"გროზნოდან დარიალის ხეობის გავლით ვინც წამოვიდა, ყველა დააპატიმრეს, ჩვენ საინგილოში ვიმალებოდით...“ - უზენაესი საბჭოს წევრის, აკადემიკოსის - თეიმურაზ გვანცელაძის მოგონებები
თეიმურაზ გვანცელაძე, ქართველი ენათმეცნიერი, პროფესორი, აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსია. 1990 წლის 28 ოქტომბერს პირველი არასაბჭოური, დემოკრატიული და მრავალპარტიული არჩევნების შედეგად არჩეული იყო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრად საარჩევნო ბლოკი — „მრგვალი მაგიდა-თავისუფალი საქართველო“, იყო ეროვნული ერთიანობისა და ეროვნებათშორის ურთიერთობათა ქვეკომისიის წევრი. 1991 წლის 9 აპრილს უზენაესი საბჭოს სხვა წევრებთან ერთად ხელი მოაწერა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს. 1991 წელს დაინიშნა საქართველოს პრეზიდენტის აპარატის ადგილობრივი მმართველობის ბიუროს კურატორად, აფხაზეთის მიმართულებით...
თეიმურაზ გვანცელაძემ დევნილობაში მყოფი პრეზიდენტის - ზვიად გამსახურდიას გროზნოში ჩატარებული სესიის შესახებ ჩვენთან საუბარში გაიხსენა...
_ ზვიადის ემიგრაციის დროს, ავადმყოფობის გამო გროზნოში მხოლოდ 1992 წლის მარტში ვიყავი უზენაესი საბჭოს სესიაზე მონაწილეობის მისაღებად. ის სესია 13 მარტს გაიმართა და მივიღეთ დადგენილება, რომელიც უკანონოდ აცხადებდა პუტჩისტების მიერ მიღებულ ყველა გადაწყვეტილებას და "მარეგულირებელ" დოკუმენტებს. მერე მე ზვიადი არ მინახავს ცოცხალი...
_ გვიამბეთ 13 მარტის დადგენილების შესახებ...
_ 13 მარტის დადგენილება დღემდე მოქმედია, ვინაიდან უზენაეს საბჭოს ის არ გაუუქმებია. არც აქვს ვინმე სხვას მისი ლეგიტიმურად გაუქმების უფლება. არ ვიცი, რამდენად მართალია, მაგრამ ამბობენ, ეს იყო მსოფლიოში პირველი შემთხვევა, როცა დევნილობაში შეიკრიბა საკანონმდებლო ორგანო და კვორუმიც იყო. იქ ველოდებოდით, სანამ იმდენი დეპუტატი არ ჩამოვიდა გროზნოში, რამდენიც კვორუმისთვის იყო აუცილებელი. რაოდენობა არ მახსოვს.
ჩეჩნეთის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახური იღებდა, ამიტომ მათ ყველაფერი არ გადაუღიათ. ქართველი ტელეჟურნალისტები იქ არ ყოფილან და დეპუტატებს არც აპარატურა გვქონდა და არც გადაღების გამოცდილება. იმ დროს საქართველოში სამი სატელევიზიო არხი იყო სულ: თბილისის ტელევიზიის პირველი და მეორე არხები, მესამე იყო აფხაზეთის ტელევიზია. იმ დროს არცერთი არ იყო ობიექტური და სხდომაზე ალბათ არც დაუშვებდნენ.
თუ რომელიმე ჟურნალისტი გაბედავდა სიმართლის თქმას, მას აუცილებლად დასჯიდა უკანონო რეჟიმი. სხდომის დასრულების შემდეგ ზოგი დეპუტატი უკან დარიალის გზით დაბრუნდა, ყველა დააპატიმრეს. მე და დეპუტატი, თან ჩემი კოლეგა და მეგობარი ტარიელ ფუტკარაძე ბაქოს გავლით წამოვედით და საინგილოში ვიმალებოდით, ჩვენი კოლეგის ვასილ აბაშვილის ოჯახში. იქ ვიყავით, სანამ აქ გროზნოს სესიის მონაწილეთა დევნა არ შეწყდა. სწორედ იმ დროს წალენჯიხას შეესია მხედრიონი და დაუნდობლად უსწორდებოდნენ მოსახლეობას კანონიერი ხელისუფლების მხარდაჭერის გამო. აზერბაიჯანის ტელევიზია აჩვენებდა საშინელ კადრებს წალენჯიხიდან, რაც გამანადგურებლად მოქმედებდა ჩვენზე.
