„უთხოვარის ნერგი 9 წლისამ სამამულო ომში დაღუპულთა პარკიდან მოვიტანე და გავახარე“ - კვირის პალიტრა

„უთხოვარის ნერგი 9 წლისამ სამამულო ომში დაღუპულთა პარკიდან მოვიტანე და გავახარე“

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზის­უბანში შორენა ჯავახიშვილმა­ ოაზისი შექმნა, სადაც მრავალი დასახელების მცენარეს ახარებს. მებაღე გამოცდილების შესახებ მოგვითხრობს.

- მცენარეები ძალიან მიყვარს, ყოველთვის გვქონდა ლამაზად მოწყობილი ეზო ვარდებით, იორდასალამებით, იასამნებით, კოლხური ბზებით... 8-9 წლისამ მოვიტანე პირველი მცენარე სახლში და დავრგე, ეს იყო, არც მეტი, არც ნაკლები - უთხოვარი.

- სად იშოვეთ უთხოვარის ნერგი?

- ჩვენთან სოფელში სამამულო ომში დაღუპულ და დაკარგულ მებრძოლთა დიდი პარკია, იქ უამრავი მცენარეა. სკოლიდან წაგვიყვანეს დასასუფთავებლად, პაწაწინა ნერგი ვიპოვე და წამოვიღე. მაშინ ვერ მივხვდი, რა იყო, მაგრამ ჩავთვალე, რომ უნდა მქონოდა ეზოში. ახლა საკმაოდ დიდია, დედა მუდმივად კრეჭს, თორემ­ უფრო დიდი იქნებოდა. 20 წლის წინ დაიწყო დედამ ეზოს განახლება და აქედან მოდის ჩემი მეტად გარკვევაც მცენარეებში. ვარჩევთ, ვეძებთ, ვრგავთ, მერე დედა აფორმირებს ამ ყველაფერს. ამ ძებნა-შეძენაში დავიწყე ზოგი მცენარის თავად მოშენება. მეორე წელიწადია ვამრავლებ ჰორტენზიებს, გაზაფხულიდან საკურების, მაგნოლიების, დეკორატიული შინდისა და ტყემლის მყნობას დავიწყებ. ამ ჰობიმ შექმნა სანერგე მეურნეობა, მტილი, როგორც ძველად საქართველოში უწოდებდნენ ბაღსა და მიწის ნაკვეთს ხეებით, ყვავილებით, ბუჩქებით...

- რომელი იშვიათი მცენარეები გაქვთ?

- მაგნოლიის 7 იშვიათი ჯიში მაქვს, მაგალითად, ცისფერი ოპალი. იმპორტირებულებს ვყიდულობ და კოლექციას ვაკეთებ, რათა საკუთარ სანერგეში გადავამრავლო. ესენია მაგნოლიები - თაფლის ტიტა, ჯუდი ზაკი, მარჯნის ტბა, სანსეიშენი...

- ძვირად ღირებულია?

- რამდენიმე ასეულიდან ათასობით ლარამდე ღირს, გააჩნია ჯიშს, ნერგის­ ზომას. აქ გამრავლებას რომ დავიწყებ, უფრო ხელმისაწვდომი გახდება. სელექციური ჯიშები მყნობით მრავლდება, ხარჯიც მეტია.

magnolia-hani-tulipi-1765304682.jpg

- თუ იყიდება?

- დიახ, მე ხომ შევიძინე. გარკვეული რაოდენობა გავყიდე კიდეც. ბევრმა დაიწყო ლამაზი ბაღების გაშენება და განსხვავებულ მცენარეებზე მოთხოვნაც იზრდება.

- კიდევ რა გაქვთ კოლექციაში?

- 32 ჯიშის ჰორტენზია მაქვს და მუდმივად ვამატებ კოლექციას. უპირატესობას საგველასებრი ტიპის ყვავილედებს ვანიჭებ. საქართველოში იმდენად იშვიათი აღარაა, მაგრამ მათშიც არის იშვიათი ჯიშები. საქართველოსთვის იშვიათი უფრო ბონფაიერია, ეუფორიების გვარიდან. ძლივს ვიშოვე პაწაწინა ნერგი და მთელ წელიწადს დავკანკალებდი, სულს ვუბერავდი, რომ მცენარეს დამსგავსებოდა. ასევე ეუფორიებია - ჰერკულესი, ლიდია, სამარსკაია, პოლარული დათვი, სანთლის შუქი, ცეცხლის შუქი, ლაიმი რბილი, ბობო, გრანდიფლორა, პინკაჩუ, პინკ დეარდევილი - ამას საერთოდ შავი ფოთლები აქვს. სულ ახალი შენაძენია მუხის ფოთოლა - ჰორტენზია.

