"ტრამპმა ევროპა შოკში ჩააგდო": აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ახალი სტრატეგიის სკანდალური ეპიზოდები - Deutsche Welle
„აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ახალი სტრატეგია: ტრამპმა ევროპა შოკში ჩააგდო“ - ასეთი სათაურით არის გამოქვეყნებული გერმანული სამაუწყებლო კომპანიის - „დოიჩე ველეს“ (Deutsche Welle) სტატია, რომლის ავტორია დირკ ემერიხი, ცნობილი პოლიტიკური მიმომხილველი და ანალიტიკოსი. „აშშ ეჭვქვეშ აყენებს ტრანსატლანტიკურ თანამშრომლობას და მკაცრად აკრიტიკებს ევროპას“, - ნათქვამია პუბლიკაციაში.
გთავაზობთ მასალას მცირე შემოკლებით:
ევროპას რომ წინ მძიმე დრო ელოდება, ეს ახალი ამბავი არ არის: აღმოსავლეთიდან ჩინეთი ევროკავშირს ეკონომიკურად წინ უსწრებს, დასავლეთიდან კი ამერიკამ სარმა გამოჰკრა - ტრანსატლანტიკური თანამშრომლობა, რომელიც ევროპას მარადიულად მიაჩნდა, კითხვის ნიშნის ქვეშ დგება, გეოსტრატეგიული კოორდინატები იცვლება. ბოლო მეოთხედი საუკუნის განმავლობაში ნათელი იყო, რომ ევროპას სჭირდებოდა, განესაზღვრა საკუთარი მიზნები და ინტერესები, მაგრამ ამ მიმართულებით ძალიან ცოტა რამ არის გაკეთებული.
ახლა დონალდ ტრამპის პოლიტიკა ევროპას შოკში აგდებს. თითქმის 40 წელია, აშშ-ის მთავრობა რეგულარულად აქვეყნებს დოკუმენტს სახელწოდებით - „ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია“. ჩვეულებრივად, ეს ხდებოდა ყოველგვარი რეზონანსის გარეშე, მაგრამ ამჯერად მისმა გამოქვეყნებამ აჟიოტაჟი გამოიწვია.
დოკუმენტი, რომელიც სულ 33 გვერდისგან შედგება, ევროპაზე ფრონტალური შეტევის შთაბეჭდილებას ტოვებს. კონტინენტი წარმოდგენილია „ჩავარდნის ზონად“: „ევროპის ეკონომიკური დაცემა ისეთია, რომ მასზე უარესი შეიძლება მხოლოდ მსოფლიო ცივილიზაციის დაღუპვა იყოს“. დოკუმენტში მკვეთრად არის გაკრიტიკებული ევროკავშირის მიგრაციული პოლიტიკა და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა. ევროპას „ცივილიზებული გაქრობა“ ემუქრება“, - ნათქვამია „სტრატეგიაში“.
წყვეტა დასავლურ თვითშეგნებასთან
ესოდენ არასახარბიელო პერსპექტივის თავიდან აცილება შეიძლება მხოლოდ მასობრივი იმიგრაციის შეზღუდვით და უკრაინასთან ურთიერთობის პოლიტიკის რადიკალური ცვლილებით. ევროკავშირის ქვეყნებს მეტ-ნაკლებად მიაწერენ იმას, რომ მათ არარეალური მიზნების მისაღწევად ომის გაგრძელება სურთ. ალასკის სამიტის შემდეგ სიტუაციაში ევროპა რომ არ ჩარეულიყო (ბრიუსელი თვლიდა, რომ დონალდ ტრამპმა ბევრი რამ დაუთმო ვლადიმერ პუტინს) და მას რომ უბრალოდ მიეღო ვაშინგტონის 28-პუნქტიანი გეგმა, დღეს სამშვიდობო პროცესი უფრო მტკიცე და რეალური იქნებოდა. ცხადია, „სტრატეგიაში“ პირდაპირ ასე არ არის ჩაწერილი, მაგრამ რაც მასში წერია, იმის ინტერპრეტაცია სწორედ ასეთი შეიძლება იყოს.
საერთო ფასეულობები და მრავალმხრივი კავშირები, რომლებიც მრავალი ათეული წლის განმავლობაში დასავლური პოლიტიკის საფუძველი იყო, წარსულს ბარდება. ახლა სხვა წესები მოქმედებს: ეროვნული ინტერესები და ძლიერის (ძალის) სამართალი, რომლებიც მსოფლიო პოლიტიკის ახალი ორიენტირები არიან. საერთაშორისო სამართალი და გაერო XX საუკუნის რელიქტები ხდებიან. თავისი არსით, ვაშინგტონის ახალი სტრატეგია, პრინციპში, იმას აჯამებს, რის შესახებაც დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ახალი „ძველი“ პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ აცხადებდა და პრაქტიკულად რეალიზებდა. გავიხსენოთ ვიცეპრეზიდენტ ჯეიმს დევიდ ვენსის გამოსვლა მიუნჰენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ან ვოლოდიმირ ზელენსკისთან დაკავშირებული სკანდალი, თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში.
