ტრამპის ორპირული თამაშები, თუ...? - მისი ქმედებები რუსეთ-უკრაინის ომთან მიმართებაში კიდევ უფრო გაუგებარი ხდება: რა იწვევს ეჭვებს და ვის სასარგებლოდ მოქმედებს აშშ-ის 47-ე პრეზიდენტი?
ტრამპს სურდა, მისი სიძის დანარეკზე ზელენსკის პუტინისთვის მთელი დონბასი ჩაებარებინა?!
აშშ-ის 47-ე პრეზიდენტის ქმედებები რუსეთ-უკრაინის ომთან მიმართებაში კიდევ უფრო გაუგებარი ხდება...
თუმცა ეს გაუგებარი და მიუღებელია უკრაინული მხარისთვის, თორემ ტრამპმა თავად კარგად იცის, რა უნდა - ამ ომის დაუყოვნებლივ შეჩერება, თუნდაც - დროებით, რომ მას „ჩაეწეროს“ მორიგი, „მეცხრე ომის“ შეწყვეტა და ნაკლებად აღელვებს, თუკი ეს უკრაინის ინტერესებისა და ტერიტორიების ხარჯზე მოხდება...
პრეზიდენტ ტრამპის აგდებული დამოკიდებულება ამ ურთულესი პრობლემის გადაწყვეტასთან მიმართებაში ორიოდე დღის წინაც გამოჩნდა, როდესაც მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის დღემდე თითქოს არ წაუკითხავს სამშვიდობო გეგმაო...
არადა, სწორედ ტრამპს, სავარაუდოდ, არ აქვს გაცნობილი დეტალურად არც 28 და არც 20-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმის ყველა დეტალი და მთლიანად მინდობილია თავის სპეცწარმომადგენელზე - სტივ უიტკოფზე, რომელიც უკვე დისკრედიტირებულია მას შემდეგ, რაც გავრცელდა მისი სატელეფონო საუბრების შინაარსი კრემლის მაღალჩინოსნებთან, რაც პირდაპირ იყო მიმართული უკრაინის ინტერესების წინააღმდეგ.
იმის მაგივრად, რომ პრეზიდენტ ტრამპს ამ სკანდალის შემდეგ უიტკოფი სხვა ფიგურით ჩაენაცვლებინა, ის კვლავ გაგზავნა პუტინთან მოსაპარაკებლად და თან... თავისი სიძე - კუშნერიც გააყოლა...
ჯერ ბიზნესმენი უიტკოფი რომელი დიპლომატი და გამოცდილი მომლაპარაკებელი გახლდათ, რომელსაც თავიდანვე ჩააბარა ეს მიმართულება ტრამპმა და მით უმეტეს - სიძე- კუშნერი რისი გამკეთებელია ისეთ უხუცეს დიქტატორთან პირისპირ საუბრისას, როგორსაც პუტინი წარმოადგენს, რომელიც მეოთხედ საუკუნეზე მეტია, მართავს ამხელა ქვეყანას და რუსეთის ახალი იმპერიის შექმნის მანიაკური იდეითაა შეპყრობილი...
ტრამპის არაჯეროვანი დამოკიდებულება უკრაინის მიმართ გუშინ იმითაც გამოიხატა, რომ თურმე, ის ელოდა, რომ უიტკოფ-კუშნერის სატელეფონო საუბრის დროს ზელენსკი მაშინვე დაეთანხმებოდა დონბასის დარჩენილი ნაწილის უბრძოლველად დათმობას პუტინისთვის!
„ისეთი შეგრძნება იყო, თითქოს, აშშ სხვადასხვა გზით ცდილობდა ჩვენს დარწმუნებას, რუსეთის სურვილში, დაიკავოს მთელი დონბასი და რომ ამერიკელებს სურდათ, ზელენსკი ამ ყველაფერს სატელეფონო საუბრის დროს დათანხმებოდა“, - განუცხადა უკრაინელმა ოფიციალურმა პირმა ამერიკელ ჟურნალისტებს.
დიდი ხანია, გაჩნდა შეგრძნება, რომელიც კიდევ უფრო მყარდება იმასთან დაკავშირებით, რომ თუკი აშშ-ის პრეზიდენტი ტრამპი საერთოდ აღარ ჩაერევა რუსეთ-უკრაინის ომის შეჩერების მოლაპარაკების პროცესში, ეს ბევრად უკეთესი გახდება მთელი უკრაინისთვის...
უკრაინა, რომელსაც ისედაც მძიმე სიტუაცია აქვს აღმოსავლეთ ფრონტზე, სადაც პუტინის ოკუპანტი არმია უტევს, პარალელურად, განიცდის დიდ პოლიტიკურ ზეწოლასაც ოკეანის გაღმიდან და იქმნება ისეთი შთაბეჭდილება, რომ ტრამპი პუტინის ერთგვარი მოკავშირე ხდება... ამ ომში უკრაინის დასამარცხებლად...
ტრამპმა გუშინ კიდევ ერთი „მარგალიტი“ წამოისროლა - ეს ბაიდენმა აჩუქა უკრაინას 350 მლრდ დოლარი, მე უკრაინელებს არაფრითაც არ დავეხმარე, თუმცა პირველი „ჯაველინები“ ხომ მე მივეცი, ტანკების მოსაგერიებლადო...
ტრამპს ხელზე აქვს დახვეული ის, რომ მისი პირველი პრეზიდენტობის პერიოდში მან ნება დართო, უკრაინისთვის მიეყიდათ (ისევე, როგორც საქართველოსთვის) „ჯაველინის“ ტიპის გადასატანი მართვადი ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსები, რომელთა ნაწილი უკრაინის დამცველებმა მართლაც გამოიყენეს, ომის პირველ დღეებში მათ ქვეყანაში შეჭრილი პუტინის ტანკების ასაფეთქებლად, მაგრამ ტრამპის დროს ნაყიდი „ჯაველინების“ რაოდენობა უკრაინაში შეჭრილი რუსული ჯავშანტექნიკის რაოდენობასთან შედარებით ისეთი მიზერული გახლდათ, რომ ეს ფაქტორი ვერანაირად ითამაშებდა გადამწყვეტ როლს რუსეთის მთელი საოკუპაციო ძალების შეჩერებაში.
უკრაინა არ აპირებს, უბრძოლველად დაუთმოს პუტინს დონბასის დარჩენილი, არაოკუპირებული 20%-ზე მეტი ტერიტორია, მიუხედავად ტრამპის პოლიტიკური ზეწოლისა, თუმცა აღმოსავლეთ ფრონტზე განვითარებული მოვლენები იმას მიანიშნებენ, რომ უკრაინის არმიას სულ მალე მოუწევს დონბასის ბოლო ორი დიდი, არაოკუპირებული ქალაქის - კრამატორსკისა და სლოვიანსკის უშუალოდ დაცვაზე გადასვლა - მტერი მათ უკვე ორ ათეულ კილომეტრზე მიუახლოვდა და საარტილერიო ჭურვებითაც კი სწვდება...