ფასით მაგნოლიასა და საკურას ვერ შეედრება, 30 ლარიდან იწყება და 200 ლარს არ აღემატება. ორ-სამწლიანი ნერგები მაქვს მხედველობაში, რომლებიც ყველაზე გაყიდვადია, თორემ უკვე ფორმირებული შეიძლება რამდენიმე ათასიც ღირდეს. პაწაწინა ნერგში 80 ლარი გადავიხადე.

- როგორ ყიდულობთ?

- ძირითადად, იმპორტიორებისგან. თვალს ვადევნებ სანერგეებს საზღვარგარეთ და როგორც კი რამე ჩემთვის საინტერესო ჯიშს ვპოულობ, ვეძებ შეძენის გზებს. ასევე მაქვს დოგვუდის (დეკორატიული შინდი) ნერგები, ესეც იშვიათია­ აქ. მაგნოლიაც, დოგვუდიც, ჰორტენზიები, ამბრის ხე, ყვითელი კალესტემონი - ესეც არ არის ძალიან გავრცელებული, ნერგებიც გვაქვს. ამბრის ხე შემოდგომით ულამაზესია­, ოთხი ფერის ფოთლებით. გინგკო ბილობას ნერგებიც არ არის იშვიათი, შემოდგომაზე ულამაზესი ყვითელია მისი ფოთლები, შოკოლადისფერი ალბიცია კი მთელ წელიწადს შოკოლადისფერია - ფოთოლცვენამდე. წითელი მუხა წლის ამ პერიოდში საოცარი ფერია. გვაქვს კორპის მუხა, ცაცხვი, ნეკერჩხლის უამრავი ჯიში, ტუიას, ხამეციპარისებისა და კვიპაროსების დიდი არჩევანი, ბაღის დედოფალი ნაძვები, პალმა ვაშინგტონია ფილიფერა ზრდასრული გინახავთ? მოკლედ, ბევრი მცენარე შეიძლება იპოვოთ ჩვენს კატალოგში.

- უთხოვარის ნერგებიც გაქვთ?

- დიახ, უთხოვარის ნერგებიც მაქვს, ვამრავლებ. ნელა იზრდება და დიდი ნერგი ძვირია, მაგრამ პატარა ნერგები ხელმისაწვდომია. ჩემი ძირი 30 წელზე მეტისაა...

- თქვენი ყოველდღიურობა როგორია?

- დილით, სანამ ბავშვი გაიღვიძებს,­ უნდა მოვასწრო და გადავხედო მცენარეებს... პატარა ბავშვებივით არიან, ოდნავ ყურადღებას ვერ მოადუნებ... დატვირთულია გამრავლების სეზონი. უნდა მოამზადო ნიადაგი, მცენარე, აჭრა კალმები, დაამუშაო, ჩარგო. ჩათვალეთ, 24-საათიანი პროცესია, მუდმივად უნდა ადევნო თვალი სიახლეებს, აიღო ახალი ჯიშები, იზრუნო გადამრავლებაზე. აუცილებელია დროულად­ მორწყვა, მაგალითად, პალმა შეიძლება მთელ კვირას არ მორწყა, მაგრამ ჰორტენზიას დღეში ორჯერ დასჭირდეს. მინდა სარწყავი სისტემა ავტომატიზებული გავხადო, მორწყვასთან ერთად, კვების მიცემაც იქნება შესაძლებელი, რაც დროს დაზოგავს. ბევრი გეგმა მაქვს, არ მინდა ბაზრის მოთხოვნას ჩამოვრჩე. მეტიც, მინდა ვიყო განსხვავებული და დავეხმარო იმათ, ვისაც საკუთარი ბაღის განსხვავებული სტილის შექმნა უნდა.

მანანა გაბრიჭიძე