. გამსახურდია წერს, რომ მას ჯერ ემიგრაციაში წასვლა შესთავაზეს, შემდეგ კი განუცხადეს: ”თქვენ უცხოეთის სპეცსამსახურების ანკესზე ხართ, მაგრამ თქვენი ბატონები არ დაგიცავენ. გირჩევთ შეწყვიტოთ ეს საქმიანობა. ახლა წადით და ფრთხილად იყავითო ”. ზ. გამსახურდია ასევე აღნიშნავს, რომ მათ შეხვედრას სასტუმრო "უკრაინასთან" ვიდეოზე იღებდნენ და რომ მისი დაკავების შემდეგ კა-გე-ბე ცდილობდა შეექმნა ვერსია, რომ გამსახურდია აშშ-ის ჯაშუშია, ხოლო ბელოუსოვიჩი ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოდან მისი კურატორია. ბუნებრივია, რომ საქართველოს მომავალმა პრეზიდენტმა მაშინ არ იცოდა, რომ საბჭოთა დისიდენტები კა-გე-ბეს დიდი "ოპერატიული თამაშების" მსხვერპლნი იყვნენ და მის შეხვედრას ბელოუსოვიჩთან, როგორც ზ. გამსახურდიას, ასევე თავად ამერიკელი დიპლომატის კომპრომეტირებისთვის გამოიყენებდნენ.
საბჭოთა კავშირის სუკ-ის თავმჯდომარემ იური ანდროპოვმა, 1977 წლის 18 თებერვალს "სრულიად საიდუმლო” #330-ა მოხსენება გააგზავნა სკკპ ცკ-ში. ამ დოკუმენტიდან ჩვენთვის საინტერესო ამონარიდს ქვემოთ გთავაზობთ. ი. ანდროპოვი, ეხება რა აშშ-ის ახალი პრეზიდენტის, ჯიმი კარტერის ადმინისტრაციის გააქტიურებას "საბჭოთა კავშირში დემოკრატიული თავისუფლებების დაცვის” მხრივ და ამ პროცესში აშშ-ის სპეცსამსახურების მონაწილეობას, აღნიშნავს:
"აშშ-ის საელჩოს პოლიტიკური განყოფილების პირველმა მდივანმა ბელოუსოვიჩმა 1976 წლის ბოლოს ქართველ ნაციონალისტ გამსახურდიას გადასცა დიდი რაოდენობით მტრული ანტისაბჭოთა ლიტერატურა... 1976 წლის აგვისტოში საელჩოს მრჩევლები გროსი და ლობნერი მოსკოვის სინაგოგაში ყოფნის დროს ავრცელებდნენ სიონისტურ ლიტერატურას. საელჩოს პირველი მდივანი კომბსი 1976 წლის დეკემბერში ცნობილ "დისიდენტ” ორლოვთან შეხვედრისას აძლევდა მას ანტისაბჭოთა ჯგუფების გააქტიურების პრაქტიკულ რეკომენდაციებს”.
ამ საიდუმლო დოკუმენტში მოყვანილია აგრეთვე ცნობილი საბჭოთა დისიდენტის, აკადემიკოს ანდრეი სახაროვის მოსკოვში აშშ-ს საელჩოში რამდენიმე ვიზიტის საკმაოდ დაწვრილებითი ანგარიში. ჩემი აზრით კა-გე-ბეს ინფორმაციის წყარო ყველა ზემო აღნიშნულ შემთხვევაში, მოსკოვში აშშ-ის საელჩოში დამონტაჟებული ფარული მოსასმენი აპარატურა ან/და ცნობილი დისიდენტების გარმოცვაში "ჩანერგილი” მრავალრიცხოვანი აგენტურა იყო. საინტერესოა ვინ იყო ამერიკელი დიპლომატი იგორ ბელოუსოვიჩი და როგორ წარიმართა ამ ინციდენტის შემდეგ მისი ცხოვრება?
მოსკოვში აშშ-ის საელჩოს პოლიტიკური განყოფილების პირველი მდივანი იგორ ბელოუსოვიჩი (1922-2019), რომელიც მოსკოვში 1976 წლის 26 ივნისს ზვიად გამსახურდიას შეხვდა და პოლიტიკური ლიტერატურა გადასცა, ძალზე საინტერესო პიროვნება გახლდათ. ის შანხაიში რუსი ემიგრანტის, სამხედრო მფრინავის ნ. ბელუსოვიჩის (1891 - 1956) ოჯახში დაიბადა. რუსეთში სამოქალაქო ომის დასრულების შემდეგ, ბელოუსოვიჩების ოჯახი საცხოვრებლად ჯერ ჩინეთში, შემდეგ კი აშშ-ში, სან ფრანცისკოში გადავიდა. ი. ბელოუსოვიჩი 1941 წელს ჩაირიცხა კალიფორნიის უნივერსიტეტში, საიდანაც 1943 წელს გაიწვიეს ჯარში. მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში. იყო მდინარე ელბაზე საბჭოთა და ამერიკელი ჯარისკაცების შეხვედრის ერთ–ერთი მონაწილე. 1947-1948 წლებში დაასრულა სწავლა უნივერსიტეტში, რუსეთისა და სსრკ-ს ისტორიის მიმართულებით. 1956 წლიდან ი. ბელოუსოვიჩი აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანალიტიკურ განყოფილებაში მუშაობდა.

