"ვგმობთ სცენებს, როდესაც წითელ ხალიჩას უგებენ გაუპატიურებაში ბრალდებულ კაცებს" - ბრიჯიტ მაკრონი ისევ სკანდალში გაეხვა
საფრანგეთის პირველი ლედი ისევ სკანდალში გაეხვა - ამჯერად ცნობილი ადამიანები და ფემინისტები აღაშფოთა კომიკოს არი აბიტანის შოუს დროს პროტესტის მონაწილე აქტივისტებზე ბრიჯიტ მაკრონის ნათქვამმა.
გასულ შაბათს არი აბიტანის შოუზე ნიღბებით მისულმა აქტივისტებმა, რომლების ყვიროდნენ, "აბიტანი -მოძალადე!", მას სტენდაპ-შოუ გააწყვეტინეს. საქმე ისაა, რომ აბიტანი 2021 წელს გაუპატიურებაში დაადანაშაულეს, თუმცა გამოძიება მოგვიანებით, არასაკმარისი მტკიცებულებების გამო შეწყდა. აქცია ორგანიზებული იყო Nous Toutes-ის ("ჩვენ ყველა“) მიერ - ეს არის ფრანგული ორგანიზაცია, რომელიც ქალთა წინააღმდეგ ძალადობას ებრძვის.
ქალბატონმა მაკრონი კი აბიტანს კვირას, მისი შოუს დაწყებამდე შეხვდა. გავრცელებულ ვიდეოში კომიკოსი ამბობს, რომ "ეშინია", რაზეც მაკრონი პასუხობს: "თუ იქ იქნებიან ბინძური/სულელი ნაბოზრები (sales connes), ჩვენ გავყრით მათ“, რის მერეც იცინის... ეს ვიდეო სწრაფად გავრცელდა ინტერნეტში ცნობილ ადამიანებსა და ფემინისტებს შორის, რომლებმაც დაგმეს მისი განცხადება.
Nous Toutes-მა Instagram-ზე დაწერა:
"ვგმობთ სცენებს, როდესაც წითელ ხალიჩას უგებენ გაუპატიურებაში ბრალდებულ კაცებს, რითაც სექსისტური და სექსუალური ძალადობის გამართლება ხდება. ეს მსხვერპლების საჯარო შეურაცხყოფაა"