საქართველოში 2024 წელს 43 ბავშვი გააშვილეს
საქართველოში გასაშვილებელი ბავშვების რაოდენობა იზრდება, უკვე გაშვილებულების რიცხოვნობა კი მცირდება.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წელს 0-დან 17 წლამდე ასაკის 43 ბავშვი გააშვილეს, რაც წინა საანგარიშო წელთან შედარებით 13-ით ნაკლებია, 2023 წელს 56 ბავშვის გაშვილება მოხდა.
2024 წელს გაშვილებული ბავშვებიდან 26 მდედრობითი სქესის, 17 კი მამრობითი სქესის იყო.
რაც შეეხება სტატუსს, 2024 წელს გასაშვილებლის სტატუსი 0-დან 17 წლამდე ასაკის 57 ბავშვს მიენიჭა, 2023 წელს კი 44-ს. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს გასაშვილებლის სტატუსი 29 გოგომ მიიღო, დანარჩენი 28 კი მამრობითი სქესის იყო.
ამავე სტატისტიკის მიხედვით, 2024 წელს ყველაზე მეტი ბავშვი თბილისში (8 ბავშვი), აჭარასა (8 ბავშვი) და იმერეთში (7 ბავშვი) გააშვილეს, გასაშვილებლის სტატუსი კი ყველაზე მეტს (19 ბავშვი) დედაქალაქში მიენიჭა. მეორე და მესამე ადგილებზე შიდა ქართლი (9 ბავშვი) და იმერეთია (7 ბავშვი) .