ტყვიავის სანერგე სუპერინტენსიური  ბაღებისთვის - კვირის პალიტრა

ტყვიავის სანერგე სუპერინტენსიური  ბაღებისთვის

ხათუნა კურტანიძის სანერგე მეურნეობა გორის რაიონის სოფელ ტყვიავშია, რომელსაც ის მეუღლესთან, გიორგი გაგლოშვილთან ერთად უკვე 11 წელიწადია უძღვება. პროფესიით იურისტია, როგორც ამბობს, წარჩინებული სტუდენტი იყო, სპეციალობით ცოტა ხანს მუშაობდა კიდეც, შემდეგ კი ოჯახთან ერთად მიხვდა, რომ სასოფლო-სამეურნეო საქმე მათთვის უფრო მისაღები იყო და აქტიურად ამოქმედდნენ. რაც მთავარია, საქმე შემოსავლიანიც აღმოჩნდა. დღეს ტყვიავის მეურნეობა დიდი რაოდენობით სხვადასხვა მცენარის ნერგსა და ხილს აწარმოებს.

ხათუნა კურტანიძე:

- მენერგეობა მშობლიური კუთხიდან მომყვება. სოფელ სკრიდან ვარ, სადაც ყველა ოჯახი ნერგების გამრავლებას მიჰყვება. ოდითგანვე იქიდან მოდიოდა დანარჩენ საქართველოში ხეხილის ნერგები.

ეს საქმე რომ დავიწყეთ, დიდი მიწები არ გვქონდა და ჩვენი მეურნეობა სულ 1000 ნერგით შემოიფარგლებოდა. 1000 ნერგი რომ გამოგვყავდა, მიხაროდა და მეგონა, ძალიან ბევრი იყო. თავიდან ნერგები დიდად არ იყიდებოდა. ახლა უკვე 240 000-ზე ვართ ასული და ეს მხოლოდ ხეხილის ნერგებია. ასევე გვაქვს მარადმწვანე მცენარეები, ყველანაირი დეკორატიული მცენარე, მათ შორის ყვავილები, ვარდები. რაც შეეხება მიწის ფართობს, 7 ჰექტარია. ეტაპობრივად შევიძინეთ. ნაკვეთები სახლთან დაახლოებით 500-700 მეტრშია.

3ef2c19c-1675-46ae-baeb-18cd645fd2bf-1765305379.jpg

- ტყვიავი ძველი და დიდი სოფელია, სადაც ხილის ბაღები სულ იყო. ბევრი ადამიანია სოფლიდან გასული?

- დიდი სოფელია. სამწუხაროდ, ქალების ნაწილი სამუშაოდ უცხოეთშია. აქ შრომა რამდენიმე წლის წინ დაუფასებელი იყო და ხალხი იძულებული შეიქნა სოფლიდან წასულიყო.

- თქვენს საოჯახო მეურნეობაში ვინ საქმიანობთ?

- თავიდან მე და ჩემმა მეუღლემ დავიწყეთ, ახლობლებიც გვეხმარებოდნენ, დასაქმებული მუშახელი არ გვყავდა. ახლა ყოველდღიური დამხმარეები გვყავს, რადგან, როგორც ვთქვი, 7 ჰექტარს ვამუშავებთ. გვაქვს შესაბამისი ტექნიკა, რასაც ვიყენებთ შრომის გასაადვილებლად. გუშინ ბლის საძირეები დავრგეთ... საერთოდ, თითოეულის დარგვა საინტერესოა, რადგან საფუძველს უყრი და ხედავ, როგორ იბადება ახალი სიცოცხლე. ვერც აღგიწერთ, როგორ მიყვარს ჩემი საქმე. ფაქტობრივად, პატარა "ჯოხს" რგავ და ორ წელიწადში "ჯოხი" უკვე ზრდასრული ნერგია თავისი სანაყოფე კვირტებით დახუნძლული. იმ ნერგებს რომ ვუყურებ, ემოციებს ვერ ვმალავ ხოლმე. თამამად ვიტყვი, რომ ჩვენს მხარეში და არა მარტო ჩვენს მხარეში ცნობილი სანერგე გვაქვს, მარტო ქართლში კი არა, კახეთშიც ხშირად მიაქვთ ჩვენი ნერგები. მიაქვთ ზუგდიდშიც... ხალხი დიდ ნდობას გვიცხადებს, რადგან ახალი ჯიშები გამოგვყავს.

- საძირე მასალა საიდან შემოგაქვთ?

- ვცდილობთ უცხოეთიდან შემოვიტანოთ, რომელიც უკვე კარგადაა გამოცდილი. ნერგებს აქვე ვყიდით...