იმ დროს, როცა აშშ თავის ახალ „სტრატეგიაში“ ევროპას „საქმეს ურჩევს“ და „ყველანაირ ცოდვაში ბრალს სდებს“, რუსეთი და ჩინეთი მხოლოდ გაკვრით არიან მოხსენიებულნი. შესაბამისად, მოსკოვის რეაქცია კეთილგანწყობილია. „ის ცვლილებები. რომლებსაც თვალს ვადევნებთ, ბევრად შეესაბამება ჩვენს ხედვებს“, - განაცხადა კრემლის პრესმდივანმა.
უკვე რამდენიმე თვეა, ბევრ კომენტატორს ეჭი აქვს, რომ აშშ რუსეთის მხარეს დადგა. ცხადია, ევროპიდან აშშ-ის პოლიტიკისადმი დამოკიდებულება მხოლოდ ასეთი შეიძლება იყოს. სინამდვილეში კი აშშ ითვისებს ეროვნული ინტერესების ახლად გამოვლენილ რეალიებს. თეთრ სახლს სურს, ნებისმიერ ფასად დაასრულოს უკრაინის კონფლიქტი და ამ მიზნით მზად არის, ვლადიმერ პუტინის ბევრ მოთხოვნას დაეთანხმოს. შესაძლოა, ვაშინგტონში ასევე თვლიან, რომ უკეთესია, თუ რუსეთი იქნება აშშ-ის უმცროსი პარტნიორი და არა - ჩინეთი, 21-ე საუკუნის გეოსტრატეგიულ ჭიდილში.
ასევე დაგაინტერესებთ: ომი და შოუბიზნესის ვარსკვლავი: რატომ დუმს სოფია როტარუ?! - "მერწმუნეთ, მას ძალიან უნდა ლაპარაკი, მაგრამ არის ერთი გარემოება, რომელიც ხელს უშლის..."
ჭეშმარიტების მომენტი ევროპისათვის
ტრანსატლანტიკური კავშირი, რომელიც 80 წელია არსებობს, განხეთქილების ზღვარზე აღმოჩნდა და, შესაძლოა, სრული კრახის წინაშეც. ევროპა ჯერ მხოლოდ იმას ცდილობს, რომ ეს რეალობა გააცნობიეროს. ამასობაში კი აშშ-ის მთავრობა არ მალავს თავის განზრახვას მხარი დაუჭიროს ისეთ ევროპულ ძალებს, რომლებიც ევროკავშირში არსებულ სტატუს-ქვოს უარყოფენ და ვაშინგტონში „პატრიოტებად“ არიან შერაცხულნი. დიახ, „აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის“ ბევრი დებულება ახალი არ არის, მაგრამ ახლა ეს ყველაფერი პირველად არის დაფიქსირებული ოფიციალურად და წერილობითი სახით.
გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის საგარეოპოლიტიკური ექსპერტი ნორბერტ რეტგენი, აფასებს რა ამერიკულ „სტრატეგიას“, მსოფლიოში ახალ „გარდამტეხ ეპოქაზე“ ლაპარაკობს. თავის დროზე ამის შესახებ ამბობდა ყოფილი კანცლერი ოლაფ შოლცი - 2022 წელს, როცა რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო. ახლა, ნორბერტ რეტგენის თქმით, MAGA (აშშ-ის ულტრაკონსერვატიული მოძრაობა) ევროპის შიდა წესრიგის გადაწყობასაც ცდილობს და თუ თეთრი სახლი ამას მიაღწევს, ევროკავშირი თავისი ამჟამინდელი სახით ვერ გადარჩება.
შეძლებს ევროკავშირი 27 წევრ-სახელმწიფოთი, რომლებსაც სხვადასხვა ეროვნული ინტერესები აქვთ, ამ გამოწვევას გაუმკლავდეს? თუ ის ასეთი ძლიერია, როგორც ბრიუსელი მუდმივად ამტკიცებს, მაშინ ეს ახლავე უნდა დაადასტუროს.
დიახ, ევროპისათვის ნამდვილად მძიმე დრო დგება.
მოამზადა სიმონ კილაძემ