რამდენიმე თვე იქ რა გაგვაჩერებდა, როცა არაფერი ვიცოდით ოჯახებისა და მეგობრების ბედზე. დაახლოებით 10 დღეს ვიყავით. იმ დროს ტარიელი მესამე შვილს ელოდებოდა და ძალიან განიცდიდა ოჯახზე ცნობების უქონლობას. მეც ვწუხდი, რა თქმა უნდა. ეკლებზე ვისხედით. ბოლოს ვერ მოვითმინეთ და წამოვედით. გუშინდელ დღესავით მახსოვს, კახი-თბილისის ავტობუსიდან გადმოსვლა და მეტროში შესვლა, საოცარი განცდა გვქონდა: თან გვიხაროდა, რომ სამშობლოში დავბრუნდით და თან ვწუხდით, რომ აქ უკანონობა იყო გამეფებული და სამართალს ფეხით თელავდნენ რუსეთუმეები.
გადატრიალების შემდეგ დიდხანს გვდევნიდნენ დეპუტატებს. გვაპატიმრებდნენ მე ორჯერ დამაპატიმრეს, სამსახურებიდან გვდევნიდნენ და უნამუსო თანამშრომლები გვასმენდნენ. ამიკრძალეს ენისა და კულტურის უნივერსიტეტში, ყოფილ უცხო ენების ინსტიტუტში ლექციების კითხვა, უფრო ზუსტად, არ სურდათ სტუდენტებთან ჩემი ურთიერთობა, პრესაში გვლანძღავდნენ...
ამ საზიზღრობებს ჩადიოდნენ არა გაუნათლებელი ადამიანები, არამედ სხვადასხვა ასაკის მეცნიერები, ლექტორები, კოლეგები და გუშინდელი მეგობრები. ანუ დაბრუნდა 37 წლის "ტრადიციები". მაგრამ ბევრი იყო პატიოსანი ადამიანიც. თუმცა მათ რეალური ძალა არ ჰქონდათ.
იყვნენ პატიოსანი თქვენი კოლეგები. მაგალითად, ჟურნალისტი ირაკლი გოცირიძე მკაცრად აკრიტიკებდა რეჟიმს თავის გაზეთ „იბერია-სპექტრში", რის გამოც სასტიკად არბევდნენ მის ოჯახს, ორი ვაჟი მოუკლეს, თვითონ 70-ს გადაცილებული ირაკლი საშინლად სცემეს და თბილისის სამხედრო გარნიზონის საპატიმროში შეაგდეს. ასევე გამოირჩეოდა ქალბატონი ცისია გაბესკირია-გოგოლაძე და ბევრი სხვა.
_
1990 წლის 14 ნოემბერს არასაბჭოური, მრავალპარტიული და დემოკრატიული არჩევნების გზით არჩეული საქართველოს უზენაესი საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა. ეს იყო განსაკუთრებული დღე: - გამოვაცხადეთ გარდამავალი პერიოდი;
- უზენაესი საბჭოს პირველ თავმჯდომარედ ავირჩიეთ ეროვნული მოძრაობის ლიდერი ზვიად გამსახურდია; - დამტკიცდა სახელმწიფო დროშა, გერბი და ჰიმნი (კოტე ფოცხვერაშვილის "დიდება"); - შეიქმნა კომისიები...
იმ დღეს ბრწყინვალე საპროგრამო სიტყვა წარმოთქვა ზვიად გამსახურდიამ.
რაც მთავარია, ერს ჯერ კიდევ ეღვიძა...
ეს სამახსოვრო ფოტოსურათები 1990 წლის 14 ნოემბერსაა გადაღებული. მათზე მეც ვჩანვარ...“