"სამწუხაროდ, გეოპოლიტიკურ რუკაზე, საქართველო უკვე აღიქმება როგორც სივრცე, რომელიც..." - გიორგი გობრონიძის ანალიზი: ვის დარჩება კავკასია?!
"ამერიკელებისთვის "ჭიქა ნახევრად სავსეა", რუსებისთვის "ჭიქა ნახევრად ცარიელია", - ამგვარად აფასებს საერთაშორისო საკითხების ექსპერტი, რუსეთის სპეციალისტი გიორგი გობრონიძე ბოლო პერიოდში რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებს. რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს და რა შინაარსი აქვს ამ პროცესს რუსეთისა და დასავლეთისთვის?
- ამ კითხვით გიორგი გობრონიძეს მივმართეთ.
გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან, რომელიც დაიბეჭდა გაზეთში "კვირის პალიტრა":
- ბოლო პერიოდში დასავლურ მედიაში ხშირად საუბრობენ პუტინის შემცვლელზე. ბრიტანულ გაზეთ "დეილი ტელეგრაფში" დაბეჭდილ სტატიაში, რომლის ავტორი ანალიტიკოსი ჰემიშ ბრეტონ-გორდონია, ნათქვამია|: "რუსეთის ლიდერობის მომავალი პრეტენდენტები შეიძლება დაინტერესებული იყვნენ არა პუტინივით ეგზისტენციალური გეოპოლიტიკური ჯვაროსნული ლაშქრობებით, არამედ დასავლური განცხრომით და ტკბილი ცხოვრებით". რამდენად რეალისტურია ეს მოლოდინები?
- რუსეთის საგარეო პოლიტიკური ინტერესი საუკუნეზე მეტია პრაქტიკულად უცვლელია. მან გამოიარა სამეფო იმპერიის ეტაპი, საბჭოთა კავშირის ფორმაცია, შემდეგ რუსეთის ფედერაციის პერიოდი, მაგრამ ძირითადი გეოპოლიტიკური ხაზი იგივე დარჩა. ამ კონტექსტში კონკრეტული პირის, იქნება ეს პუტინი, მიშუსტინი თუ სხვა ვინმე, შეცვლა საგარეო კურსის შინაარსობრივ ცვლილებას ნაკლებად ნიშნავს. შეიძლება შეიცვალოს რიტორიკის ტონი, დამოკიდებულების ფორმა, მაგრამ ძირითადი მიზნები - გავლენის ზონების შენარჩუნება და გაფართოება უცვლელი დარჩება.
- თქვენი აზრით, ეს ყველაფერი საქართველოსთვის რა გამოწვევებს ქმნის დღეს?
- სამწუხარო რეალობა ის არის, რომ იმ გეოპოლიტიკურ რუკაზე, სადაც ახლა დიდები გავლენის ზონებს ინაწილებენ, საქართველო უკვე აღიქმება როგორც სივრცე, რომელიც რუსეთის ზონაშია მოქცეული. ტრამპმა არაერთხელ თქვა, რომ "რუსეთმა საქართველო წაიღო". მისი გეოპოლიტიკური აზროვნების სისტემაში საქართველო უკვე რუსეთის გავლენის ზონად არის მონიშნული და, დიდი ალბათობით, სწორედ ეს ლოგიკა იდგა იმ გადაწყვეტილებების უკან, როდესაც გარკვეული სტრატეგიული დოკუმენტები აღარ განახლდა ან არ გაგრძელდა. ევროკავშირის რეზოლუციებშიც ხშირად ვხედავთ არაპროფესიონალურ მიდგომებს. მაგალითად, როცა წერენ, რომ რაღაც ბანკებს ან გლობალურ საგადახდო სისტემებს უნდა გაეცეს რეკომენდაცია "გათიშონ" რომელიმე ქვეყნის ფინანსური სივრცე. პრაქტიკულად არა აქვთ გააზრებული, პირველ რიგში ვის დააზიანებს ეს: ხელისუფლებას თუ რიგით მოქალაქეს. ხშირად იქ აღნიშნული ფინანსური ინსტიტუტების წილობრივ მფლობელობაში ისევ დასავლური კაპიტალია და რეალურადაც კარგად იციან, რომ ასეთი მოწოდებები უფრო პოლიტიკურ ჟესტებად რჩება.