ჩვენი ახალდარგული საძირეები ახლა მიძინების პროცესშია, გაზაფხულამდე გამოიზამთრებს. ამ პერიოდში იმიტომ ვრგავთ, რომ გაზაფხულზე ისედაც ბევრი საქმეა და ამის დარგვაზე დრო რომ არ დავკარგოთ, თან ბუნება რომ გაიღვიძებს, ეს ნერგები მაშინვე "ამუშავდება". მოკლედ, გუშინ დავიწყეთ, 60 000 დავრგეთ და ჯერაც არ დაგვისრულებია. ახლა "გიზელა 5" უნდა დავრგოთ, ეს საძირეა სუპერინტენსიური ბაღისთვის.

- ამ დარგულებს როგორ უნდა მოუაროთ?

- თითოეულ საძირესთან 2 წლის განმავლობაში, სულ ცოტა, 30-ჯერ მაინც უნდა მივიდეთ, თითოეული ბალახისგან უნდა გასუფთავდეს. ნიადაგი სუფთა უნდა იყოს - გვაქვს ვიდეოები, სადაც ჩანს, როგორ ვითარდება, როგორ იზრდება ნერგები. მნიშვნელოვანია, რომ არ ვიყენებთ ჰერბიციდებს და ბალახს ხელით ვებრძვით. ამიტომაც გვჭირდება ბევრი მუშახელი.

საერთოდ, ხალხი იმიტომ გვენდობა, რომ ჰერბიციდებს არ ვიყენებთ, ნერგი ჯანმრთელი და ჯანსაღია. 100-დან 2-3 ნერგიც არ უფუჭდებათ, ყველა უმართლებთ. ბუნებრივად მოყვანილი ნერგები რომაა, ამის წყალობით.

- შემოტანილი ნერგებია?

- რაც უცხოა, მაგალითად, ორი წლის წინ შემოვიტანეთ "რედ კეტი" - ვაშლის ჯიში, რომელიც როგორც გარეთ, ასევე შიგნით წითელია. ბლის საძირე, რაც გუშინ დავრგეთ და კიდევ ვაგრძელებთ, გაისად აგვისტოში კარგად გაზრდილი იქნება და იმ კვირტს ჩავსვამთ, რომელიც გვინდა. შემოდგომაზე უკვე გაიყიდება, მაგრამ მანამდე დიდი შრომაა საჭირო. ბლის საძირეზე მხოლოდ ბალს და ალუბალს დავამყნობთ. მერე ეტაპობრივად დავრგავთ კომშის საძირეს, მსხალს, ატამს, ნუშს, კაკალს, ტყემალს... ტყემალზე ქლიავი იმყნობა. კუნელს დავთესავთ, ძალიან მნიშვნელოვანია კუნელი, მასზე ზღმარტლი იმყნობა.

3ed3cf27-c157-4ab3-96a5-dc23d71858c3-1765305378.jpg

- რა საინტერესოა კუნელზე ზღმარტლის დამყნობა.

- ზოგი ზღმარტლი შიგნიდან მშრალია, ზოგი წვნიანი. მშრალი იმ შემთხვევაშია, თუ კომშზეა დამყნობილი... თითოეული ხილის რამდენიმე ჯიში გვაქვს - 11 ჯიშის ბალი, ატამი - 12, ვაშლი - 14, გარგარი - 4, მსხალი - 7, ქლიავი - 9 სახეობა. ძალიან საინტერესო სამუშაოა, არ მოგბეზრდება... ბავშვობაში ბებია-ბაბუა რომ მუშაობდნენ, რაღაცები დამახსოვრებული გვქონდა, რადგან ვეხმარებოდით ხოლმე... ამან საწყის ეტაპზე გვიშველა და მერე გამოცდილება ჩვენც დავაგროვეთ.

- ნერგების გამოყვანის გარდა, ხეხილის დიდი ბაღების პატრონებიც ხართ.

- ჰექტრობით ბაღები გვაქვს. ძალიან ლამაზი სანახავია ხილით დახუნძლული ბაღები. ასე რომ, ნერგების გარდა ხილსაც ვყიდით... კენკროვანებიდან გვაქვს ორმოსავლიანი ჟოლო, ჯიშს "ბრილიანტი" ჰქვია. ახლაც კი ასხია. არის მოცხარი, უეკლო ხურტკმელი, ლურჯი მოცვი.

- რ

9e8ee033-04fd-4066-ada7-6bfa136474b2-1765305378.jpg

ამდენი დამხმარე აუდის ამ შრომას?