ამერიკელი ჯარისკაცი იგორ ბელოუსოვიჩი ტანკზე გერმანულ ღვინოს აგემოვნებს.
1945 წლის აპრილი, გერმანია.
1976-1977 წლებში ის იყო მოსკოვში ამერიკის საელჩოს პოლიტიკური განყოფილების პირველი მდივანი. ამ პერიოდში ბელოუსოვიჩს საბჭოთა დისიდენტებთან აქტიური კონტაქტები და საკმაოდ ხშირი შეხვედრები ჰქონდა. ამიტომაც ი. ბელოუსოვიჩი საბჭოთა რეჟიმისთვის მიუღებელი პიროვნება გახდა და კა-გე-ბემ მის მოსაცილებლად "ოპერატიული კომბინაცია" დაგეგმა. სწორედ საბჭოთა დისიდენტებთან ხშირი კონტაქტები (უპირველესად ზ. გამსახურდიასთან 1976 წლის 26 ივნისში შეხვედრა და ე.წ "ანტისაბჭოური ლიტერატურის" გადაცემა) გამოიყენა საბჭოთა პოლიტიკურმა პოლიციამ ამ გეგმის შესასრულებლად. 1977 წელს ჯაშუშობაში კომპრომეტირებული ი. ბელოუსოვიჩი იძულებული გახდა საბჭოთა კავშირი დაეტოვებინა. ის სახელმწიფო დეპარტამენტში 1991 წლის დასაწყისამდე მუშაობდა, შემდეგ კი პენსიაზე გავიდა.
საბჭოთა დისიდენტების, როგორც „ამერიკის იმპერიალიზმის აგენტების“ „დამადასტურებელი“ მასალების შეკრების შემდეგ, კა–გე– ბე გეგმის მომდევნო ნაწილზე: "ფაშიზმის მეხოტბეობის” ბრალდებით დისიდენტების კომპრომეტირებაზე გადავიდა. ჩემი აზრით, ამ მიმართულებით "ხაფანგების დაგება" 1975 წლის გაზაფხულზე დაიწყო და 1978 წლის მაისს. ზ. გამსახურდიასა და მ. კოსტავას სასამართლო პროცესით დასრულდა. უკვე 1976 წლის ნოემბრიდან სუკ-ის ორგანიზებით საბჭოთა პრესაში დაიწყო “ჰელსინკის ჯგუფების” საწინააღმდეგო პროპაგანდისტული კამპანია, ხოლო 1977 წლის თებერვლიდან “ჯგუფების” წევრების დაპატიმრებები. 1976 წლის შემოდგომისთვის ქართველ დისიდენტების "იმპერიალიზმის აგენტობისა" და "ანტისაბჭოთა საქმიანობის „მტკიცებულებები" უკვე საკმაოდ ჰქონდა კა-გე-ბეს და რატომ არ აპატიმრებდა მათ?
ზ. გამსახურდია მოგონებებში იხსენებს: "თუმცა, მაშინ (საუბარია 1976 წლის 26 ივნისს ბელოუსოვიჩთან დაკავშირებულ ინციდენტზე - ბ.ა.) ხელისუფლებამ ჩემი დაკავება მაინც ვერ გაბედა, მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვშიც იგივე სულისკვეთებით გავაგრძელე საქმიანობა". რეალურად კი საქმე სულ სხვაგვარად იყო.
1975 წლის 9 მაისს საბჭოთა ხელისუფლებამ ზარზეიმით აღნიშნა "დიდ სამამულო ომში” გამარჯვების ოოცდაათი წლისთავი. ხაზგასმით უნდა ითქვას: 9 მაისი, წლების მანძილზე, საბჭოთა პროპაგანდისტული მანქანის მიერ უსაზღვროდ იყო გაფეტიშებული და რიგით მეორე, უმთავრესი სახელმწიფო-სახალხო დღესასწაულად იყო გამოცხადებული , "7 ნოემბრის” დღესასწაულის შემდეგ.
კა-გე-ბეს მიზნად ჰქონდა საზოგადოების თვალში ქართველი დისიდენტები არა მარტო "იმპერიალიზმის აგენტებად", არამედ "ფაშისტების მეხოტბეებადაც" წარმოეჩინა. ქართველი დისიდენტების დაპატიმრებით, გასამართლებითა და სასჯელის გამოტანით კა–გე–ბეს მზაკვრული გეგმა არ მთავრდებოდა. ეს იყო ერთიანი, ვრცელი "ოპერატიული კომბინაციის" მხოლოდ პირველი ნაწილი. ამის შემდეგ უნდა განხორციელებულიყო ქართველ დისიდენტებს შორის უნდობლობის ჩამოგდებისა და ღალატში ურთიერთბრალდებების "კომბინაცია", რომლის მთავარი შემადგენელი ნაწილი და ძირითადი დასაყრდენი ზვიად გამსახურდიას "სასამართლო–სატელევიზიო მონანიება" უნდა გამხდარიყო. „დომინოს პრინციპი“ მოქმედებდა.
(მეოთხე ნაწილის დასასრული)