შავი დღე რუსებისთვის - ყველაზე დიდი ტურბოხრახნიანი ბოლო „ანტეიც“ ჩამოვარდა
გუშინ, 9 დეკემბერს, რუსეთში მორიგი თვითმფრინავი ჩამოვარდა, თუმცა ავიაციის ისტორიაში ის შევა, როგორც მსოფლიოში ბოლო, ყველაზე დიდი ტურბოხრახნიანი სამხედრო-სატრანსპორტო Ан-22 Анте́й-ს ავიაკატასტროფად...
მკითხველს დაახლოებითი წარმოდგენა რომ შეექმნას, პარალელს გავავლებთ -11 ნოემბერს საქართველოს საჰაერო სივრცეში, კახეთის თავზე, ჰაერში დაშლილი თურქული ოთხძრავიანი, ტურბოხრახნიანი სამხედრო-სატრანპორტო C-130E Hercules-ის სიგრძე 30 მ, ფრთაგაშლილობა 40 მ, მაქსიმალური ასაფრენი მასა 80 ტ. იყო და 72 ჯარისკაცის ან 20 ტ-მდე ტვირთის წაღება შეეძლო, ასევე, ოთხძრავიანი ტურბოხრახნიანი Ан-22 Анте́й-ს ანალოგიური მონაცემები შემდეგი გახლდათ - სიგრძე 57 მ, ფრთაგაშლილობა 64 მ, მაქსიმალური ასაფრენი მასა 225 ტ, ტვირთამწეობა - 290 ჯარისკაცი ან 80 ტ. ტვირთი...
შესაბამისად, რუსული ქალაქის - ივანოვოს სიახლოვეს, რომლის ერთ-ერთი აეროდრომიდანაც აფრინდა ეს „ანტეი“ და მალევე ჰაერშივე დაიწყო დაშლა. ავიაკატასტროფის შედეგად ბევრად უფრო მეტი ფრაგმენტები უნდა დაცემულიყო მიწაზე, თუმცა კატასტროფაგანცდილი „ანტეის“ ფრაგმენტების უმეტესი ნაწილი წყალსაცავში ჩაცვივდა და ახლა მყვინთავები მათი ამოღებით არიან დაკავებულნი.
რუსული მხარე ჯერ არ აცხადებს ამ ავიაკატასტროფის სავარაუდო მიზეზებსაც კი, თუმცა ცნობილია, რომ ამ ბოლო, მწყობრში მყოფი „ანტეის“ რემონტი ახალი დასრულებული იყო და ხუთკაციანმა ეკიპაჟმა მისი საცდელი გაფრენა განახორციელა. ბორტზე ასევე იმყოფებოდა ორი მგზავრიც, ყველა მათგანი დაიღუპა.
საგულისხმოა, რომ Ан-22 Анте́й-იმ პირველი გაფრენა 1965 წლის 27 თებერვალს განახორციელა ანუ მას წელს 60 წელი შეუსრულდა.
„ანტეი“ დაპროექტებული და შექმნილი იქნა კიევში, საბჭოთა ავიაკონსტრუქტორის, ოლეგ ანტონოვის ხელმძღვანელობით, რომლის კოლექტივმაც შემდგომში „შვა“ მსოფლიოში არანაკლებ ცნობილი ავიაგიგანტები -„რუსლანი“ და „მრია“.
1965-75 წლებში ტაშკენტის საავიაციო ქარხანაში სულ დამზადებული იქნა 68 ერთეული „ანტეი“, რომლებიც საბჭოთა არმიის მიერ აქტიურად გამოიყენებოდა ავღანეთის ომის პერიოდში, ქაბულის აეროპორტში არაგაბარიტული სამხედრო ტექნიკის ჩასატანად.
აქამდე ცნობილი იყო „ანტეის“ რვა ავიაკატასტროფის შესახებ, გუშინდელი საავიაციო შემთხვევა კი მეცხრეა.
რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების განკარგულებაში ბოლო წლებში რჩებოდა სამი „ანტეი“ (მათგან ორი - დაკონსერვებულ მდგომარეობაში), რომლებიც 2024 წელს თითქოს ოფიციალურად გამოიყვანეს ექსპლუატაციიდან, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, ერთი „ანტეის“ კაპიტალური რემონტი მაინც დაუწყიათ წელს და პირველივე საგამოცდო ფრენა კატასტროფით დამთავრდა.
ასევე დაგაინტერესებთ: ტრამპის ორპირული თამაშები, თუ...? - მისი ქმედებები რუსეთ-უკრაინის ომთან მიმართებაში კიდევ უფრო გაუგებარი ხდება: რა იწვევს ეჭვებს და ვის სასარგებლოდ მოქმედებს აშშ-ის 47-ე პრეზიდენტი?
რუსულმა თვითმფრინავმა თავისიანები მოკლა - ბომბდამშენის კატაპულტმა ეკიპაჟი ანგარის ჭერს მიაჭყლიტა
ბომბი გესროლე, არ აფეთქდა, ახლა უკან დამიბრუნე...
სუს-ის მიერ ამოღებული ქიმიური ნივთიერება იგივეა, რაც... CS-ი ანუ „იასამნის აირი“!
ერთი „ანტეი“ უკრაინელებს ჰქონდათ შემონახული, მაგრამ ჰოსტომელის აეროდრომზე რუსული საჰაერო დესანტის გადასხმისა და ბრძოლების დროს ეს „ანტეი“ დაზიანდა, მსოფლიოში უდიდესი სატრანსპორტო „მრია“ კი განადგურდა.
კიდევ ერთი „ანტეი“ ინახება მოსკოვში, მონინოს საავიაციო მუზეუმში, რომლის დათვალიერების საშუალება ამ სტატიის ავტორს ოციოდე წლის წინ მიეცა და მან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა თავისი გაბარიტებით.