"ქალი ზის და მეუბნება: ვაიმე, რამხელა ხარ, აბა, რომ თქვი, ვდიეტობო... კი, ლამაზი ხარ, მაგრამ ძალიან დიდი ხარო" - რას ჰყვება ნანუკა გულუა
სამი შვილის გაჩენის შემდეგ ფორმაში დაბრუნება თავისთავად რთული გამოწვევაა, მაგრამ როდესაც ცნობილი სახე ხარ, ეს ბრძოლა ხშირად საჯარო განსჯის ფონზე მიმდინარეობს. მსახიობი ნანუკა გულუა ღიად და ემოციურად საუბრობს იმ მკაცრ რეალობაზე, რომელსაც ქალები აწყდებიან მშობიარობის შემდგომ პერიოდში, განსაკუთრებით კი მათ, ვისაც გამუდმებით აკრიტიკებენ წონის გამო.
გულახდილ მონოლოგში, ნანუკა ჰყვება ამბავს, როდესაც სრულიად უცხო ადამიანმა ჭარბ წონაზე მიანიშნა და არც ისე კორექტულად:
- ერთი, დროზე დავიწყოთ ეს გახდომა, გოგონებო, რა! კიდევ კარგი, რომ მენტალურად ასეთი მყარი ვარ და მართლა ამხელა მიზეზი მაქვს წონაში მატების (თორემ ალბათ ვერ გადავიტანდი).
ქალი ზის და მეუბნება: "ვაიმე, რამხელა ხარ, გენაცვალე! ისა... აბა, რომ თქვი, ვდიეტობო", პირზე დამადგა! მე ვუთხარი, "ხომ, ვდიეტობ". მეც მომერიდა. "ვარჯიშობო რომ თქვი?!" სად ვთქვი ხალხნო, ვვარჯიშობ-თქო?! მეთქი, ჯერ მაინც ძალიან ცოტა დრო გავიდა-თქო. ხუთი თვის არის-მეთქი კირა-თქო და ასე უცებ ვერ გავხდებოდი. ვიმართლებ თავს.