ზელენსკიმ პუტინს მაგრად დასცხო ანუ ღამე, რომელიც მილიონობით რუსს დიდხანს ემახსოვრება - უკრაინის ყველაზე მასშტაბური საჰაერო შეტევა რუსეთზე
უკრაინის ყველაზე მასშტაბური საჰაერო შეტევა რუსეთზე...
2025 წლის 10-11 დეკემბრის ღამე დიდხანს დაამახსოვრდებათ რუსეთის ფედერაციის ათობით ქალაქის მილიონობით მაცხოვრებელს და აეროპორტებში ჩარჩენილ ასი ათასამდე მგზავრს...
რუსეთ-უკრაინის ომის 1 387-ე ღამეს უკრაინამ ყველაზე მასშტაბური საჰაერო იერიში მიიტანა რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში, სხვადასხვა მიმართულებით და მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი სამხედრო, ინფრასტრუქტურული და მორალური ზიანი მიაყენა მოწინააღმდეგეს.
უკრაინის ქალაქებს რუსული ბალისტიკური „ისკანდერების“, „კინჟალების“, ფრთოსანი „კალიბრებისა“ და კამიკაძე „შაჰიდების“ ყოველღამისეული თავდასხმები გამოწერილივით აქვთ და როდესაც უკვე იმავე ტაქტიკით იწყებს მოქმედებას უკრაინაც, ეს რუსეთში უკვე აღარ მოსწონთ...
მართალია, უკრაინული კამიკაძე „ლიუტების“ მთავარ სამიზნედ ისევ რუსული ნავთობტერმინალები და თბოელექტროსადგურები რჩება, მაგრამ რუსი მეზენიტეების მიერ ჩამოგდებული უკრაინული დრონებიც უფრო ხშირად ეცემიან რუსული ქალაქების კორპუსების თავზე და, შესაბამისად, იზრდება მსხვერპლისა და დაჭრილების რიცხვიც, რუსეთის მოსახლეობაშიც - ამას ომის წამომწყების სახლში ომის დაბრუნება ჰქვია...
მოსკოვის მერი აცხადებს, რომ რუსეთის დედაქალაქის გარშემო შექმნილმა მსოფლიოში ეტყობა, ყველა ძლიერმა საჰაერო თავდაცვის ზონამ გასულ ღამეს თითქოს შესძლო 32 უკრაინული კამიკაძე-დრონის ჩამოგდება, რომლებიც მოსკოვის ცენტრისკენ აპირებდნენ გაჭრას...
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო კი თავის მხრივ ამტკიცებს, თითქოს ამ ღამეს, საერთო ჯამში, 287 უკრაინული საფრენი აპარატი ჩამოაგდეს, რუსეთის ფედერაციის 12 რეგიონის თავზე...
მეორე მხრივ, უკრაინული წყაროები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ 10-11 დეკემბრის ღამეს უკრაინიდან რუსეთის საჰაერო სივრცისკენ 400-მდე კამიკაძე-დრონი და რაკეტა გაუშვეს და ამის ამსახველ საილუსტრაციო რუკასაც აქვეყნებენ.
ასევე დაგაინტერესებთ: შავი დღე რუსებისთვის - ყველაზე დიდი ტურბოხრახნიანი ბოლო „ანტეიც“ ჩამოვარდა
რუსულმა თვითმფრინავმა თავისიანები მოკლა - ბომბდამშენის კატაპულტმა ეკიპაჟი ანგარის ჭერს მიაჭყლიტა
ბომბი გესროლე, არ აფეთქდა, ახლა უკან დამიბრუნე...
დავუშვათ, რომ ორივე მხარე მეტ-ნაკლებად სიმართლეს ამბობს და 400 გაშვებული უკრაინული საფრენი აპარატიდან რუსეთის საჰაერო თავდაცვამ 287-ის ჩამოგდება შეძლო, მაშინ კიდევ რჩება ასზე მეტი ის უკრაინული კამიკაძე-დრონი, რომლებმაც მაინც მიაღწიეს სამიზნეს?
ყოველ შემთხვევაში, უკვე ცნობილია, რომ გასული ღამის ყველაზე მასშტაბური უკრაინული საჰაერო შეტევის შემდეგ რუსეთში აგიზგიზდა რამდენიმე თბოელექტროსადგური, მწყობრიდან გამოვიდა მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზები, ხოლო მოსკოვის ვნუკოვოს, შერემეტიევოს, დომოდედოვოსა და ჟუკოვსკის აეროპორტები დიდი ხნით ჩაიკეტა, რამაც სერიოზულად შეაფერხა ავიანავიგაცია რუსეთის ევროპული ნაწილის თავზე.
მოსკოვის აეროპორტებში გადაიდო 170 რეისი, ხოლო სომხეთის პრემიერ-მინისტრის - ფაშინიანის თვითმფრინავს მოუწია სხვა აეროპორტის მოძებნა.