- ყოველდღიურად 8 დამხმარე ქალი გვყავს, მაგრამ მე და ჩემი მეუღლე სულ ვმუშაობთ. მსხმოიარე ხეების გასხვლისას არავის ვიშველიებთ, ჩვენ ვსხლავთ. თამამად ვიტყვი, რომ ვერავინ მაჯობებს გასხვლასა და ფორმირებაში... დღის რეჟიმი ასეთია: დილის 7 საათიდან გვიანობამდე ვმუშაობთ. ზამთრის დღეებში - საღამოს 5 საათამდე. დასვენება თითქმის არ გამოგვდის. ჩვენს სანერგესთან სულ რიგია. ხალხს დიდხანს ვერ დააყოვნებ.

- მარადმწვანე და დეკორატიულ მცენარეებზე რას გვეტყვით?

- გვაქვს ცისფერი ნაძვების უამრავი დასახელება. ყველა სეზონზე ულამაზესია ვერცხლისფერი ნაძვები, თან საკმაოდ ძვირად ღირებულია. 1 ან 1,2 მეტრს რომ მიაღწიოს, 10 წელიწადი მაინც სჭირდება. გვიან იზრდება, მაგრამ ულამაზესი ფორმები აქვს. ტრაბახში არ ჩამითვალოთ, მაგრამ ამ ფორმის ნაძვები იშვიათად აქვთ. ამ ნაძვებს თვითონ ვამრავლებთ. სხვები, ძირითადად, შემოტანილებს ყიდიან. ჩვენს ნაძვებს რომელი მხრიდანაც გინდა შეხედე, ერთნაირად ლამაზია.

- კალმით ამრავლებთ?

- კი. ადრე გაზაფხულზე უნდა ჩამოტყდეს ტოტი ან მაკრატლით მოიჭრას, მერე დანის პირით ღეროს ქერქს ვაცლით, ცოტა ხანს წყალში ვაჩერებთ და დამაფესვიანებელ ხსნარში ("კორნევინში") ჩავაწყობთ. იქვე წინასწარ მომზადებული მაქვს კომბინირებული ნიადაგი, ტორფით, სილით, მიწითა და პერლიტით თანაბარი რაოდენობით შეზავებული. ყველაფერი ერთჯერად კონტეინერებშია ჩაყრილი, რომლებშიც კალმებს ვსვამთ. მცენარე 6 თვეში ფესვიანდება. არის მცენარეები, რომლებსაც 3 თვე ჰყოფნის. ჩვენთან საერთოდ ძალიან კარგი ნიადაგია.

- ვარდებზე რას გვეტყვით?

- ვარდის 100-მდე ჯიში გვაქვს, სულ საკოლექციო იაპონური, ინგლისური. არის შტამბის ვარდები, ხვიარები, ჯუჯა და საშუალო სიმაღლის. მათი ასე სხვადასხვაფრად აყვავება საოცარ გრძნობას აღძრავს.

საერთოდ, ახალი სიცოცხლის გაჩენა დიდი ემოციაა. თითოეული ნერგი ჩვენს ხელში იზრდება და იბადება. როგორც სახლში შვილებზე ვზრუნავთ, ასევე ვზრუნავთ ამ ცოცხალ არსებებზე. თუ არ მოუვლით, არ წაიღოთ - ესაა ჩემი მოთხოვნა, რადგან ყველა ნერგი მიყვარს. როცა ცოტა უხასიათოდ ვარ, მივდივარ სანერგეში და იქიდან ბედნიერი ვბრუნდები.

- ანუ თქვენი მაგალითით შეიძლება თქმა, რომ დიდი შრომით ადამიანი დასახულ მიზანს მაინც მიაღწევს...

- აუცილებლად. ამიტომ ღირს წამოწყება, მთავარია, პატიოსნად იმუშაოს და არავის მოატყუოს. მართლა ასეა - არ არსებობს, ადამიანმა მიზნად რამე დაისახოს და ვერ მიაღწიოს. მერე ღმერთიც დაეხმარება. რასაც მოიყვან, თუ კარგი ხარისხის ექნება, ყველაფერი მაღალ ფასში გაიყიდება, ოღონდ ამისთვის ნაყოფიერი შრომაა საჭირო. ისე რა მოვლით არაფერი გამოვა. გამორიცხულია, მთელი სული და გული ჩადო საქმეში და შედეგი არ მიიღო.

თავიდან რომ დავიწყე, ასეთი შედეგი არც დამესიზმრებოდა. 1000 ნერგი მიღწევად მიმაჩნდა და ასეთ მასშტაბზე არ მიოცნებია, მაგრამ საქმემ შემიყოლია. ვიღლებით, მაგრამ ტემპს ვერ დავაგდებთ, მომხმარებლებს ვერ გავაწბილებთ. დიდ მადლობას ვუხდი მათ, მათი წყალობით ვარ ასე გაზრდილი. ჩვენი ასეთი შედეგი თითოეული კლიენტის დამსახურებაა. მომდევნო წლისთვის მეტი პროდუქტის წარმოება უნდა ვცადოთ, 500 000-მდე უნდა ავიდეთ.